საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

სოსო ნადირაძე - „გალილეის ნაზარეთში იდუმალი ქარია“
გალილეის ნაზარეთში იდუმალი ქარია,
ანგელოზი გაბრიელი ეცხადება მარიამს,
ეტყვის ქალწულს: კურთხეულო, ღვთით რჩეულო არსებავ,
შენს წიაღში მაცხოვარი ქრისტე ჩაისახება
და იქნები ქვეყანაზე დედა გამორჩეული,
რადგან ღმერთს შობს სამზეოზე შენი წმინდა სხეული,
არ შეშინდე მარიამო ღმერთთან მადლის მპოვნელი,
ვისაც შენ შობ, მისი სულით გაცოცხლდება ყოველი.
ღმერთის ნება ასეთია, ჩვილს იესოს დაარქმევ,
მისი მადლი დაიფარავს სოფლებსა და ქალაქებს,
ღმერთი შენს ძეს დიდი მამის დავითის ტახტს მიართმევს,
ყველა კარი გაეხსნება სიყვარულს და სიმართლეს,
მის მეფობას არ ექნება დასასრული აროდეს,
ნეტარი ხარ მარიამო, გულით უნდა ხარობდე...
 
მარიამი მწუხარეა, ნათქვამს მძიმედ განიცდის,
და შეჰბედავს, შვილს როგორ ვშობ, მე ხომ კაცი არ ვიცი?!
თვალზე ცრემლი მოადგება, გულს ნაღველით იოხებს, -
ან რა ვუთხრა ანგელოზო საქმროს ჩემსას იოსებს?!
ან ამ ქვეყნად ვის ავუხსნა, ამას ვინ დაიჯერებს,
ლავასავით ჩამიყოლებს წუთისოფლის სიჭრელე,
შემარცხვენენ, ჩამქოლავენ - მერე, რას არ იტყვიან,
თვალი, როგორ გავუსწორო, წუთისოფელს ნიღბიანს?!
ანდა, როგორ შევებრძოლო აბორგებულ მდინარეს,
ჩემს სიხარულს უმწეობის დარდი აუჩინარებს,
მე სხეულში უჩვეულო სევდა შემომეპარა,
თითქოს ჩემს წინ ჩასაქოლად აღიმართა ქვეყანა.
 
ანგელოზი ანუგეშებს - რად შეშინდი მარიამ?
გიხაროდენ, ვინაიდან ღმერთს უყვარხარ ძალიან,
მისი მადლი მოგიჩრდილავს, სულიწმინდით აგავსებს,
ქალწული შობ სიკეთის ძეს, რომ ცოდვილი გამართლდეს,
ღმერთის ძალა დაგიფარავს, მისი მადლი დაგიცავს,
მძიმე გზებზე აგარიდებს გვალვასა და ქარიშხალს,
უნდა ახდეს, რაც ოდითგან წმინდა წიგნში წერია,
შენი პირმშოს მოლოდინში ანგელოზნიც მღერიან...
მაშინა სთქვა მარიამმა - მხევალი ვარ უფლისა,
იყოს ღმერთის სურვილისებრ, იშვას ძე ქალწულისა!
  
მარიამი, იოსები ბეთლემისკენ მიდიან,
უჩვეულო მოლოდინი გზას უნათებთ ბინდიანს,
ჯერ თვითონაც არ იციან, ბოლომდე ვერ სწვდებიან,
რომ მათი ძე გაუყვება გზას მძიმეს და ეკლიანს,
მას არავინ არ დაუფენს ოქროსა და მარგალიტს,
ის გომურში უნდა იშვას, როგორც ღარიბ-ღატაკი,
მისმა მხრებმა უნდა ზიდოს წუთისოფლის სიავე,
კაცთა მოდგმის ცოდვა-ბრალი ჯვარცმით გაიზიაროს.
ჰეროდ მეფის, თუ პილატეს, თუ იუდას ღალატით
მძიმე ძელზე მიალურსმავს მას სასტიკი ჯალათი,
ცამდე მართალს ჩვენს გულისთვის ბევრჯერ დაამცირებენ,
მაგრამ მაინც გაიმარჯვებს და მარადჟამს იმეფებს,
ჩვენს გულებში დასცემს კარავს, ჩვენს ფიქრებში შემოვა,
ვერ დაანგრევს ქარიშხალი კლდეზე ნაგებ შენობას.
 
იმ დღეებში იქვე ახლოს ცხვარს მწყემსამდნენ მწყემსები,
ღამე იყო დახუნძლული ვარსკვლავების მტევნებით,
უცებ ცაზე ანგელოზი გამობრწყინდა მნათობად,
შეშინებულ მწყემსებს გულზე სითბო გადმოათოვა,
ასე უთხრა - ცის ქვეშეთში სიხარულის ჟამია,
დიდების მზე დაადგება თქვენს ბილიკებს ნამიანს,
დღეს ბეთლემში დაიბადა, თქვენი მხსნელი უფალი,
მას თქვენც ნახავთ თბილ ბაგაში და ოსანას უგალობთ,
ჩვილს ხელითაც შეეხებით, მისი შუქით გათბებით,
მისი მადლით, განახლების სულით მოინათლებით...
 
გრძნობენ მწყემსნი, ბეთლემისკენ მოუწოდებთ მესია,
ამ დროს ზეცას ანგელოზთა გუნდი შემოესია,
ანგელოზნი ნეტარი ხმით უფლისათვის გალობენ,
სიკეთის და სათნოების ძის მოვლენას ხარობენ...
და მწყემსები ბეთლემისკენ სიხარულით მიდიან,
ჩვილის ხილვის მოლოდინით ნეტარება დიდია,
ვერც იოსებს, ვერც მარიამს ვეღარ მოუსვენიათ,
მზის ნაწილი თბილ ბაგაში თბილად მიუწვენიათ.
მათ მწყემსები უამბობენ ნანახსა და მოსმენილს,
თან გალობით ადიდებენ ვარსკვლავს ციდან მოწყვეტილს,
უცებ მგზავრთა ნაბიჯის ხმა, თითქოს ვარსკვლავს მოება,
აგერ ძღვენიც მიუტანეს ჩვილ იესოს მოგვებმა.
ჩვილმა, ვინაც ჩვენს გულისთვის წმინდა სისხლი გაიღო
ამ ბაგიდან მთელ სამყაროს ზეცის კარი გაუღო,
ძემ, რომელიც ჩვენს გულისთვის მძიმე ჯვარზე ეწამა,
ამ გომურთან ჩააფიქრა წუთით მთელი ქვეყანა.
 
 
მაცხოვარო, შენი შუქი საუკუნოდ ანათებს,
პასექია, ვინ გაგიღებს კარებსა და დარაბებს,
სათნოებას შენსას ნეტავ შინ ვინ შეიპატიჟებს,
ვინ მოელის სპეტაკ სულში შენს მადლიან ნაბიჯებს,
ერთგულებას ვინ გაჩვენებს, - ვინ მოგყვება ნეტავი,
საუკუნოდ ვის დაიხსნის შენი სული ნეტარი?
მაგრამ, ჰოი მაცხოვარო, მოღალატეც გვერდშია,
რომ არ დაბადებულიყო, განა ის არ ერჩია?
ჩვენთვის ჯვარზე დამსხვრეულო, პური გაგვიზიარე,
რომ მარადჟამს ვიხსენებდეთ შენს მტკივნეულ იარებს.
ცოტა ღვინოს გვაზიარე, ბარძიმს ფრთხილად შეგვახე,
შენი სისხლი რომ გვეპკუროს, რომ მოვიდეთ შენამდე,
ჩვენი სიბრძნე, ჩვენი ძალა ერთ ლამპარსაც ვერ ანთებს,
ღრუბელივით იფანტება მამლის დაყივლებამდე,
ამიტომაც შენი ძალით, შენი ლოცვით ვმაღლდებით,
სიყვარულში იწყები და ჩვენს გულებში სახლდები...
 
გეთსიმანის შემკრთალ ბაღში იდუმალი ხმებია,
წუთისოფელს მოციქულთა მკლავზე ჩასძინებია,
მწუხარეა ქრისტეს სახე, მძიმედ ადგამს ნაბიჯებს,
ჩაძინებულ წუთისოფელს სამჯერ გამოაღვიძებს,
მამას შესთხოვს - ამარიდე საშინელი ტკივილი, -
არა, შენი ნება იყოს, დე გაწითლდეს ბილიკი,
აჰა დადგა უკვე ჟამი, ჯვარცმისაკენ მივდივარ,
გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით, ნუ მიყურებთ ბინდიდან,
ნუ შედრკებით, გამომყევით, გოლგოთაზე ავდივარ,
არ შეშინდეთ, არ დამწუხრდეთ, მზე ამოვა ავდრიდან,
ძე აღსდგება, ამაღლდება, მალე გაიმზიანებს,
ნეტარია ჩემთან მოსვლას ვინც არ დაიგვიანებს.
 
მოღალატევ, სიკეთისთვის განა მოძღვარს ყიდიან?!
გოლგოთიდან ცის კარამდე იდუმალი ხიდია,
ხელკეტებით სად მიდიხართ, ვის უღერებთ ნეტავი,
ჩვენს თვალწინ ხომ სიკეთეა მოგიზგიზე მზესავით!
ჩვენს თვალწინ ხომ სიყვარულის წმინდა წყარო იღვრება,
ნუ დააშრობთ ამ ნაკადულს, ნუ ჩაუქრობთ დიდებას.
ნუ მოგვიკლავთ ნათელ იმედს, ხელით ნუ შეეხებით,
არ ჩახოცოთ ბუდეებში გაზაფხულის მერცხლები... -
ხელს ნუ უშლით, დე აღსრულდეს, რაც წერილში წერია,
ასე მკაცრი, ასე მძიმე წუთისოფლის ხელია,
უნდა ახდეს და აღსრულდეს ნება მამის დიადის,
რომ აღდგომით გაიფანტოს წუთისოფლის წყვდიადი...
 
მღვდელმთავარი ცილსა გწამებს, გგვემავენ და გდევნიან,
უხუცესნიც, მწიგნობრებიც ურცხვად შემოგხვევიან,
შენი სისხლის დაღვრა უნდათ, ჯვარზე გაკვრას ლამობენ,
მოციქულნი ლოცულობენ, მარხულობენ, გალობენ.
მოციქული პეტრე ჩუმად უკან აგდევნებია,
უკვე ფიციც აღარ ახსოვს უბოლოოდ სევდიანს,
მიზეზს ეძებს თვით პილატეც, მაგრამ ვერა პოულობს,
პილატეც კი სისხლიანი შენს გამოხსნას თხოულობს,
მაგრამ მამავ უნდა ახდეს შენი წმინდა სურვილი,
ძე ჯვარს ეცვას, რომ აღდგომით ბევრს მოუკლას წყურვილი,
მძიმე ჯვარზე აიტანოს წუთისოფლის ცოდვები,
რომ სიცოცხლემ ამოხეთქოს განახლების ყლორტები...
 
მაცხოვარო მშვიდი მზერით პილატესაც აოცებ,
დუმილითაც ნათლისმფრქვეველ იდუმალ შუქს გამოსცემ.
შენს დახსნას სთხოვს სინედრიონს, ფართოდ გახსნის დარაბას,
მაგრამ უმალ აირჩევენ მეამბოხე ბარაბას.
მწუხარება ეფინება ჰეროდ მეფის აივანს,
მაინც ხალხის ნებას არჩევს, ხელებს სისხლით დაიბანს,
უმოწყალოდ გაგროზგავენ, გადაგცემენ ჯალათებს,
მაგრამ შენი მოწყალება დილეგებშიც ანათებს,
მაგრამ შენგან სიყვარული ჯალათებსაც ეფრქვევა,
აპატიეთ!... შენს ბაგიდან ისმის როგორც ვედრება...
მამასა სთხოვ ეს სიშმაგე მიუტევოს ცოდვილებს,
ისიც გიყვარს, ვინც წამებით ჯვარზე ბოლოს მოგიღებს.
 
მძიმე ჯვარი აიტაცეს შენმა წმინდა ხელებმა,
მოვა სიმონ კვირინელი და ის შეგეშველება,
მოდის სიმონ კვირინელი და ცრემლებად იღვრება,
ზეცასა სჭვრეტ, ნეტავ საით გაგიტაცეს ფიქრებმა?
თხემის მთაზე მიგაცილებს მგლოვიარე მარია,
დედის გული მწუხარეა, დედის გული მკვდარია,
წუთისოფლის კანონები ბნელია და მგლურია,
ღვინოს შემოგაძალებენ ძმრიანსა და მურიანს.
შენთან ერთად მძიმე ჯვარზე ორ ავაზაკს აცვამენ,
უმოწყალოდ დაგცინიან, უნუგეშოდ გძარცვავენ.
მაინც ცაში იყურები, ღმერთს მათ სულებს ავედრებ,
შენი სისხლი ეპკურება გრძედებსა და განედებს.
 
უცებ ირგვლივ დაბნელდება, შიში დაიბატონებს,
ჯვარზე იტყვის მაცხოვარი - მამავ რად მიმატოვე?!
ზოგს ჰგონია მომაკვდავი შეჰღაღადებს ელიას,
ვიღაც ღრუბელს ძმრით გაავსებს და შეასმევს ცრემლიანს.
კიდევ ერთხელ უხმობს მამას, მერე აღესრულება,
უჩვეულოდ გაწვიმდება, ატირდება ბუნება.
შიშით ერთი ასისთავი ყოფას ჩაუფიქრდება,
იტყვის ის ხომ ღმერთი იყო, დიდება მას, დიდება!
გგლოვობენ და გაცილებენ ნაბიჯებით მძიმეთი,
ბევრის გულში გაჩნდა შიში დაკარგული იმედის.
მოციქულნიც ვერ ბედავენ ღაღადსა და გალობას,
ჯერ ვერ გრძნობენ უმწეონი შენს იდუმალ წყალობას.
 
უმოწყალოდ ჯვარზე ნაგვემს ჩამოგხსნიან მსტოვრები,
ჯერ ვინ უწყის თუ აღსდგები ღვთაებრივი ცხოვრებით,
ჯერ ვინ უწყის, რომ აღდგომის სასწაული მოხდება,
დაგტირიან, როგორც მოკვდავს საწუთროს რომ შორდება.
დაგტირიან, როგორც კეთილ, სიბრძნით სავსე არსებას,
რომ სული გაქვს ღვთაებრივი, ჯერ არავის არ სჯერა,
ყველა ცდილობს, რომ მოგაგოს უშურველად პატივი,
უყვარხართ და ებრალებით უჩვეულო კაცივით...
ასეთია პარასკევი, მოღრუბლულა ბუნება,
ზოგს შიში აქვს შეპარული, ზოგს გულს უღრღნის ცდუნება.
შემზარავად დაბნელდება, ჯერ არა სჩანს სავალი,
მაცხოვარო შენს ფეხებთან მწარედ გოდებს მრავალი...
 
კვირა დილით შენსკენ მოდის მაგდალელი მარია,
რწმენით სავსე მისი გული მწუხარეა ძალიან,
იგი გრძნობს რომ ამ სამყარომ წმინდა სული დაკარგა,
ის იმედი, რაც მას ჰქონდა მძიმე ჯვარზე განქარდა.
მაგრამ, ჰოი სასწაულო! მცველებს ჩასძინებიათ,
მძიმე ლოდიც აღარ აძევს შენს სასთუმალს სევდიანს.
აღარ იცის, რა იფიქროს, ეს სურათი აშინებს,
ტირილს ლამობს, მაგრამ ჰოი ანგელოზი ამშვიდებს: -
ნუ ტირიხარ, სამარიდან აღსდგა თქვენი მოძღვარი,
გაიხარეთ, მშვიდობის ძე ცოცხალია, ცოცხალი!!!
გაიხარეთ რადგან ქრისტემ დაამარცხა ბოროტი
და ცოცხალი თქვენთან რჩება წუთისოფლის ბოლომდის,
ჟამი გადის, უფალი კი სიტყვის სანთელს ანათებს,
მოეფინა სულიწმინდა განახლებულ ქალაქებს.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq