 | სიყვარულია სამყაროს მამოძრავებელი ღერძი!.. ამაშია მადლი და ჩვენი არსებობის თავკიდური! საზოგადოების ნება რამდენად იძვრის... დღეს ბევრი რამ გაუფასურებულია და ყველაზე მეტად -ადამიანის მნიშვნელობა... ფასი ისეთი ადევს ამ დროს - მატერიალური თვალსაზრისით, საკითხავიც აღარაა, მაგრამ ღირებულებები, ის თანმდევი, რითაც ერი ერობდა, დიდი თურქობის, არაბობის ჟამსაც რომ ვერ ალაგმეს, სულიერებისთვის, იდეალური გარემოსთვის ბრძოლა... გაძვალტყავებულ, გაპარტახებულ სინამდვილედ იქცა ყოველი, არადა ასე რთულადაც არაა საქმე, ოღონდ ერთობლივი ნება თუ იქნება კეთილდღეობის მიღწევისა! ასეთი მიჯაჭვა ყოფითზე, მატერიალურზე და განათლების უკანსვლა ჯერ არ ყოფილა... კიდევ რამდენ დროს უნდა ველოდოთ სასიკეთო გარემოებისთვის?! დღეს ბევრს საუბრობენ, დიდი სივრცეა საამისოდ -მედია, სოც. ქსელი, მაგრამ ერთი ანდაზისა არ იყოს - ’’ლაპარაკი ლაპარაკსა, ცხენი გაჰყვა ამხანაგსა.’’ რაღაცები ისე იკარგება, იცვლება ამ მედღეხვალიობაში, საპატრონო რაა როდისღა მივხვდებით... სიყვარულით ნასაზრდოები გარემოა მხოლოდ ბედნიერი! დამცრობილია სასიცოცხლო ინტერესები და ეს ხალხის ხელითვე ხდება, გულგრილობით, შეგუებით, გარემოების ტყვეობაში მოქცევით, როცა ქვეყნის ბედზე, ავ-კარგზე და ცხოვრების კალაპოტის შეცვლაზე ფიქრიც აღარაა... ერთობლივ ნებას ყოველივე შეუძლია. სიქველე და სულიერი აქტიურობა იყო მთავარი. ჩვენ ჩვენს თავს უნდა დავუბრუნდეთ. ერთი ანდაზა მომაგონდა - ’’ზღვამ არ დაახრჩო კაცი და წვეთმა დაახრჩოო’’, ცვარმა. ის, რომ ადამიანმა დაკარგა სოციალური ფუნქცია, უმუშევრობა, უსახსრობაა, ძვირდება ცხოვრება, ვთითოვდებით და ამ დროს, მარიხუანას დეკრიმინალიზაციაც მოგვევლინა ’’ძღვნად’’; ვეტო უნდა დაედოს ამას საჩქაროდ. რაა მორალის სასწორზე დადებული?! ფრთხილად, ილიასი არ იყოს ’’ღვიძილიც ძილად’’ არ იქცეს. იმის ნაცვლად, დაზიანებული ცნობიერება აღსდგეს, დაცული იყოს ოჯახის უსაფრთხოებაც, მსუბუქი მომხმარებელიც ხომ ასოციალური ხდება. ისედაც არაა დიდი შრომისუნარიანობა ახალთაობაში... ნაცვლად იმისა, ერის სასიცოცხლო ნიშნები გავაძლიეროთ, მომავალი შევქმნათ და დღევანდელობა მომავალზეცაა პასუხისმგებელი. გავიხსენოთ-’’თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში’’, ორბელიანი სწორედ მთავარ ნიშანთაგან -განათლებასა და ზნეობას ასახელებს, სხვა დანარჩენთან ერთად... ერის სულიერ კონსტიტუციად მიმაჩნია ილიას ’’აჩრდილი’’, ’’მგზავრის წერილები’’ და გურამიშვილის -’’დავითიანი.’’ ერის ბედნიერების, სახასიათო თვისებათა, ხსნის, გამოსავლის თუ სავალალო წახდომის ყველა ფორმულით, მიზეზ-შედეგით, მორალური ნორმებით. შემთხვევით არ გამომრჩენია ’’ვეფხისტყაოსანი’’, ეს იმდენად მაღალი ნიშნულია და სრულყოფილების მწვერვალი, ამ იდეალურ ცნობიერებასა თუ მდგომარეობამდე მისვლას ბევრი დრო ჩამორჩება კიდევ, ალბათ... საზოგადოებრივი შეგნებით, ვალდებულებით ’’ავთანდილის ანდერძიც’’ კი იკმარებს, პირდაპირ ფორმულირებაა აქაც. აი, რა არის დაუზიანებელი არსებობა, საღვთო არსებობა... კლდიაშვილის პერსონაჟებს უფრო ვემსგავსებით, სარჩოს ძიება არაა წესი ან ხსნა. ადამიანი, პირველ ყოვლისა, მარადიულობის ნაწილია და ცხონების გზაც უნდა ახსოვდეს, სულიერი მისია აქცევს ადამიანს პიროვნებად. პლატონი, თითქოსდა უწყინარი კაცი მომავლის მკვლელად იქცევა. ვეღარც ლოცვაში, ვეღარც სიზმარშია ადამიანი... ასეთის აღდგენა აღარ ხერხდება. ადამიანი ქვეყნის შვილიცაა და ღობის იქით სხვა დიდი სამყარო იწყება კიდე.... არ შეიძლება ამაოდ განვლო საწუთრო.
აქამდე არავის მიუქცევია ყურადღება სათანადოდ, ოთარაანთ ქვრივის ქმრის მთელი გამორჩეულობა და ღირსება ერთი სიტყვით რომ ვლინდება - ქვასაც კი გააღვიძებდაო... ჩვენს თავს დავშორდით, სიძველეს, წარსულს, ტრადიციას, უსაზღვროებას... განძსაცავიდან ისევ ერთი ლამაზი ანდაზა მომაგონდა - ’’თუ სახლში უფროსი არა გყავს, დედაბოძს დაეკითხეო. კაცი თუ არ გყავდეს, კერიას გამოელაპარაკეო.’’ დიახ, არსებობის საძირკვლად რა დადებულა, რა უნდა ასულდგმულებდეს ადამიანს; განა რაც შენია, რაშიაც თავად შენ ხარ. ამაშია დამოკიდებულება და ვალდებულება. შენ კი არ გეკუთვნის, შენ ეკუთვნი ამ სამყაროს -ესაა მაღალზნეობრიობა. იყოფა, ნაწილდება პასუხისმგებლობა, რომელიც ცდება საკუთარ არსებობას და გაცილებით მეტია, ვიდრე გვგონია. ამ გულის კარნახს და სულისკვეთებას მიჰყვებოდა ქართველი ალღოთი, სიყვარულით, შეგნებით.... ამ განცდით იმყოფებოდა.... რაოდენ ტკივილით თქვა ილიამ ’’მგზავრის წერილებში’’ (ალეგორიულად) –’’შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერობისა’’... დაურღვევლის დარღვევის უფლება, მიუღებლის მიღებისა არავის აქვს...
ნეტარი ავგუსტინეს შეგონება მსურს მოვიხმო: ’’თუკი ცივია ჩვენი სიყვარული, ცივი იქნება ჩვენი მოღვაწეობაც’’ და ორი სახის მოქალაქეობაზე გენიალური განმარტება -’’ ერთი, ’’ზეციური (იერუსალიმად წოდებული), ზესთასოფლის და მეორე, ამსოფლიურისადმი სიყვარული -ბაბილონის მოქალაქეები , (ცოდვის). დაე, ჰკითხოს ყოველმა საკუთარ თავს - რა უყვარს და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეაო იგი.’’ ასევე მაღალი აზრის სამრეკლოდან მისივე თქმული - ’’საკმარისი არაა ბოროტებისაგან თავის შეკავება, თუ სიკეთეს არ გააკეთებ; ცოტაა ის, რომ არავის ავნო, უნდა ეცადო რომ ბევრისთვის იყო საჭირო.’’ მადლი რაშია -ესაა მთავარი და ადამიანში ღმერთის ამოკითხვა...
ხშირად მითქვამს ამიტომაც - სხვაა დიდებულება და სხვა - მედიდურობა! არასოდეს არ უნდა დაიჩემო, რაც არ დაგიმსახურებია და საზოგადოებაშივე უნდა იყოს გარჩევა ავ-კარგისა. ამ გაფანტულ ’’მრავალმოღვაწეობაში’’ ესეც საკითხავი ყოფილა - ვინ რა დაკარგა, ვინ რას ჩამორჩა, ვინ რა გაწირა, ვის რა ამოძრავებს... ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი ნიკო ლორთქიფანიძის ’’შელოცვა რადიოთი’’ და იმ ’’დიდი გოდებაზე’’ , რაიც თავისთავად შემაძრწუნებელია, როცა ძალით გიცვლიან სინამდვილეს. (საერთოდ არეული დროის ნიშნები ერთია). ელის სახე საქართველოს სიმბოლოა - მას ვერ უპატრონებს ვერც ქართველი ქმარი, ანუ ცუდი შვილი ისევე დააქცევს ქვეყანას როგორც სხვა! კავშირი ანუ ქორწინება რუსთან კრახით სრულდება, შეარცხვენს რუსი მას. ასევე, ბრომლეი- ჰექსლეის დამოკიდებულება (მოჩვენებითი, ურგები, სათავისო). თვალნათლივ ჩანს სხვადასხვა მსოფლმხედველობაც -ჩვენ სიმდიდრისკენ მივილტვოდითო და თქვენ თავგანწირვით იცხოვრეთო... ხსნა არ არის სხვაგან და სხვაში; გველი -ცოდვითი ასპექტი შემოდის ნაწარმოებში, თავისუფლების ხელყოფა მოკვდინებით სრულდება. ამის ხელმეორედ მოპოვებასაც ეწირება. შველა კი ისევ ხალხურ შელოცვაშია, მშობლიურ ძირებში, იმ ფესვსა და წიაღში, რასთანაც შესისხლხორცებულია ადამიანი, მაგრამ სიშორე უკვე აქაც მიჯნას დებს და გადარჩენა აღარ ხერხდება, რადგან მანძილი იქცა დაბრკოლებად... გადარჩენა არ არის სხვაგან. ქვეყნის ბედს გამოხატავს ელი... არავითარი უცხო წესი თუ მოდელი ბედნიერებას ვერც კი მიგაახლოებს. ელის ღირსებაც იმაშია, როგორც პერსონაჟის, რომ მან დამონება და თავის მოტყუება არ ისურვა, უძლიერესია ფინალიც, ეპიგრაფებიც და ასევე, თვითონ ცეკვის ეპიზოდი, რაც მთელი სიმწვავით გამოხატავს არჩევანს ტყვეობასა და თავისუფლებას შორის.
 | უნებურად, ხალხური თქმისა არ იყოს -’’კარგმა სახლმა, კარგმა კარმა კარგად გამადედაკაცა, ავმა სახლმა, ავმა კარმა ავად გამადედაკაცა’’, ეს ხომ დროებასაც ესადაგება, რამდენ ქალს უწევს უმძიმესი ტვირთის აღება, მძიმე ხვედრი ან გადახვეწა… რამდენი მამაკაცი ჩამოარჩინეს საქმეს სოციალური ფუნქციის გარეშე დატოვებით... რამდენი რეჟიმი თელავდა საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამხობის მერე... კრიტიკოსებს დღემდე არ მიუქცევიათ ერთი დიდი შეგონებისთვის ყურადღება ხევისთავზე - ’’შენი წინაპარნი რკინას სჭამდნენ, დათვებს ხანჯლით ხოცავდნენ და ყინულზე იძინებდნენ, წინ დაიხედე, ისე სდგეხარ შენი მამის საფლავზე როგორც წიწილი დევის მკერდზე.’’ უცვეთი სიბრძნეა, სამწუხაროდ! რის საპირწონედ ვცხოვრობთ და რას შევესაბამებით?
კიდევ, რისი წახალისება ხდება და რისკენ უბიძგებს დროება ადამიანს? სულხან -საბასაც ამაოდ როდი უთქვამს - ’’ეშმაკი ეშმაკს კიდეც გარდაახალისებს და კიდეც ნახავს... შენ შენი დღენი მაგ საქმეში დაგიღამებია’’... ნეტარი ავგუსტინეს ორი მოქალაქეობისა არ იყოს, სად არის მიჯნა, რაა ადამიანური ხვედრი -ეს უნდა ცნობიერდებოდეს. ჰერდერი ამბობს -’’ორი უდიდესი ტირანია: შემთხვევა და დრო’’... ბრმად სვლა არ შეიძლება... გურამიშვილის მაღალი პოზიციაც ხომ ეს იყო - ვინც რომ ასე უკუღმართად ხნას და მრუდედ ფარცხოს, ის მე პურსა ნუღარ მაჭმევსო, რაც იმ ფქვილით გამოაცხოს. სარგო რაც არაა, ის საარსებოდ არ გამოდგება. ჟამი მარგებელი სულ სანატრელი იყო და დაუოკებელ სურვილად იქცა... ’’აზრნი შენნი შენვე გგვანან… ეგეა მსგავსი შენისა გულისა.’’ – (რუსთაველი), ადამიანისგანვე გამომდინარეობს ყოველივე. ჩვენ ყოველთვის ვცხოვრობდით დიდი ეთიკით, კულტურით, დიდი მოვლენებით, დიდი გმირებით, მცირერიცხოვნების მიუხედავად -ვიდექით ’’სხვა ’’ერთა შორის.’’ ადამიანის ცხოვრებაც შეიძლება იყოს კანონი, ასეთი ღვთისკაცნიც გვყავდა. ცხოვრება მაგალითის დასწავლაცაა... ერთ ლექსში ვწერდი, სრულიად ადრეულ ხანაში - მე საქართველოს გულგახსნილი იარა მტკივა...
გათითოება მტკივა და უსიყვარულობა. რა უცნაურია, როცა ყველას ბედნიერებისთვის იბრძვი და თავადვე გენგრევა ეს... იდეალური გარემოსთვის რომ დებ თავს და უცებ, ძალიან ყოფითში, ძალიან შეუსაბამოში აღმოჩნდები... განა, ეროვნული მოძრაობაც სიყვარულის, ხსნის და თავისუფლების დიდი მოძრაობა არ იყო?! თავსმოხვეულს ქართველი არაფერს მიიღებს თუ გულმა არ უაზრა…
ზნეობრივი წახნაგები და დიდი ღირსებები აქვს დოსტოევსკის ერთ მცირე მოთხრობას, აქ ღვთაებრივი ძარღვითაა მართლაც შეკრული მთელი კომპოზიცია პასაჟებად დაყოფილი. მოთხრობის გმირი ფიქრობს- თავს გაუსწორდეს, თვითმკვლელობის იმპულსი ეუფლება, საზრისგადაწურულს და ერთ ციცქნა, საბრალო გოგონასთან შეხვედრა შეცვლის მას. არადა, გვერდს აუვლის, მიატოვებს, მაგრამ ეს თანდათან მწუხარებად ექცა და მიხვდა - ’’ცხადი ხდებოდა, რომ მე თუ ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ. შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს’’, სანამ ჯერ კიდევ არისო სირცხვილის გრძნობაც... თურმე მაშინ არც არაფერი დასრულებულა. მერე სიზმრის ალეგორია შემოდის და ორი სამყარო უპირისპირდება ერთმანეთს: იდეალური, ადრინდელი, თვითნაბადი, ბუნებრივი და მეორე, სახეცვლილი, ახალი, შექმნილი; (რა სისტემის შვილიც იყო მწერალი, ვიცით ისედაც და რა მიუღებლობითაც წერდა ამაზე). ფიქრობს ეს პერსონაჟი, რა იყო ადრე და რაა ახლა, რა არის შეთავაზებული ადამიანისთვის, რაში მოაქციეს იგი და სინამდვილის აწონისას, უცებ აღმოაჩენს, რომ ბედნიერება ძალზე მარტივი შესაძლებლობა ყოფილა, საყოველთაოდ. არადა, სწორედაც ყველაფერი ამას უვლის გვერდს. ისღა სურს, იქცეს მქადაგებლად იმისა, რაც განცდიდან რწმენად ექცა და ჭეშმარიტების გზად ცნო. როგორია ეს დასკვნა - ’’რა უბრალოა ამის მოწყობა ერთ დღეში, ერთ საათში! ყველაფერი უცებ მოეწყობოდა. მთავარია -გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს. აი, ეს არის მთავარი და მორჩა, მეტი არაფერი არ უნდა: იმწუთსავე ნახავ, როგორც მოეწყობა’’...
გავიხსენოთ ქართველთა დიდი ერთობის სულიერი აქტი: ივერიელთა ერთობის ტრაქტატი -1790 წელს, (გეორგიევსკის ტრაქტატის მერე), დადებული, (ერთ-ერთი პირველთაგანი ხელს აწერს მეფე ერეკლე და შემდგომ სხვა საგანგებო პირნი.)... კარგია, ცალკე წერილი თუ მიეძღვნება და მიმოხილვა მეცნიერთა მხრიდან ამ საკითხს. მასში ერთი ამგვარი პუნქტია: მავასხებლობითი /მავასხელობითი / სიყვარული. ეს საკვანძო სიტყვაა... ეტიმოლოგია ძვ. ქართულიდანაა- ამოსავალი ფუძეაო ’’ვასხება’’ - ძველად სესხებას ნიშნავდა. საგანგებოდ განმარტა მეცნიერმა და მოღვაწემ ბ-ნ ტარიელ ფუტკარაძემ: - ნიშნავს “სისხლისმიერი ნათესაობის” გამო სამუდამო “სესხით” ანუ სამუდამო ვალდებულებით ერთმანეთთან მარადიულად დაკავშირებულ საზოგადოებას – ერთგვამად, ანუ ერთსხეულად შეკრულ საზოგადოებას. მაშასადამე, მავასხელობითი სიყვარული – ურთიერთვალდებულებითი სიყვარული.
შემთხვევით არ გამიხსენებია, ეს არის ერთობლივ საქართველოს ვალი, ფუძე შეურყეველი - ურთიერთვალდებულებითი სიყვარული. ამისგან გაქცევა შთანთქმაა, დანთქმა და არა მარადიულობა. ადამიანს კი სწორედაც ეს ასხვავებს კლდიაშვილის, ხევისთავის, თათქარიძის თუ სხვ. არარაობათაგან... ’’ მაგრამ სად არის აქ გაცოცხლება’’ - ტყუილად ხომ არ კითხულობს ლუარსაბზე ილია იმ მთავარ ეპიზოდში, ყველაზე ძალიან განწირულად როცა გრძნობს თავს უღონო ლუარსაბი...
სიცოცხლე ხარჯვა- გაღებაა სხვათათვის ანუ ხანძთელისეული ’’ტალანტის გამრავლება.’’
საკუთარი ადრეული ლექსით დავასრულებ ჩემს სათქმელს - ’’რა დამრჩა?’’ ნარცისების გაცრეცილი ფერები, ქარის ქროლით გაფრენილი დღეები, გულის ნაპრალს გაჩენილი ღრეები, ცისკენ ლოცვით გაწვდენილი ხელები. ღმერთმა უკეთესობა და ბედნიერი გარემო გვარგუნოს, მაგრამ ამისთვის ჩვენვე უნდა გავისარჯოთ! (2018 წ. 5 იანვარი). |