საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

ლოვარდ ტუხაშვილი – ვინ იყო პაატა ბაღაშვილი?
ლოვარდ ტუხაშვილი

1747-1752 წლების ბრძოლის შედეგად ქართლ-კახეთის სამეფო ამიერკავკასიის ჰეგემონი გახდა, ერეკლე II-ის სახელი კი ევროპას მისწვდა. მაგრამ 1752 წლიდან მდგომარეობა ერთობ გართულდა. ქართველთა ძლევამოსილი ლაშქრობები აღიზიანებდა თურქეთის იმპერიას. სულთნის ბრძანებით მთელი აღმოსავლეთის მაჰმადიანური მოსახლეობა დაირაზმა, დაღესტნელი ფეოდალები და აზერბაიჯანელი ხანები შეშინდნენ - გავრცელდა ხმა, რომ ერეკლე II მთელი კავკასიისა და თვით ირანის დაპყრობას აპირებდა.

საქართველოში მართლაც იყო ასეთი განზრახვა. ერეკლე II-მ შეიმუშავა ირანში შეჭრის სამხედრო გეგმაც, მაგრამ მის მიზანს განხორციელება არ ეწერა. ქართველებმა ჯერ მძიმე მარცხი განჯასთან, შემდეგ კი აგარისწყალზე განიცადეს. ქართლ-კახეთის მორჩილებიდან ერთბაშად გამოვიდა განჯა, ყარაბაღი, ერევანი, ნახიჩევანი, უფრო მეტიც, აჯანყდნენ ქვემო ქართლის მაჰმადიანური პროვინციები. ნუხის ხანის ვაჟი აღა-ქიში დიდი ჯარით შემოიჭრა ბორჩალოში და საჯაროდ დაიფიცა: ,,ამიერიდან ქართველ კაცს თათარს აღარ ვაყმობო“. ერეკლე II-მ სასწრაფოდ შეკრიბა კახეთის ჯარი, საკუთარი ძვირფასეულობა გაყიდა და ჩერქეზთა დამხმარე რაზმიც დაიქირავა. 1752 წლის 10 აგვისტოს კახელებითა და ჩერქეზებით მეფე აღა-ქიშის წინააღმდეგ დაიძრა ჯერ ყაზახში, შემდეგ კი თაუზში (ყაზახიც და თაუზიც მაშინ ქართლ-კახეთის შემადგენლობაში შედიოდა).

სარდლებმა ერეკლე II-ს უკუქცევა ურჩიეს, - ძალზე დიდი ეჩვენათ აღა-ქიშის ბანაკი. ქიზიყელები კი მეფეს ეახლნენ და განუცხადეს: ,,10 დღეა აღა-ქიშის მოვდევთ, სულ რომ გავწყდეთ, აქედან ხმლის მოუქნევლად არ წავალთო“.

მრისხანე ბრძოლა გაიმართა 21 აგვისტოს. ბრძოლაში ამოწყდა აღა-ქიშის მთელი ლაშქარი. ქართველთაგან ყველაზე მეტად ახალგაზრდა ქიზიყელი ვაჟკაცის - ბოდბელი პაატა ბაღაშვილის სახელმა გაიბრწყინა. აი, რას წერს დავით ბატონიშვილი თავის ,,ისტორიაში“: ,,ბრძოლაში თავი ისახელა ფრიადი ვაჟკაცობით გლეხმა ბოდბურმა ყარა-პაატა ბაღაშვილმა. იმ დღეს ხმლით მოკლა 9 კაცი და 4 ცოცხალი დაიჭირა ხელით“. ბრძოლა მოხდა თაუზის მახლობლად, ყარა-თაფასთან. ამიტომაც პაატა ბაღაშვილს ყარა-პაატა შეარქვეს. არსებობს ხალხური ვერსიაც - ამ განთქმულ მეომარს ,,ყარა“ ეწოდა შავგვრემანი სახის გამო.

ყარა-პაატა ბაღაშვილი ერეკლეზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო. თაუზის ბრძოლამდე უკვე აღიარებული მეომარი გახლდათ. ტანად არ ყოფილა დიდი. გადმოცემით იგი იყო საშუალო, მკვრივი აგებულების მამაკაცი, საოცრად უშიშარი, სწრაფი და გამძლე, ჩინებული ცხენოსანი, საჭირო შემთხვევაში კარგი მოსიარულეც.

თაუზთან გამარჯვების შემდეგ აღსდგა ქართველთა მფლობელობა აზერბაიჯანულ და სომხურ სახანოებზე, მაგრამ დაღესტნელთა თარეშს არ დაადგა საშველი. ქიზიყელები მკლავმოუღლელად ებრძოდნენ მომხდურს. ყარა-პაატამ შექმნა მფრინავი რაზმი. მისი ხელი ჭარ-ბელაქანს სწვდებოდა. მის გუნდში გამოირჩეოდნენ ბოხორელი გიორგი, მაჩხაანელი ყიასაშვილი, ვინმე გივი ბოდბელი. გივი ბოდბელი შემდეგში მცხეთაში გადავიდა და იქ შექმნა დამოუკიდებელი რაზმი. ბოდბელი და მისი მეგობარი მცხეთელი გივი სამხარაძე გმირობის სასწაულებს ახდენდნენ, მაგრამ პაატა ბაღაშვილის პოპულარობას ვერც ერთი ვერ გაუტოლდა.

1755 წელი განსაკუთრებით მძიმე იყო, - საქართველოში შემოიჭრა ავარიის, ანუ ხუნძახის ხანი გურსალ ბეგი 20 000 კაცით და ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყა. მას შეუერთდნენ ჭარ-ბელაქნელები, კაკელისუს სულთანი და ნუხის ხანი. თეიმურაზ II-ს არ შეეძლო თბილისიდან დაძვრა ახალციხიდან თურქების შემოსევის შიშით. კახეთის დაცვა ერეკლე II-ს დააწვა ზურგზე.

1755 წლის 1 აგვისტოს მეფემ კახეთის სარდლები და ქიზიყის სოფლის ნაცვლები ბოდბის მონასტერში მოიწვია სათათბიროდ.

პაატა ბაღაშვილმა თათბირზე ჩაიყვანა მთელი თავისი სოფელი. აქ გადაწყდა: მაშველი რაზმის შეგზავნა ყვარელში და ჭარ-ბელაქანზე დარტყმა. უფრო რთული იყო პირველი ამოცანის განხორციელება. ნურსალბეგის ჯარებს ისე შემოესალტათ ყვარელი, ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა.

ციხეში გამოკეტილებს აკლდათ ტყვია-წამალი, სურსათი და მაინც ამ თათბირამდე ყვარელში მალულად შევიდა სოფელ ზიარის მფლობელი გმირი დემეტრე ანდრონიკაშვილი 4 კაცით. ერეკლე II-მ საჯაროდ გამოაცხადა: ვერავის ვერ ვუბრძანებ, ციხეში შევა ის, ვინც ნებით გადადებს თავს. 300 ქიზიყელმა გამოთქვა სურვილი ალყის გამრღვევ რაზმში ჩაწერისა. პირველი პაატა ბაღაშვილი იყო. ერეკლე II-მ ქიზიყელთაგან 103 კაცი გამოარჩია. მათ დაუმატა 97 თავადი და აზნაური კახეთიდან. მთელი რაზმის მეთაურად კარდენახელი თავადი პაპა ბებურიშვილი დაინიშნა. ქიზიყელებმა ბელადად პაატა ბაღაშვილი აირჩიეს. ერეკლე II-ე დაჰყვა მათ ნებას და ბაღაშვილს უზბაშობა ანუ ასისთაობა უბოძა.

ორასკაციანი რაზმი გამთენიისას მიუახლოვდა ნურსალ-ბეგის ბანაკს, დაარტყა მოულოდნელად, გაარღვია ალყა და ციხეში შევიდა; თან შეიტანა ტყვია-წამალი, სურსათი და, რაც მთავარია, განამტკიცა ალყაშემორტყმულნი სულიერად. ამასობაში ერეკლე II-მ სხვა ხერხიც იხმარა. ქიზიყის ყველა სოფლიდან 20 კაცი გამოიყვანა. შედგა 500 კაციანი რაზმი. მათ გადალახეს ალაზანი და გადაწვეს ჭარ-ბელაქანის სოფლები. მთელი კვირა ერეკლე II ბოდბის მაღლობებიდან უცქერდა ღამით აბრიალებულ ცეცხლს მოწინააღმდეგის მიწებზე. ამ ღამის რეიდებმა შეაშინა ნურსალ-ბეგი და მისი ბანაკიც დაიშალა.

ყვარლის ბრძოლებში თავი ისახელა სხვა ორმა ქიზიყელმა ვაჟკაცმაც: ფანიანელმა ფიდო ბეგიაშვილმა და ანაგელმა პეტრე მირიანაშვილმა. პაატა ბაღაშვილმა შემდგომ ხანებშიც ერეკლე II-ისაგან ოთხჯერ მიიღო წყალობის სიგელი.

თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მას 4 უმაღლესი ჯილდო მიენიჭა. პაატა ბაღაშვილი ქიზიყის სოციალური თავისუფლებისთვის იბრძოდა. ამ საკითხში არ უთმობდა არც მოურავს, არც ეპისკოპოსს და არც მეფე ერეკლეს. კლასობრივ ბრძოლაში იგი დაუნდობელი იყო. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ,,დაცული ტყის“ თავგადასავალი. ალბათ ბევრმა არ იცის - ასეთი სახელი მას იმიტომ შეარქვეს, რომ პაატა ბაღაშვილმა დაიცვა იგი თავადის ხელყოფისაგან.

ეს ასე მოხდა: 1766 წელს კათალიკოს ანტონ I-ის რჩევით ერეკლე II-მ რუსეთიდან გამოიწვია არტილერიის სპეციალისტი - მოსკოვის საარტილერიო სასწავლებელდამთავრებული პაატა მზეჭაბუკის ძე ანდრონიკაშვილი, სოფელ ფხოველის მეპატრონის ვაჟი. მეფემ მას კახეთის არტილერიის უფროსობა, ე.ი. თოფჩიბაშობა უბოძა. ერეკლე II-მ ანდრონიკაშვილს ქიზიყში შესაფერი ადგილის მოძებნა და საზარბაზნე ბურჯის აგება დაავალა. ასეთ ბურჯებს მაშინ აშენებდნენ წყაროებთან, სავაჭრო გზების შესაყართან. ერთ-ერთი ასეთი ბურჯის ფრაგმენტები დღესაც შემორჩენია ქ. თელავში, სამეფო სასახლის წინ. ანდრონიკაშვილმა სოფელ ბოდბეს დაადო ხელი. განთქმულ მუხებთან ამოარჩია მაღლობი და დაიწყო საშენი მასალის მოზიდვა. თოფჩებს, ე.ი. არტილერისტებს და ფხოვიდან ჩამოყვანილ ყმებს მოაზიდვინა ურმებით ქვები, ქვიშა; ჩაადგმევინა საკირე. ქიზიყელებს არ მოეწონათ თავადის საქმიანობა მათ მიწაზე.

მალე ლაშქრობიდან დაბრუნდა პაატა ბაღაშვილი. მან დაურბინა სოფლებს, შეყარა მოსახლეობა, ანდრონიკაშვილის ხალხი გარეკა. გაშმაგებულ ბოდბელებს თავადიც შემოელახათ. დაინიშნა სამეფო გამოძიება, რომელმაც პაატა ბაღაშვილი სცნო ხალხის წამქეზებლად. საზარბაზანე ბურჯის აშენება ნიშნავდა ქიზიყის არტილერიით შეიარაღებას. ერეკლე II-ს განზრახული ჰქონდა ეს გასამხედროებული მხარე უფრო ორგანიზებული გაეხადა. სახელმწიფო ინტერესებისათვის ეს მომგებიანი იყო, მაგრამ ფეოდალური ურთიერთობისას არტილერიისა და არტილერისტების შენახვა გამოიწვევდა ქიზიყის დაბეგვრას, - ერეკლე II-ს ხაზინა ხომ ცარიელი იყო. ერეკლეს არ შეეძლო რეგულარული არმიის შესანახი თანხის გამოყოფა. არ შეეძლო ციხის გარნიზონის შენახვაც. ამიტომაც სარგოდ რამდენიმე სოფელს მიაწერდნენ ხოლმე. თუ ანდრონიკაშვილი მოახერხებდა ქიზიყში არტილერიის დაბინავებას, ის უნდა შებმულიყო ექსპლოატაციის უღელში. ეს არ ისურვეს ქიზიყელებმა. პაატა ბაღაშვილი შესანიშნავად მიხვდა, რა ემუქრებოდა მის თავისუფალ მხარეს, ამიტომაც საჯაროდ განუცხადა განრისხებულ მეფეს - ქიზიყს ზარბაზნები არა სჭირდება, თუ აუცილებელია, მაშინ ყარაგაჯის ციხეში დადგით და თქვენი ხარჯით შეინახეთო. ერეკლე II-მ მართლაც გადაწყვიტა ყარაღაჯის ციხის აღჭურვა ზარბაზნებით, მაგრამ საქმეს თავი ვერ მოება უსახსრობის გამო. მოგვიანებით ზარბაზნები დადგეს სიღნაღის კოშკებზე. ერეკლე II გაუწყრა პაატა ბაღაშვილს, მაგრამ ქიზიყის აღიარებული ბელადის დაპატიმრება ან გაძევება ვერ გაბედა, ხალხის განაწყენებას მოერიდა. სამაგიეროდ, ქალაქში ჩასვლა აუკრძალა, აღარც სასახლეში იბარებდა.

შეწუხდა პაატა ბაღაშვილი, მეფეს შეუჩინა საგარეჯოელი მღვდელი იოანე, ერეკლე II-ის ბავშვობის მეგობარი. მღვდელმა ვერ მიაღწია შერიგებას, ვინაიდან ანდრონიკაშვილთა გვარი მოითხოვდა მეამბოხე ქიზიყელის დასჯას. პაატა ბაღაშვილმა შური იძია ქიზიყის ბატონობაზე მეოცნებე თავადზე. ყარა-პაატას ბევრი ნაცნობი ჰყავდა დაღესტნელებში. ერთ-ერთი მისი ,,ყონაღი“ (მეგობარი) იყო ბელადი ნურ-მაჰმადი. მას პირობა ჰქონდა დადებული, შესეოდა ქიზიყს, თუ ქიზიყელები ახალციხისაკენ გავლას დაუშლიდნენ. აი, ეს ნურ-მაჰმადი ჯავახეთიდან დაღესტანში ბრუნდებოდა თავისი გუნდით. პაატა ბაღაშვილმა სთხოვა, აეოხრებინა თავად ანდრონიკაშვილის ოჯახი სოფელ ფხოველში. ნურ-მაჰმადმა ეს თხოვნა შეუსრულა.

რუსეთ-თურქეთის ომში საქართველოს ჩაბმის გამო თურქეთმა დაღესტნელები სათარეშოდ წააქეზა. პაატა ბაღაშვილი უდრეკ ფარად დაუდგა მათ შემოტევებს.

1773 წელს ნურსალ-ბეგი კვლავ შემოიჭრა კახეთში. მისმა მრავალრიცხოვანმა ბრბომ სოფელი ბოდბე ამოიღო მიზანში. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მოეშალა ეს მძლავრი ბურჯი ქართველებისა. პირველი განგაში პაატა ბაღაშვილმა ატეხა. მან ჯერ ბოდბე-ბაღაანი დარაზმა, შემდეგ დანარჩენი სოფლები. მას მოეშველა ქ. სიღნაღის მოურავი რევაზ ანდრონიკაშვილი. ქიზიყელებმა სასტიკად დაამარცხეს მომხდური. ამ დროს თავი გამოიჩინა ერთმა ქალმა, გვარად ბაღაშვილმა. დაღესტნელები შეიჭრნენ მის სახლში, გაძარცვეს და დაატყვევეს ბავშვები. მოთარეშეებმა მოინდომეს ახალგაზრდა ქალის დამდაბლებაც, მაგრამ მან ერთ-ერთ მოძალადეს ამოაძრო ხანჯალი და რამდენიმე მომხდური იქვე აჩეხა. ქიზიყელი ქალის გმირობა მთელ საქართველოს მოედო. ეს ამბავი შემოინახა მე-18 საუკუნის ოფიციალურმა ისტორიულმა თხზულებებმაც. 1773 წლის ბრძოლამ კვლავ აღუდგინა პაატა ბაღაშვილს სახალხო გმირის სახელი. ხალხმა საგანგებო ლექსიც მიუძღვნა მას.

ამ საინტერესო პიროვნების შესახებ მასალები არსებობს საქართველოს ისტორიულ არქივშიც. სიცოცხლის ბოლო წლებში პაატა ბაღაშვილი გახდა თავისებური მომრიგებელი სამეფო ხელისუფლებასა და ქიზიყელებს შორის. იგი აღასრულებდა მოურავის განაჩენს, მონაწილეობდა სასოფლო სასამართლოებში. არცერთი დავა ცალკეულ გვარებსა თუ სოფლებს შორის მის გარეშე არ წყდებოდა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეღვინეთუხუცესის სახელოც უბოძა. იგი განაგებდა საეპისკოპოსო ზვრებს, იყო სოფელ ბოდბისა და ბოდბისხევის საერთო ქევხა (ე.ი. მამასახლისი) და ბოლომდე ატარებდა უზბაშის ტიტულს. სიბერეში ერეკლე II-მ მას სათანადო ულუფა გაუჩინა.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq