საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„გურული იუმორი - ესაა იუმორი იუმორისათვის. გურულებმა თვითონ არ იციან, სად იწყება მათი იუმორი და სად მთავრდება...“ (გაგურული დღიურები (წერილი მეთერთმეტე)
ლელა ჩხარტიშვილი
დოდო ცოცხალაიშვილი შვილებთან, ამირანთან და ხათუნასთან ერთად

 

სოფლის თავი ქალი

 

„გზად გურულ ქალს ვეუბნები,

რომ გზაც ვარდით ნაფერია.

ის ყურს მიგდებს, მერე მკაცრად,

ამბობს: - „მაი აფერია!“

გალაკტიონ ტაბიძე.

 

გურული ქალი, მართლაც, ამოუცნობი ფენომენია, რომელიც მათი ქმრების აზრით,  ანადგურებს ნერვულ სისტემას, იწვევს წნევის არასტაბილურ მდგომარეობას, ახასიათებს ფეთქებადობა და არის ადვილად აალებადი, კაპარწახი (კაპასი); ასევე, ახასიათებს მოგზაურობაში გაგზავნა სხვადასხვა მიმართულებით (ზმუკი, ჯანდაბა, კურმუხეთი). აი, ასეთ ფენომენს ეწოდება  გურული ქალი. კიდევ ამბობენ, რომ „გურული ქალი გაზაფხულივითაა. ვერ გეიგებ ცივა, გრილა, თბილა თუ ცხელა მის ხასიათში. ყველაფერია  მასში და ვითარების შესაბამისად გამოამზეურებს, ამიტომაცაა საინტერესო და მრავალფეროვანი. ყოველთვის ერთნაირ ხასიათზე ჩემი მტერი იყოს.“

ერთხელ ერთი კაცისთვის უკითხავთ:

„- რატო მოიყვანეთ გურული ცოლი?

- რა ვიცი, მიყვარს ფათერაკიანი და ექსტრემალური ცხოვრებაო“.

არცერთ სხვა კუთხის ქალზე იმდენი ანეგდოტი არ არსებობს, როგორც  გურულზე.

მაგალითად, „გურულ ქალს გველი უკბენს... 10 წუთის შემდეგ.

-  რაცხა დაგემართა, შენ თავს დააბრალე! - მიაძახა ქალმა გველს“.

გურული კაცები ხუმრობენ: „ქარიშხლებს ხომ ჰქვიათ გურული ქალის სახელები. გადავამოწმეთ და ყველას გურული გვარი ჰქონიაო“.

 „გურული ქალის ყოლა ოჯახში....ჩათვალეთ, რომ ნაღმზე ზიხართ“, „იმფერ კოშმარში ვყავართ  ქმრები, ათი წლით ადრე გვეკუთვნის პენსიაში გასვლაო“  და ა. შ.

 თუმცა იმასაც ამბობენ, რომ  „გურული ქალი" ცივ ქვაზე დაასახლებსო კაცს,  „ასთე უთქუამთ ჩვენში და დააცადე შე კაცო იქნება კი უნდა ვინცხას დასახლება“.

თუმცა არც გურული კაცია რაჭველი კაცივით ბუნჩულა და მეგრელი კაცივით გაქექილი. გურული კაცი რომ გაბრაზდება, მტრისას.  ქალიც მასეა, ეს იმიტომ, რომ მოუწესრიგებლობას, უსამართლობას ვერ იტანს გურული ადამიანი.... არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი... მთავარია, რომ გურულს იუმორით იცნობ, განსხვავებული სასიამოვნო კუთხური კილოთი, ენამოსწრებულობით, სიკეთით, სითბოთი, სიმართლით, სტუმართმოყვარეობით...

ანუ... სინამდვილეში არც მთლად მასეა საქმე. არც ისე წვიმს, როგორადაც ქუხს. გურული ქალი ცეცხლია, ავ-კარგიანი, სტუმართმოყვარე. სამართლიანი. იმიტომაც არის  პირდაპირი,  და ჰგონიათ "მწარე", იბრძვის სიმართლისთვის და ამიტომაც ქოთქოთებს სულ.

გურულ ქალებს ენაც ტკბილი აქვთ, გულიც თბილი, ხელი კი - გემრიელი და მწარეც...

თანაც გურული ქალის ყველაზე გამოკვეთილად თვალშისაცემი თვისებაა: ყოველთვის მოუცლელია... მოუსვენარი, საქმიანი, დაუდეგარი,  თავცეცხლკიდებული (მეტისმეტად დატვირთული).

ანეგდოტიც არის:

„ქალმა ტაქსი გააჩერა.

- დაბრძანდით, ქალბატონო - უთხრა მძღოლმა.

- დასაჯდომად  მცალია ახლა მეე? - გაუბრაზდა მგზავრი“.

გურული ქალები მაკვარანცხები (მოხერხებულები), ბარჩხალი  (მარჯვე, ყოჩაღი), დრიაშები  (ბეჯითი, ენერგიულად მოტრიალე  დიასახლისები) არიან. დილენჯს (ანუ ზარმაცსა და  გაურჯელ), აბლაუცას (მოუხერხებელ), ბალანგარა (უწესრიგო, უსუფთაო), ბენტერა (დაბნეულ)  ქალს აქ იშვიათად შეხვდებით.  საქმისთვის თავის გამობმა  (მოგვარება) სწორედაც რომ ეხერხებათ. საორხელოდ  (უგულოდ, უგემურად) და  ბალაბოშად (დაუდევრად, აგდებულად) საქმეს არ გააკეთებენ.  თანაც ხელგვიანები (საქმეში ნელები) არ არიან,   არამედ, პირიქით,  ხელჩქარები  (ხელმარდები), თან არც  „მიაბალახტარებენ“ (უხეიროდ და ნაჩქარევად გააკეთებენ) საქმეს.

არ უყვართ მოროხვილი  (მიულაგებელი, არეულ-დარეული) სახლი და კარ-მიდამო.

მახსოვს, ჩემი დიდნენის (ბებიის) და - ნინიკა გოგუა (დობორჯგინიძისა),   „მზე დედომიწას პრწკალს (სხივს) დაჰკრავდა“ თუ არა, დილაბნელს  (დილით ადრე, გათენებისას) წამოფრინდებოდა, დაიწყებდა გაუთავებელ ბზუალს (ტრიალს); საყოლი  (შინაური ფრინველ-ცხოველი) ბევრი ჰყავდა. მრავალფეროვანი ქათმებით იყო წარმოდგენილი მისი საკარიე (საქათმე). აქ შეხვდებოდით  ბუტიე (ყურებზე ბუმბული სქლად  რომ აქვს  დადებული და თავდიდად მოჩანს), გატიკვულ, თეთრუაი, ქოჩორაი, ფეხბურდღაი, ჭინჭორედაი (ჭრელი), თავტკივა (თავსა და კისერზე ბუმბულგაცლილი), ჯაჭვედაი, ყინტორიე (კისერშიშველა),  ფეხბურდღა (ბურდღით ფეხშემოსილი) და სხვადასხვა ჯიშის ქათმებს, აგრეთვე ბესალიკონიებს  (დიდ, მსუქან დედლებს), სახლის მამლებს  (სამრავლოდ დატოვებულ საუკეთესო მამლებს), ინდოურებს.   ამ საყოლს დიდი მზრუნველობით უყრიდა ჩანჩახს (ქათმისა და ინდოურის გასასუქებლად მოხარშულ სიმინდის მარცვლებს) და ქე ჰყავდა გაბგიალებულ-გაპიტკინებულ-ჩადრიქინებული (კარგად მოვლილი, გასუქებული, გამაძღარი); თანაც ზღმურტლიანს (ჭუჭყიანს) ვერცერთს ნახავდით, დაედევნებოდა ბზიაქი (წიწილების ხმაური). ზრუნვას არც კვატიებს (იხვებს) აკლებდა. მერე დაუვლიდა ეზოში  დინგით მიწის მჩიჩქვნელ და ტალახში განცხრომით მოგორიალე  ღორებს. ყველას  რუდუნებით დააპურებდა და ჰყავდა ნამეტნავად გაზვირინებული  (უშნოდ გასუქებული). ძაღლიც კი ბათურაი (მსუქანი) ჰყავდა.

მერე დაფაცურდებოდა  და საჯობინარს (ადრიან საუზმეს) გაახაზირებდა (გაამზადებდა). იმისთანა გემრიელი ხელი ჰქონდა, რომ ამბობდნენ „მაგის გაკეთებულმა საჭმელმა პირი ამიხსნაო“ (უმადობის შემდეგ ჭამის სურვილი გამიღვიძაო). თანაც სოკრატესეული ბრძნული აფორიზმებითაც გამოირჩეოდა:  „იმიზა უნდა ჭამო, რომ არ მოკტე, თვარა იმიზა კი არ უნდა იცოცხლო, ჭამით გამეიბესკნო მუცელი.“

დღისინათლაიმდე (დაბნელებამდე) ფაციფუცობდა. უწყალწმინდოთ  (უჭმელ-უსმელად) არავის გაისტუმრებდა.  გარეთ ჯორკოზე გაშლიდა  სუფრას  და  ღობიდან რომ ვინმე გადმოიძახებდა (ყორნის ნისკარტს ეძახიან გურულები,  პურის ჭამის დროს შემოსწრებულ კაცს), ნინიკა ბებია მოუსობდა ფეხს (ჩაციებით, დაჟინებით თხოვდა), - შემოი, შემოიო, - დაუწყებდა გაუთავებელ პაიჯს (პატიჟს, მიწვევას).  ჯაფით შოულობდა სარჩოს, მაგრამ არასდროს არავის დაამადლებდა თავის ნაჯაფარს. მისთვის უცხო იყო პურშავობა, წუწურაქობა (სიძუნწე, გამოუმეტებლობა)... ხელგაშლილი, ხელხვავრიელი  (დოვლათიანი, უხვად მაშოვარი და უხვად მხარჯველი) ქალი  გახლდათ  და ღმერთიც  სწყალობდა... ფინდიკი (ხვავი) და ბარაქა არ აკლდა... მისი ცხოვრების მთავარი სული (სიცოცხლის უმთავრესი ძალა) იყო სხვისი შეხიდება (შველა). ახლაც, როდესაც ამ ადამიანების ბედზე და განვლილ ცხოვრებაზე  ვფიქრობ, ვრწმუნდები ერთ რამეში: ასეთი  ქალების  ბედი და აღსასრული ზოგჯერ აშკარად და ზოგჯერ ფარულად გვიცხადებს, რომ  მათი მთავარი თვისება  მოყვასისთვის თავგანწირვა, მსხვერპლი, საკუთარი თავის არად ჩაგდება გახლავთ, მოყვასის საკეთილდღეოდ. ეს შტრიხი რომ ორგანულია ქართველი ერისათვის, ის საოცარი სიტყვაც ადასტურებს: „გენაცვალე“, „შენი ჭირიმე“ - გამოთქმა. ასეთი რამ მხოლოდ ქართულმა ენამ იცის. სხვა ენებს მსგავსი სიტყვები არ გააჩნია.

ნინიკა ბებია გურული ქალი გახლდათ და როგორც ყველა გურულ ქალს, ენაგაშაშხანებულობა (მრავლად და მწარედ მოლაპარაკე), ენაწავარდნილობა  და ენაგაპარტყალებულობა (ენაჭარტალა) მასაც სჩვეოდა.  15 წამში გააკრიტიკებდა მთავრობას (ძველსაც, ახალსაც და რომ უნდა მოსულიყო,  იმასაც), გაუბრაზდებოდა ბაღნებს, ეჩხუბებოდა მეზობელს და საკაცობრიო საკითხებზეც გააკეთებდა მცირედ განცხადებას.

სადმე რომ შევიდოდა,

- „ორი მინუტით შემევირბინე და გავშპი და სა მცალია საციგნოდ გადირიეეეეო?!“ - იტყოდა.

ბოლოს, ხანში რომ შევიდა, მოკურუნცხული  (წელში მოხრილი) დადიოდა, სიყვარულს და სიკეთეს ასხივებდა თავისი დიდრონი,  ჟიჟო თვალებით.

ახლაც, ყურში მისი ხმა ჩამესმის და ასეთი განცდა მაქვს: „ანგელოზები სახლს ალაგებენ, ღრუბლებს მტვერს აცლიან და ხალიჩებს ბერტყავენ...“ (გოლი თარაყი).

ოცნებად მაქვს, ერთხელ კიდევ გამაგონა მისი  სიტყვები და მისი „ქუხნიდან“ გამოსული  ჭადის სურნელი მასუნთქებინა... რადგან ეს სუნი რომ მეცემოდა, აი ამას ერქვა ჩემთვის - სახლში, ყველაზე საიმედო და უსაფრთხო  წიაღში  დაბრუნება.

ეს „ქუხნა“ ახლაც მისი სულითა და სუნითაა გაჟღენთილი და არა მარტო უტყვი მოწმეა ჩვენი ბავშვობისა, არამედ – მოზიარეც, თანამგრძნობელი და გამტანი.

თედო სახოკია წერდა: „ქუხნა“ (სამზარეულო)  გურიაში ყველა სახლს  აუცილებლად ცალკე აქვს. აქაური ხალხის უმეტესი ნაწილი მთელ დღეს  აქ ატარებს. აქ ხდება სუფრის გაშლა, თათბირი ოჯახის განკარგვის შესახებ.

მთავარ სახლში ანუ ოდაში მარტო დასაძინებლად და სტუმრის მისაღებად თუ მიდიან“.

ნინიკა ბებიას  პატარა „კუხნა“  დღე და ღამე სავსე იყო ადამიანებით, მთელი  სოფლით და ამ  პატარა სივრცეში ეტეოდა ხოლმე მთელი სოფელი. ამ სასწაულის მოხდენა კი მხოლოდ მას შეეძლო.

რაც ამ გალანცულ (გაჭვარტლულ)  „კუხნას“  ცეცხლის გარგალი  და  ბარბალი (გუზგუზი)  ახსოვს...  შუა ცეცხლის თავზე დაკიდებული იყო ჯაჭვ-საკიდელი (სხვათა შორის, თიანეთში ეს წმინდა ადგილადაც კი ითვლებოდა.. ასეთი ტრადიციაც არსებობდა: თუ მკვლელი შეძლებდა და მოკლულის ოჯახში შეაღწევდა და შუა ცეცხლის თავზე დაკიდებულ ჯაჭვ-საკიდელს ხელს  წაავლებდა, თავისუფლდებოდა შურისძიებისგან).

რა შეადგენდა ამ „კუხნის“ მოწყობილობას? უზანდარა (ჭურჭლის კარადა), რომელშიც ათასი ნივთი ეწყო. ესენი გახლდათ:  თენჯერა  (მრგვალძირიანი ქვაბი), კარდალა  (დიდი ზომის ქვაბი),  ჩახანა  (მრგვალძირიანი ქვაბი),  კოთხო  (ხის ჭურჭელი), კოჭოპე  (თიხის ქოთანი),  ლაფერა  (ხის ბრტყელპირიანი კოვზი), ბურენჭყი  (ლობიოს ამოსალესი ჯოხი), ქვაჯა (სანაყე ფილთაქვა); უამრავი „საინი“ (თეფში).  კარადის გარეთ, იქვე ეწყო  კეცი, სხვადასხვა ზომის ქოთნები, ჯორკო,  კენცხარები  (კეცის ნატეხები).

დაკეკილებული   (დანის, ნაჯახის დარტყმით დარჩენილი კვალი) ფიცრები.

კედელზე ეკიდა კარანჩხაი  (პატარა კალათი), დაპწნილი გოდრები და გიდლები.  აგრეთვე   ოჯიჯოლეები  (შესაბოლი ხორცის ჩამოსაკიდები);  იქვე დალაგებული იყო  საგულდაგულოდ დასუფთავებული ტოპსიკები (ნაჭრის ტომრები). 

გაჭირვებაც უნახავს ამ ოჯახს და დალხინებაც, მაგრამ ღვთის წყალობით და ადამიანთა მუხლჩაუხრელი შრომით წართი  (ყუათი, ხვავი) არ მოკლებიათ.

განჯინა  არასდროს ყოფილა გამოხირეკებული (გამოცარიელებული). „ყორიფელი თავსაყარად“ (უხვად, სამაძღროდ) ჰქონდათ.

- ელანძე, იქინე იმას რომ გამოაღებ, იმაში დევს და მომიტანეო, - ეტყოდა ხოლმე ნინიკა ბებიე თავის ქმარს, რომელიც დააფარკალებდა (ლამაზად დააპობდა) შეშას და ღუმელთან დაალაგებდა.  სახმელებელსაც (ხმელი, წვრილად დაპობილი შეშა) დააწყობდა, ცეცხლის ადვილად დასანთებად, პიწკიებსაც  (წვრილი ფიჩხი) იქვე დაალაგებდა, გაასანსალებდა (ძლიერ გალესავდა, გაამარმალებდა) სამზარეულოდ დანებს.

   საწყალი „ყაძახი“ ვერც იმას ხვდებოდა, „სად“ რა ენახა... რა  გამოეღო  და მიეტანა...ხოდა ქი გაუშვებდა ცოლი  „კურმუხეთში“; კიდევ კარგი, რომ გურულ ადამიანს იუმორი შველის, არ ახასიათებს ნახსიანობა  (წყენის  დიდ ხანს დახსომება და ძვირის ხსენება). ბესიკ ხარანაული წერს: „გურული იუმორი - ესაა იუმორი იუმორისათვის. გურულებმა თვითონ არ იციან,  სად იწყება მათი იუმორი და სად მთავრდება. გურული იუმორი რევერანსულია და უხილავი ეტიკეტის მატარებელი...“

დაკარჭვლის  (ჩენჩოდან თხილის გამოღების) ცერემონიალი ერთობლივად, კოლექტიურად  ეწყობოდა  ხოლმე „კუხნაში“. ეს პროცესი, ძირითადად, საღამოჟამს ხდებოდა და  ნახევრად ჩაბნელებულ სამზარეულოში, ლამაზი სანახაობა იყო ლანდების ტორტმანი კედლებზე.

გურული ქალების საუბარზე უკეთესს რას მოისმენს კაცი. ანეგდოტია:

_ შენი მევიდა?

_ არა, მაი ვნახე მიწაში!

_ შენი?

_ მევიდა, მარა იმფერი სანახავია, ურჩონია, მუუწვეს შენსას გვერდში!.

ქურჩელაის  (თხილის ნაქურჩალი, შენაძრობი ) მოაქუჩებდნენ და ცეცხლში შეყრიდნენ... აალდებოდა უარესად ცეცხლი, უფრო ძალუმად ატორტმანდებოდნენ ლანდები კედელზე და კრიჭინებდა (ჭრიალებდა) „ქუხნის“ კარი.

ბებიე თვალდახელშუა გაპიპკავდა (წმინდად გაცრიდა) სიმინდის ფქვილს. (დაცინვაც არის ასეთი გურიაში: „თქვე გუუცრელ ჭადზე გაზრდილებოო“),  გაადანდარებდა (მეტად გაახურებდა)  კეცს, დაღადრავდა  (კეცზე ნაღვერდალს დაყრიდა მჭადის გამოსაცხობად), დააკრავდა ზედ ჭადს. დაფურცლავდა  (ზემოდან თხმელის ფოთლებს დაალაგებდა), ჩამოგვირიგებდა ხვირთქლი  (ახალი, ქორფა) და ხუხუჯაი (ლამაზად გამომცხვარი) ჭადის ნატეხებს: - ა, ბებიე, კუკუაი (მჭადი, ბავშვის ენაზე), - დააწიწილაკებდა (ნაწილ-ნაწილ ჩამოგვირიგებდა),  ჭაჭუასთან (ახლადამოყვანილი პატარა ყველი) ერთად. 

და ჩვენც ისე ვიბლაყნებოდით (ხარბად ვჭამდით) და   მოვილაღებდით ხოლმე გულებს, კაი ხანს აღარ გვშივდებოდა. ბებიას გულს უკლავდა გამოფიჟმეტებული  (გამხდარ-გაყვითლებული) და გაციცქნილი  (მეტად გამხდარი და ფერწასული) ბავშვების ცქერა... უნდოდა, ყველა ნაპატიები ჰყოლოდა. იმ  მჭადის სუნი და გემო  განსაკუთრებულად ძვირფასი გახდა ჩემთვის, ჩემს ბავშვობას გადაეჯაჭვა და ახლაც  მძაფრად და   ხელშესახებად განმაცდევინებს მეხსიერების სენაკებში შენახულ სანუკვარ წვრილმანებსა და ეპიზოდებს. გულში ჩაძირულ ტკივილსა და სევდას აფორიაქებს და მძაფრი ნოსტალგიით მსჭვალავს ფიქრს, რომ ჩვენი ბავშვური ოცნებებიც იმ მჭადივით დაიმსხვრა... თომას ვულფი მაგონდება: „მთელი ჩვენი ბავშვური ოცნებები, იმედები, დიდი მისწრაფებები არარაობად იქცა. მას შემდეგ დიდმა ხანმა განვლო, ასე მგონია, ყველაფერი სულ სხვა სამყაროში ხდებოდა. ზოგჯერ ღამით ძილი არ მეკარება, ვიგონებ ყველას, ვინც კი ჩვენგან სამუდამოდ წავიდა, ჩვენ რას ვფიქრობდით და ყველაფერი რა სულ უკუღმა დატრიალდა. მეორე დღეს ქუჩაში გავდივარ და გამვლელებს ვაკვირდები... განა უცნაური სახეები არა აქვთ? თითქოს ყველანი საგონებელში ჩავარდნილან... თითქოს უკვირთ, ბავშვობის შემდეგ რა მოუვიდათ, რა დაემართათ? თითქოს რაღაც დაკარგეს და უკვირთ, თვითონ არ იციან, რა? როგორ მინდა ჩავწვდე, გავიგო რა ხდება, რა შეიცვალა მას შემდეგ. რანი ვიყავით და რანი ვართ, როგორ გაქრა ყველაფერი. ნეტავ რა არის ის, რასაც ადამიანი კარგავს?“

თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა უსიტყვოდ მეტი ითქმის და „ყველაზე დიდი მაღალფარდოვნება დუმილი არის“ (ბესიკ ხარანაული), რადგან... „სიტყვა ქება-დიდებისთვის არის შექმნილი. მას ხელეწიფება განცვიფრება, აღტაცება, კურთხევა და მოვლენის იმ გრძნობით აღნიშვნა, რომელსაც ეს მოვლენა იწვევს, მაგრამ მისი მაგიურად მოხმობა და გაცოცხლება კი - არა“ (თომას მანი).

ახლა კი გაგურელი ქალების  დაუვიწყარ პორტრეტებს  წარმოგიდგენთ:

ყველა საქმეს თავისი კლასიკოსი ჰყავს... სოფელი თავად ირჩევს კულინარიულ ხელოვნებაში გაწაფულ და დაოსტატებულ ქალებს. სამზარეულოს კლასიკოსები და სოფლის თავი ქალები წარსულში იყვნენ: შუშანა,  გოგოლა, ლუბა, თამარ  ჭეიშვილები და მარო მგელაძე.  სამაგალითო, ყოჩაღი და გამრჯე  დიასახლისები.  ქორწილებში, ქელეხებში, სადაც ხალხის დიდი შეკრებილობა და ჯარი იყო, დადიოდნენ, მზარეულობდნენ, სუფრას ემსახურებოდნენ და უძღვებოდნენ,  ციბრუტივით ტრიალებდნენ.   მეზობლები „შეასახელებდნენ (დაავალებდნენ რამეს)  და მათი  გულობიზა ცეცხლში და წყალში გადავარდებოდნენ“.

ლუბას გარდა ყველა ნაადრევად დაქვრივდა. ომის გზას შეუყვნენ მათი ქმრები და ქერჩში ჩაყარეს ძვლები,  შუახნის ასაკსაც ვერ მიაღწიეს. არ იყვნენ განკუთვნილნი იმისთვის, რომ სიბერემდე მიეღწიათ, დარჩნენ ბავშვებატატებული ახალგაზრდა დედები, საყრდენგამოცლილები, უსკუდარის ცახოცი  (თალხი ფერის მსუბუქი თავსაფარი) განუშორებლად ეკრათ თავზე; თვლიდნენ, რომ ჭრელი სამოსი არც მათ შეჰფეროდა და არც მათ ტრაგედიას.  თუმცა არავის ახვევდნენ თავზე თავიანთ გასაჭირს,  ხუმრობდნენ და ამ ხუმრობით ანელებდნენ და ვერ ანელებდნენ ტკივილს, აქარვებდნენ და ვერ აქარვებდნენ სევდას, მიიკარგებოდნენ თავიანთ  ფიქრებსა და ოცნებებში; სულიერ სიმტკიცეს და ოცნების უნარს მაინც ინარჩუნებდნენ. დროის ხუნდებში გაჭედილნი ოხვრას თავიანთი ქმრების სახელს ამოაყოლებდნენ. თვალებით ეფერებოდნენ ყოველივე წვრილმანს: თავიანთი ქმრების  ტანისამოსს,  აივნებს, საფეხურებს, რომლებიც თანაზიარნი გამხდარიყვნენ წარსულისა.  უცქეროდნენ გამოხუნებულ ფოტოსურათებს და ტკბებოდნენ სურათზე აღბეჭდილი ახალგაზრდული იერით, ქორფა, ლამაზი სახეებით; ჩუმად ტიროდნენ ვერშემდგარ სიყვარულს, ცხოვრებას; ენანებოდათ ყველაფერი, რაც დაკარგეს მათთან ერთად...

დრო კი ბრუნავდა წუთისოფელთან ერთად.

წარსულიდან  შემოაშუქებდათ  სანატრელი, ძვირფასი  მეუღლეების ლანდები  და არა მხოლოდ წარსულიდან... მომავალშიც ეგულებოდათ მათთან  (წარსულთან) შეხვედრა... არცერთი აღარ გათხოვილა. მარადისობაში  შეხვედრის მოლოდინის იმედს დაჰკანკალებდნენ და ამით საზრდოობდნენ... მოლოდინმა კი არ იცის დროის მიჯნები. სჯეროდათ, გაღმიდან შემონაქროლი სიკვდილი მათაც თუ სალამს მისცემდათ, აუცილებლად,  სიცილით შეხვდებოდნენ.. ჯანი უსუსტდებოდათ, სული კი არ ტყდებოდა. ტკბილი მოგონებები გულის გულში გაუვლიდათ, თუმცა, გრძნობების გამოხატვას უხერხულობდნენ და ყველასგან დაფარულად ცახოცის ბოლოთი შეიწმენდნენ ხოლმე უნებურად თვალებზე მომდგარ კურცხალს... რადგან იცოდნენ, „ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება“.

„სიყვარულსა მალვა უნდაო“, თუმცა მაინც არ იმალება ნამდვილი სიყვარული... მარო მგელაძე ახალგაზრდა  და ლამაზი ქალი იყო, როდესაც დაქვრივდა. ექვსი მცირეწლოვანი  შვილი დარჩა გასაზრდელი. იმ   „უნდობარი ხანის“ გრიგალსა და  „უხვად მოტანილ“ „სისხლის  და ცხედრების დროში“  სინაზის და სისათუთის  დრო არ იყო, არც უფლება! მაგრამ ზოგჯერ მაინც ისეთი  სევდანარევი სინაზით შეავლებდა ხოლმე თვალს კედელზე დაკიდებულ ქმრის მაგიურ ბუშლატას, რომელიც თითქოს უკვე  მისი დაკარგული სიყვარულის სიმბოლოდ ქცეულიყო... როგორ უკანკალებდა ხმა და ხელი, როცა ამ ბუშლატას ეხებოდა.. ამ დროს მისი თვალებიდან დაპკურებული ცრემლები   ნოემბრის იმ ალმაცერ ლიჟღი (წვრილ) წვიმას ჰგავდა, რომლის წვეთებიც  სიჩუმეში   ნაღვლიანად შხაპუნობდნენ ბუშლატაზე.   წვიმას თავისი სიმღერა ჰქონდა.  შემოდგომით, ზამთარში, გაზაფხულზე ნაირფერ ხმაზე მღეროდა.   ამ, გულის ამაჩუყებელ,  სევდისა და ფიქრის მომგვრელ სიმღერას კი  თავისი ერთგული და გულისხმიერი მსმენელი ჰყავდა.   წვიმის სუნით  იჟღინთებოდა ჰაერი, აივნებშერყეული სახლი.  წვიმის წვეთები წკაპუნობდნენ ფოთლებზე, რკინის სახურავებზე  და გლოვის ჰანგივით გულში წიოდნენ. („გულს ცრემლი აწვიმს, ვით აწვიმს ქალაქს“ (ვერლენი).  მას შემდეგ უძრავად ეკიდა ბუშლატა  კედელზე, მაგრამ მაინც ყოველთვის ნესტიანი და სველი იყო, თან  რაღაცნაირი, დასამახსოვრებელი სუნი ასდიოდა. თხროშო (კოკისპირული) წვიმის ნესტიანი სიგრილის სუნი, რომელიც მოიყოლებდა წვიმას დიდი ხნის მონატრებული, დახნული  მიწის,  ამწვანებული კარტოფილის შავად დაკვალული მინდვრების, ნახირშეფენილი თვალუწვდენელი ველების,   ბოსტნების, ბაღების  საოცარ სურნელს, რომლებიც ცოცხლდებოდნენ მადლიანი საფურცლობო  (გაზაფხულის წვრილი წვიმა, რომელიც ფურცლის გაშლას ხელს უწყობს) წვიმისგან და  უჩვეულოდ ბრწყინავდნენ. სიყვარულიც მადლიან წვიმას ჰგავს... ან  კიდევ „მზის პირველ სხივს, წვიმის შემდეგ, რომ გამოანათებს ხოლმე“  (უილიამ შექსპირი).

მაგრამ სხივი აღარ ჩანდა. გაგანია  ჟღვიპი (ჭყიჟორი, გამუდმებულ ნისლიან წვიმიანი, ნესტიანი) ნოემბერი იყო, ქმრის დაღუპვის ამბავი რომ გაიგო, „ზევით ღრუბელი, ძირს ნოემბერი“. აუხდენელმა სურვილებმა დაწეწეს  გული. 

„ქარი და წვიმის წვეთები ხშირი,

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული...

და მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი ყველასგან მიტოვებული“ (გალაკტიონი)..

მაგრამ... როგოც იტყვიან, ცხოვრება გრძელდება. მარო მგელაძემაც და სხვა  ნაადრევად დაქვრივებულმა ქალებმაც მარტოობისა და მიუსაფრობის განცდა გადალახეს, ტკივილი  გულში ჩაიკლეს... თავიანთი   სიცოცხლის ერთადერთ გონივრულ მიზნად სწორად ცხოვრება და მცნებათა აღსრულება დაისახეს (ოღონდ თვითონაც რომ არც იცოდნენ, ისე, ბუნებრივად, თავისთავად). აგრეთვე სხვისთვის სიხარულის მინიჭება. უბედურებამ ვერ გაუტეხათ გული ცხოვრებაზე, ვერ მოადუნა მათი ენერგია. ბეგთარი (ძალიან მაგარი) ქალები  გამოდგნენ. დაუცხრომელნი, მუდამ მხნე, გამუდმებული შრომის უნარიანები, აზრიანი და ხერხიანები, ბუნებრივად თავდაჭერილნი, ძალდაუტანებლად თავაზიანნი, სხვისი გრძნობებისა და აზრების პატივისმცემელნი.

  „ქართველ ხალხში, უბრალო მშრომელ ხალხში ისტორიულად ისეთი შინაგანი კულტურა ჩამოყალიბდა, როგორსაც სხვაგან ძნელად იპოვიან ევროპული ცივილიზაციისკენ მიდრეკილი თანამედროვეები.  ბებიაჩემი დიდად მწიგნობარი ქალი არ იყო, მაგრამ  საოცარი კულტურა და ზრდილობა  ჰქონდა. სახლში შემოსულ ყველა ადამიანს, თუნდაც პატარა ბავშვი ყოფილიყო, ფეხზე ადგომით ეგებებოდაო“, - წერდა ერთგან ნოდარ დუმბაძე.

ქალბატონი გიული მგელაძე იგონებს:

ჩემი დედამთილი მარო მგელაძე აცანიდან იყო. შვიდი შვილის დედა გახლდათ. ერთი პატარაობისას დაეღუპა, პატარა ბავშვის სიკვდილის მერე ქმარიც დაკარგა ომში (36 წლისა დაქვრივდა),  ობლობაში მარტომ გაზარდა ეს ექვსი შვილი.

შუშანა ჭეიშვილსაც  ექვსი შვილი დარჩა. ცოტა ნერვიული, კურნაზი (გულჩახვეული, მუდამ გაჯავრებული) ქალი გახლდათ. ან კი რა გასაკვირია? მაშინ ყველას უჭირდა და დახმარებითაც ვერავინ დაეხმარებოდათ. ისეთი გაჭირვება იყო, გურული ხუმრობისა არ იყოს. „ - ძამა, სახლში ისე გვიჭირს, ბოჰორიკემ (ობობამ) ქსელი აახვია და მეზობელთან გადევიდაო“.  ისეთი სიღარიბე მძვინვარებდა, „შენ სიღარიბეს არ იცნობ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა“ (ტერენტი გრანელი). უაღრესად პატიოსანი ქალები იყვნენ: ლუბა, შუშანა და გოგოლა.  გოგოლა შეხედულადაც არაჩვეულებრივი სილამაზის ქალი იყო, ლამაზი, არისტოკრატული, კარგი მეოჯახე. ლუბას ხუთი შვილი ჰყავდა.  დაუცხრომლად შრომობდა. ფოსტაშიც მუშაობდა და ოჯახშიც. გოგოლა და ლუბა ძირითადად ერთად მსახურობდნენ.  შუშანა ყველაზე ხნიერი გახლდათ და სიკვდილის წინ ესტაფეტასავით, ჩახანა  გოგოლას   გადასცა:  „აწი შენ გააგრძელეო“. სამივენი ყველა შემთხვევაში ერთად იყვნენ, ყველგან წამყვანი პოზიცია ეკავათ, ქორწილი იქნებოდა თუ ქელეხი, ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ და  ყველაფერი გაანგარიშებული. თვალის ზომით აკეთებდნენ ყველაფერს, წინასწარ თადარიგს იჭერდნენ; თავი ქალის მოვალეობა იყო ხარისხიანი,  საიასაღო (საგანგებო, გამორჩეული) და მკაცრად არახანმოთეული  (ხანმოთავებული დაძველებული), ასევე არაწინწყშერეული  (უსიამოვნო სინესტე რომ შეუდგება  ზოგჯერ საჭმელს  შენახვისაგან),  არადაპოქსებული (დაობებული) პროდუქტის შერჩევა და სანოვაგის რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა. აგრეთვე სამზარეულოში განკარგულებების გაცემა, საჭმელებისთვის გემოს  განახვა (გასინჯვა) პუწკით (სამი თითით აღებული ლუკმა). მკაცრი კონტროლი იმისა, რომ კერძი არ უნდა ყოფილიყო    მარილნაკპენი  (მლაშე), ლუყე  (სიცხარეს მოკლებული, უგემური), მძლაგვე   (სიმჟავენაკლები), ან თუნდაც  მოკანწული  (ნახევრად მოხარშული), პირშესწრებული (უმი), ანდა  მთლად მოხავიწებული (ზედმეტად მოხარშული),  მოთურთქლული  (ნაჩქარევად და უხეიროდ გამომცხვარი ან შემწვარი).  ცომეულობა  - არამოტლეზნილი  (ცუდად მოზელილი). ყველაფერი უნდა ყოფილიყო  კარგად ჩაზუბზუბებული ( სხვადასხვა სანელებლით უხვად შემზადებული საჭმელი და ნოყიერი) და არა თუნდაც ზედმეტი სანელებლებისგან მომუხული  და  მძლაგე.

 „თავი ქალის“ მოვალეობა იყო აგრეთვე პორციების  სწორად განაწილება და ჩამორიგება,  ლამაზად შემოჭუჭკვა  (გარშემოწყობა) სუფრაზე; მოკლედ,  ხელმძღვანელობა და ორგანიზება პროცესისა, რომელშიც მთელი სოფელი იყო ჩართული. ოჯახის წევრები აქ არ ერეოდნენ. „თავი ქალს“ ანდობდნენ ყველაფერს, რომელზეც იყო ფაქტიურად დამოკიდებული  ოჯახის სირცხვილი თუ წარმატება. მათ ყურებაში ჩვენც ვსწავლობდით  და ვიწაფებოდით კულინარიულ ხელოვნებაში.   თითქმის ყველას თალხი კაბები ეცვათ, ძალიან გემრიელი ხელი ჰქონდათ, ახლა ისინი გაგურის სასაფლაოზე განისვენებენ.

ჩემმა დედამთილმა, მარო მგელაძემ გაჭირვებაში გაზარდა ექვსი შვილი (ოთხი ვაჟი და ორი ქალი). ჩემი მეუღლე ერთი წლისა იყო, მამამთილი ომში რომ  დაიღუპა. პატიოსანი და მშრომელი ადამიანები გაიზარდნენ.  სამი სოფელ

ლეილა გოგელია მეუღლესთან, იასონ პინაიშვილთან ერთად
ში დარჩა. სამიც ქალაქში წავიდა. საოცარი ხელი ჰქონდა ჩემს დედამთილს. უბრალო რამესაც კი ისეთ გემრიელს გააკეთებდა,  ცარიელს შეჭამდი. უბრალოდ, ჩახანაში რომ შეწვავდა კარტოფილს, ისე შებრაწავდა, რას მიირთმევდი  უკეთესს? მისი გამომცხვარი ჭადის გემო ახლაც პირში მაქვს. ის რომ გარდაიცვალა, მას მერე აღარც კეცის ჭადი მიჭამია და აღარც კეცის ხაჭაპური. მერე გადავედით ბუხრებზე და კეცზე აღარ ვაცხობთ.

მის ნაგრამსაც (შთამომავლებს) კარგი და გემრიელი ხელი აქვთ.

გურიაში სულ გაჭირვება იყო. ანეგდოტიც კი არის. „ერთხელ, გურიაში,  ერთი ლექტორი ატომური საფრთხის შესახებ ლექციებს ატარებდა.

- ატომურ აფეთქებას ძალიან დიდი ხმა აქვს. ატომური ბომბი რომ ჩამოვარდება, მერე აღარც საჭმელი იქნება, აღარც სასმელი.

წამოდგა ერთი გურული:

მაი ბიძია ჩვენთან დიდი ხნის ჩამუარდნლი ყოფილა, მარა ხმაი რაცხა არ გაგვიგონიაო.“  ახლაც გაჭირვებაა ჩვენს მხარეში და  ბლომად მოიძევება უფინჩხუაი  (მეტად ღარიბი) ხალხი.  მაგრამ რატომღაც  ის ძველი დრო მაინც უფრო ტკბილად გვახსოვს. თუნდაც, როგორც უწოდებენ, „ტკბილი და ბნელი  90-იანები“.

ამას წინათ ერთი ახალგაზრდა  გურული ბიჭი წერდა:  „რატომ ეძახიან 90-იანებს "ბნელს" მაგრამ ამავდროულად "ტკბილს"? ჩემი ვარაუდით და გადმოცემით ვთვლი, რომ ახლანდელ ხალხს ურთიერთობა გვაკლია ერთმანეთთან. 21-ე საუკუნე არის ტელეფონში თავჩარგულობის ეპოქა. იმ საუკუნეში ვართ, რომ არც თუ ისე შორი წარსული გვენატრება. გვენატრება "ქეიფები", რომლის დროსაც ყველანი ერთად ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით ერთმანეთში. ურთიერთობის ნაკლებობას განვიცდით მეგობრებო, სიყვარულის ნაკლებობასთან ერთად“.

 

დღესდღეობით  იმდენად აღარ არის „თავი ქალის“ ფენომენი აქტუალური, რადგან მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა - ქორწილების და ქელეხების გადახდა ე. წ. სარიტუალო დარბაზებში და რესტორნებში. ეს წესი შეიძლება ბევრი რამით იყოს გამოწვეული.  შესაძლოა, ზედმეტად მდიდარ ოჯახებს არ სურთ სახლის არევ-დარევა და იოლად გამოსვლა ურჩევნიათ, ზოგიც მეზობლის ან ახლობლის ნიშნის მოგებით აკეთებს ამას, ზოგიც კიდევ იმიტომ, რომ უბანში, სადაც ცერემონიალი უნდა ჩატარდეს ე. წ. „მოსამსახურეების“ ნაკლებობაა.  ეს დღევანდელი ცხოვრებითაა განპირობებული, რომ ყველა სადღაც არის გადახვეწილი.

 

მარინა ჩხაიძე იგონებს:  „ერთი ასეთი შემთხვევიდან ვბრუნდებოდით, ერთი მეზობელი ეუბნება მეორეს:

- რა კაი დეიწყეს დარბაზში ხარჯის გაკეთება, არ გინდოდა ამ დუგუნა სიცხეში ლობიეს და ფლავის ჩახანასთან გაჩერება?

- აბა, ქალო! - ეთანხმება მეორე.

- მაი ყველაფერი კაი, - საუბარში ერთვება კიდევ ერთი მეზობელი მამაკაცი, რომელსაც ძირითადად ასეთი საქმეები აქვს მინდობილი უბანში. რა სჯობია, არც დეიღლები, მკტარსაც მშვიდად იტირებ, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, მარა მე იმის მეშინია, აწი თავად ტირილის გადახდა არ დეიწყონ დარბაზში და მკვდარი არ ჩამეიყვანონ აქანე“.

რას ვიზამთ? ამ მიუნდობელ წუთისოფელში ყველაფერი ცვალებადია. იცვლებიან,  ძველდებიან, ინგრევიან  ძველი სახლები, ჟანგისგან წითლდებიან  სახურავები, ნაცრისფერდებიან ძველი „ქუხნები“, შრებიან რუები. მარტო ბუნება არ იცვლის ფეხს თავისი ადგილიდან.

ჟამთა სვლამ ტრადიციებსაც ფერი უცვალა, შეიცვალა მეგობრობა და სიყვარულიც, თუმცა საფუძველი მაინც ვერ შეურყია.

 

საბედნიეროდ, დღესაც გრძელდება გაგურში „თავი ქალის“ ტრადიცია...

წარმოგიდგენთ მათ:

 

დოდო გოგეშვილი (ცოცხალაიშვილისა):

 

გაგურში 50 წელია ვცხოვრობ. ჩემს დედამთილს (ჭეიშვილის ქალს)  კარგად ეხერხებოდა საჭმელების კეთება. მეტიც, მისთვის კულინარია შემოქმედებითი წვის პროცესი გახლდათ.  რეცეპტებს თავად იგონებდა და თავადვე სწავლობდა, ბევრი რამ ვისწავლე მისგან. 30 წლის ვიქნებოდი, ქორწილში რომ თავი ქალობა მომიწია. თან ვხელმძღვანელობდი, თან ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, სხვა ქალებიც მეხმარებოდნენ. მე ვამოწმებდი მათ ნახელავს. ახალგაზრდებს ვასწავლიდი, რომ მოვკვდები, ჩემს ტირილზე გააკეთეთ-მეთქი.

კურიოზებიც ბევრი მახსოვს, ტკივილიც და სიხარულიც, ლხინიც, ტირილიც და გამოტირილიც (მიცვალებულის დატირება, დასაფლავების 40 დღეზე ან წლის თავზე შეტირილი).

ტატიანა ბურჭულაძის ტირილი იყო. ისეთი გაჭირვება იყო მაშინ, სახლებიდან წამოვიღეთ საჭმელები. ღომიც არ იყო, რომ გაგვეკეთებინა. ბრინჯით და მანის ფქვილით გავაკეთეთ. სა იყო თითქინაი  (თეთრი, სუფთა, სპეტაკი) და ქაფქაფი ღომი  (რბილი თეთრი) ღომი? უჭირდა ხალხს. აფერი არ იშოვებოდა.  მერე ფაცუ გობრონიძე მოკვდა.  ლობიო არ ჰქონდათ და სახლიდან წავიღეთ. ჭადის ფქვილი გავურიეთ ლობიოს, ამოვნაყეთ ფილთაქვაში  სუნელებთან ერთად  და შევურიეთ ლობიოს, რომ გაბევრებულიყო. ამფერი დღეები გამოვიარეთ, რამდენიც გინდათ იმდენი.

ღერღილითაც გაგვიკეთებია ფლავი. რადგან ბრინჯი არ გვქონდა. რა ექნა ხალხს? უჭირდა. რაცხას ვიშოვნიდით, იმას ვაკეთებდით. კაი დღეებიც ბევრი იყო და ცუდიც. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის დღე, ბედის ირონიაც ამას ჰქვია. კულინარიის დიდოსტატი,  გოგოლა ჭეიშვილი რომ მოკვდა, იქანე საჭმელებს ვაკეთებდით. ქიშმიშის საყიდლად გოვუშვი რევაზია მგელაძე. წითელი ქიშმიში მოიტანა და აი ერთი ქვაბი ფლავი მთლად გაწითლდა და გაფუჭდა. მერე შეიტანა საღორეში და ღორებს გადაუყარა ცუცა ბაჟუნაიშვილმა. რა მექნა?  წავედი მახარაძეში,  ამოვიტანე ქიშმიში და ხელმეორედ გავაკეთეთ. იმხელა პასუხისმგებლობას განვიციდი, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მის დღემჩი აფერი არ გამფუჭებია. ღარიბულად იყო თუ მდიდრულად, მაინც ყველგან კარგად ჩატარდა  ყოლიფერი.

ერთხელ უფრო მეტი დოზა გავაკეთეთ,  ვიდრე მოსალოდნელი იყო ხალხის რაოდენობა.  - 5 კგ ბრინჯი და 3 კგ ლობიო რას ეყოფაო?, - მიჩიოდნენ,  მაგრამ ასაკოვანი კაცი იყო გარდაცვლილი. შესაბამისად, ბევრი მტერ-მოყვარე არ ჰყავდა. და დარჩა ნახევარზე მეტი საჭმელი. მერე მეორე დღეს ქე შეჭამეს, მაგრამ იმ ღამეს მე  კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით, ვაი თუ არ ეყოს-მეთქი.

მოგეხსენებათ, გურულ სამზარეულოში აქტუალურია ფრინველის ხორცის კერძები და სხვადასხვა მცენარეულობისაგან მომზადებული მხალეულობა, აგრეთვე სიმინდის ფქვილი და ტრადიციული მჭადი. მჭადისა და თევზის შესაწვავად გურულები კეცის ძირში ვაზის ან კაკლის ფოთლებს აფენენ, რაც კერძებს განსაკუთრებულ არომატს აძლევს. აღსანიშნავია გურულად მომზადებული შემწვარი ქათამი ბრინჯით და თევზის საცივი. კერძების შესაზავებლად ფართოდ გამოიყენება ნიგოზი და მეტწილად თხილი.

გურიაში ბევრი სახეობის თხილი არსებობს: ბერძულაი ( ბერძნული ჯიშის მსხვილი, მაგარნაჭუჭიანი), ჩინჩა (საადრიო, მდარე ჯიშის, წვრილმარცვლიანი თხილის სახეობაა გურიაში. ყველაზე ადრე მწიფდება და გემრიელია ძალიან),  თიკნისყურაი  (თხელნაჭუჭიანი საგვიანო თხილი).

ასევე ძალიან პოპულარულია ლობიოს სხვადასხვა სახეობები: თეთრი ლობიე (საუკეთესო ჯიშის  ლობიო, მეტად თხელკანიანი და ნოყიერი), ნედლი ლობიე (მწვანე ლობიო), პირდაბანილი ლობიე  (გურული ჯიშის ლობიო, რომელსაც ნახევარი ნაწილი თეთრი აქვს, დანარჩენი წითელი), ღეჯაი  (ლობიე უხეში, ძარღვიანი, ფხიანი.  მწვანედ არ ვარგა საჭმელად), წილობიე  (მეტად წვრილმარცვლიანი ლობიო; აკეთებენ ძმრითა და ნიგვზით შეზელილს, მდარე ჯიშად ითვლება), კვირკვალი ლობიო - ამ სახის ლობიოს სხვადასხვა სანელებლებით კაზმავენ, რაც საბოლოოდ განუმეორებელ არომატს აძლევს.

მოგეხსენებათ  გურული სიღარიბის ამბავი.  ანეგდოტიც არის ასეთი:

„გურულს ჟურნალისტები ეკითხებიან:

- შემოსავალი რა გაქვთ ოჯახში?

- გურული გაკვირვებული პასუხობს:

- ჭიშკარი, ძამა.“

გაჭირვებისგან გურია ლობიომ არაერთხელ იხსნა. ფილმ „ფესვებში“ არის ასეთი ფრაზა: „ღმერთმა თუ ლობიო ჩვენ მოგვცა, თავისთვის რაღა დაიტოვაო?“

ერთი ასეთი ანეგდოტია: „ქმარი სახლში ბრუნდება და მეხუთე დღეა ცოლი ლობიოს ახვედრებს:

- ქალოო, კტარია ვინცხა და არ მიმხელთ, თუ რა გჭირიენ?“

ადრე გურულ ქელეხებში მხოლოდ სამარხვო საჭმელი იცოდნენ და ლობიო ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი, სხვადასხვანაირად დამზადებული სახით.

აღმოსავლეთ საქართველოში ამ მხრივ, განსხვავებული ტრადიცია არსებობდა.

„გურული კახეთში ქელეხის სუფრას გადახედავს - ხაშლამა, შილაფლავი, მწვადი, შემწვარ-მოხრაკული და აღფრთოვანებული წამოიძახებს:

- ა, ძამა ხალხი, ა, ძამა, სუფრა, რა უნდა კტარს გურიაში, კტარი სულ კახეთში უნდა  იყოსო.“

ხუმრობა ხუმრობად და მაშინ მართლა  არ იყო ნაირ-ნაირები.  წინასწარ ვითვლიდით,  რა ეყოფოდა ამდენ და ამდენ კაცს, მომსვლელი რამდენი იყო.  ერთმანეთის მტერ-მოყვარეს ხომ ვიცნობთ მეზობლები, ხოდა ყოლიფერ ამას  ვითვალისწინებდით.

ცხარე საჭმელები გვიყვარს გურულებს. დიდი ქვაბები გვქონდა, შუა ცეცხლზე ვაკეთებდით ყოლიფერს, ჯაჭვზე დაკიდებულ  ჩახანებში.  „საინებს“ ხან ვქირაობდით, ხან კი მეზობლებისგან ვთხოულობდით ხოლმე,  თუკი პატარა შემთხვევა იყო.

ახლაც ასეა. ქორწილის ან ქელეხის მეორე დღეს მთელი სოფელი მოდის. მეზობლები, ქალები მოვლიან, დარეცხავენ, დაალაგებენ, თუ რამეა ამოქვანქლული (მოსვრილი), წმენდენ.  „სტოლს“ გავაწყობთ მერე, ჭამენ, სვამენ. მოაწესრიგებენ ყოლიფერს, მორეცხავენ. დაულაგებელს არაფერს დატიებენ.

გოგოლა ჭეიშვილი დიდებული მზარეული იყო,  მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა. არაფრით არ გასწავლიდა არაფერს. შობოროქაი (დაუდგრომელი, ცეტი, საქმის დაუდევრად მკეთებელ) ქალებს შეუფუცხუნებდა ხოლმე,  შენელება (საყვედურის გამოცხადება, გაწყრომა, დატუქსვა) არ ერიდებოდა. მისმა   ბიჭმა პირველი  ცოლი რომ მოიყვანა, სამსართულიანი ტორტი გამოვუცხეთ, ხოლო მეორე ცოლზე, სამსართულიანი აღარ გეკუთვნის-მეთქი და ერთსართულიანი გოვუკეთეთ.

ჩემმა დედამთილმა, გაანათლოს მისი სული ღმერთმა, საოცარი  საჭმელების კეთება იცოდა. სასტაული  ხელი ჰქონდა, ბადრიჯანს რომ შეწვავდა, თათარიახნად (სახელდახელოდ)  ისე შეტუტყნიდა  (შეკაზამვდა) და ბრეწოულებითაც მორთავდა, იმის ჭამას არაფერი ჯობდა და თან გასწავლიდა კიდეც. მომენატრება ხოლმე იმისი გაკეთებული საჭმელი. თუნდაც ხაჭაპური, რომელიც ისეთივე ნაღდი იყო, როგორც მისი სიტყვა და საქმე. ნაღდს რატომ ვამბობ და ანეგდოტიც კი არის ასეთი:

„ექსკურსიაზე ბავშვები კამათობენ ხაჭაპურის თემაზე. ერთი ამბობს - იმერული ხაჭაპური მიყვარს, თხელი, რომ იკეცებაო, მეორე - უუუფ, მეგრულია კარგი, თავზე მოყრილი ყველითო, მესამე - ბებიაჩემის კეცის ხაჭაპური, გურული, კვერცხგადასმულიო, მეოთხემ - აჭარულს რა შეედრებაო, სხვამ - „დუხოვკის“ მირჩევნიაო, თონის ხაჭაპურიც გაიხსენეს, ფენოვანიც, ვიღაცამ  - ლაზური და ოსური ხაჭაპური გამისინჯავს და ძალიან მომეწონაო.

ზის წყნარად ერთი გურული და სრული სერიოზულობით ამბობს: მე ყველიანი ხაჭაპური მიყვარს. ისე, მართლა რამდენნაირი ხაჭაპური ყოფილა, მაგრამ ყველიანი მაინც სუუუულ სხვაააო.!“ დონაძის ხაჭაპურს ეძახიან ჩვენში. ეს არის სქელყველიანი, გემრიელი ხაჭაპური.

მე თუკი რამე ვიცი, მინდა რომ ყველამ ისწავლოს.

 ბავშვობიდან ვიცი, რომ გურიაში საცივი ეროვნულ შემოქმედებად ითვლებოდა. ჯერ კიდევ მახსოვს ბებიას გაკეთებული  უმაღლესი პილოტაჟის საცივი და კიდევ ბევრი ნაირსახეობა.

სამეგრელოში საცივს ეძახიან ბაჟეში ჩაწყობილ ინდაურს და ხანდახან აკეთებენ ე. წ. „მოხარშულ საცივს“, ანუ ჩვეულებრივი საცივის მიმსგავსებულ ვარიანტს. ნიგვზის ეკონომიისათვის და შესასქელებლად ხმარობენ მჭადის ფქვილს. გურიაში ამ საქმის „კლასიკოსები“ კვერცხის გულებს ზელენ ნიგოზთან ერთად, ან მარტო ნიგვზით ამზადებენ, ოღონდ ხანგრძლივად ზელენ დიდ თასში.

აქვე გთავაზობთ გურული კერძების რამდენიმე  რეცეპტს:

 

ბადრიჯანი ნიგვზით

 

 უთესლო ახალი ბადრიჯანი გავრეცხოთ და ყუნწიანად შევწვათ აირღუმელში ისე, რომ ძალიან არ გამოშრეს, შემწვარს მოვაშოროთ ყუნწები, გავფცქვნათ და დავჭრათ, 1 სმ სისქის მრგვალ ნაჭრებად.

ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ დანაყილი ნიგოზი, დაკეპილი ხახვი, შავი პილპილი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში, ქინძი და ომბალო. მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი, კოვზით ამოვლესოთ, დავუმატოთ ბადრიჯანს და კარგად მოვურიოთ. გამზადებული ბადრიჯანი დავალაგოთ განიერ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში ან კამა.

მასალა: ბადრიჯანი 1 კგ, ნიგოზი 200 გ, ხახვი 3 თავი, ნიორი 3 – 4 კბილი, ქინძი, ომბალო, ოხრახუში, კამა  50 – 50 გ, ძმარი 2 სუფრის კოვზი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

ნიგვზიანი ლობიო

 

გურული ლობიო გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და კარგად მოვხარშოთ. დუღილისას ჩავუმატოთ დაჭრილი ხახვი, რომელიც ლობიოსთან ერთად ჩაიხარშება,  ცალკე ქვაბში გადმოვასხათ ლობიოს ნახარში, გავხსნათ მასში ერთად დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ახალი ქინძი, მარილი, დავუმატოთ ძმარი და წიწაკა და ვადუღოთ 5 წუთი. შემდეგ ჩავყაროთ შიგ მოხარშული, ამოლესილი ლობიო, წამოვადუღოთ და კერძი მზადაა.

მასალა:  ლობიო _ 1 კგ, ნიგოზი - 300 გ, ხახვი - 3-4 თავი, ნიორი - 3-4 კბილი, ქინძი - 50 გ, ლობიოს ნახარში - 1 ლ, მარილი, წიწაკა, ძმარი გემოვნებით.

 

კვირკვალი ლობიო

 

ლობიოს კეკლები (მარცვლები) გადავარჩიოთ,  გავახიჭეჭოთ (საგანგებოდ გავრეცხოთ), ჩავყაროთ წყალში და ვაჟროთ  (ნელ ცეცხლზე ვხარშოთ) თიხის ქოთანში. ხარშვისას წყალი იმდენი დავუმატოთ, რამდენსაც ჩაიდუღებს (ჩაიშრობს). ქარაფათ (მჩატედ, თავისუფლად) მოხარშული ლობიო დავყაროთ თუშფალანგზე და გავწუროთ. ავიღოთ დაფეშვილი (მსხვილად) დანაყული ნიგოზი, დავუმატოთ სანელებლები: ხმელი ქინძი,ხმელი ქონდარი, ყვითელი სუნელი, წიწაკა, ცოტაოდენი ძმარი, მოჭიჭილაყებული (დაჭყლეტილი) ნიორი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, წასაჭარი (წვრილად დაჭრილი მწვანილი), დაღუჭნული (ასევე წვრილად დაჭრილი)  მაკიდო (ოხრახუში)  და ხელით კარგად შევკაზმოთ.

 

ჩაშუშული იხვი

 

მსუქანი იხვი გავასუფთავოთ, დავჭრათ, გავრეცხოთ და ჩავაწყოთ ქვაბში.

ერთად ჩავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ხმელი ქინძი, წიწაკა, ზაფრანა და მარილი,

გავხსნათ ცოტაოდენ ცივ წყალში და დავასხათ დაჭრილ ხორცს, ქვაბს დავახუროთ თავსახური ჰერმეტიულად ისე, რომ წყალი არ ამოშრეს და დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე, ხორცი თავისივე ცხიმში უნდა ჩაიხარშოს.

   მასალა:  იხვი  1 ცალი, ნიგოზი   100 -50 გ, ნიორი 3  4 კბილი, ქინძი  2 ჩ. კოვზი, ზაფრანა 1 ჩ. კოვზი, წყალი ერთი ჩაის ჭიქა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.

 

წვნიანი ქათამი

 

მსუქანი ქათამი გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, ასო-ასოდ დავჭრათ და ქვაბში ჩავაწყოთ. ავიღოთ დანაყილი ნიგოზი, მიხაკი, შავი პილპილი, დარიჩინი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, ქონდარი და ხახვი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში და დავამატოთ ქვაბში ჩაწყობილ ქათამს, მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ძლიერი ძმარი, შემდეგ დავამატოთ იმდენი წყალი, რომ ყველაფერი ეს დაფაროს. მჭიდროდ დავახუროთ თავსახური, რომ წყალი არ აორთქლდეს და დავდგათ მოსახარშად. ხარშვისას ერთი-ორჯერ ამოვურიოთ. როცა ხორცი მოიხარშება კერძი მზადაა.

მასალა: ქათამი ერთი ცალი, დანაყილი ნიგოზი 2 სუფრის კოვზი, მიხაკი 10 მარცვალი (დაფქული), შავი პილპილი ½ ჩაის კოვზი, დარიჩინი ½ ჩაის კოვზი, ხახვი 5 – 6 თავი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი 20 – 20 გ, ძმარი ½ ჩაის ჭიქა, მარილი გემოვნებით.

 

მოხრაკული ქათამი

 

მსუქანი ქათამი გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, ასო -ასოდ დავჭრათ და ქვაბში ჩავაწყოთ, დავამატოთ დანაყილი: მიხაკი, პილპილი, დარიჩინი, ყვითელი კოჭა, ნიგოზი, წვრილად დაჭრილი: ხახვი, ქინძი და ოხრახუში. დავაყაროთ მარილი და დავასხათ საშუალო სიძლიერის ძმარი, ქვაბი დავდგათ ნელ ცეცხლზე, დავაფაროთ თავსახური, რომ არ აორთქლდეს და მოვხრაკოთ, თან დროდადრო ვურიოთ, რომ ძირი არ მიეწვას, ქათამი თვითონ გამოუშვებს წვენს და მასში ჩაიხრაკება.

მასალა: ქათამი ერთი ცალი, მიხაკი 6 მარცვალი (დაფქული), დანაყილი ნიგოზი 1 სუფრის კოვზი, ყვითელი კოჭა ერთი ჩაის კოვზი, დარიჩინი 1 ჩაის კოვზი, ხახვი 2 თავი, ოხრახუში, ქინძი 20- 20 გ, ძმარი ½ ჩაის ჭიქა, პილპილი და მარილი გემოვნებით.

 

შემწვარი ვარია ურწყულით

 

გასუფთავებული ვარია გავჭრათ მკერდზე ტაბაკად, მოვაყაროთ მარილი, წავუსვათ არაჟანი, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ცეცხლზე.

მოვამზადოთ ურწყული შემდეგნაირად: ჩავყაროთ ნიგოზი და გამოვწუროთ ზეთი. გამოხდილ ნიგოზს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიორი, პილპილი და მარილი. ყველაფერი ეს ერთხელ კიდევ ჩავნაყოთ ერთად და გავხსნათ ადუღებულ, თბილ წყალში. დავუმატოთ ძმარი ისე, რომ მაწვნის სისქე გახდეს.

შემწვარი ქათამი დავჭრათ, ჩავაწყოთ ღრმა ჭურჭელში და ზემოდან დავასხათ ურწყული, შემდეგ - ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი, მოვაყაროთ დაკეპილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

მასალა:  ვარია 1 ცალი, ნიგოზი 200 გ, ქინძი, კამა, ოხრახუში 30–30 გ, ნიორი 2–3 კბილი,  ძმარი 3–4 სუფრის კოვზი, პილპილი და მარილი გემოვნებით.

 

შემწვარი ქათამი ნიგვზის ბაჟეთი

 

ქათამი კარგად გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ მარილიან წყალში  და მოვხარშოთ. ხშირად მოვხადოთ ქაფი. მოხარშული ქათამი ცხელ ღუმელში შევბრაწოთ. როცა გაცივდება, დავჭრათ და ჩავალაგოთ ჯამში.

ცალკე მოვამზადოთ ბაჟე შემდეგნაირად: დანაყილ და შემდეგ წვრილ საცერში გატარებულ ნიგოზს დავუმატოთ დაფქული ზაფრანა, დანაყილი ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა და მარილი. დავასხათ 2 სუფრის კოვზი ადუღებული და გაცივებული ცივი წყალი. ავურიოთ ყველაფერი ერთად და ხელით კარგად  ვსრისოთ, სანამ ნიგოზს ზეთი არ გამოუვა. ზეთი ცალკე შევინახოთ, ნიგოზს კი კვლავ დავუმატოთ ანადუღარი წყალი და ძმარი. კარგად ავსრისოთ ისე, რომ მივიღოთ საშუალო სისქის ერთგვაროვანი საწებელი-ბაჟე.  დაჭრილ ქათამს დავასხათ ბაჟე და შემდეგ - გამოწურული ნიგვზის ზეთი.

მასალა: ქათამი 1 ცალი, ნიგოზი 400 გ, ზაფრანა 1–2 ჩაის კოვზი, ნიორი 2–3 კბილი, უცხო სუნელი 1–2 ჩაის კოვზი, წიწაკა, ძმარი და მარილი გემოვნებით.

 

 

ინდაურის ან ქათმის საცივი

 

მსუქანი ინდაური ან ქათამი გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და მოვხარშოთ. ადუღებისას მოვხადოთ ქაფი. მოხარშული ინდაური ამოვიღოთ ქვაბიდან, ცხელს მოვაყაროთ მარილი და შევდგათ აირღუმელში შესაბრაწად.

ცალკე დაბალ ცეცხლზე ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ინდაურის სიმსუქნეში. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ ხორბლის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა.

ძმარში ჩავყაროთ მიხაკ-დარიჩინი, დაფნის ფოთოლი და წამოვადუღოთ.

მოვშუშოთ ხახვი, გავხსნათ ბულიონში, დავუმატოთ მიხაკ-დარიჩინიანი ძმარი

და ცოტა რაოდენობის ბულიონში გახსნილი დანაყილი ნიორი, პილპილი, კამა, ოხრახუში და ხმელი სუნელი. შემწვარი ინდაურის ან ქათმის ნაჭრები ჩავაწყოთ საცივის წვენში და 5 წთ ვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ ბულიონში გახსნილი წმინდად დანაყილი ნიგოზი. მოვურიოთ და გავაცივოთ.

სურვილისამებრ შეგვიძლია დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხის გული და ზაფრანა.

  მასალა: ინდაურის ან ქათმის ხორცი 1კგ, ნიგოზი 150 გ, ხახვი 2–3 თავი,  ფქვილი 1 სუფრის კოვზი, ნიორი 2–3 კბილი, ქინძი, კამა, ოხრახუში 20 – 20 გ, ხმელი სუნელი 1 ჩაის კოვზი, მიხაკ დარიჩინი 1/3 ჩაის კოვზი,  დაფნის ფოთოლი 2 ცალი, ძმარი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

გურული „ცხარე“

 

საქონლის მსუქანი ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. გავრეცხოთ და ჩავყაროთ ქვაბში. წყალი დავასხათ ისე, რომ ხორცი დაიფაროს და დავდგათ მოსახარშად. ხორცს ცოტა რომ დააკლდება მოხარშვა, მოვხალოთ ცხიმი, წვენი გადავწუროთ და ხორცი ხახვთან ან მოხდილ ცხიმში ჩავხრაკოთ, შემდეგ დავუმატოთ წყალში გახსნილი პამიდვრის პასტა და 5 წთ წამოვადუღოთ. დავუმატოთ ნედლი და ხმელი ქინძი, შაშკვლამი, ნიორი, წიწაკა და მარილი. ვადუღოთ კიდევ 5 – 10 წთ. დავამატოთ გადაწურული ნახარში, წამოვადუღოთ და კერძი მზადაა.

მასალა: ხორცი 1 კგ, ხახვი 3 – 4 თავი, ნიორი 2 - 3 კბილი, პამიდვრის პასტა 2 – 3 სუფრის კოვზი, ხმელი ქინძი 1 ჩაის კოვზი, ნედლი ქინძი 30 გ,  შაშკვლამი 20 გ, წიწაკა და მარილი გემოვნებით.

 

კუჭმაჭი

 

კუჭმაჭი (ღვიძლი, გული, ფილტვი) კარგად გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და მოვხარშოთ, მუცლის ქონთან ერთად. მოხარშული კუჭმაჭი ამოვიღოთ ქვაბიდან, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილად.

ერთად დავნაყოთ ნიორი, ხმელი ქინძი, წიწაკა, ქონდარი და მარილი. მიღებული საკაზმი კარგად ავურიოთ კუჭმაჭს და მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები, შეკაზმვისას კუჭმაჭი ცხელი უნდა იყოს, რომ სანელებლები კარგად გაუჯდეს.

მასალა: კუჭმაჭი 1კგ, მუცლის ქონი 200 გ, ქონდარი 50 გ, ხმელი ქინძი 1 ჩაის კოვზი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.

 

ქათამი ღვინოში

 

მომზადების დრო - 1 საათი, პორციების რაოდენობა - 4-6, მომზადების სირთულე: საშუალო,  კალორიულობა: 601 კკ, ცალი- 39გ, ცხიმი-64გ,  ნახშირწყლები- 8გ.

საჭირო მასალა:

დაფქული დარიჩინი -1 ჩ.კ

დაფქული მიხაკი - 1 ჩ.კ

ნიგოზი ან თხილი - 100 გ

ოხრახუში -  1 კონა

ქათამი - 1.2- 1.5 კგ

ხახვი- 2 თავი

კარაქი - 1,5 ს.კ

მშრალი პაპრიკა - 1 ჩ.კ

მარილი

ყვითელი ყვავილი - 6 ცალი

ქინძი- 1 კონა

წითელი მშრალი ღვინო - 1ჭიქა

მომზადების წესი:

ქათამი გარეცხეთ, გააშრეთ  და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და  მოათავსეთ ქვაბში.

ქათმის ცხიმი დაჭერით წვრილ ნაჭრებად.

კარაქი გაალღვეთ ტაფაზე,  დაუმატეთ დაჭრილი ცხიმი და გადაიტანეთ ქვაბში.

ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით რგოლებად,  ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში, მწვანილი  გარეცხეთ და ძალიან წვრილად დაჭერით.

სუნელები აურიეთ მარილთან ერთად.

ხახვი, ნიგოზი და მწვანილი დაამატეთ ქვაბში,  რომელშიც ქათმის მომზადებას აპირებთ.

დაუმატეთ ღვინო და თუშეთ  10 წუთის განმავლობაში.  შემდეგ დაახურეთ ქვაბს თავსახური და  ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში.  კერძს სრულ გამზადებამდე  რამდენიმე წუთით ადრე დაუმატეთ სუნელები და გემრიელად მიირთვით!

 

გურულად შეკმაზულ, შებოლილ კუპატს სულ სხვა გემო აქვს, კეცის მჭადთან ერთად უგემრიელესია. 100-110 კილომდე საკალანდო ღორს გამოსდიოდა 12-14 ცალი კუპატი.

მისი მომზადების წესი ასეთი გახლავთ:

 

ღორის კუპატი:

 

   ღორის ნაწლავები კარგად გავრეცხოთ, გამდინარე წყლით. გავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მარილი, კარგად გავწმინდოთ, თან ვრეცხოთ გამდინარე წყლით. შემდეგ დავაყაროთ სიმინდის ფქვილი, გავწმინდოთ და გავრეცხოთ. ასეთნაირად გასუფთავებული ნაწლავები გულ – ღვიძლთან და თირკმელთან ერთად ჩავყაროთ ქვაბში და მოვხარშოთ, მდუღარე წყალი ორჯერ გადავღვაროთ, რათა სპეციფიური სუნი გაუვიდეს. მოხარშული შიგნეული ამოვიღოთ, გავაგრილოთ და წვრილად დავჭრათ.

   ცალკე დავნაყოთ წიწაკა, ნიორი, თესლიანი ქინძი, ქონდარი, მარილი. ეს ყველაფერი ავურიოთ დაჭრილ გულ – ღვიძლს და ნაწლავებს და ასე  შეზავებული მასა ჩავტენოთ უმ, მაგრად მდუღარე წყალში გავლებულ, სწორ ნაწლავში. კუპატის თავები შევკრათ თოკით, გარედან წავუსვათ ერთად ჩანაყილი წიწაკა, ნიორი და თესლიანი ქინძი და დავკიდოთ შესაბოლად.

გამოყენების წინ შევწვათ ტაფაზე ცხიმში და ცხელი მივიტანოთ სუფრაზე.

მასალა: ღორის გულ-ღვიძლი, თირკმელები 1 კგ, ღორის ნაწლავები  300 გ, ნიორი 4- 5 კბილი,

ხმელი თესლიანი ქინძი 2 სუფრის კოვზი, ქონდარი 1 სუფრის კოვზი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.

 

თევზის საცივი - გურული კერძი.

ინგრედიენტები:

1 კგ თევზი

1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი

 4-5 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

3 კვერცხის გული

1/3 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

1/2 ჩ.კოვზი ქონდარი

1/2 ჩ.კოვზი ქინძი

1 პატარა კონა ოხრახურში

ძმარი,წიწაკა,მარილი გემოვნებით.

 გარეცხილი, გასუფთავებული თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.

ნიგოზს ყვითელ ყვავილთან  და ნიორთან ერთად გამოვხადოთ ზეთი.

ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, წიწაკა, მარილი, ქონდარი.

დანაყილი საკმაზი შევურიოთ ნიგვზიან მასას და ნაზავი გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონში

ბულიონს ცხიმი შეგვიძლია არ მოვხადოთ.

თევზის ნიგვზიანი წვენი გადავიტანოთ ცალკე ქვაბში, დავუმატოთ წვრილად და

ჭრილი ხახვი,

დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.

კვერცხის გული გავთქვიფოთ მიქსერით და ჩავასხათ თევზის ნიგვზიან საცივში.

შემწვარი თევზი გადავიტანოთ ლანგარზე და მოვასხათ ცხელი საცივი. ზემოდან კი

გავაფორმოთ სურვილისამებრ ან ნიგვზის გამოხდილი ზეთით.

 

ასევე განთქმულია გურიაში შემწვარი „ხამსია“, იგივე ღორჯო, პარეხს უძახიან  (მოძრავ, ცოცხალ, ღონიერ) თევზს. მახსოვს, ჩემს  ბავშვობაში ჭიშკართან ჩამომავალ ღელის წყალში, ქვების ქვეშ ხელს ვყოფდით და პარეხ ღორჯუებს ვიჭერდით ხოლმე. გურიის მდინარეებში გავრცელებულია აგრეთვე თევზის სახეობები: ხოშნა,  ჭარფალაი  (მდინარის წვრილი თევზი), ფრიტა  (ბრტყელი თევზი).

 

თევზზე გამახსენდა. ვინცხას ჰქონდა ბაზარში გამოტანილი თევზი, ზედ დართული წარწერით: „წყლის თევზი - 2 ლარი“, ვითომ თევზი, წყლის გარდა,  სხვაგანაც არსებობდეს.

 

 

სოფლის „თავი ქალი“, ზემო აკეთის სკოლის ისტორიის პედაგოგი, ლეილა გოგელია (პინაიშვილისა):

 

ახლა თავი ქალობა უკანა პლანზეა გადაწეული. ადრე როცა ტრადიციულ „სეფებში“ იშლებოდა ჭირისა თუ ლხინის სუფრები,  მთელი სოფელი გვერდით ვედექით ოჯახს და რაც შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით.   ორი ქორწილი გადავიხადე ჩემს ოჯახში და მთელი სოფელი გვერდში მედგა. ჭირის მაგიდებიც  გავაწყეთ, 800 კაციანი ხარჯი მქონდა ჩემს დედამთილზე; ვინც მოვიდოდა გასვენებაში, ყველა მაგიდასთან უნდა დამჯდარიყო. სუფრის დიდებული  და თანაც ნამეტარი უცნაური მომსახურება იცოდნენ  და კვლავაც იციან გაგურლებმა.  ანეგდოტიც არის ასეთი: „გურულმა თქვა, გუშინ ქორწილში ვიყაი, ძამა და საინებს ისე სწრაფად ცვლიდნენ, გოჭი და ტყემალი ერთმანეთს ვერ დავამთხვიეო“. ახლა ბევრი რამ   შეიცვალა. სოფლის ხალხს შეღავათი გვაქვს,  რადგან  უკვე  რესტორნებში იხდიან სუფრებს. მაგრამ ერთი მხრივ კარგი იყო ის ძველი დრო... სოფლის ხალხი ხვდებოდა  და უზიარებდა ერთმანეთს თავის გასაჭირსა თუ სიხარულს. ახლა ჩაიკეტა უფრო ხალხი. ძალიან ახლო მეზობლებს თუღა გვაქვს ურთიერთობა. გაგურის ბოლოში იშვიათად გავივლი  ხოლმე, არ ვთვლი თავს ვალდებულად ამ მხრივ. სხვაგან წასვლას და მეზობლებში სიარულს მირჩევნია ლეპტოპი ჩავრთო, ხალხს სერიალების ყურება უყვარს. მოკლედ,  ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს უკვე. უწინ სოფლის კრებებიც იყო. ახლა აღარაფერი არაა. ამდენად სოფელი სხვანაირი გახდა.

ის ძველი ხალხი ყველა წავიდა. ზნე-ხასიათი იცვალა სოფელმა.  სითბო არის, მაგრამ მაინც უფრო სხვანაირი. ისეთი არა, როგორც უწინ, როცა ყველანი მართლა ერთად ვიყავით.

კულინარიულ ხელოვნებას ადრეული ასაკიდანვე დავეუფლე. დედა კარგი მზარეული იყო. სამზარეულოში თვალ-ყურს ვადევნებდი, როგორ აკეთებდა  საცივს, ღომს, სალათებს  და ვსწავლობდი.

გურულებს ძალიან გვიყვარს მჭადი, მაგრამ, სხვათა შორის, ახლა უკვე მჭადი  იმდენად აღარ გამოიყენება. აღარ თესავენ სოფლელები სიმინდს. ადრე ყანები გვქონდა. იოლ ცხოვრებაზე გადევიდა ხალხი. თურქეთში წავლიენ, იშოვიენ ფულს და ყიდულობენ, რაც უნდათ.

ქალაქში ხალხს გაიოლებული აქვს ცხოვრება და  ძირითადად ნახევარფაბრიკატებზეა გადასული ან  შეუკვეთავენ  ნებისმიერ  საჭმელს და თავს არ იწუხებენ სამზარეულოში ტრიალით, დროც არა აქვთ საამისოდ.  სოფელში კი ამ მხრივ ცოტა  განსხვავებული ვითარებაა. იშვიათად რომ მზამზარეული ვიყიდოთ რამე, მაინც ჩემი გამზადებული მირჩევნია ყველაფერი, ნაკლებად ვენდობი ნახევარფაბრიკატებს. საშობაო სუფრა იქნება თუ სააღდგომო, კერძებიდან მოყოლებული ნამცხვრების ჩათვლით, ყველაფერს სახლში ვამზადებ.   

ბევრი, ადამკოკოს (მეტად დიდი ხნის) დროინდელი,  ძველი და უსარგებლო ნივთი მომეძევება სახლში, რომლებიც თითქმის უკვე აღარ გამოიყენება,  არადა  გადაგდებაც მენანება, ეთნოგრაფიის მასალად თუღა გამოდგება.  ძველი ქვასანაყები ახლა უკვე ბლენდერებმა ჩაანაცვლა. ძველისძველი ხორცის მანქანა მაქვს, რომელიც უკვე უსარგებლოა ჩემთვის, რადგან  ელექტრომანქანას ვიყენებ.  ეს უსარგებლო ნივთები  აწი უკვე ზედმეტ ადგილს იკავებენ, მაგრამ მაინც არ ვაგდებ, რადგან ბევრ მოგონებას გამოიხმობენ  და გარდასულის მოწმეები და  თანაზიარნი არიან.   ახალი სამზარეულო დავამონტაჟეთ და იმ   ძველ სამზარეულოს ახლა უკვე სათავსოებად  ვიყენებთ. სოფელში ყველა ნივთი საჭიროა მაინც და ფუნქციას არ კარგავს.

სოფლის შემოსავლის ძირითად წყაროდ მაინც ისევ თხილი ითვლება.  მოგეხსენებათ, გურულ თხილს სულ სხვა გემო აქვს. მაგრამ სადღაა თხილი? საძულველმა ფაროსნებმა გაანადგურეს. ამფერ დიალოგებს  ხშირად მოკრავთ ყურს  სოფლად:

„ - ადრე ძამა რო ყინავდა მძულდა და მარტუაი მზეს ვნატრობდი. ახლა პირიქითააა, იმფერი ყინვა იყოს ნეტა, აი ფაროსანები რო მიაკრიპაჭოს ერიმეორეზე და ხმაის ამომღები არ ვარ, მზეი მინდა-თქვა..

- მაი საძულველი ფაროსანები სახლებშია უკვე გამოსაზამთრებლად შემძვრალი ძამა და იმფერ ყინვას რომ ნატრობ შენ, მაგენი მიასკიპარჭოსო, შენც ქი მიგასკიპარჭებს ზედ.

- ნენაააა.... იმფერი მუუყინია და მუუროფია რომე აი ფაროსანაია თუ ჯავშნოსანაია დუუდუღ-მუუსკვანჭ-მუუკურუნჩხ-მუუსიკტილებია ერთიმიორეზე და დევისვენებთ აი ფაროსანასგან დაღალული გურულები.“

გურული ქალები ასე წყევლიან ფაროსანას: „გასკდა მაი მოსასპობი ფაროსანას მუცელი. რავა გაგვამწარა, დაგვღუპა და დაგვაქცია.  მაი მეისპო და მოდუღდა, მაი ვნახე მოსარსვალებული, მოტაფული, მაგას ამოუწყდა ოჯახი, გვარი და ჯიში. თხილიც შეგვიჭამა სიმინდიც და ნევროზიც გაგვიჩინა.“

თხილი კი არა, სიმინდიც აღარ დატოვა.  ტრადიციულად გურულები აპოჭიკებულ (მიწიდან  ამაღლებულ)  ნალიებს (სასიმინდეებს) აკეთებდნენ, ნამუშიერი მოსავლის, ანუ  ჭირნახულის  ნესტისგან დასაცავად, ასევე თაგვებისგან გადასარჩენად. ზოგი ნალიე ისეთი მაღალი იყო, გურულები ხუმრობდნენ, „აგი ნალიე კარლსონისაა თუ იცი? მიაფრინდე უნდა ზედ გოდრითო?“ ახლა კი ეს ნალიები ფაროსნებმა ამოავსეს.

რაც კი ფაროსანას გადაურჩა, იმ მოხეკილ თხილს გამოვაფხუკუნებთ კარგად „დუხოვკაში“, გავათეთრებთ  და მისგან საუკეთესო „ჯანჯუხას“ ვამზადებთ, რომელიც ასევე გურული სამზარეულოს განუყრელ ნაწილად და საფირმო საჭმელად ითვლება.

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე გურულ რეცეპტს:

გურიაში დღესაც დელიკატესად ითვლება ნივრიანი რძე კვერცხით, რომელიც საკმაოდ  მსუყე საჭმელია  და ადრე ხშირად ჭამდნენ. რძეს აადუღებდნენ, შიგნით თოხლო კვერცხებს ჩაახლიდნენ, მერე მჭადს ჩაფუნჩხავდნენ შიგნით,  ნიორსაც უშვებოდა ზოგი. მამაჩემს უყვარდა ძალიან.

 

გურიაში ბრინჯულას ეძახიან კერძს, რომელიც ერთდროულად ჰგავს ხაჭაპურსაც და ომლეტსაც, თუმცა არც ერთია და არც მეორე, ეს უფრო სქელი ბლინია ყველითა და კვერცხით.

ბრინჯულას მომზადება საკმაოდ მარტივია და იგი ძალიან ნოყიერი საუზმეა. მიუხედავად სახელწოდებისა, ბრინჯულას მოსამზადებლად ბრინჯს არ იყენებენ.  გურიაში ამბობენ, რომ სახელწოდება იმ დროს უკავშირდება, როცა ბრინჯულას მოსამზადებლად არა ხორბლის ფქვილი, არამედ დაქფული ბრინჯი გამოიყენებოდა. ბრინჯულას გურიაში კეცზე აცხობდნენ, თუმცა ჩვენ გთავაზობთ ტაფაზე მომზადების ვერსიას.

 

მასალად საჭიროა:

1,5- 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი [დამოკიდებულია ტაფის დიამეტრზე];

150 გრ. ყველი (იმერული);

2 ცალი კვერცხი.

 

მომზადება:

ხორბლის ფქვილს დაამატეთ ერთი მწიკვი მარილი და ცივი წყალი, თვალზომით, ისე, რომ მიიღოთ სქელი, თხევადი ფაფა. აურიეთ კარგად, რომ ცომში არ დარჩეს გაუზავებელი ფქვილი. შეგიძლიათ დაამატოთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი.

მიღებული ცომი დაასხით სქელძირიან, ფქვილმოყრილ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე. დაახურეთ ტაფას და აცადეთ 4-5 წუთი, სანამ ცომი ოდნავ გაშრება და გამაგრდება.

რამდენიმე წუთის შემდეგ ტაფაზე მოთავსებულ ცომს მოაყარეთ დაფშვნილი ან დახეხილი ყველი და მოასხით  კარგად ათქვეფილი კვერცხი ისე, რომ კვერცხი განაწილდეს მთელ ზედაპირზე.

ტაფას დაახურეთ თავი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 8-10 წუთი.

შეამოწმეთ, გამომცხვარია თუ არა ბრინჯულას ქვედა ნაწილი და ფრთხილად გადააბრუნეთ კვერცხიანი ზედაპირით ტაფაზე. დატოვეთ რამდენიმე წუთი, სანამ კვერცხი და ყველი კარგად არ მოიბრაწება. თუ ჩათვლით, რომ ცომი ზედმეტად რბილია, შეგიძლიათ ისევ გადმოაბრუნოთ და აცხოთ სასურველი ფერის მიღებამდე.

ბრინჯულას გამოცხობა შეიძლება ღუმელშიც, ასეთ შემთხვევაში გადაბრუნება საჭირო არ იქნება.

ბრინჯულას მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, მაგალითად, ცომის ოდენობა, მხოლოდ, შეეცადეთ, ძალიან ბევრი ცომი არ დაასხათ ტაფაზე, რადგან ბრინჯულა გამოშრობას ვერ მოასწრებს.  ასევე, შესაძლებელია, ცომს თავიდანვე შეურიეთ კვერცხი და ყველი და ისე გამოაცხოთ, თუმცა მობრაწული ბრინჯულა უფრო კარგად გამოიყურება.

ამ მარტივ კერძს გურიაში უკვე იშიათად აკეთებენ, თუმცა, წლების წინ, ბრინჯულა საკმაოდ პოპულარული იყო, ძირითადად, ორი მიზეზის გამო: მისი მომზადება სწრაფადაა შესაძლებელი და ცოტა ინგრედიენტი სჭირდება, შედეგად კი საკმაოდ ნოყიერი კერძი მიიღება.

 

ადრე  ქვევრებში ხდებოდა მწვანე პამიდვრის დაჟვანქება (დამჟავება). მკუხე პომიდორს დასერავდნენ ოთხად, შიგნით ნიახურს უშვრებოდნენ, მაკიდოს, ნიორს და ჩაკუწავდნენ (ჩატენიდნენ) კარგად, ზემოდან  დაადებდნენ ქვას და თავს მოუკრავდნენ. გაზაფხულზე, ხვნა-თესვის პერიოდში  ხსნიდნენ. ძალიან გემრიელი იყო. ჭურში გაკეთებულს სულ სხვა გემო ჰქონდა, თორემ ახლაც ქე ვხუფავთ ქილებში.

ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო გურული ტრადიცია კი მაინც ისევ და ისევ  საშობაო ღვეზელია, რომელსაც გურულები „ღვეძელს“ უწოდებენ.   ეს გახლავთ  იგივე "მუცლის სალოცავი კვერი" და მას აქვს შემდეგი შინაარსი - შობას ხსნილდება და ჩვენსკენ ამ კვერებით ილოცება ტრადიციულად საკვები, ანუ პირველი საკვებია, რითაც სადღესასწაულო სუფრა ხსნილდება.

გურული ღვეზელი ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპურია, რომელშიც წინასწარ მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხი დევს. საშობაო კვერს 7 იანვარს ან 14 დეკემბერს, კალანდობას აცხობენ.

 რამდენიმე შემორჩენილი ვერსიის მიხედვით, გურული ღვეზელის მთვარის ფორმა - ძველი გურულებისთვის ციური სხეულების, სიძლიერის ნიშანი იყო.

გურიაში ძველად ღვეზელს აცხობდნენ და მუცლის ლოცვას ასრულებდნენ. ძველად საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე. ასევე ცნობილია, რომ ძველი გურულები ღვეზელისთვის მოხარშულ კვერცხებს 2 დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ და შებოლილი არომატი ღვეზელს განსაკუთრებულ გემოს აძლევდა.

 

როგორ მზადდება გურული ღვეზელი?

 

გურული ღვეზელის ცომის მოსამზადებლად საჭიროა: 10 გრ. საფუარი, 10 გრ. მარილი,  400 მლ. წყალი,  1 კგ. ფქვილი,  60 მლ. ზეთი,  10 გ. შაქარი.  გთავაზობთ რეცეპტს:

საფუარი და მარილი გახსენით წყალში. თასში გაცერით ფქვილი, დაასხით ზეთის ნახევარი, დაუმატეთ წყალში გახსნილი საფუარი და მოზილეთ ცომი.

როდესაც მასა გახდება ერთგვაროვანი, დაასხით დარჩენილი ზეთი, გადაზილეთ, დააფარეთ თავზე და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად.

ამოფუებული ცომი ჩაზილეთ ზეთიანი ხელით 2-ჯერ, თხუთმეტი წუთის შუალედით. უმარილო ყველი გახეხეთ.

3 კვერცხის გული გახსენით რძეში ისე, რომ მიიღოთ ბლანტი თხევადი მასა. 7 კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად.

ამოფუებული ცომი დაყავით 300 გრამიან გუნდებად. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვლად. ცომის ნახევარ წრეს დააყარეთ ყველი და მოაწყვეთ დაჭრილი კვერცხი. გადმოაფინეთ ცომის ნახევარი და შეაწებეთ ცომის პირები.

ზემოდან მოუსვით კვერცხისა და რძის ნაზავი, შედგით ჰაერღუმელში 250 გრადუს ტემპერატურაზე გამოსაცხობად. გამომცხვარ ღვეზელს ზემოდან კარაქი წაუსვით...

 

ახლა კი დროა ბადრია თავაძის ოჯახი წარმოგიდგინოთ.

ტიპიური გურული „ყაძახი“, ბაიკოზს  (თუთუნი) გაახვევს ქაღალდში, მოიმწყვდევს თითებს შუა და  მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით  გააბოლებს, თითქოს იმ ბოლს სამყაროს მთელი დარდი (ე.წ. მსოფლიო სევდა) ამოაყოლაო... დარდი ბარემაც აქვს, ახალგაზრდა ძმა, შესანიშნავი ვაჟკაცი, გიზო თავაძე ნაადრევად გამოეცალა ხელიდან, ოჯახის ბურჯი და არაერთი ადამიანის საყრდენი (როგორც მორალური, ასევე ნებისმიერი მნიშვნელობით), რომელსაც დარჩა სამი უმშვენიერესი და ტანკენარი ასული და მხნე ცოლი, რომელიც მზრუნველობას არ აკლებს ოჯახს და  ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ შვილებს ჯეროვანი  სწავლა-განათლება მიაღებინოს, თან ლიანა კუჭავას რძალია... კუჭავების გვარი კი ოდითგან გამოირჩევა ნიჭიერებითა და „სტავლა-განათლებისადმი“ დაუცხრომელი მიდრეკილებით... „სტავლა, სტავლა და სტავლა“ -   ქალბატონი ლიანასთვის  დევიზიც გახლავთ და ცხოვრების კრედოც... მკაცრად აკონტროლებს ბადრიას ქალიშვილის, არაჩვეულებრივად ნიჭიერი, თბილი და ხალასი, 12 წლის აზას მეცადინეობას და წიგნების კითხვის დონეს.

სტუმრის  კულტი ამ ოჯახის ყველაზე გამორჩეული თვისებაა.

თუმცა მეტ-ნაკლებად ყველა გურულს ეს თვისება  ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. პირველი შეკითხვა, რომელსაც  გურიაში ჩასულ სტუმარს უსვამენ, გახლავთ  - „ჩამოიიი, როის მიხვალ?“ მაგრამ ამ შეკითხვით უფრო მეტად იმას აზუსტებენ, რამდენ ხანს დარჩები და არა იმას,  როდის წახვალ.

გურიაში სტუმრებს ზღაპრულ სუფრებს უშლიან, არადა პარადოქსი სწორედ ის არის, რომ  ეს მხარე დიდი გაჭირვებით გამოირჩევა.

ბადრი თავაძე, დარდს გულში იკლავს და მუდამ ხუმრობს, სულ  მხიარულ  გუნებაზეა.

ანეგდოტს ყვება:

„გურულს აყაჩაღებენ.

- დროზე ფული!

გურული მზესუმზირას აძლევს.

- აი რათ გვინდა. დროზე ფული!

- სანამ ფულიანი გამეივლის, თავი შეიქციეთ.“

            ასეა, უჭირთ თუ ულხინთ, მაინც სულ ხუმრობენ გურულები.  ნაღდი გურული იუმორის უკვდავმყოფელი, ნოდარ დუმბაძე წერდა: „ასეა, უჭირთ თუ ულხინთ, მაინც სულ ხუმრობენ გურულები. ნინო კვაჭანტირაძე წერს: „სულ ხუმრობენ გურულები, რადგან გენეტიკურად ასე არიან მოწყობილები. ხუმრობენ ყველგან და ყოველთვის - ლხინშიც და ჭირშიც. ხუმრობენ საკუთარ თავზე, ხან ისე, რომ არც კი იციან. ამოთქვეს და მორჩა.“(წიგნიდან: „ფეისბუქ-ექსპედიცია „საკრიმანჭულოში“.)

ბადრია თავაძე  შესანიშნავი მეურნე და კარგი მონადირეა. ამოიცმევს მამა-პაპისეულ „ვალინკებს“ და გურგულაი  (გრგვინვა, ქუხილი) ამინდშიც კი  ჩვეული სიდინჯით გაუყვება ტყის გზას. ასევე ჩინებული  „ტოლიბაში“ (თამადა) გახლავთ. 

მის  სამოთხისებურად გამწვანებულ ეზოში უხვად შეხვდებით წინაპრების მიერ დარგულ   ნაცარა ვაშლებს (გურიაში გავრცელებული  სახეობა, რომელიც უგემრიელესია, ასევე, საუცხოოა მისი კომპოტი),  ბუღავაშლებს (დიდი, წითელი ჯიშის ვაშლები), სამოთხის ვაშლებს, რომლისგანაც ჩინებული მურაბა მზადდება, ასევე მსხალყვითელებს  (საადრეო ჯიშის ყვითელი მსხალი), ფრანგულა მსხლებს,  პირის გასასოლებელ კორკიმელებს (ქლიავები), ტყემლებს, თეთრ ბალს   (რომლისგანაც  უგემრიელესი მურაბა კეთდება.  მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, მატლები  ჰყავდა ამ ბალს,   უფრო  კურკას ამოჰყვებოდა ხოლმე  გამოცლისას,  შემდეგ წყალში გაჩერებისას, ადუღებისა  და  ბოლოს მოპეტმეზების  (ქაფის მოცლის) დროსაც).

და,  რა თქმა უნდა,  ვაზს, რომლისგანაც ჩინებული  ცოლიკაურის  ღვინო დგება. ამ ღვინოთი უმასპინძლდება  სტუმრებს ბადრიე თავაძე   და სვამს თავისი ქვეყნის  და მისი  უკეთესი მომავლის სადღეგრძელოს, რომელშიც თავად ჩაიხატება სიყვარულითა და სინათლით სავსე თვალებით,  კეთილი გულითა და სიბრძნით. შესაფერის სიტყვაში მარჯვედ გაახვევს ყველა სადღეგრძელებელი და ძვირფასი მოვლენისა თუ საგნის  სიყვარულს,  დროს გამოგლეჯს და მარადისობას გადაულოცავს საპატრონოდ და მოსაფრთხილებლად.

ამ ოჯახში კატაც კი დიდ პატივში ჰყავთ   და  თავმომწონედ, კუდ და ცხვირაბზეკილი დაიარება. ღუმელთან არხეინად გამოჭიმულა, იზმორება  და  ნებივრობს,  ლავროსიე ჰქვია... თავისი თავი არ აკმარა და ცინტალიც მოუყვანა სარჩენად ოჯახის წევრებს, რომელთაც, რა თქმა უნდა, დიდსულოვნად მიიღეს თავიანთ გუნდში. ამ ოჯახში კატას არ ახსოვს, რომ კატაა და ძაღლსაც არ ახსოვს რომ ძაღლიაო, ხუმრობს აზა... და თავს დაჰკანკალებს თეთრულვაშა კატის კნუტს... „ერთი პუწკი არ ჩუუდვია დღეს პირშიო“, - ესაა მისი მთავარი საწუხარი. კატაზე კი ოჯახის წევრებს საყვედურობს: „რაფერ მუაშივეთ ასე აი ლავროსიე, ყველს რომ ასე იბლუყნებაო (უშნოდ, ხარბად ილუკმება)“. არ გეგონოთ, ბიც (გაციებულ, გამაგრებულ), გაწივებულ (გამხმარ)  პურს აკადრებდეს ვინმე ამ ოჯახში, ან ძაღლს ან კატას...

მით უმეტეს დიასახლისი... საოცრად სტუმართმოყვარე და ენერგიული დიასახლისი, ქალბატონი მაია ბერიძე. „ერთ სულ და ერთ ხორც“ ამ წყვილზეა ნათქვამი. ცოლ-ქმარი არათუ ერთმანეთს ჰგვანან, არამედ ერთმანეთს ასწრებენ და ეჯიბრებიან კიდეც სტუმართმოყვარეობაში.

გაზაფხულზე, როცა ვესტუმრე, ვერცხლისწყალივით დატრიალდა და

მიუხედავად იმისა, რომ სუფრა სავსე იყო და დამშვენებული ნაირ-ნაირი, დიდებული სანოვაგით, გაქანდა და  სარდაფში დაუწყო ბუჯგური (გამალებული ძებნა) გურულ დელიკატესს -  ძიგურაის,  რომელსაც შავ კეჟერასაც უძახიან გურიაში,  იგივე ხვიტს (ბოლქვი). „რაცხა გინა იი დუუძახე, კაი კია და“ - ამბობენ გურულები. უწინ დაცინვით იტყოდნენ ხოლმე: „შე ეკალაზე გაზრდილოო“, არადა ეკალა დელიკატესია.  მცენარის ეს სახეობა  გზის პირებში იზრდება, მისი მხოლოდ ნორჩი ყლორტები ვარგა, რომლებიც გაზაფხულზე ამოდის და  კრეფენ.  ბურძგატებიანი (ეკლიანი)  მცენარეა და   ბავშვობისას მეც რამდენჯერ დამიკაწრავს ხელები მისი მოკრეფისას, მერე გათლიან  და  დებენ დიდ ჭურში,  დაჯორგავენ ქვით (ან რაიმე სხვა მძიმე საგნით) ზევიდან, დაასხამენ მარილწყალს და მოუხუფავენ თავს; გაზაფხულზე ხსნიან. გაზაფხულის პირველ კერძად ითვლება.

 

წარნაქაი (მჟავე) კეჟერას ფხალი ყველანაირად კეთდება: თანთელაი  (საღი, მთელი) ნიგოზში, თხილში. ძმართან ერთად, სუნელებში კაზმავენ, ასევე მწვანილებსაც უშვრება ზოგი. ის კი არა და შაშტრამიც (რეჰანი) ქე უხდება. გულღმა (ღრმა) თეფშით მორთმეული, გაფიცხინებულ ჭადთან უგემრიელესი საჭმელია, თანაც ალაო  (უხვავო,  უბარაქო,  არანოყიერი) კერძი არ გეგონოთ...  მართლაც, რომელი „მაკდონალდსისა“ და სხვა ევროპული თუ ამერიკული „ბრენდების“'' მენიუ შეედრება  ქართული,  თუნდაც, გურული სუფრის ხიბლსა და ლაზათს?

ან კიდევ... თავაძეების  ბახჩაში დაკრეფილ მწვანილეულობს რა სჯობს?

გულმოდგინე დიასახლისს რუდუნებით დაურგავს ბახჩაში სხვადასხვა სახეობის მხალეულობა: კატაპრასა (მინდვრის პრასა), მჟავა-მჟავა  (მჟაუნა), ჯინჯოუა  (მხლად სახმარი მცენარე). გურიაში გავრცელებულია აგრეთვე სხვა სახეობებიც:  პრასა-პრასა  (ტყის მხალი, პრასის მსგავსი), სექილონჯაი  (ტყის მხალეული მცენარე), ხოხბისმკერდაი  (ტყიური ბალახი, მხლად ხმარობენ).

აგრეთვე  სოკოს  სახეობები:  სოკოკვერცხა  (ნიყვი, საჭმელი სოკო, რომელსაც  ყველა სოკოს ამჯობინებენ), სოკომჭადა  (სოკო, რომელიც უმადაც იჭმება), სოკოპირპილაი  (ერთგვარი სოკო, რომელიც უმი მწარეა, შემწვარი კი - ძალიან გემრიელი).

თავაძეების ბახჩაში ასევე უხვად არის წარმოდგენილი ხაპერა (გოგრა), რომელსაც აქვს როგორც სქელი, ასევე თხელი, ცელოფანივით კანი, ქერქიანადაც იჭმევა. დიასახლისი დაფჩხილავს ხაპს, ფრჩხილს ჩაარჭობს და   სინჯავს, მწიფეა თუ არა. მერე გამოკუჭავს (გამოშიგნავს) და გამოქუთვნის (გულს ამოუღებს) და ღუმელში წვავს.

გურულ დელიკატესად ითვლება ასევე იაფოფხი  (ღომის ფქვილისგან გამომცხვარი, თხელი ხაჭაპურისებრი ნამცხვარი, რომელსაც ზევიდან დაყრილი აქვს დაფეშვილი ნიგოზხახვი). 

ასევე გურული კერძია: ნიგვზით მოტაფული კვერცხი -  დაფეშვილი  ნიგოზი და ათქვეფილი კვერცხი  კეცზე  ცხვება  და ნიგვზიან საწებელში იდება.

გურიაში, ამ საოცარ მხარეში ვერ შეხვდებით უამურ ქალებს (რომელთაც არ სურთ, არ გაამონ), არამედ სწორედაც რომ საამური ქალები ჰყავთ ძირითადად გურულებს.

ამიტომაც იყვნენ და კვლავაც არიან ისინი დაუცხრომელი შთაგონების წყარონი... არაერთი ლექსი მიუძღვნიათ გურული ქალისთვის. ამ მხრივ, არც მაია ბერიძეა გამონაკლისი. ბადრია თავაძემ ასეთი ლექსებით შეამკო  თავისი „ფათერაკებით აღსავსე“ ცხოვრების თანამოსანგრე:

 

„ჩემი ცოლი საშინელი“...

 

გიზომ ძალად შემრთო ცოლი,

ძმამ მომიდო ძმასა ყისტი,

რომ დავრბოდი ჩემს ჭკუაზე,

ახლა ამაცეკვეს ტვისტი.

ცოლი შემხვდა ბრაზიანი,

გოროზი და ძაან მკაცრი,

მიჯავრდება, იმუშავე,

დაგიმთავრდა ტანცი-მანცი.

დილით ბრძანებს, - ყავა მინდა,

შუადღეზე ნაზუქები,

თან მიყვირის, - გეინძერი,

თორემ გამიზულუქდები.

დღე და ღამე მამუშავებს,

ხან ბარით და ხანაც თოხით,

საღამოს კი სახლში მოსულს

ზურგში მხვდება „პოლის ჯოხი“.

ლამის არის შიშით დავდნე,

თვალს არ ეკარება რული.

გეხვეწებით, ამიხსენით,

ამას ჰქვია სიყვარული?

ძალიან რომ გამიჭირდა,

ვახსენე ღმერთის მადლია,

ღმერთმა მოგცეს გამძლეობა,

შე საცოდავო ბადრია.

პ.ს. თქვენ მართალი არ გეგონოთ

ეს სიტყვები ჩემგან თქმული,

ქალი კი არა, ღმერთქალია,

სწორედ მაგით მიდგას სული.

 

ბადრი თავაძე, 2006 წ.

 

მას მერე გამოხდა ხანი და ბადრია თავაძემ, თავის მაიასთან ერთად  ტვისტიც დასცხო,  როკენროლიც მიაყოლა და ტანგოთი დააგვირგვინა...თუმცა დაგვირგვინებამდე ჯერ კიდევ მთელი ცხოვრებაა...

 

„მაიკო ბერაძეს,  ჩემს მეუღლეს“.

 

ორმოცდაათის გამხდარხარ,

 მაგრამ ჩემთვის  ხარ ოცის.

გიცქერ, სურვილი მიჩნდება

მოხვევისა და კოცნის.

საჩუქარი ვერ გიყიდე,

რადგან არ მქონდა ფული.

სამაგიეროდ გაჩუქე

ჩემი სული და გული.

გავზარდოთ  ჩვენი აზუკა,

შევძრათ მთები და ველები,

მრავალ წელს გულში გვიკრავდე

შენი მშრომელი ხელებით.

გვიყვარხარ, მაგრად გვიყვარხარ.

ჩემო ცეცხლო და  ალო.

ას წელს იყავი ამ ქვეყნად,

ჩემო პატარა ქალო.

პ.ს. ქეიფს თუკი გადავყევი,

დამაძალე ბარე ოთხი.

მაინც თუ არ გამოვსწორდი,

დამცხე ზურგზე ბოლოს ჯოხი.

 

წუთით გადავახვიოთ დრო და  დავბრუნდეთ მე-20 საუკუნის დასაწყისში. ვასო ურუშაძეს, რომელიც  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო, ეკუთვნის ბროშურა „გურული სცენები და მონოლოგები“ (1908). გთავაზობთ ნაწყვეტს. გურულის წერილი სატრფოსადმი: „ჩემო სულის კოლოფო „ელცაბედა“, პირველად ყოვლისა გისურვებ ბოშო კარგად ყოფნას და შენს გულთან ჩაკვრას ლეხოურის სასო ღვთის მშობელს და სამასს-სამოცდა ხუთს მიქელ-გაბრიელ მთავარ ანგელოზს ვსთხოვ, აგია შენი კაი! ამას მპირდებოდი, რავარც დამარხვდება ჩემი გული შენი მონატრული იქნებაო? ეხლა გამომკარი ბოშო კვანტი, ეხლა მიქენი ღლონტური! ამას მოველოდი შენგან! იქნება გიწია ნიკოკიეს ქარებმა, მას შემდეგ რაც რომ შენ გაგშორდი გულს წაგა-ძუგი გააქვს, სული მეხუთება, სულ მთლათ დამეკარგა ჭამის მადა – ჩამოვხმი და ჩამოვჭკნი, კაკალი კაცი, ხასიათიც შემეცვალა; გეზელა მიმინოსავეთ ვაცრიალებ თვალებს იქნება სადმე დამეხატოს მეთქი... უწინ რომ გამოვდიოდი პარასკეობაზე ჩემს გულს გაანათლებდა ლანჩხუთის პირბალიშა გოგოები, ეხლა, ეხლა რავარც მორიელ ნაკბენი ისე მაქ გაზიზინებული სახე, დაგძელებული ცხვირი, ჩამოპრაწული თვალები, სულ მთლად წამიხდა ჩემი გუშინდელი ყმაწვილ კაცობა. ბოშო და აგი იყო ჩემი იმედები, ასე მეგონა ცივ ქვაზე დამასახლებს – ადამ და ევასამებრ გამამრავლებს... და აწი რაღაა ჩემი ცხოვრება. ვიღას უნდივარ შენი მოძულებული.

თუ რომ გული საგულეს გაქვს და ჩვენ შორის შავს კატას პირი არ დაუბანია ქათმის ფეხვა საღამომდის მომწერე პასუხი, თვარა შენი გამოჯავრებული წკეპვას მოვადენ სუფსაში და მერე ჩემი ცოდვა შენს კისერზე იყოს..“ მართლაც...„ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში, როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში“.  ასეთი საოცარი ხიბლის მატარებლები იყვნენ და არიან გურული ქალები და დიახაც რომ, ასეთ დიდებულ ლექსებს და წერილებს იმსახურებენ მეტრფეებისგან...

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq