ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის გმირის – ხევისბერი გოჩას ეს სიტყვები კარგა ხანია აფორიზმად იქცა და თითოეული ქართველის ცნობიერებაში დამკვიდრდა. გვარიშვილობა, ოჯახიშვილობა, სახლიშვილობა ქართველთა არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი ძარღვია და, საუკუნეთა მანძილზე პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, ყოფა-ცხოვრებაში მამულიშვილთა ადგილს განსაზღვრავს, ყოველი ქართველი, მკვიდრი სამშობლოს – საქართველოს მიწა-წყლის შვილი დაბადებიდანვე არის მემკვიდრე წინაპართა მატერიალური და სულიერი ფასეულობებისა. თითოეულ ჭეშმარიტ ქართულ გვარს, აქედან გამომდინარე, სახლს (ოჯახს) უსათუოდ აქვს (თუ რეალურად არა, ქვეშეცნეულად მაინც) თავისი საგვარეულო მამული, მიწა –ფუძე – საკომლო, სამოსახლო, ეზო, ყანა – ვენახი და ა.შ. საგვარეულო გადმოცემების მეოხებით ყველა გვარიშვილმა იცის, სად არის მისი ფესვი, ძირი და ადგილის დედა, ჯვარ-ხატი და სალოცავი, წინაპართა სამაროვანი, მამა-პაპათა საფლავი – საძვალე. ეს სიწმიდეები ქართველთა სარწმუნოების მარადიული ნიშანსვეტები და ქართული ეროვნული თვითშემეცნების ბალავარია. სადაც უნდა იყოს ქართველი, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, თუნდაც, დედაენა დაკარგული ჰქონდეს, ქვეცნობიერად ის მაინც ქართველად რჩება, ბუნებრივია, თუკი ოდესმე მის მეხსიერებაში ვინმემ ჩანერგა და გააღვიძა წინაპართა სარწმუნოებრივი დვრიტა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ადგილის დედის – ფუძე ანგელოზისა და მამა-პაპათა საფლავის კულტით გამოიხატება. ბინადარი ცხოვრებისა და მიწათმოქმედების ეს რწმენა ცივილიზაციის გარიჟრაჟზეა ჩასახული და დედის რძესავით თითოეული ქართველის სისხლსა და ხორცშია გამჯდარი. სწორედ იმ დროსაა წარმოშობილი ქართული გვარი, რომელიც მიწაზე საგვარეულო საკუთრებას, სულ ცოტა, შუაბრინჯაოს ხანიდან მაინც აითვლის! გვარიშვილობა და სახლიშვილობა (ოჯახიშვილობა) ქართული ცივილიზაციის პირმშოა და ქართველი ერის მონოლითური ერთიანობის უმთავრესი საწინდარი გახლავთ. ჩვენი ეროვნული თვითშეგნებით ცნება ,,ვისი გორისა ხარ?'' ქართველობის ტოლფასია. გვარი ასახიერებს მოდგმას, ჯიშ-ჯილაგს, შთამომავლობას, წინაპართა გენს და ა.შ. გვარის შიგნით სახლიშვილობა (ოჯახიშვილობა) არის უმთავრესი. სახლიშვილები (ოჯახიშვილები) გვარს ამშვენებენ, გვარიშვილები კი – ერს. ეს იერარქია ქართული ყოფისათვის მარადიულია და სამოცდაათწლიანი ბოლშევიკური ზეწოლის მიუხედავად, დღესაც ბაჯაღლო ოქროს სიწმინდითაა შემონახული. თითოეულმა ჩვენგანმა მთელი არსებით უნდა გავაცნობიეროთ, ვინა ვართ, საიდან მოვდივართ და გვარიშვილობის, სახლიშვილობის და მამულიშვილობის ნიშნით ჩვენი ერთადერთი სამშობლოს, მთლიანი და განუყოფელი საქართველოს სიყვარულით გავერთიანდეთ, გავერთიანდეთ საყოველთაო მოძრაობაში ,,გვარი და გვარიშვილობა''. გადაწყვეტილია, რომ მესამე ათასწლეულის პირველ წლებში ეს საზოგადოება დამფუძნებელ ყრილობას მოიწვევს... ,,გვარ – ი (გვარისა) 1. საოჯახო სახელწოდება, რომელიც ერთვის ადამიანის საკუთარ სახელს და გადაეცემა შვილს მამისაგან (ან დედისაგან) ან ცოლს ქმრისაგან... // ერთი წინაპრის შთამომავალი, ერთი და იმავე გვარის მატარებელ ადამიანთა ჯგუფი; 2. ჯიში, მოდგმა (ადამიანისა, ცოცხალი არსებისა); 3. პირველყოფილ-თემურ წყობილებაში – ძირითადი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, კავშირი დიდი ოჯახებისა, რომლებშიც საერთო მეურნეობას ეწევიან და ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იმყოფებიან...'' ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 2, თბილისი, 1951, გვ. 1433/. ,,გვარი, 1. სისხლით ნათესავთა ჯგუფი, რომლის წევრები თავიანთ წარმომავლობას დედის ან მამის მხრიდან საერთო (რეალურ ან მითიურ) წინაპარს უკავშირებდნენ და საერთო სახელწოდება ჰქონდათ. გვარში დაცული იყო ეგზოგამია (ქორწინების აკრძალვა)''. /ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბილისი, 1978, გვ. 134/. დამოუკიდებელი საქართველოს საცნობარო ლიტერატურაში ჯერჯერობით ,,გვარის'' სხვა განმარტება არ არსებობს, მიგვაჩნია, რომ საქართველოში გვარი მკვიდრ (აბორიგენ, ავტოქტონ) მამულიშვილთა სისხლით ნათესაობაზე დამყარებული ერთობაა, ერთი წინაპრით, ადგილის დედით და ფუძის ანგელოზით შეკავშირებული. ეს – წინასწარი გააზრებით, ხოლო გვარიშვილობის არსი ასეთნაირად გვესახება: თითოეული ქართული გვარი ფლობდა მისთვის განკუთვნილ საცხოვრისს, მამულს, რომელიც თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში საგვარეულო საკუთრების არსი დაირღვა. მისი აღდგენა სამართლიანობის პრინციპების დაცვით სადღეისო ამოცანაა, რაც თითოეულმა გვარმა შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე თანდათან უნდა განახორციელოს. მატერიალურ და სულიერ ფასეულობაზე საკუთრების აღდგენა-დაკანონება ქართული გვარების არსებობის ძირითადი საყრდენია, რასაც ამჟამად სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. თავისუფალი მიწა – მამული საქართველოში არასდროს არ ყოფილა, ის რომელიმე სოფლის, სოფლის შიგნით მკვიდრი გვარების, გვარის შიგნით სახლის – კომლის კუთვნილება იყო, ხოლო სასოფლო – საგვარეულო საკუთრება მარადიულია. მნიშვნელობა არა აქვს ნივთიერ, მატერიალურ მხარეს. აქ მთავარია ფსიქოლოგიური განწყობა, მეხსიერებაში მიჩქმალული შთამომავლობითი კავშირების უწყვეტობაა. ყველა ჭეშმარიტმა ქართველმა უნდა იცოდეს ,,ვისი გორისაა'', სადაა მისი ადგილის დედა და ზედაშე. თუ გაწყვეტილ კავშირებს ფიზიკურად ვეღარ აღადგენს, თვითშემეცნებაში მაინც უნდა იგრძნოს წინაპართა საფლავების სიწმინდე და საკრალური ძალა, ამ საფლავების წინაშე წელიწადში ერთხელ მაინც მოიყაროს მუხლი და წმინდა სანთელი აანთოს. საგვარეულო მოძრაობის ძირითადი პრინციპებია: ძმობა, ერთობა, თანასწორობა და სამართლიანობა, მაგრამ თითოეულმა მოსულმა, უცხომ უნდა გაიცნობიეროს, თუ ვის მიწაზე ცხოვრობს, ანგარიში გაუწიოს მამულით სარგებლობის ტრადიციულ წესებს. ერთადერთ სამშობლოდ საქართველო აღიაროს და იმ გვარის წინაპრებს პატივი მიაგოს, ვის მამულსაც ის დაეპატრონა. ლევან ფრუიძის ბიოგრაფია ლევან აკაკის ძე ფრუიძე დაიბადა 1933 წლის 24 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფელ ქვედა ჟოშხაში. 1950 წელს დაამთავრა ჭრებალოს საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, წარჩინებით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 1968 წელს აკად. გიორგი ჩიტაიამ გადაიყვანა ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. იქვე დაიცვა სამეცნიერო ხარისხი. ლ. ფრუიძემ განვლო გზა ლაბორანტიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლამდე. არის რამდენიმე მონოგრაფიისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. იყო 1992-1995 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. საგვარეულო მოძრაობით ახალგაზრდობიდან დაინტერესდა. XX ს-ის 80-იანი წლებიდან, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, ქმნის საგვარეულო კავშირებს. მათი მიზანია ქართველი ერის ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რწმენაში დაბრუნება, თანამედროვე ვითარების შესაბამისად თავანკარა მამა-პაპური ცხოვრების წესისა და ეროვნული ტრადიციების აღდგენა. საგვარეულო კავშირების რაოდენობამ როცა ოთხასს გადააჭარბა, აუცილებელი გახდა მათი კოორდინაცია, ამიტომ ლ. ფრუიძემ 2003 წელს ჩამოაყალიბა სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი ,,გვარი და გვარიშვილობა'', რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში სამების ლავრასთან მოქმედებს. ბიბლიოგრაფია სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის მონასტერი (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 160გვ. განაწესი სოფელ ჭრებალოსა და ჭრებალოს საკრებულოსათვის (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 47გვ. ქასრაძეები და ქასრაშვილები (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 56გვ. მოძღვარი : პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სიმონ სხირტლაძე (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2002. - 68გვ. იქ, სადაც იბადება რიონი : რაჭის ხსნა დღეს შეიძლება, ხვალ გვიან იქნება (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 119გვ. ყოფა და ტრადიციები : ეთნოგრაფიული ეტიუდები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1987. - 127გვ. რაჭა ეთნოგრაფიის თვალით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 62გვ. ეროვნული ტრადიციების მიზნობრივი მართვა (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1984. - 32გვ. ცხრაციხეთის ლეგენდა : მოთხრობები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1978. - 177გვ. ქართული ეთნოგრაფია და ტრადიციები (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1977. - 32გვ. საგანძურები : საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 91გვ. მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით. : წ. 1 : რაჭა. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1974. - 336გვ. უცხო ფრინველი : საქართველოს ფაუნა, ნარკვევი ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 50გვ. დაკარგული ბილიკი : მოთხრობა ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 20გვ. ლამლუზის დარბევა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1962. - 25გვ. |