საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ტრისტან მახაური - XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან
გია მამალაძე
სურათი გადაღებულია გივი ტუხაშვილის მიერ

გთავაზობთ ახალშესვენებული ტრისტან მახაურის ბიოგრაფიას და რამდენიმე ლექსს, რომელიც გამოვაქვეყნე 2011 წელს presa.ge-ს ლიტერატურის გვერდზე. იმ ხანებში presa.ge-ზე დავიწყე რუბრიკა "XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან". შემდეგ აღნიშნულ საიტს პრობლემები შეუქმნეს და იქიდან წამოსვლა მომიწია. რუბრიკაც დაიხურა, თუმცა, მასალა შემოვინახე და ახლა ამ საიტზეც უცვლელად განვათავსე.  

2018 წლის დასაწყისში ფილტვის ანთებას ვმკურნალობდი ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც, აღმოჩნდა, რომ სიკვდილს ებრძოდა ტრისტანი, ჩვენი ძვირფასი ტიტე. ეს შემთხვევით გავიგე, როცა დერეფანში ღვთისო მამისიმედიშვილი და ნიკო ნიკოლოზიშვილი დავინახე. მის პალატაში ექთანი შემოვიდა და მითხრა: "ძალიან ძლიერი პიროვნება ყოფილა, საოცრად უძლებსო". 

გარდაცვალების წინა საღამოს ვნახე. მეც მითხრა, "ვკვდები გიაო". იმ დროს, უკვე წნევა არ ეზომებოდა, მაგრამ საღი გონება  ჰქონდა.

მეორე დილას კვლავ შევუარე პალატაში. ჩაცმული იწვა საკაცეზე, ახლობლებს უნდა წაეყვანათ, უგონოდ იყო უკვე და იმ დროს შეწყვიტა კიდეც სუნთქვა. ასე გავხდი ძვირფასი ქართველი კაცის გარდაცვალების შემსწრე.

ღმერთმა აცხონოს კეთილშობილი და უნიჭიერესი ადამიანის, ტრისტან მახაურის პატიოსანი სული!

ძალიან დაგვწყვიტა გული ყველას!

გ. მ.


ტრისტან მახაური - XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტრისტან მახაური დაიბადა 1959 წლის 1 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ გომეწარში. 1984 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისქონდა  ფილოლოგიის ფაკულტეტი.  

გამოცემული აქვს მონოგრაფიები და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების კრებულები. ლექსების კრებული, სამწუხაროდ, ჯერ არ გამოუცია. მკითხველი დარწმუნდება, რომ მისი ლექსების წიგნი დაამშვენებდა ჩვენს ბიბლიოთეკებს. ტრისტანის ლექსი „მგელი“ დაიწერა 1983 წელს, როდესაც ქართველებს აიძულებდნენ ეზეიმათ გეორგიევსკის ტრაქტატის  200 წლისთავი. კავკასიელმა ტრისტან მახაურმა თავისუფლების სიყვარულის სიმბოლოდ ამ ლექსში მგელი წარმოგვიდგინა, მართლაც, მგელი თავისუფლების სიყვარულით გამოირჩევა, რასაც ხშირად სიცოცხლესაც სწირავს.  

ლექსში „თბილისი თოვაში ანუ ღიღინო ცახურის გახსენება“, პოეტი თავის მეგობარ პოეტს იხსენებს. ძალიან საინტერესოა მისი ლექსი „პოეტი“. სადაც კარგად და ორიგინალურად არის წარმოდგენილი პოეტის ბედი თუ დანიშნულება, მისი ცხოვრების სირთულე: „გამაგებინე, / ეს ბილიკი რად აირჩიე? / ამ გზით ხომ უკან / ვერასოდეს ვერ დაბრუნდები!“... 

ტრისტან მახაური არის პოეტური ორდენის „მარადახალი ქნარის“ წევრი.


 მკითხველს ვთავაზობთ ტრისტან მახაურის რამდენიმე ლექსს.  


მგელი 


დაღამებიდან განთიადამდე

ანათებს ჩემი თვალების შუქი. 

მე მივდევ ქედებს

მშიერი და კისერგაწვდილი.

გავეკიდები

ხეობებიდან ამოსულ ნისლებს,

რადგან მგონია,

რომ მეცხვარეს დაუსხლტა ფარა,

შემოეხეტა უპატრონოდ

მთის ვიწროებში. 

... კბილებში ჰქრება

გაცრეცილი ნისლის ნაფლეთი,

ცახცახებს მთელი ჩემი ტანი,

“კისერი - მშვილდი”,

თრთიან ფეხები -

ერთგულების მკაცრი ნიშნები. 

მე აღარ მახსოვს,

როდის მოვწყდი მშვენიერ სოფელს,

რამ გადმომაგდო

ასე მარტოდ უსიერ ტყეში,

ან რად შეიცნო

ჩემში მტერი ადამის მოდგმამ. 

მაინც არ მინდა,

მორჩილებით დავხარო თავი,

გავუყვე თეთრი სახლებისკენ

მიმავალ ბილიკს,

რადგანაც ვიცი:

მეც ძაღლივით დამაბამენ

ფარეხის ახლოს

და ვუდარაჯებ იმას,

რასაც უნდა ვმუსრავდე.

(1983) 


პოეტის ცხოვრება 


გამაგებინე,

ეს ბილიკი რად აირჩიე?

ამ გზით ხომ უკან

ვერასოდეს ვერ დაბრუნდები!

თუ გეზს შეიცვლი -

ნაპრალებში ჩაიჩეხები,

თუ ჩაიმუხლებ -

სულის მოთქმას არ დაგაცლიან.

შენ  უნდა ვლიდე ამ ბილიკზე,

როგორც დევნილი,

გერეკებოდეს მსუსხავი ქარი!

(1983) 


თბილისი თოვაში ანუ ღიღინო ცახურის გახსენება 

(ციკლიდან: „წერილები მაფშალიას“) 


თოვლი თოვს, ბარდნის მთებურად,

სითეთრით გათენებულა,

ქარი ძაღლივით ღრენს.

მთაწმინდა ნისლმა შებურა,

ბეღურა ეძებს ბეღურას,

ეძებს სითბოს და ჭერს.

მეც გეძებ კვლავინდებურად

და თეთრ ბარათებს გწერ. 

გუშინ დავმარხეთ კაცური

კაცი ღიღინო ცახური -

ლექსის და ღვინის მსახური -

არვის უდებდა ტოლს!

დღეს შავი მიწა ახურავს,

აგერ წევს ბატონკაცურად,

შუბლზე იფარებს თოვლს... 

ფიქრი ფიქრს გაეკიდება

მღვრიე არაგვის ზვირთებად,

გონება პასუხს მთხოვს:

ნეტავი ხვალ რა იქნება?

სად არის ხსნა და მიგნება?

ჩვენი საწუთროს დინებაც

როდის გაჰყვება თოვლს?! 

ცა ჩამოიქცა ფიფქებად,

ფიფქთა ფანტელი იფრქვევა,

ცა თეთრ სუდარას ქსოვს...

დღეს შენთან ყოფნა მინდება,

შენი ნუგეში მჭირდება,

აუ, რა თეთრად ბინდდება,

თოვს, მაფშალია, თოვს!..

(2003) 


წარწერა სევარიონ ნადირაძის წიგნზე „ქარგაუხდელი ციხეები“ 


ქარია შენი მუდმივი მგზავრი,

ქარის ქვიტინი და ქარის ქორო.

ქარი - მეველე მაგ შენი მხარის,

სულ ქარგაუხდელ ციხეში ცხოვრობ. 

ქარი ასკდება ქონგურის ქიმებს,

საბედისწეროდ ჭრიალებს კარი

და მე ვიტოვებ ერთადერთ იმედს, -

რომ შენ ვერასდროს ვერ დაგძრავს ქარი.

(2001) 


გადარჩენა 


გადმოვიარეთ მყინვარები, ღრმა უფსკრულები,

თვალს მიეფარა სილუეტი შორი ქედების.

შენს თვალწინ ვდგავართ დამაშვრალნი

დარდით ულევით,

შეჩერდი, გულო, წარსულისკენ ნუ იხედები! 

აქ სხვა მხარეა,

სხვა სამყარო,

დილა მზიანი,

ცაში აჭრილა მოღუღუნე გუნდი მტრედების.

დასრულდა გზები უვალი და გზები ტიალი

და მაინც გულო, ისევ უკან რად იხედები?!

(1994)


მამული, ენა, სარწმუნოება

gaq