ავტორისაგან ,,გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველ მეფე-მთავრებს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტერთა გამკლავების ძალა აღარ შესწევდათ, ხალხი იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავისი თავისა და ქვეყნის დაცვა. ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში მრავალმა ვაჟკაცმა თუ მანდილოსანმა გაითქვა სახელი. მათი რიცხვი დიდია. ამჯერად ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახალხო გმირზე ვამახვილებთ ყურადღებას. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ გურიასა და მისი მიმდგამი ფერსათის მხარის (რაიონის მარცხენა სანაპირო) მკვიდრები იყვნენ. ამ გმირებზე სხვადასხვა დროს ვბეჭდავდით წერილებს რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ პრესაში და ხალხის დიდ ინტერესსაც იწვევდა. ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება არც ამ პატარა კრებულს შეხვდება გულგრილად.“ იური სიხარულიძე
ბუკარია ადეიშვილი - ლამაზ მთაზე თუ გადამასწრეს, მერე ვინღა დაიხსნის ტყვეებს? - ფიქრობს ადეიშვილი და ნაბიჯებს ზომავს, მაგრამ გრძელი აღმართი უდევს წინ და ჩქარი სვლა ჭირს. როგორც იქნა, მიაღწია ლამაზ მთას, სული მოითქვა, ოფლი მოიწმინდა და ყური მოჰკრა კენჭების ჩხრიალს. - ალბათ, ისინი არიან, ვერსად წამივლენ! - ცოტაც და ტყვეთა ზლუქუნიც შემოესმა: ,,სადაა ახლა დალოცვილი ბუკარია, რომ ამათი სინსილა არ გაუშვას?“ მალე გამოჩნდა მეწინავეც. მას უკვე თავი სამშვიდობის ეგონა და დინჯად მოდიოდა. ბუკარია არყნალს შეეფარა და მეწინავე გაატარა. აიარეს ტყვეებმაც. მათ იცოდნენ, რომ თუ ლამაზ მთას გადასცდებოდნენ, შემდეგ უკვე მოუსვლეთის გზას ადგებოდნენ და შავი ფიქრებით გულდამძიმებულნი მიაბიჯებდნენ. ... აი, გამოჩნდა უკან მომავალი ბაირაღტარი და, თოფიც გავარდა. აბრაგი უსულოდ დაეცა. ტყვეები ახმაურდნენ, ხოლო შეშინებულმა აბრაგებმა გაქცევით სცადეს სამშვიდობოს გაღწევა. ბუკარია კარგახანს მისდევდა მტრებს თოფის სროლით, შემდეგ მობრუნდა, ხელბორკილები ახსნა ტყვეებს და სოფლისაკენ წამოუძღვა. სოფელი გახარებული შეეგება თავის გმი რს (მთქმელი ბენიამინ გიორგაძე - ზედა ეწერი, ვანის რ. 16. 07. 1973). ვინ მოსთვლის, რამდენი ასეთი გამარჯვება უზეიმია საპაიჭაოელ ბუკარია ადეიშვილს. მთელს ყუმურის ხეობაში გამორჩეული ვაჟაცი იყო ბუკარია, რომელიც მე-18 - მე-19 სს მიჯნაზე ცხოვრობდა, როცა კულმინაციას აღწევდა ქვეყანაში გარეშე თუ შინაურ მეკობრეთა თარეში. ბუკარიას მამაცობის ხმა შორს გაისმა და მტრებმაც გმირის მოკვლა გადაწყვიტეს. ერთ ღამეს გადამთიელ აბრაგთა რაზმი სრულიად მოულოდნელად დაესხა თავს მძინარე ოჯახს. ბუკარიამ შიში და წუწუნი არ იცოდა, ამიტომ ფაცხაში შემოჭრილ რამდენიმე მომხვდურს ნაჯახით მოუღო ბოლო, ხოლო შემდეგ ისე მარჯვედ გაიყვანა კუტი დედა სახლიდან, რომ მტერს არც შეუნიშნავს. (ზედაეწრელი (ვანის რ-ნი) ალექსი ალფაიძის მონათხრობი). ეს ეპიზოდი ძალიან ჰგავს ბუღარა მამალაძის (ბუკარიას დროის ხეველი (ჩოხატაურის რ-ნი) სახალხო გმირი) შესახებ შემონახული გადმოცემის ერთ ფრაგმენტს: არ ელოდა ხალხი თათარს, ისვენებდა უზრუნველი, რადგან მთები დაიყანთრა, დაეთოვა მინდორ-ველი. სწორედ ამ დროს უპირებდა მამალაძეს სიკვტილს მტერი, გაახვიეს ცეცხლში ფაცხა, დააძგერეს კედლებს ჯგვერი. ღამეა და სოფელს ძინავს, ძილი კრთება თოფის ხმაზე, მოემზადნენ საბრძოლველად, ესე ადის სათავანზე, გიორგი კარს ჩაუსაფრდა, მას ხიზანი გაჰყავს კარში, ერთი თოფიც გაისროლა, ხმალი დაჰკრა აბრაგს თავში. გაარღვია მტერთა რკალი, შურდულივით გაქრა ტყეში, პატარები მხრებზე უზის, კუნტი დედა კიდევ ხელში... მხოლოდ ამ ლეგენდებით არ შეიძლება ამოიწურებოდეს ბუკარია ადეიშვილის ციკლი, რომლის შევსება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამ საშურ საქმეს დროზე უნდა მიხედვა. წიგნიდან ,,სახალხო გმირები“ 1995 წელი |