საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

მათ გაიარეს სიკვდილის ახლოს
ლალი ბარძიმაშვილი


            


 

                                                                                  ''დედამიწამ ნამუსს უთხრა ჩემზე                                                                                მძიმე შენა ხარო''.

                                                                               (აკი დაეტყო  კიდეც  კაცობრიობას).                      

 

ხანდახან თავიდან ავლებ თვალს  მათ კელაპტარივით ცხოვრებას, ვინც სამყაროს შეცვლას ლამობდა, ვისაც ერთობლივ სიკეთე ეწადა, დრო  სხვას ცდილობდა...  ოროზ-მოროზის ძენი (როგორც იწოდებიან აშოტის მკვლელნი), არ კლებულობს... კაენის მოდგმაც მრავლობს, თუმცა ვერ მძლავრობს მადლის საპირისპიროდ....ზოგჯერ ის ბრძოლაც გერგება ადამიანს, რომელიც შენი  არ არის, შენ არ გამოგიწვევია და არც ელოდი... ბარათაშვილის კითხვაც ეპოქის გამოძახილია - ''სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი''... ხშირად იყო, ტატოს ახლობლები ემალებოდნენ, მოსამსახურე კარიდან აბრუნებდა -ბატონი  შინ არ გახლავსო... უკვირდა ტატოს, ის ხომ ენაწყლიანი, ხალისიანი იყო. წარმოიდგინეთო ჩემი დაკოჭლებული ფეხით კიდეც ვტანცაობ და კიდეც ვილხენო... რამდენჯერ ტკენიათ, რომ სხვებისთვის ტკივილი აერიდებინათ... სტუმარი ღვთისააო -და ვინ იცის, წვეულთან ერთად ღმერთიც მომლოდინეა,  ვით შეივრდომებ, მაგრამ გული როცა დახშულია, კარიც  ირაზება. საკუთარი ბიძის გრიგოლ ორბელიანის გულგრილობაც ვერაფრით ახსნა, მაგრამ ახსნა  დრომ, ერთი იმ რეჟიმის შვილი იყო და მეორე მსხვერპლი. ერთი ჩინზე ფიქრობდა, მეორე - მამულზე....''თქვენ ჩემო ძმებო, მართალია გწყინთ ჩემი გაჯეჰილება,'' (გაჯეჯილებას გულისხმობს) და ამას უკვე ვაჟა დაწერს, რომელიც ღირსეულად უძლებს შემოტევებს. არ შეეპუა რეჟიმს, სკოლაში ''რაზიკოვად'' ვიწოდებოდიო, რუსული მიდგომა ასეთი იყო. ვინ დაგიდევდა - ''ვისი გორის ხარ'', ანდა რა წონის... ცოლსაც უსაყვედურებია - შინ არაფერი გაქვს, შენ კი ზიხარ, სულ ჯღაბნი... მეგონა გაჯავრდებოდა, გაიცინა და მითხრაო - უცოდინარი ხარ  და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო... შეუსაბამო  გარემოც იკითხება მის ბიოგრაფიაში და გულქვაობაც.

მკვლევარი,  პროფესორი  და  ჩემი უფროსი კოლეგა -იუზა ევგენიძე იკვლევდა მის შესახებ ფაქტებს. ''უბედურება ის არის, რომ სმა-ჭამაში იპოვნით ამხანაგს და საგონებიო საქმეში კი ამფსონი  არავინა გრჩება,'' (ვაჟა).  ვერა ვარ კარგადო,  ''უფრო კი ზნეობრივის მხრით, ხანდახან ჩემს თავსა  ვგმობ, რატომ მეც, როგორც სხვებმა, არ ვიფიქრე ცხოვრებაზე, არ ვუგორდი ლეკვივით დიდთა მათ ქვეყნისათა... არ ველაქუცე, მაგრამ თავს იმით ვმართლულობ, არ შემეძლო მე ასე თავის დამდაბლება;'' -რაოდენ გულისტკივილითაა თქმული.  ნივთიერი სიღატაკე კი მძიმედ დააწვა. რა უცნაურია ის ფაქტიც, რომ სწორედ რჩეულს გაიმარტოვებენ, გაიკიდეგანებენ, მაგრამ  ამგვარი ამბავი კი  მართლა საჩოთირო რამაა, რაც ცნობილი მსახიობის ლადო მესხიშვილის იუბილეზე  1913 წ. ხდება. ვაჟას ავტორობით, საგანგებოდ დაწერილ საიუბილეო ტექსტზე,  მღერის  ნიკო სულხანიშვილის გუნდი, თვით ვაჟას წადილი აქვს მიმართოს მსახიობს და ამ დროს საღამოზე შესასვლელი ბილეთი კი არა აქვს. ნიკო სულხანიშვილი აღტაცებულია წარმატებით, მუსიკით, გუნდით. ვაჟა კი გარეთ ელის გამარჯვებულ  მეგობარს და სთხოვს -ტაშს არ აჰყვე, ტაშს დაგიკრავენ და მშიერს მოგკლავენ. რაოდენ პარადოქსული  შემთხვევაა...  იოლი  რომ არაა ასეთი ყოფა, მიტომაც თქვა სიდიადით და არა სევდით: - ''მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული.''  მოძმეთა თუ საწუთროს სირთულე თავზე თუ არ აიღო, მაშ, რას და როგორ უნდა უსაშველოს ერისკაცმა... 

არ შეიძლება ფიქრი სულხან -საბას არ მისწვდეს, ''საცა სათქმელი არ არის, შეიკარ გულის ფიცარი'', მაგრამ ქვეყნის ხვედრი შეუფარავ სიმართლეს ითხოვს... ვერ მოიზღუდები თავსარგოდ. ყველას რომ უნდა უწამლოს, მაშინ სხვა რა უნდა ქნას რჩეულმა?!

მტერმან ლოდი მომახვედრა,

მოყვარემან ვარდის კონა,

ეგრე მტერმა ვერ მატკინა,

 მოყვრისაგან შემაღონა!

(საბა).

 ასეთ  ''მოყვრებზეცაა''- ''თუ შენი ენა სხვას ეცა, საკვდავად განალესია, ვით კოკას ქვისა ალერსი სალეწად დასაკვნესია''...

 აღიძვრიან კიდეც შფოთით, მტერზე ძნელგასაძლები კი ესაა, თანამოძმისგან შეუბრალებლობა, ხვედრის

გაუზიარებლობა.

ყველა ციხე შიგნიდან ტყდება, ამიტომ ბედნიერების არამოსურნე ხალხს, რომელიც არც კი ეძებდა ბედნიერების გზას თუ ხსნას, საგანგებო ლექსით შეაგონებს ილია. თვალსაჩინოა სათაურიც  - ''ბედნიერი ერი,'' რეკდა  ზარივით.  ბედნიერების წვდომის, შექმნის გარეშე ხომ ცხოვრება ისეთივე უღიმღამო და ჭაპანგაწყვეტილია, როგორი სურათიც ამ ნიმუშშია. სამაგალითო ცხოვრების ხატს სასოებით ქმნის, სიტყვა ხომ  ჭაბუკობიდანვე  აქცია საქმედ, მოქმედებად...  მუდამ გრძნობს ხიფათს თავისუფლების შვილი და ბოლთას სცემს სიკვდილის წინაც, წიწამურის წყაროსთან, თავადაც ხომ თავწყარო იყო... მაინც წარმოუდგენელია გამეტება და მის უზადოობასაც  მოწმობს ამოძახილი - ილია ვარ,  მაგრამ მაინც შეაჩერეს უკვდავი გულისცემა...''ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ'' - ეს სიმღერაც ეგებ შემთხვევით არ უყვარდა, მუდამ რომ ამღერებდა დღეობაზე მოწვეულთ, საგურამოში...

''მე ბედი მაქვს ასეთი, ჩემი სიყვარული განწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის ფერები მიყვარდა რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ.'' ეს კონსტანტინე გამსახურდიას ღირსეული არჩევანია. სულაც არ აინტერესებს ვინ იქნება თანაკაცი. მარტოც უძღვება ტვირთს, სხვებზე უკეთ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობასაც...

''დამკარი, შე უღმერთო, ეგ ხმალი, ბარემ გათავდეს ეს ცხოვრება, პიპა"- როგორ შეიძლება არ გაიხსენო და ხან ესეც შვებად არ მიითვალო, სიკვდილსმიმსგავსებულ ჟამს...  ადამიანი თავის დარდს კიდე მოუხერხებს რამეს, მაგრამ ყველას ტკივილში იმყოფებოდე, ეს მართლაც სულკურთხეულ ადამიანებს ძალუძს.

გამორჩეულია მისი იგავი -''ზღარბი და ლოკოკინა'', როცა ლოკოკინა შეუტევს ზღარბს,  დადიხარ და ერთთავად იჩხვლიტებიო, გული მოუვა ზღარბს  და  ჯიქურ ეტყვის - შენ  რა გენაღვლება, წაგისვლეპია თავი და ყველგან ადვილად აღწევ, ყველგან ძვრები, მე კი ბრძოლით მიხდებაო გზის გაკაფვა,  ამიტომ ხმლებად გადამექცაო თმები...

დიდ ადამიანებს სხვა ბედი არგუნეს... ლადო ასათიანს დედა გადაუსახლეს, მძიმე სენით დაავადდა ''გაკულაკებული'' ოჯახის შვილი... სნეულს დედა-ლიდია ცქიტიშვილი ეზმანებოდა... პირველი ლექსიც, გაზეთში, დედას გაუგზავნა, რომელიც უკვე მომაკვდავია უცხოობაში. გაზეთს არ აძლევდნენ, თუმცა ქართველი პატიმრების თხოვნის მერე წაუკითხეს შვილის ლექსი.

ყაზბეგი  მაიმუნი ჟაკოს ამარა რომ დარჩა,  ამაზე  არაერთგზის დამიწერია. სამადლოდ, დუქანში ადამია აჭმევდა (უმასპინძლდებოდაო - ვერ იტყვი)... ხან ვალს იდებდა. ასე გაჰყვა სამ მანეთამდე ვალი,  როცა ხელნაწერი დაუტოვებია გირაოდ. ის, რაც სულს ერჩია... რვაოთახიან ბინაში (დისქმარი) დერეფანშიაც არ აძლევდა გასათევს. ნაბადიც შემოეფლითა... დასნეულდა. ჰონორარზე, გარდაცვალების მერე, კი მიიჭრა, თუმც ჯეროვნად გამოისტუმრეს,  არ გადასცეს, რადგან შეუფერებლად დალია სული საამაყო მწერალმა მარტოობაში... ''გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!'' - და ახსოვდა, რის დავიწყებასაც ცდილობდნენ... ხშირად არსად იყო მისი ადგილი, ქართველთა გულებში მხოლოდ.

 ''მის კლასიკურ მოთხრობებში თერგივით ჩქეფს სიყვარული -ეს დაუნდობელი, უკან დაუხეველი სისხლისმსმელი, მაგრამ მაინც მშვენიერი ავაზა.'' -(იზოლდა ქაფიაშვილის, ჩემი ლექტორის წიგნიდან მომაგონდა ერთი მეცნიერის ეს ფრაზაც.  სასოებით მისახსოვრა კრებული)...  ასევე,  დავით კლდიაშვილის საგულისხმო მოგონებაც მრავლისმეტყველია: - ''ბევრი სიმწარე უნახავს სანდროს, ბევრთაგან დიდი მწუხარება შეხვედრია, ბევრს ცხარე ცრემლით უტირებია... ბოლოს მიხეილის საავადმყოფოში მოათავსეს, სამ ტომად გამოცემული წიგნები  მიუტანეს. მან გადაშალა, დააჩერდა თავის პორტრეტს, მერე ამოხია იგი, წიგნის ფურცლებიც მიხია-მოხია და გადაყარა იქით''... მისი წიგნები კი საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა.

ყველაფერი ადამიანური როცა ილევა, მაშინ იწყება ღვთიური...

სადისერტაციო თემა  ყაზბეგზე როცა  მქონდა, ერთი წლის განმავლობაში ვიკვლევდი სასიქადულო  მწერალს... ყველაზე ცოტაა სადისერტაციო ნაშრომი მასზეა, რადგან სიმართლეს წერდა, თავისუფლებისმოყვარე  ჩეჩნების ხოტბა თუ შამილის სახე ბევრსაც  უფორიაქებდა სულს;  კავკასიის უძლეველობა,  საქართველოს კალთას შემოფარებულთა უმადურობა, რუსული მმართველობის სისაძაგლეზეც- ''ელგუჯში'' დოკუმენტური ეპიზოდები, მთელი სიცხადით აღბეჭდა... გზა  უჭრიდნენ და მაინც  გაიკვლია კლასიკოსმა მარადისობისკენ.

დრო ურგები ასეთი იყო. გალაკტიონს უშიშროებამ, დისერტაცია მოპარა - ქართულ ორნამენტზე, ჩუქურთმაზე... დღიურები კი ბევრ ტკივილს გვამცნობს, ყველაზე მეტად დუმილი კლავდა გამომცემლობებიდან...

მიხეილ ჯავახიშვილს ერთი იგავი მოწონებით ჩაუწერია უბის წიგნაკში - ღორს ლომი გამოუწვევია ორთაბრძოლაში. დროც შეირჩა, მაგრამ შიშმა ძლია და გამოსავალიც მოინახა - ტალახში გაგორებული ეახლა დათქმულ დროს, უძლეველმა  ლომმა შეათვალიერა და გაბრუნდა...  ღორი კი დიდხანს ტრაბახობდა - ლომი შევაშინეო...  გენიოსები მოსწრებას ცდილობდნენ ამ  უთავბოლობაში, არ იცოდნენ ბედისწერა როდის გაიყოლებდა მათ. მათი დრო  და ნააზრევი ექოდ ხმიანობს კვლავ.

 ''მადლი მაქვს, მადლი'' - საქვეყნოდ აცხადებდა ვაჟა და ეს ყველა მათგანს ეხება... ხევისბერისა არ იყოს, ''მათაც ცოტა ჭირი არ უნახავთ,'' ღირსების მისხალიც არ დაუთმიათ. რეჟიმთან ერთად კი არც ქიშპობა მოკლებიათ... მათ სულში სხვა სიმწიფის ჟამი იყო და დრო უმწიფარი ვერც ვერას აკლებდათ.

იდიდონ მამულიშვილებმა!

 

(2018 - 11 მარტი,  სტატია გამოქვეყნდა გაზეთ ''განმათავისუფლებელში'' ). 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq