საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

როგორ ხედავდა უკუნ ღამეში მზეს ნოდარ დუმბაძე
გიორგი ერიშვილი

ვისაც სურს უკეთ გაერკვეს ჩვენი თანამედროვე მწერლების იგავსიტყვიერ შემოქმედებით ნამოღვაწარში, ზედმეტი არ იქნება, გავიხსენოთ კლასიკური მემკვიდრეობა: წმიდა წერილზე რომ არაფერი ვთქვათ, წარსულის ყოველი დიდი მოაზროვნე სხვადასხვა მოსაზრებით მიმართავდა მოვლენათა გადმოცემის ამ მეთოდს და თუ სიტყვის თავისუფლებისთვის მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაც სდევდა თან მათ მოღვაწეობას, მაშინ საერთოდაც თვით გარემოების კარნახით უნდა ყოფილიყო ძნელად ამოსაცნობი ამა თუ იმ ნაწარმოებში მოხმობილი ქვეტექსტები და სიმბოლოები. ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებულ მდგომარეობას ჰქონდა ადგილი ყოფილ რუსეთის იმპერიასა და მის მემკვიდრე საბჭოთა კავშირში: ცენზურის ყოვლისმხედველი თვალისაგან თავის ასარიდებლად, იდუმალი ჩანაფიქრის გარეგნული რიდეთი დაფარვა აუცილებელი პირობა იყო როგორც იმპერიული, ისე საბჭოური ლიტერატურის პრაქტიკისათვის და, ამ თვალსაზრისით, ნოდარ დუმბაძის შემოქმედება სავსებით იზიარებდა თავისი წინამორბედი ქართველი მწერლების ბედს, რომელთაც ხშირად სტრიქონებს შორის ჰქონდათ გამოთქმული იმის საპირისპირო აზრები, რაც სტრიქონებში იყო ჩადებული.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, დაკვირვებული მკითხველისათვის, არც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებში წარმოადგენდა რაიმე სირთულეს, მიეკვლია, რომ ,,მარადისობის კანონში’’, მაგალითად, კომუნისტური მორალის ავ-კარგზე მსჯელობა ავტორს მხოლოდ იმისათვის სჭირდებოდა, რათა მიეწოდებინა მკითხველისათვის წარმოდგენა იმ დროისათვის ტაბუდადებულ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე და ნაწარმოების მთავარი გმირის მეოხებით ეჩვენებინა უფლის შეცნობის გზაზე მავალი ადამიანის წინააღმდეგობებით აღსავსე გზა, ვიდრე იგი მაცხოვრის წინაშე აღიარებდა: ,,გიხილე და გიწამე’’; საბოლოოდ კი თვით მკითხველისათვის მიენდო განსჯის საშუალება კომუნისტურსა და ქრისტიანულ ფასეულობებს შორის გასაკეთებელი არჩევანისათვის.

თვით ,,ნუ გეშინია, დედაშიც ’’, ერთი შეხედვით, ქვეყნის საერთო საზღვრის ურღვევობისა და მთელი საბჭოთა ხალხის შინაგანი ერთიანობის ცნობის პირობებშიც კი, ამგვარი გარეგნული კეთილსახოვნების ქვეშ ავტორი საგულდაგულოდ ნიღბავდა თავის ჭეშმარიტ წადილსა და ზრახვებს.

თავად განსაჯეთ, როგორი გასამხელი იქნებოდა იმ დროში, მთავარი გმირისაგან პირველ პირში გადმოცემული, ყოველი ქართველის ,,ჩუმის ნატვრით’’ საკუთარი თავისთვისაც კი ძნელად გასამხელი ოცნებები, საბჭოთა ოფიცრის ფარაჯა რომ არ ჩაეცმია მისთვის ავტორს და დროებით არ მიევლინებინა სამხედრო სასაზღვრო ნაწილში.

,,სულ ჩვენი იყო, ჯაყელო, აქედან ეჰეი... იქამდე – აწინდელი თურქეთის შორეული სივრცეებისაკენ მიანიშნებდა მწერალი ვლადიმერ მდინარაძე ახალგაზრდა ქართველ ჯარისკაცს და მისგან სამშობლოს გრძნობის ჭაშნიკის აღებასაც ცდილობდა: ,,ლაზები ჩვენი ძმებია. მეგრულად ლაპარაკობენ. გესმის შენ მათი ლაპარაკი?’’

საბედნიეროდ, მწერლის თანამოსაუბრეს ესმის მათი და ნიჭიც აქვს ასე ახლობელის და, ამავე დროს დროთა უკუღმართობით, ასე შორეულად ქცეული თვისტომის სიყვარულისა, რომელსაც პირობითად ,,მასწავლებლის ახალგაზრდა ცოლის’’ სახე მიუღია ნაწარმოებში. მწერალთან ზემოხსენებული დიალოგის შემდეგ აღარც ის ქარაგმაა ძნელად ამოსახსნელი, რომელიც ძევს ამ ჯარისკაცის, ავთანდილ ჯაყელის ჭოგრიტის დახმარებით უსიტყვო შორეულ მიჯნურობაში საზღვარგაღმელი ,,მასწავლებლის ლამაზ ცოლთან’’:

,,ძალიან მომწონხარ!

– მერე, ქმარი რომ მყავს?

– შენ ჯუმა მოგაფერი ხარ ჩემი!

– ეგ რაღაა?

– ძმობილი ხარ ჩემი, ჯუმა მოგაფერი!’’ აქ განსაკუთრებული ახსნის გარეშე იოლად იცნობა, თუ რა სიყვარულზეა ლაპარაკი. მხოლოდ ის გარემოება შეგვიძლია დავაზუსტოთ, რომ საზღვრის გაღმა-გამოღმა მობინადრე ქართველობის ურთიერთისკენ ნდომის წადილს წინ ეღობებიან ძმათა მიწა-წყლის გამყოფად მურმანის ეკალივით ამოზრდილი თურქი ასკერები და რუსი ჯარისკაცები.

ჰოდა, კვლავინდებურად რომ იმპერიულ ინტერესებს იცავს რუსი და სხვათა მიწებზე გალაღებული, ორ სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეულ მკვიდრ თესლტომს ერთმანეთისაგან ,,იცავს’’, იმიტომაც არის, რომ ნაწარმოებში ქართველი მესაზღვრის გვერდით რუსი ჯარისკაცი არც ჩანს და არც შეიძლება ჩანდეს სამეგობროდ და ჭირისა და ლხინის თანაზიარად. არც ის არის შემთხვევითი (ამას თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს), რომ ჯაყელს ორი მეგობარი ჰყავს და ორივე მისებრ ჩაგრული ქვეყნის - უკრაინის შვილები არიან, რომლებიც ბედის ირონიით, მასთან ერთად დამდგარან თავიანთი საერთო მტრის, საბჭოთა კავშირად სახელდებული რუსეთის საზღვრის სადარაჯოზე.

სწორედ უკრაინელი მესაზღვრე უგზავნის სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე წერილს თავის დედას საქართველოდან. მაგრამ ის წერილი ჯარისკაც პეტრო შჩერბინას არ დაუწერია - იგი ნოდარ დუმბაძემ დაწერა, რათა ყურები გამოეფხიკა ქართველებისადმი არასასიკეთოდ განწყობილი ყველა შინაური თუ გარეშე ფარული და აშკარა მტრისათვის, ვისაც ქართველები ხელწამოსაკრავად და საბურთაოდ გაეხადა და მათთვის ვაჭრუკანებისა და მემანდარინეების მეტსახელი მიეკერებინა:

,,ეს საქართველო, თედორეს ქსენია რომ გიყვებოდა, ის არ გეგონოს, სულ ტყუილია, დედა, ახლა რომ მაგონდება, მრცხვენია კიდევაც. ამ ჩაის და მანდარინს პურს რომ სჭირდება, ათი იმდენი შრომა უნდა, ღვინოს კიდევ მეტი. ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოჰკლან’’.

და თუ ეს არის უკრაინელი ყმაწვილის წერილი ქართველი მეგობრის სამშობლოდან - ასეც შეიძლება ვიგულისხმოთ: უკრაინას – საქართველოსგან1, სად არის აქ რუსი ეროვნების პერსონაჟი, რომელიც ლოგიკურად შეაკავშირებდა უმცროსი ძმების ერთობას, როგორც ეს მიღებული იყო საბჭოთა მწერლობაში, უკეთუ ,,მძლე კავშირი, ძმური სამარადისოდ შეუკრავს დიდ რუსეთს?’’ არის ნაწარმოებში ასეთი რუსიც! ოღონდ იგი წარმოდგენილია იმპერიის გუშაგი გენერლის სახით, რომელიც ჯვარის მონასტრიდან უცქერის გარეშემო გადაშლილ სივრცეს, უსმენს ექსკურსიამძღოლის საათიან ლექციას საქართველოს როლზე მსოფლიო ცივილიზაციში და კატეგორიულად ასკვნის ბოლოს:

,, – Мдаа... хороший наблюдательный пункт! Все ущелье контролирует!’’

ამ სიტყვებთან და გენერლის პორტრეტთან ერთად იხატება სათვალთვალო კოშკურებითა და სადაზვერვო პუნქტებით დაქსელილი მთელი იმპერიის სახე, რომელიც დერჟავულ ხელისუფლებას ამკვიდრებს საჯაროდ დეკლარირებული ერთა თანასწორობის ლოზუნგით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ალბათ თვით ისიც იქნებოდა გამართლებული, რომ მთელი ნაწარმოები, თავისი განზრახ ფსევდოინტერნაციონალური პათოსით, თუნდ  ამ ერთი ფრაზისთვის შექმნილიყო, რომელიც თავდაყირა დააყენებდა მითს ხალხთა შორის მეგობრობის შესახებ, რადგან კონიუნქტურით შენიღბულ პირობითობებს მიღმა ნაწარმოები არსებითად რუსეთის იმპერიულ ზრახვათა მხილებასაც ემსახურებოდა.

და რაკი იმპერიული ზრახვანი ვახსენეთ, ალბათ იმის დროც დადგა, საკუთარი არგუმენტები მოვიხმოთ სსრკ-ს მოდერნიზებულ ფორმასთან, სნგ-სთან ნოდარ დუმბაძის ამჟამინდელი შესაძლო დამოკიდებულების გასარკვევად.2 საქართველოსათვის მსგავსი სტატუსის მიმართ  მისი შეურიგებლობის დასტურად განვიხილავთ მის იმ ნაწარმოებებს – ,,მე ვხედავ მზეს'' და ,,Hellados’’, სადაც განსაკუთრებულად თვალსაჩინოდ არის გამოვლენილი ავტორის ანტიიმპერიალისტური სულისკვეთება და ლტოლვა ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებისა და განმტკიცებისაკენ.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ქართველი ლიტერატურათმცოდნეები და კრიტიკოსები, მწერალთა შემოქმედების სიღრმისეული კვლევის თვალსაზრისით, რატომღაც გამორჩეულად სწყალობდნენ როგორც ჩვენი კლასიკის, ისე თანამედროვე მწერლობის მხოლოდ რიგ წარმომადგენლებს, რისი დასტურიცაა თუნდ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნების’’ მაგალითი პირველთაგან და ოთარ ჭილაძის ,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან’’ მეორეთაგან. ამ ეროვნული თავისუფლების გრძნობებით გამსჭვალული და ანტიიმპერიალისტური ნაწარმოებების შესახებ არაერთი ნაშრომი და გამოკვლევაა მიძღვნილი. თავიანთ წერილებში, ისე, როგორც ეს საბჭოურ პერიოდს შეეფერებოდა, მკვლევარები ცდილობდნენ თხზულების ქსოოვილში ჩართული სხვადასხვა სიმბოლოების რაობა აეხსნათ სათქმელის ძალად გაბუნდოვანებით, შორით შემოვლით, ქარაგმების საშუალებით და ამ გზით მიეტანათ მკითხველამდე იმ ფარული აზრების მნიშვნელობა, რისი თქმაც ჰქონდა ავტორს განზრახული. მათი მეოხებით ეზიარებოდა მკითხველი სიმბოლური აზროვნების საიდუმლოებებს და სათავისოდ საცნაურყოფდა, რომ თუ, ვთქვათ ნაწარმოებში, საზოგადოდ მთავარი გმირი ქალის სახე დედა-სამშობლოს, მშობელი მიწის და იმ მიწის ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენს, მაშინ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნებში’’ მარგოს სახით ჩვეულებრივი რიგითი ქართველი მანდილოსანი კი არ უნდა ეგულისხმა, არამედ პატივახდილი საქართველო თავისი სავალალო ბედისწერით: შერყეული სულითა და ნაჯიჯგნი სხეულით, ხოლო ამავე თვალსაზრისით, ზურგზე რუსულ თოფმოკიდებული ჯაყო ჯივაშვილი უბრალო ნახიზნარი და ნამოურავალი როდიღა იქნებოდა, არამედ სახე საქართველოს უწყალო, შეუბრალებელი მტრისა, უმადურისა და უნდოსი, სამეზობლოდ და სამეგობროდ გამოუსედეგარი უცხო გარეშე ძალისა (ზოგჯერ ამ ძალის პერსონიფიცირებას ახდენდნენ რუსული ბოლშევიზმის ბელადის – იოსებ ჯუღაშვილის სახელთანაც კი). სულიერად და ფიზიკურად ცვედანი თეიმურაზ ხევისთავიც მხოლოდ ერთი კაცის ტრაგედიას როდი იტევდა საკუთარ თავში – იგი თავისავე მიწაზე მოძალადეთა მონადქცეულ ქართული მიწის ვაი-მეპატრონეთ განასახიერებდა, თუნდ მთელი სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების (მშვიდობისა და ამხანაგობის მქადაგებელი და ,,წითელი ბაიარაღის მქნეველი’’ თეიმურაზი) სახით და თუნდ ოდინდელ პატივდებულსა და აწ უკვე პატივაყრილ თავად-აზნაურობას (თეიმურაზ ხევისთავი – დიდი გვარეულობის უკანასკნელი ჩამომავალი) სახით. იმავე გზითა და მეთოდებით ხდებოდა ოთარ ჭილაძის რომანის ანალიზიც, სადაც მარგოს ადგილს საკუთარი სამშობლოს მნიშვნელობით, იკავებდა ახალგაზრდობიდანვე დაქვრივებული ანა; საქართველოს მარადიული მუსულმანი მტრის ხატს ქმნიდა თათარი, რომელსაც ძალადობით მოეპოვებინა უფლებები უღონო და უმწეო დედაკაცზე - ერის გარდასულ სახელ-დიდების ნაშთად კედელზე ეკიდა ანას გარდაცვლილი   ქმრის ჩოხა და ჯაყოს მისიით მოდიოდა მოყვარის ნიღაბაფარებული მტერი, რომელიც მკვიდრად ჩაეშენებოდა ანას სამკვიდროში, რათა მისი პირმშო გიორგისათვის ერთი ბატონის მსახურება შეუმჩნევლად მეორეზე გადაეცვალა. ასე და ამრიგად მიჰქონდათ თანამემამულეების აზრსა და გონებამდე ქართველ ლიტერატორებს ქართულ რომანებში იდუმალად გამოხატული იმპერიასთან ვერშერიგების და მუდმივი ბრძოლის ქართველ ერში მარადის არსებული დაუმორჩილებლობის სულისკვეთება.

და სწორედ დასანანია, რომ მსგავსი ლიტერატურული ხერხებითა და საშუალებებით დღემდე არვის განუხილავს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება და, სახელდობრ, მისი ისეთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები, როგორიცაა ,,მე ვხედავ მზეს’’ და ,,Hellados’’. თუმცა, აქვე ალბათ უნდა შევნიშნოთ, რომ არსებობს რიგი მოვლენებისა, რომელთა გამჟღავნებაც ვადამდე არ არის სასურველი.

სხვათა შორის, როგორც ჩანს, თვით ნოდარ დუმბაძე განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა სწორედ ,,მე ვხედავ მზის’’ მიმართ, რისი დასტურიცაა რეჟისორ რუბენ აგამირზიანის მოგონება (წიგნში ,,მზიანი გულის მწერალი’’), ლენინგრადში ,,მე ვხედავ მზის’’ გასცენიურებასთან დაკავშირებით. მწერლისთვის მიწოდებულ ცნობას, რომ თეატრს გადაუწყვეტია მისი ნაწარმოების რეპერტუარში შეტანა, მისდა გასაკვირად სრულიად მოულოდნელი შედეგი მოჰყოლია:

,, – ძალიან გთხოვთ, ბატონო რუბენ, არ გინდათ, არაფერი გამოვა, ქართულად გამოდის, რუსულად კი არა.

–  როგორ, ,,ბებია’’ ხომ გამოვიდა? თქვენ ხომ თავად ნახეთ.

– ,,ბებია’’ გამოვიდა, ეს კი არ გამოვა, არ გინდათ, ძალიან გთხოვთ’’.

მაინც რა აღელვებდა ასე ნოდარ დუმბაძეს, რატომ იყო იგი ამ ნაწარმოების რუსული თეატრის სცენაზე დადგმის წინააღმდეგი? ერთობ სავარაუდოა, რომ მწერალი უფრთხოდა, დროზე ადრე არ მიეგნოთ ნაწარმოების ფარული დედააზრისათვის, მათ, ვის წინააღმდეგაც იყო მიმართული ფაბულის ძირითადი მახვილი. მაინც, მაინც რა ფარული აზრი იდო ნაწარმოებში? ამრიგად, თუ ნაწარმოებს ჯეროვნად გავაანალიზებთ და კუთვნილ ადგილს მივუჩენთ ალეგორიებსა და სიმბოლოებს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ,,მე ვხედავ მზე’’ არის საქართველოს თავისუფლების ჰიმნი, რუსეთის იმპერიული მონობის წინააღმდეგ მიმართული!

ვიდრე ნაწარმოების განხილვაზე გადავიდოდეთ, მისი სწორი წაკითხვისათვის უნდა შევთანხმდეთ, რომ ავტორის ჭეშმარიტი სიმპათიები შეიძლება არც ემთხვეოდეს, გარეგნულად პოზიტიური ფერებით დახატულ გმირთა სახეებს ამ შენიშვნის გათვალისწინებით განვიხილოთ ,,მე ვხედავ მზეს’’ თუნდაც ზემოთ დასახელებულ ორ ნაწარმოებთან მიმართებაში და მათთან ერთად.

ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი, ქეთო მასწავლებელი, ისევე, როგორც ანა (ჭილაძის რომანიდან) და მარგო (,,ჯაყოს ხიზნები’’) – საკუთარი სამშობლოს სახიერი გამოხატულებაა და მის ირგვლივ დატრიალებულ კოლიზიებში აირეკლება საქართველოს თავს გადახდილი ყოველი განსაცდელი. ამდენად, არც ის არის შემთხვევითი, მამიდა რომ ქართულის მასწავლებელია და არც ის – სალოცავი კუთხის დამშვენების ნაცვლად, სკივრში ჩამალული ხატის ღვთისმშობელს რომ ჰგავს. აი, როგორ აგვიწერს მის გარეგნობას თვით ავტორი: ,,მამიდაჩემი ქართულის მასწავლებელია. იგი ყველაზე განათლებული და ლამაზი ქალია ჩვენს სოფელში. მამიდა, ბაბუაჩემის სკივრში რომ ხატი დევს, იმაზე გამოსახულ ღვთიშობელს ჰგავს, მარიამს, და ქეთევანი ჰქვია’’... მაგრამ განსხვავებით ქვრივი ანასაგან, რომელსაც გარდაცვლილი ქმრის ჩოხაღა შერჩენია კედელზე მოგონებად, განსხვავებით მარგოსაგან, რომელსაც თავისი გვარის ოდინდელი დიდების ნაშთად ქცეული თეიმურაზის ცოლობა რგებია, ქეთო მასწავლებელს ღირსეული გულისსწორიცა ჰყავს – დათიკო ბრიგადირი!

სხვათა შორის, ,,ბრიგადირის’’ წოდება სწორედ დათიკოს პიროვნული გამორჩეულობის ნიშანია და არა წითელ ხელისუფლებასთან მისი სოციალურ-პოლიტიკური თანამშრომლობისა, რასაც ნაწარმოებში განვითარებული მოვლენებიც ადასტურებენ. ეს თანამდებობა მას, როგორც ჩანს, საკუთარი ღირსებით მოუპოვებია: გარჯით, ცოდნითა და გამოცდილებით. თვით ტყე-ღრეშიც კი, სოფლისაგან გარიყულსა და განტევებულს ისეთი ყანა უშენებია, რომ მეზობლის ქალი ყვედრებით ეუბნება: ,,შენი სიმინდი მაინც შვიდ-შვიდ ტაროს გამოიბამს’’. ის, რომ ომში წასვლისაგან თავის არიდების მიზეზი ჩვეულებრივი, ხორციელი შიში და ფიზიკური გადარჩენის სურვილი კი არა, არამედ სრულიად სხვა რამ უნდა იყოს,  ნაწარმოების ფინალითაც დასტურდება,  როდესაც იგი მარტო შეებმება ადიდებულ მდინარეს. რამდენადაც ვაჟკაცია დათიკო, იმდენადვე მისი ,,დეზერტირობა’’ არის არა სიმხდალე, არამედ შეგნებული უარი ომში წასვლაზე – ხოლო, ყოველგვარ უარს, მოგეხსენებათ, თავისი მიზეზი გააჩნია!

თუმცა, ეს უარი დამთრგუნველად მოქმედებს ქეთო მასწავლებელზე, რაკიღა იგი გულგრილი არ არის დათიკო ბრიგადირის მიმართ. დააკვირდით, როგორ განიცდის ქალი ხატიასაგან დათიკო ბრიგადირის ,,დეზერტირობის’’ ამბის შეტყობას: ,,იმ დღიდან მამიდა დამუნჯდა. თავაუღებლად დადიოდა დილიდან საღამომდე. გეგონებოდათ, რაღაც ძვირფასი დაკარგა, ეძებს და ვერ პოულობსო... ღამით იწვა თვალგახელილი. ძაღლის ყოველ დაყეფებაზე წამოხტებოდა და სულს განაბავდა, თითქოს ვიღაცას ელოდა, ის კი არ მოდიოდა, არა და არა. გახდა მამიდა, ჩამოდნა, დაილია’’.

მაგრამ საიდუმლო დიდი ხნით ვერ დარჩება გაუმხელელი. ქეთო მასწავლებლის პირვანდელი ეჭვები ან სრულიად უნდა გაქარწყლდნენ, ან უნდა დადასტურდნენ და ავტორის ნებით დათიკო ბრიგადირი თავად ცხადდება მის ოჯახში, რათა გააგებინოს ქეთო მასწავლებელს, რომ: ,,შენი გულისთვის დავბრუნდი მე და არავისი არ მრცხვენია!’’ შიშს არ დაუბრუნებია დათიკო ბრიგადირი, ამ ქალის სიყვარულმა დააბრუნა და გულახდილ აღსარებაში ვლინდება მისი საქციელის ჭეშმარიტი მიზეზი: ,,მე ყველასთვის მიმიფურთხებია, ვისი გულისთვის მოვკვდე, მე არავინ არაფერს მერჩის. ჩემი საქმე მიწის მუშაობაა, სად უნდა წავიდე, სად უნდა დავლპე, რატომ, რისთვის, მე ჩემი სიკვდილით მინდა მოვკვდე და შენთან მინდა სიკვდილი. შენს თავს ვერავინ წამართმევს აწი, გეყურება?’’ ,,ახლა... ახლა... პოლიტიკური ფირალი ვარ’’... ,,ერთ ხანს ვიქნები კიდევ ტყეში და მერე ვნახოთ ვინ ვის სდევს...’’

ამ სიტყვებში არის გამჟღავნებული დათიკოს საქციელის ჭეშმარიტი არსი – დათიკო ომში წასვლაზე უარს აცხადებს არა შიშის გამო, არამედ მისი უარი არის პროტესტი, ეს მისი ომი არაა – სადღაც რუსეთ-გერმანიის ფრონტებზე; მისი ომი აქ არის, საკუთარ სამშობლოში, ნამდვილი მტერი მას სწორედ აქ, საკუთარ მიწა-წყალზე ეგულება, რომელიც სოსოიამ ,,თავისი ზურგით ამოუყვანა მამიდამისს’’. კაცი (იგივე: ხალხი, ერი, სიმბოლო ქვეყნის), ვისგანაც მან უნდა იხსნას ქეთო მასწავლებელი, ვისი შიშიც უნდა ჰქონდეს არა მარტო დათიკო ბრიგადირს, არამედ მთელ მის სოფელ-ქვეყანას; კაცი, რომელსაც სახელად ანატოლი ჰქვია და გვარიც მეფისა აქვს – რომანოვი. ეს რუსი მეომარი არის მისი და მისი სამშობლოს იმ ორსაუკუნოვანი ჩრდილოელი მტრის სახე, რომლის გვარიც ძველი ორთავიანი არწივის მემკვიდრეობითობის ბუნებრივ გაგრძელებაზე მიგვანიშნებს ახალ საარსებო სოციალურ გარემოში. მაიორისაგან განსხვავებით (,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან’’), იგი უკვე მკვიდრად გრძნობს თავს მისი გვარ-ტომისთვის ამ ერთ დროს უცხო და გარეშე ქვეყნის მიწა-წყალზე; მისთვის, დაჭრილ-დაკოდილი კაცისთვის (დაჭრილის სიმბოლური აღქმისათვის გაიხსენეთ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი), ეს, ერთი შეხედვით, უცხო გარემო შინაურ ქვეყნად ქცეულა და მშვენივრადაც იფერებს, ,,ნაპარავი თხის რძით’’ მობრუნებას ამ ქვეყნისაკენ (სიმბოლური მნიშვნელობის განსაზღვრისათვის  კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, საკუთარი მტრის საბრძანებლის არმოშლისათვის როგორ იღვწოდნენ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში იმპერიის მონობაში მყოფი ხალხები,  და მათ შორის უკანასკნელნი ქართველნი არ ყოფილან).

მაგრამ სოფელ-ქვეყნის რიგით მცხოვრებთა უმეტესობისაგან გამორჩევით არსებობენ დაუმორჩილებელი და გაუტეხელი სულის ადამიანები. ასეთი პიროვნებაა დათიკო ბრიგადირი, რომელიც თეიმურაზ ხევისთავის დარად არ აპირებს ლაჩრულად თავისი სიყვარულის დათმობას (წაიკითხე: სამშობლოს მონობაში დატოვებას) და არც უბრძოლველად – იარაღის დაყრას. იგი არ მიდის საომრად მოგონილ მტერთან და ნამდვილ მტერთან რჩება საბრძოლველად; იმ კაცთან, ქეთოს რომ ედავება (წაიკითხე: საქართველოს) ქეთოს, რომლის სიცოცხლეცა და სიყვარულიც მხოლოდ მას ეკუთვნის! დათიკო დაიღალა ამ კაცის (წაიკითხე – ამ ხალხის) მბრძანებლობისა და დიქტატის ქვეშ ცხოვრებით და მთელი ქართველი ხალხის გულისთქმასა და რუსეთისადმი მის დამოკიდებულებას გამოხატავს ნოდარ დუმბაძე იმ სიტყვებში, რომლებითაც დათიკო მიმართავს ანატოლის: ,,ყური დამიგდე, შენი ზიარი ქეთო კი არა, ჰაერი არ მინდა’’. ხოლო თუ იმ ეპიზოდს, ემოციების გარეშე, სტრიქონებს შორის ნაგულისხმევი აზრის გათვალისწინებით წაიკითხავს მკითხველი, როდესაც სოსოიასაგან გაქეზებულ დათიკოს ანატოლის ნაცვლად ბეჟანა შემოაკვდება ხელში, იქნებ ქართველი ხალხის დიდი ეროვნული ტრაგედიაც ამოიკითხოს, რომლის გონებადაბინდული შვილებიც ხშირად განუსჯელად და გულუბრყვილოდ ეწირებოდნენ საკუთარი მტრების სიცოცხლეს; ისევე გულუბრყვილოდ, როგორც თვით სოსოიაა მიმნდობი და, უმადურიც, ამასთან ერთად იმ დათიკო ბრიგადირის ამაგი რომ დავიწყნია, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად პატრონობდა მშობლებგადასახლებულ ყმაწვილს (კიდევ ერთი ღირსების ნიშანი დათიკოს პორტრეტისათვის!) საკუთარი მამიდა დათიკოსთვის რომ ვერ გაუმეტებია და ის კი ახარებს, რომ შეიძლება მამიდამისს უყვარდეს ანატოლი: თან თავს რომ იწონებს სოფელში ანატოლის ჩაუქობით, რომელსაც თურმე ,,მილიონი გერმანელი ჰყავს მოკლული’’ და პარალელისათვის, გაიხსენეთ გიორგი (,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან’’), რომელიც სოსოიასავით იქადის სოფელ-ქვეყანაში მაიორთან მეგობრობას და მაიორისავე იმედით ემუქრება თათარს: ,,თვალებს შუა უნდა ჩაგიჯინო ტყვიაო’’. თუმცა, ,,მეგობრობის’’ საზღაურად ეს უკანასკნელი ,,გიორგის’’ ნაცვლად დაცინვით ,,გიორგას’’ ეძახის და ანატოლიც ხომ ისეთივე ,,სოსოიეს რუსია’’ (მას სხვაგვარად არც იხსენიებენ სოფელში, თუ არ ,,სოსოიეს რუსად’’), როგორც მაიორია სინამდვილეში ,,გიორგას მაიორი’’!

ასე რომ, თუ ნაწარმოებს მისი ქვედა პლანით წავიკითხავთ, მაშინ იოლად დავინახავთ ავტორის ფარულ, ხმამაღლა გაუმჟღავნებულ სიმპათიებს სწორედ დათიკო ბრიგადირის მიმართ, რომლის ეროვნულ მისწრაფებათა აღსრულებაზეც არის დამოკიდებული თეიმურაზ ხევისთავის მიერ ღვთის ანაბარად დატოვებული სამშობლოს ბედის სადავეების მოკრებაც და დამოუკიდებლობის საუკუნოვანი ოცნების ახდენაც! სხვათა შორის, ამ დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების გზაზე, დათიკო ბრიგადირს, გარეშე მტრების გარდა, შინაურ მტრებთანაც აქვს ანგარიშები გასასწორებელი – მათთან, ვინც რუსეთს ჩააბარა საკუთარი სამშობლო 1921 წელს და ვინც შემდეგ რეპრესიებს არ აკლებდა 24-ში და 37-ში. დათიკოს მუქარა უშიშროების მუშაკებისადმი: ,,მაგათ ნასახლარზე კვახს და კარტოფილს ვახარებ, ჩემს დევნას თუ არ მოეშვებიან’’ – მწერლის გაფრთხილებაც არის ბოროტების მთესველთა მიმართ ღმერთისა და ერის მომავალი სამსჯავროს წინაშე3.

მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად, ,,მე ვხედავ მზე’’ დიდი ოპტიმიზმის სათავეც არის. მკითხველს კარგად ეხსომება, როგორ გადაეშვება აბობოქრებულ მდინარეში დათიკო ბრიგადირი და როგორ იხსნის თითქმის უკვე განწირულ უსინათლო გოგონას – ხატიას. როგორც ნაწარმოების სხვა მთავარ გმირთა სახელებს (”დავითი”, ”იოსები”, ”ქეთევანი”), თვით ამ გოგონას სახელსაც დიდი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. მის სახელსა და სახეში შენივთებულია ქართველი ერის ოცნებისა და იმედების ახდენა, და თუ შეურაცხყოფილი და უპატიურქმნილი ანეტა (,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან’’) წითელი რუსეთისაგან საქართველოს დაკარგული თავისუფლების მსხვერპლია, თვალისჩინმოკლებული ხატია ამ 1921 და 1924 წლებგამოვლილი საქართველოს უსინათლოდ შობილი ოცნებაა! იგი თუმცა უსინათლოა, თვალაუხელელი, მაგრამ, რადგანაც ,,მზეს ხედავს’’, მას უთუოდ დაუბრუნდება სინათლე! დრო მოვა და აეხილება თვალი, მაგრამ საამისოდ საჭიროა, რომ დღეს ფიზიკურად გადარჩეს და, როდესაც იგი დათიკოს გამოჰყავს აბობოქრებული მდინარიდან, ამით ხაზგასმით მიუთითებს ავტორი, რომ ეს თვალაუხელელი ოცნება სწორედ დათიკომ უნდა გადაარჩინოს, რათა სულიერად და ფიზიკურად მრთელი და შეურყვნელი დახვდეს იმ დროს, როცა დადგება ნანატრი ჟამი!4 ამრიგად, თუ ნაწარმოებს ჯეროვნად გავაანალიზებთ და კუთვნილ ადგილს მივუჩენთ ალეგორიებსა და სიმბოლოებს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ,,მე ვხედავ მზეს’’ არის საქართველოს თავისუფლების ჰიმნი, რუსეთის იმპერიული მონობის წინააღმდეგ მიმართული!

ცალკე და ვრცელი მსჯელობის თემაა ,,hellados’’. მაგრამ იმისათვის, რათა ჩვენი განხილვის საგანს ძალიან არ დავცილდეთ, ამჯერად აქ მისი მცირე განხილვით დავკმაყოფილდეთ. დავიწყოთ იმით, რომ მხოლოდ ზედაპირული, ზერელე გაცნობის შედეგად შეიძლება იგი მივიჩნიოთ თბილისიდან სოხუმში ლტოლვილი პატარა ქართველი ბიჭის თავგადასავლად. მაძიებელი მკითხველი იქ სხვა რამ საგულისხმოსაც ამოიკითხავს.

ვისთვისაც ცნობილია, თუ როგორი ბერძნული ახალშენებით იყო დასახლებული ანტიკური კოლხეთის ტერიტორია ძველი წელთააღრიცხვის VI-V საუკუნეებში, მათთვის სადღეისოდ, გროტესკული ელფერი დაჰკრავს ქართველებისადმი სწორედ და მაინცდამაინც აფხაზთაგან ატეხილ დავას ამჟამინდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ავტოქთონური მოსახლეობის შესახებ. ამ უძველესი ცივილიზაციის კერაში ძველთაგანვე საომარი იყო ლელო და იმ ლელოს გატანა ქართველებს უხდებოდათ არა აფხაზებთან და სხვა მონათესავე ტომებთან ქიშპობით, არამედ გარეშე ერებთან და, მათ შორის, ბერძნებთან პაექრობით. საკითხის ამგვარად დაყენებაში, სადაც ქართველები, ვინმესთვის, შეიძლება, მოცილე დამპყრობლების სახითაც კი წარმოდგნენ, სათაკილო არა არის რა. თვით ძველი აღთქმის საღმრთო ისტორია გვაუწყებს, თუ უფლისადმი ერთგულების ფასად როგორ გაუკვალა ღმერთმა აღთქმული მიწისაკენ სავალი გზები აბრაამის შთამომავლობას, რამდენი უცხო გვარ-ტომის ხალხი დაამარცხებინა ამ გზაზე, როგორ დაამსხვრია მათ წინაშე იერიქონის კედლები და მისცა ძალმოსილება თავის რჩეულ ხალხს, ეოტნათ იქაური მცხოვრებნი. ყოველივე ზემოთქმულში საგულისხმო ის არის, რომ აღთქმული მიწა, რომელიც ღვთის რჩეულმა ხალხმა მოიპოვა, მანამდეც იყო დასახლებული ხალხით, რომელმაც ჩვენთვის უცხო მიზეზთა გამო, უნდა ვიფიქროთ, დაჰკარგა პატივი და ღირსება უფლის თვალში და იძულებული გახდა თავისი მიწა-წყალი დაეთმო ღვთის სათნომყოფელი უცხო გვარ-ტომის ხალხისათვის. არაფერი, ლოგიკის კანონზომიერებებთან შეუთავსებელი აქ არ მომხდარა: ერთნი, ღვთის მცნებათა აღმსრულებელნი – აღზევდებიან და მეორენი – ღვთის სიტყვის ვერშემსმენელნი – დაიმცრობიან – ეს არის საღმრთო ისტორიის ანი და ჰოე...

ამდენად, თუ უფლის ხელი იქნებოდა ქართველებზე, ისინი უნდა დაჰპატრონებოდნენ მიწას, რომელსაც ერთი ხანია სხვა გვარ-ტომის ხალხი გაშინაურებოდა და მასზე მტკიცდებოდა. და თუ მოთხრობა ,,hellados’’-ს წავიკითხავთ ისტორიულ ვითარებათა გათვალისწინებით, ქართველი და ბერძენი ბიჭის დავაში აფხაზეთში ყოჩობისა და პირველობისათვის, სრულიად ბუნებრივად აღდგება გარდასულ დროთა სიმბოლური  სურათი, სადაც სწორედ ქართველობას რგებია დამკვიდრება თავიანთ ნაჩემებ უძველეს მიწაზე (ჩვენ ზემოთ ოთარ ჭილაძის რომანი ,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან’’ ვახსენეთ და, საგულისხმოა, რომ ლიტერატურის მკვლევარებს ყურადღების გარეშე მის სხვა რომანებთან ერთად მით უფრო მისი პირველი რომანი ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა’’ არ დარჩენიათ, სადაც ქართულ-ბერძნული რელაციების აღწერით მითოლოგიურ ასპექტში ეძებენ იდუმალ ნიშნებსა და სიმბოლოებს და აქაც ყურადღების მიღმა იყო დატოვებული ნოდარ დუმბაძის ,,hellados’’, რომელიც ზემოხსენებულ რომანს არ დაუვარდებოდა არც ჩანაფიქრის სიღრმითა და არც საქართველოს ადრეული პერიოდის ისტორიის სიმბოლური გააზრებით).

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ სავსებით ბუნებრივად დაისმის კითხვა: რუსეთის უღლისაგან საქართველოს განთავისუფლებაზე მეოცნებე (,,მე ვხედავ მზეს’’) და ძირძველი ქართული მიწების ერთიანობაზე მზრუნველი (,,hellados’’) მწერალი რა გუნებაზე დადგებოდა იმ ვითარებაში, როდესაც ამ თავისუფლებას სნგ-ს საზღვრებში კვლავ მოქცევისა და გადამთიელთა სათარეშოდ ქცეულ აფხაზეთის მიწას სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე დაემუქრა?!

თუმცა, როგორც მწერალთან მეგობრობის პრეტენზიის მქონე ადამიანების ინტუიციაზე დაფუძნებული ვარაუდი არ გამოდგება საბუთად, ეტყობა, ისევე არ არის სარწმუნო არგუმენტი ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების ფარული თუ ხილული ფიქრისა და განსჯის ნაყოფი, რადგან დღეისათვის, მრავალმა თავისი მხატვრული შემოქმედებით აღიარებულმა მწერალმა, რომელთაც ინტელექტუალიზმებით ჰქონდათ დატვირთული ეროვნული თავისუფლების იდეით გამსჭვალულ-ნასაზრდოები – საქართველოს ისტორიის ამსახველი თავიანთი ნაწარმოები – საქმით არა თუ არ დაადასტურეს ამ ეროვნული თავისუფლებისადმი ერთგულება, არამედ მორიდებული პროტესტიც კი არ გამოუთქვამთ საქართველოს რუსეთისაგან მესამე ანექსიასთან დაკავშირებით.

ამიტომ, ჭეშმარიტების გასარკვევად, ვცადოთ, მხატვრული შემოქმედების მიღმა ნოდარ დუმბაძის ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებში გარკვევა, რომლებიც ასახავენ მწერლის იმპერიასთან, რუსეთთან დამოკიდებულებას. მივმართოთ ამ რამდენიმე წლის წინ, ნორა კოტინოვის ავტორობით გამოცემულ წიგნს: ,,ნოდარ დუმბაძის გახსენება’’. ქალბატონი ნორა ნოდარ დუმბაძის ალალი მამიდაშვილი ბრძანდება, ვისი მამაც, იმ ვანიჩკა ბიძიას პროტოტიპი გახლდათ, რომლის ფრიად სახასიათო და დასამახსოვრებელი სახე ავტორმა შექმნა ,,ნუ გეშინია, დედაში’’. კანონზომიერია, რომ სწორედ ქალბატონ ნორას მოგონებები გვაწვდიან გასაღებს ჩვენი წერილის დასაწყისში მოხსენიებული მწერლის ცხოვრებისეული  კომპრომისების ახსნისათვის, რაც მწერალს სჭირდებოდა თავისი ჭეშმარიტი აზრების შეფარული გადმოცემისთვის. თავდაპირველად, ვნახოთ, როგორ აგვიწერს ქალბატონი ნორა ღვთისმორწმუნე მწერლის მიერ  თავისი მსოფლმხედველობრივი მრწამსის გამჟღავნების იძულებითი მალვის აუცილებლობას საბჭოური ცხოვრების სინამდვილეში:

,,ნოდარი ღრმად მორწმუნე და ღვთისმოსავი პიროვნება იყო. ამის დასტურია მთელი მისი ღვთიური შემოქმედება. მაგრამ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო იმ პერიოდში არ შეეძლო ხილულად ევლო ეკლესიებში და ენთო სანთლები. პირჯვრის გადაწერაც კი მაშინ მკრეხელობად ითვლებოდა ისეთი პიროვნებებისათვის, როგორიც ნოდარი იყო. ამიტომ მან შინ მოიწყო პატარა სალოცავი, უამრავი ძვირფასი ხატით დამშვენებული, და იქ ლოცულობდა თავისთვის. მაგონდება ერთი ეპიზოდი, მის მიერ ნაამბობი: ერთხელ მასთან ოჯახში მისულა ჩვენი რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თავის ვაჟიშვილთან ერთად. ბიჭუნას დაუთვალიერებია ნოდარის ბინა და უნახავს ხატებით სავსე კედელი. შემდეგ შესულა ნოდართან და უთქვამს: ნოდარი ბიძია, თქვენ თურმე ცრუმორწმუნე ყოფილხართო. ნოდარის კი ღიმილით უპასუხია: შვილო, ცრუმორწმუნე მამაშენია, მე კი ნამდვილი მორწმუნე ვარო. ეს ამბავი ანეკდოტად დადიოდა მაშინ მთელ თბილისში’’.

მაგრამ ეს ანეკდოტები იყო სწორედ, მწერლის შემოქმდებით ნააზრევთან ერთად, ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ხელისუფლების საფუძვლებს რომ არყევდა; ხოლო როდესაც დგებოდა ჟამი რეალური მოქმედებისა, მაშინ ნოდარ დუმბაძე თავის ხალხთან ერთად იდგა მის დამანგრეველ ბარიკადებზე. ამ თვალსაზრისით, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო 14 აპრილის თარიღი. პირველი დიდი პროტესტის გამოხატულება ათეულწლოვანი მდუმარების შემდეგ. აი, რა უამბნია მამიდაშვილისთვის  თვით  ნოდარ დუმბაძეს:

,,როდესაც დილით უნივერსიტეტში მივედი სტუდენტებთან შესახვედრად, – თქვა მან, – ვუთხარი: ახალგაზრდებო, თუ 75-ე მუხლი არ გასწორდება, თქვენს წინაშე თავს მოვიკლავ-მეთქი. მათ მიპასუხეს: სანამ სესიაზე ედუარდ შევარდნაძე არ წაიკითხავს თვითონ ქართული ენის სტატუსის შესაბამის მუხლს, გასწორებულსა და აღდგენილს, მანამდე არ დავწყნარდებითო. მე თან მქონდა ჩემი პატარა რევოლვერი, რომელშიც ერთი ტყვია მქონდა მომზადებული ჩემთვის, გადავწყვიტე, გავყოლოდი სტუდენტებს, რუსთაველის გამზირზე’’...

ვისაც ახსოვს ეს დღე რუსთაველზე, უთუოდ დაუდასტურებს მოგონებების ავტორს, რომ მწერლის მაშინდელი მოქმედება დოკუმენტური სიზუსტით არის გადმოცემული.

ხოლო, რაც ჩვენი წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მწერლის იმპერიასთან მიმართების თვალსაზრისით, განსაკუთრებულად ფასეულია და ანგარიშგასაწევი, ეს გახლდათ ქალბატონ ნორას ზეპირი მონათხრობის ჩანაწერი, რომელიც თავის დროზე მიზეზთა გამო ვერ მოხვდა დასახელებულ წიგნში და რომელიც მრავალკუთხივ ხდის ფარდას იმ ფარულსა და იდუმალ მიზეზებს, რაც დღემდე ხშირად გაურკვევლობას ბადებს ნოდარ დუმბაძის შემოქმედებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხებში:

,,14 აპრილის თარიღთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებიც წიგნშია აღწერილი, სრულად ასახავს ნოდარ დუმბაძის დამოკიდებულებას თავისი სამშობლოს ეროვნული ინტერესების მიმართ. ზოგიერთი თავისი თანამემამულისაგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სიტყვით ეფიცებოდნენ სამშობლოს ერთგულებას, ნოდარს პატრიოტიზმი სხვების წინაშე გამოსაჩენად კი არ სჭირდებოდა, არამედ ასეთი იყო მისი შინაგანი მრწამსი და სასიცოცხლო მოთხოვნილება. ოღონდ კი მისი სამშობლოს კეთილდღეობას რაიმე სასიკეთო წადგომოდა და თანახმა იყო გარკვეულ კომპრომისებზე თვით თავის საზოგადოებრივ მოღვაწეობაშიც. არას დაგიდევდათ, ამის ნიადაგზე მისი სახელის ღირსებაც რომ შელახულიყო მშობელი ხალხის თვალში. ძლიერთა ამა ქვეყნისათა სამსხურშიც ჩამდგარა, რათა ამ გზით  მისხლისოდენად მეტი საშუალება გასჩენოდა თავისი ერის სამსახურად. მარტო ერთმა ღმერთმა უწყის, რა ნერვიული დაძაბულობის ფასად უღირდა მას თუნდაც უმნიშვნელო მამულიშვილური საქმის აღსრულება იმ უკუღმართ დროში. თვით ნოდარის მონათხრობიდან ვიცი, როგორი ძალისხმევა დასჭირდა, მაგალითად, იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენის’’ იუბილის გამართვას. ეს ღონისძიება მთლიანად ნოდარის ინიციატივით მოეწყო. მისი ჭეშმარიტი ეროვნულ მისწრაფებათა დასტურია აგრეთვე გარეგნულად თითქოსდა ხელისუფლებისადმი მისაღები და ლოიალური, ხოლო შინაგანად მათი საპირისპირო ნაწარმოებები. არასოდეს დამავიწყდება, რა მითხრა ერთხელ, როდესაც უწყინარ ტყუილში დამიჭირა: ადამიანო, შენ მე რა უნდა მომატყუო, როცა მე თვითონ მთელ მსოფლიოს ვატყუებ – ლენინის მოძღვრების წინააღმდეგ დაწერილ წიგნებში ლენინური პრემია მოვაცემინეო. მაგრამ თავისი ერისათვის უმნიშვნელოვანესსა და გადამწყვეტი მოვლენების ჟამს მას არც ერთხელ არ ჩაუდენია ზნეობრივი კომპრომისი. აქ იგი შეურყეველი, უდრეკი იყო ყოველთვის. – 14 აპრილზე უკვე მოგახსენეთ და რომ მაშინ საკითხი არ გადაჭრილიყო დადებითად, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად მოიკლავდა თავს, რის მადასტურებლადაც თუნდ მისი მოწამეობრივი სიკვდილი გამოდგება. როგორც ყველამ კარგად იცის ჩვენში, ნოდარს ხელი ჰქონდა მოწერილი თვითმფრინავის უიღბლო გამტაცებელთა შეწყალების თხოვნაზე და წარუმატებელი შუამდგომლობის შემდეგ, მათ ბედზე დარდმა და წუხილმა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, გადაიყოლა კიდეც და მისი ადრე უკვე ნაინფარქტალი გული უდანაშაულო ბიჭებთან ერთად შეიწირა იმ ტრაგედიამ...“

-------------------------------------------------------------------------

1 ნიშანდობლივია, რომ მსგავსი სამეგობრო ურთიერთობა სხვა ნაწარმოებებშიც არის განმტკიცებული. ,,თეთრ ბაირაღებში’’, მაგალითად,  გაქართველებული უკრაინელი გოგოლი თავგამოდებთ უმტკიცებს სომეხს და ებრაელს ქართულ მიწა-წყალზე საკუთარ უპირატესობას.

2 წერილი დაწერილია საქართველოს „დსთ“-ში შეყვანის წელს.

3 უშიშროების მუშაკისადმი მთავარი გმირის რეალური დამოკიდებულება განსაზღვრავს თვით მწერლის პოზიციასაც ,,მზიან ღამეში’’, რაც ამ გამორჩეულად ანტისაბჭოთა ნაწარმოებში გარკვეულად დათიკო ბრიგადირის დანაქადის ასრულებად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

4 გაიხსენეთ აკაკის: ,,ჩემი ხატია სამშობლო, სახატე – მთელი ქვეყანა’’; ერთიც მნიშვნელოვანი ფაქტი: ზემოთ აღწერილ დიალოგში ,,მოგონებათა წიგნიდან’’ ნოდარ დუმბაძეს აღამირზიანისთვის უთქვამს, თუ მისი უარი არ გაჭრიდა, და მაინც გადაწყვეტდნენ სპეკტაკლის დადგმას, მისთვის ,,ხატია’’ დაერქმიათ!

****************

(წერილის საგაზეთო ვარიანტი ფსევდონიმით დაბეჭდილია გაზეთ ”არჩევანში” 1994 წელს)

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-19
ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq