საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ვაზის ლერწის ნაღვერდლის თვისება აქვს ჩვენს სიმღერას - იგი ნელ-ნელა იწვის (გაგურული დღიურები (წერილი მეთოთხმეტე)
ლელა ჩხარტიშვილი
ანზორ ერქომაიშვილი

ქართული სიმღერა

 

"სიმღერა გულისთქმაა, როგორც ცალკე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს", - ამბობდა წმინდა ილია მართალი.

ქართველთა გულისთქმა სიყვარულია, ამიტომაც არის ქართული სიმღერა ასე თბილი და მრავალხმიანი.

ქართველი კაცის სულია ჩაქსოვილი მრავალ საგალობელში, შრომის, საბრძოლო თუ საქორწინო სიმღერაში. ერის სარკეა "მრავალჟამიერი", "ურმული", "ნადური", "ლილეო", "ოროველა", "ჩელა", "ძაბრა", "ოდოია"... სიმღერაში, როგორც "ქართლის ცხოვრებაში", ისე იკითხება ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ათასწლეულებს ითვლის საგუნდო საშემსრულებლო მუსიკალური კულტურის ტრადიცია.

გთავაზობთ სხვადასხვა დროს ჟურნალ კარიბჭეშიგამოქვეყნებულ ინტერვიუებს ქართული სასიმღერო ხელოვნების წარმომადგენლებთან.

 

 

ჩვენი გვარი სამასი წელია მღერის

 

01.06.2007

 

თუ გინდა, სიმღერა შეინახო და გადაარჩინო, იგი ბავშვებს უნდა ასწავლო!

გვესაუბრება ქართული ხალხური სიმღერის დიდი მოჭირნახულე, ლოტბარი და ფოლკლორისტი ბატონი ანზორ ერქომაიშვილი.

 

- ბატონო ანზორ, ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახში ხართ აღზრდილი. თქვენი ბაბუა, არტემ ერქომაიშვილი დღემდე ითვლება გურული სიმღერებისა და საგალობლების ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ და უბადლო შემსრულებლად. მის შესახებ წიგნიც გაქვთ დაწერილი ("ჩემი ბაბუა"). გთხოვთ გაიხსენოთ ბავშვობა, როცა სიმღერა დაიწყეთ, პირველად გამოხვედით სცენაზე. გვიამბეთ თქვენს წინაპრებზეც...

- ჩვენი გვარი 300 წელია მღერის. მე მახსოვს ჩემი დიდი წინაპარი გიგო ერქომაიშვილი - ბაბუის მამა. 107 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. ახლაც თვალწინ მიდგას საოცრად კეთილი თეთრწვერა მოხუცი. სიყვარულით დამისვამდა მუხლზე და სიმღერას მასწავლიდა.

ბათუმში დავიბადე. მაშინ ბაბუა ბათუმში მუშაობდა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. შემდეგ ოზურგეთში გადმოვედით საცხოვრებლად. სრულიად პატარა ვიყავი, ბაბუამ რომ გამომიყვანა სცენაზე. ტაში რომ დაუკრეს, გამიკვირდა. ამ სიმღერებს ხომ ყოველთვის ვმღერი შინ-მეთქი. 7 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ბავშვთა ოლიმპიადაზე გამომიყვანეს. სკამზე დამაყენეს და კრიმანჭული ვიმღერე. დღემდე მომყვება ის შთაბეჭდილება - დარბაზი გაკაშკაშებული იყო. თვალებში მანათებდა შუქი. სიმღერა რომ დავამთავრე, ტაშით დაიქცა იქაურობა. დიდი მაჯის საათითაც დამაჯილდოვეს. იმხელა იყო, რომ ვერ ვიკეთებდი. ეს პირველი ომისშემდგომი საბჭოთა საათები იყო. ჩვენს ოჯახში მოდიოდნენ სასიძოები და ჩემს საათს თხოულობდნენ (მაშინ საათი იშვიათობა იყო).

ბაბუა მზრდიდა. მასწავლიდა წერა-კითხვას. ჩვენი ოჯახი ერთი დიდი გუნდი იყო, სადაც არაჩვეულებრივად მღეროდნენ ბაბუას შვილები, შვილიშვილები, ძმები, ძმიშვილები... გამოდიოდნენ კონცერტებზე. შვიდწლედი ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში დავამთავრე. საშუალო სკოლა - ოზურგეთში. ბაბუას დაჟინებული თხოვნით, ჯერ მუსიკალურ ტექნიკუმში, შემდეგ კი კონსერვატორიაში განვაგრძე სწავლა. სტუდენტობაში ბაბუასგან დავიწყე სიმღერების ჩაწერა. ახლახან გამოვიდა მაშინ ჩაწერილი ბაბუას 100 სიმღერისა და საგალობლის კრებული. ბაბუამ გაიარა მგალობელთა სკოლა (ე.წ. შემოქმედის სკოლა) და 2000-ზე მეტი საგალობელი შეისწავლა უდიდესი მომღერლების - ანტონ და დავით დუმბაძეების, მელქისედეკ ნაკაშიძის, ნესტორ კონტრიძის და სხვათაგან. ბაბუა წლების განმავლობაში მუშაობდა მარტვილში, სადაც გალობდა ცნობილი მგალობელი, მაშინ უკვე ღრმად მოხუცი დიტო ჭალაკანიძე. შემდეგ ცოტა ხანს ოზურგეთში იმუშავა, იქიდან გადაიყვანეს ბათუმში, სადაც 25 წელი დაჰყო და უდიდესი კვალი დააჩნია ბათუმის მუსიკალურ შემოქმედებას.

კონსერვატორიაში სწავლისას ვმღეროდი სტუდენტურ ანსამბლ "გორდელაში", რომელიც ჩვენ შევქმენით. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ (1968 წელს) ჩამოვაყალიბე ანსამბლი "რუსთავი", რომელსაც დღემდე ვხელმძღვანელობ. 70-იანი წლების ბოლოს კი - "მართვე", რომელიც იყო ერთგვარი "დაპირისპირება" საესტრადო მუსიკის მიმართ. "მართვემ" ქართველი ბავშვები და ახალგაზრდობა ხალხური სიმღერისკენ შემოაბრუნა. დღეს თუ ბევრი ახალგაზრდა სათავეში უდგას გუნდებს, ხალხურ შემოქმედებას, ეს "მართვეს" უდიდესი დამსახურებაა, რადგანაც ამ ახალგაზრდების უმეტესობა სწორედ "მართვეს" აღზრდილია.

- საბჭოთა პერიოდში, ათეისტური იდეოლოგიის გამო, ნაკლებად პოპულარული იყო საგალობლები, მაგრამ თქვენს მიერ ჩამოყალიბებული ანსამბლები მაინც ასრულებდნენ ძველ ქართულ საგალობლებს. როგორ ახერხებდით ამას?

- მახსოვს, ბევრი საყვედურიც მივიღეთ ამის გამო, მაგრამ ჩვენ გვერდში გვედგა არაჩვეულებრივი პიროვნება და კომპოზიტორი ბატონი ოთარ თაქთაქიშვილი, მაშინდელი კულტურის მინისტრი. იგი იცავდა ძველ ტრადიციებს და ბევრი რამ გააკეთა ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების აღდგენა-პოპულარობისთვის.

საბჭოთა პერიოდში ძირითადად საბჭოური იდეოლოგიისთვის მისაღები სიმღერები უნდა გვემღერა. მაშინდელი გამოცდილი ლოტბარები ამას ოსტატურად იყენებდნენ. კონცერტის დასაწყისში სრულდებოდა სიმღერები ლენინზე, პარტიაზე, მთავრობაზე... შემდეგ კი, რაც გინდოდა, ის გემღერა. ასე რომ, "მოვიხდიდით ვალს" და შემდეგ ვასრულებდით ძველ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს.

- ქართული ხალხური სიმღერა უნიკალური ფენომენია მსოფლიოს მუსიკალურ ფოლკლორში. უცხოელებს აოცებთ მისი იშვიათი პოლიფონია. ცდილობენ გაიგონ, რა არის ამ უნიკალური ფენომენის არსი და ძალა...

- ექვსი წელი ვმუშაობდი იუნესკოში, სადაც კომისიის წევრი გახლდით. აქ მოჰქონდათ ათასობით პროექტი. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკალურ შემოქმედებას განვიხილავდით და ვაძლევდით შეფასებას. ქართული ხალხური სიმღერა 2001 წლის 18 მაისს იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა მსოფლიოს სულიერი საგანძურის შედევრად. ეს იყო მართლაც უდიდესი მოვლენა ქართული სიმღერის ისტორიაში. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ აღიარების მომსწრე გავხდი.

ქართულ სიმღერას არაჩვეულებრივი თვისებები აქვს: ჯერ ერთი, მრავალხმიანობა, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნების ფოლკლორში ასე გამოხატული არ არის. უცხოელებს განაცვიფრებს ის, რომ ქართული სიმღერა მეტად მრავალფეროვანია. კუთხეების მუსიკალური შემოქმედება განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აერთიანებს ერთი საერთო ნიშანი - მრავალხმიანობა და საოცარი სიმდიდრე და სირთულე.

- ქართული ხალხური სიმღერები საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირი სახით. როგორ ხდებოდა დაფიქსირება ამ სიმღერებისა?

- ქართულ ხალხურ სიმღერას პირველად ოჯახებში სწავლობდნენ მომღერლები და გადასცემდნენ თაობიდან თაობას. ჩვენთან სიმღერების (ხმის) დაფიქსირება დაიწყო 1901 წელს, როცა ლონდონის სააქციონერო საზოგადოება "გრამოფონი" შემოვიდა საქართველოში და დაიწყო სიმღერების ჩაწერა. ისინი გრამოფონებს ყიდდნენ, პოპულარული მომღერლებისაგან იწერდნენ სიმღერებს, რომლებსაც ფირფიტების სახით გამოსცემდნენ და ფირფიტებთან ერთად ყიდდნენ გრამოფონს. ეს ჩამწერი სტუდია მდებარეობდა სასტუმრო "ორიენტში". აქვე იყო ფირფიტებისა და გრამოფონების მაღაზია. ამ სტუდიაში რამდენიმე ასეული სიმღერა ჩაიწერა, რომლებიც წლების შემდეგ მოვიკვლიე და მოვიძიე ოჯახებში. ეს ფირფიტები მოსკოვში აღვადგინეთ. ახლა ვამუშავებ კატალოგს, სადაც დაფიქსირებულია უცხოეთის არქივებში შემონახული ჩვენი სიმღერები. ვაპირებ 1901-1914 წლების უნიკალური სიმღერების კრებულის გამოშვებას. თითქმის 35 წელია ამაზე ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში მრავალი სიმღერა და ჩანაწერი მოვიძიეთ და აღადგინა "რუსთავმა". მათ დღეს უკვე ბევრი ანსამბლი მღერის. სიმღერის უკვდავება სწორედ ის არის, რომ ის, რაც ზეპირი სახით თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ახლაც გრძელდება.

ფირფიტებზე აღმოჩნდა ხუთასზე მეტი ტრადიციული სიმღერის ჩანაწერი, რაც პრაქტიკულად უკვე აღდგენილია და უცხო ვარიანტებს მღერიან. საოცარია მაშინდელი მომღერლების შესრულების მაღალი ხარისხი. იშვიათი ხმები აქვთ. ეტყობა, ძვალსა და რბილში ჰქონდათ გ

რობერტ გოგოლაშვილი (ზედა რიგში, მარჯვნიდან მეორე)
ამჯდარი სიმღერა. დიდი ოსტატობით მღერიან: დედას ლევანა ქართლ-კახეთიდან (ლევან ასაბაშვილი) და მისი ანსამბლი, სანდრო კავსაძე, მიხეილ კავსაძე, ილია კარგარეთელის გუნდი, აპოლონ ცამციშვილი, სამუელ ჩავლეიშვილის, გიგო ერქომაიშვილის გუნდები. 1907 წელს მის გუნდს ჩაუწერია 50-მდე გურული სიმღერა. ასევე ჩაწერილია ვანო სარაჯიშვილის, იოსებ ტომაშევიჩის ნამღერი ქალაქური სიმღერები. ჩაწერილია ფილიმონ ქორიძის ხმა, რომელიც საფრანგეთში აღმოვაჩინეთ; ნატო გაბუნიას ხმა და ა.შ. ბევრი ჩანაწერი გამოიცა და ბევრიც გამოიცემა დისკების სახით.

- საქართველოში ეკლესიური ცხოვრების გამოცოცხლების კვალდაკვალ აღდგა და აღორძინდა ტრადიციული ქართული გალობაც, რისი ერთ-ერთი დასტურია წმინდა სამების ტაძართან სამგალობლო სასწავლებლის გახსნა, სადაც თქვენც მოღვაწეობთ...

- ეს სასწავლებელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით გაიხსნა და მგალობლებსა და ლოტბარებს აღზრდის. დიდი მადლობა ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ სასწავლებლის გახსნას და პატრიარქის ფონდთან ერთად უდიდესი დახმარება გაგვიწია. სხვათა შორის, მანვე გახსნა კრიმანჭულის სკოლა გურიაში. ქართველი ხალხის ეკლესიისკენ შემობრუნება უდიდეს მოვლენად და ჩვენი პატრიარქის დამსახურებად მიმაჩნია. ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. ღმერთმა იგი ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს მოგვივლინა.

სამგალობლო სასწავლებელში ოთხწლიანი სწავლებაა. კონკურსი საკმაოდ დიდია. ჯერჯერობით ვაჟებს ვიღებთ, რადგან ტრადიციულად ლოტბარები და მგალობლები ადრე ვაჟები იყვნენ (მომავალში, ალბათ, გოგონებსაც მივიღებთ). აქ მოდიან მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები. სწავლობენ გალობას, ხალხურ სიმღერებს. მათ ასწავლიან გამოჩენილი მგალობლები და აღიარებული სპეციალისტები: მალხაზ ერქვანიძე, დათო შუღლიაშვილი, მაგდა სუხიაშვილი... მათ შორის - მეც. ჩვენი რექტორი გახლავთ თვითონ უწმინდესი, ჩვენი განყოფილების უფროსი კი - მამადავითის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ბასილ კიკვაძე.

ვფიქრობ, ეს უმაღლესი სასწავლებელი იქნება ნამდვილი სამჭედლო ოსტატებისა, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანენ ქართველი ხალხის სულიერი აღორძინების საქმეში.

- "მართვეზე" უკვე ისაუბრეთ. ამ ანსამბლიდან მოდის დევიზი: თუ გინდა, სიმღერა შეინახო და გადაარჩინო, იგი ბავშვებს უნდა ასწავლო! რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების შესწავლას ბავშვის სულის ფორმირებაში?

- "მართვემ" დიდი გარდატეხა მოახდინა ქართველი ახალგაზრდობის ცნობიერებაში. "მართვესთან" ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა ანსამბლები, პატარა "მართვეები", რომელთა აღზრდილები დღემდე მოღვაწეობენ. ათასობით ბავშვი ეზიარა სიმღერის ხელოვნებას და ამან მათ ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ბავშვი, რომელიც კარგად მღერის, ცუდი კაცი არასოდეს გახდება. ქართულ ხალხურ საგანძურთან ზიარება ჩვენს ახალგაზრდობას იცავს უცხოეთიდან შემოსული უამრავი ფსევდო და მდარე ხარისხის მუსიკისგან. დაუკვირდით, რამდენი ფესტივალი იმართება, რამდენი ანსამბლია საქართველოში დღეს. სულ ახალგაზრდები მღერიან. ისინი თავიანთი ზნეობითა და სულიერებით მისაბაძნი და სამაგალითონი უნდა იყვნენ ყველასთვის. თუ ყველა პროფესიონალი მუსიკოსი არ გამოვა, კარგი ოჯახიშვილები მაინც იქნებიან და შთამომავლობას ქართული სულისკვეთებით აღზრდიან. ეს უთუოდ უდიდეს წვლილს შეიტანს ქართული ოჯახების აღზრდა-განმტკიცების საქმეში.

- კონცერტებსა თუ ფესტივალებში ხშირად მონაწილეობენ მუსიკალური ოჯახები, რასაც ალბათ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენისთვის?

- შარშან საქართველოში ჩატარდა ფესტივალი ბატონ ჯემალ ჭკუასელის თაოსნობით, რომელშიც ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ გამოჩენილი ფოლკლორისტები: ომარ სიხარულიძე, თემურ ქევხიშვილი... ეს ფესტივალი ჩაატარა "თიბისი" ბანკმა ბატონ მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით და "ბორჯომის" გაერთიანებამ. ძალიან დიდი მოვლენაა ოჯახური ტრადიციების სცენაზე გამოტანა. რეგიონებიდან შეირჩა საუკეთესო მომღერალი ოჯახები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ეს ტრადიცია გაგრძელდება, რაც დიდ მოვლენად მიმაჩნია ერის სულიერი აღორძინების საქმეში.

- ქველმოქმედი ადამიანების თანადგომით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა ქართული ხალხური მუსიკის სფეროში, მრავალი კრებულიც გამოიცა. ამჟამად რისთვის ემზადებით?

- ბატონი გოდერძი ბუკიას მიერ ორგანიზებულ ფესტივალს, რომელსაც ჰქვია "სიმღერა სამეგრელოზე", წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბევრმა ანსამბლმა და მომღერალმა მიიღო ამ ფესტივალში მონაწილეობა. გარდა ამისა, გამოიცა მეგრული სიმღერების ოთხი ტომი, რომელშიც შეტანილია მონოგრაფიები მეგრელი მომღერლებისა და ლოტბარების შესახებ. ასევე გამოვიდა მეგრული სიმღერების სანოტო კრებულის სამი ტომი; დისკები, რომლებზეც ჩაწერილია მეგრული სიმღერების ცალ-ცალკე ხმები. წელს აღინიშნება მსოფლიოში აღიარებული მომღერლის ზურაბ სოტკილავას 70 წლის იუბილე. ამ იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდება ხობში. ამისთვისაც ვემზადებით.

გამოდის საოპერო მუსიკის სამი დიდი ფუძემდებლის: ვანო სარაჯიშვილის, ფილიმონ ქორიძისა და იოსებ ტომაშევიჩის დისკი. მე მოვუწოდებდი ყველას, ვისაც ხელეწიფება, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა კუთხის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და დაცვაში.

- ასეთი საქმის კეთება დიდ სიყვარულსა და ძალისხმევას მოითხოვს...

- ვაკეთებ იმას, რაც ჩემი სულის მოთხოვნილებაა. ამაში ხელს მიწყობენ მეგობრები, ვგრძნობ უწმინდესის მხარდაჭერას, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც. ყველაფერს, თუკი რამე ღირებულია ჩემს მუშაობაში, ღვთის ძალას მივაწერ. მისი ნებაა, რომ ეს საქმე კეთდება, რადგანაც ქართული სიმღერა და საგალობელი ღირსია გადარჩენისა, რათა აღორძინდეს და პოპულარული გახდეს მთელ მსოფლიოში.

 

 

04.05.2007

 

"ისე ამაღელვა ამ მუსიკამ, ტაშის დაკვრა ვერ გავბედე, რადგან ლოცვა მომინდა"

 

ვაზის ლერწის ნაღვერდლის თვისება აქვს ჩვენს სიმღერას - იგი ნელ-ნელა იწვის

 

ქართული სასიმღერო ფოლკლორის დაცვასა და აღორძინებას ემსახურება ისეთი მაღალპროფესიონალური ანსამბლი, როგორიცაა "თბილისი". 27 წელიწადია, მას სათავეში უდგას ქართული სიმღერის დიდი მოჭირნახულე, ნიჭიერი ლოტბარი და უზადო მომღერალი, ბატონი რობერტ გოგოლაშვილი. ბატონი რობერტი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ანსამბლებს: "ფაზისს", "ქართულ ხმებს", სადაც მღეროდნენ გია ჭირაქაძე, ზაურ ბოლქვაძე, აწ განსვენებული გოგი დოლიძე და ნუგზარ აფხაიძე... ბატონი რობერტი წინაპართა მემკვიდრეობას ამჟამად მის მიერ დაარსებულ ანსამბლ "სავანეს" გადასცემს. ეს ყმაწვილები ოსტატურად ასრულებენ წინაპართა სიმღერებს.

 

- ბატონო რობერტ, არაერთი თაობა აღზარდეთ. გვიამბეთ მათზე.

- 1976 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი "ფაზისი". ახალგაზრდა მეცნიერები ჩვენი ერის სულიერი საგანძურის შესწავლით იყვნენ დაინტერესებულნი. გასამრჯელოს არ იღებდნენ, არც გასტროლებზე სიარული იყო მათი მიზანი. სიმღერა დიდ ბედნიერებას ანიჭებდათ. აკადემიის მაშინდელი პრეზიდენტი, ბატონი ილია ვეკუა ხშირად გვესწრებოდა რეპეტიციებზე.

ხალხური შემოქმედების მდგომარეობა, მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში მაინცდამაინც სახარბიელო არ იყო. მახსოვს, 1978 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დაცვის დღეს, "დედაენის" ძეგლთან ჩავატარეთ ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის კონცერტი. ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა: - ნუთუ იმ ენას ართმევენ ამ ხალხს, რა ენაზეც ეს ბიჭები მღერიანო?! ეს შემთხვევითი არ ყოფილა. საქართველოს საუკუნეობით ეპატრონებოდნენ დამპყრობთა ურდოები, მაგრამ ჩვენს ხალხურ სიმღერას ვერაფერი დააკლეს. ყველა ეპოქაში გამოჩნდებოდა ხოლმე ისეთი მფარველი და პატრონი, როგორც იოანე-ზოსიმე გამოუჩნდა ჩვენს ენას...

1980 წელს შეიქმნა სახელმწიფო ანსამბლი. მას "თბილისი" საარბრუკენის მერმა დაარქვა. მას შემდეგ ამ ანსამბლის ხელმძღვანელი ვარ. უკვე 4000-მდე კონცერტი გვაქვს ჩატარებული საქართველოში და საზღვარგარეთ. პირველი თაობიდან ოთხი მომღერალიღა შემოგვრჩა. პარალელურად ვხელმძღვანელობ ანსამბლ "სავანეს". განზრახული გვაქვს შუბერტის ნაწარმოებების აჟღერება ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენებით. ვნახოთ, რა გამოგვივა.

- ნამდვილად მისაბაძი და მისასალმებელია ასეთი ანსამბლების მომრავლება. მით უმეტეს, დღეს, როდესაც მასობრივი კულტურის მოძალების ფონზე ქვეითდება ჭეშმარიტი კულტურული ღირებულებები.

- ქართული სიმღერის აყვავება-აღორძინებას დიდად უწყობს ხელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ერის სულიერი საგანძურის მოვლა-პატრონობა საუკეთესო საშუალებაა მომავალი თაობის პატრიოტული და ესთეტიკური აღზრდისათვის. რაც უფრო მეტი ასეთი ანსამბლი გვეყოლება, უკეთესია, რადგან უკვდავია ხალხი, რომელიც თავის მრავალსაუკუნოვან მდიდარ ფოლკლორულ შემოქმედებას არ ივიწყებს, მ

დავით კერესელიძე
ოწიწებით ეპყრობა ერის სულის გადამრჩენელ და უკვდავმყოფელ წინაპართა ქმნილებებს.

ხალხის ხსოვნაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი უამრავი სიმღერა. საჭიროა მათი ნოტებზე გადატანა, რათა არ დაიკარგოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამას სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

- საუკუნეთა მანძილზე სიხარულზე მეტი მწუხარება გვქონია, მაგრამ ჩვენი შემოქმედებითი ნიჭი არასოდეს განელებულა...

- ნათქვამია: სიმღერა ყველა ტკივილს აქარვებსო. "სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება კუმშავს და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა", - ამბობდა ილია. სიმღერა ცრემლია და საქართველოს ვაჟკაცური ისტორიაც ასეთი ცრემლია.

ხალხურ შემოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ისტორიის შესწავლისათვის. სიმღერაში გადმოცემულია ჩვენი წინაპრების შეხედულება სიკეთეზე, ბოროტებაზე, მფარველ ძალებზე. ქართულ სიმღერაში გამოხატულია საოცრად ნაზი, უღრმესი სევდა (თვით ომახიან სიმღერებშიც კი) - ქართველი კაცი არასოდეს ყოფილა დალხენილი. ქეიფობდა თუ შრომობდა, მაინც მტერზე ფიქრობდა და ღმერთზე ლოცულობდა. სიმღერებში ასახულია უსამართლობასთან მებრძოლი ხალხის ამაღლებული მისწრაფებები და გულისთქმები, სიცოცხლის სიყვარული და წუთისოფლის წარმავლობით გამოწვეული ტკივილი...

სანამ ამა თუ იმ სიმღერას შევასწავლიდე ჩემს ბიჭებს, ჯერ ვაცნობ მათი შექმნის ისტორიას. ეს მათ უქმნით ამ სიმღერის შესაფერის განწყობას და ბგერაც უფრო თამამად, ძალდაუტანებლად მოდის. ასე ცოცხლდება წარსული. 1988 წელს ვანში ჩავწერე არაერთი ძველი სიმღერა, რომლებიც ჯერჯერობით აჟღერებული არ არის. ვცდილობ, ეს სიმღერები ვასწავლო ბიჭებს და გავამდიდრო ჩვენი რეპერტუარი.

- ბატონო რობერტ, თქვენ იცნობდით გასული საუკუნის დიდებულ მომღერლებს - ჰამლეტ გონაშვილს და გოგი დოლიძეს. რას იტყოდით მათზე?

- ჰამლეტ გონაშვილი უნიკალური მოვლენა იყო. ჩვეულებრივი სიტყვებით ვერ აიხსნება მისი ბგერის საიდუმლო. მის ხმაში ირეკლებოდა მშობლიური მიწის სურნელება და მზის სითბო. ჰამლეტ გონაშვილისა და გოგი დოლიძისნაირებს ღმერთი იშვიათად მოუვლენს ხოლმე ერს. მათში გამოვლინდა ქართულ გენში ჩაწურული სულიერი ენერგია, ღირსება, მშვენიერება.

მახსოვს გოგი დოლიძის "ფაზისში" მოსვლა. მეორე ხმას ვეძებდით. ჩემმა მეგობარმა, თემურ ჭკუასელმა შემომთავაზა გოგის კანდიდატურა (მაშინ ის არც ერთ ანსამბლში არ მღეროდა). ოჯახში ვეწვიეთ. გოგიმ დედ-მამასთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა. აღფრთოვანებული დავრჩი მათი ნამღერით. ანსამბლში მივიწვიეთ. ჩვენი რეპერტუარიდან ბევრი სიმღერა არ იცოდა, მაგრამ თავდაუზოგავი შრომით ერთ თვეში საოცარ წარმატებებს მიაღწია. გოგი იყო არაერთი კომპოზიტორის შთაგონების წყარო. მან მთელი ცხოვრების მანძილზე წრფელი გულითა და რომანტიკული გატაცებით ატარა ქართული სიმღერის ჰანგი. მის ხმას არასოდეს ბზარი არ გასჩენია, სიყალბე არ შეპარვია.

- საგასტროლო მოგზაურობებიდან განსაკუთრებით რომელი დაგამახსოვრდათ?

- შვედეთში ვიყავით. კონცერტზე მოიწვიეს იმ დროის ყველაზე პოპულარული ანსამბლის, "აბბას" ხელმძღვანელი ბენი ანდერსონი - დიდად დაფასებული კაცი გახლდათ. როდესაც ნიკო სულხანიშვილის ქორალი "ღმერთო, ღმერთო" შევასრულეთ, ბენი ანდერსონი ფეხზე წამოდგა და ხელები აღაპყრო. მოგვიანებით გვითხრა: "ისე ამაღელვა ამ მუსიკამ, ტაშის დაკვრა ვერ გავბედე, რადგან ლოცვა მომინდაო". გრანდიოზულ წარმატებას მიაღწია ანსამბლმა. ბენი ანდერსონს გაგონილი ჰქონდა სტრავინსკისეული შეფასება ქართული ხალხური სიმღერებისა, - ეს სიმღერები ადრე რომ მომესმინა, ჩემს შემოქმედებას სულ სხვანაირად წავიყვანდიო. ბენი ანდერსონმა კი თქვა: - მე რომ მომესმინა ეს სიმღერები, საერთოდ აღარ გავეკარებოდი მუსიკასო. მერე დისკიც ჩაგვაწერინა თავის სტუდიაში, რომელიც თურმე იმდენად პრესტიჟული ყოფილა, რომ მსოფლიოს ცნობილი კომპოზიტორებიც კი ვერ ახერხებდნენ თავიანთი სიმღერების აქ ჩაწერას. სხვა ქვეყნებშიც უამრავი დისკი ჩავწერეთ, რომელიც ყველგან მაშინვე იყიდებოდა.

- ქართულ გალობას რამდენად უთმობთ ყურადღებას?

- ქართული მრავალხმიანი გალობა ჩვენი ერის სულიერი და მუსიკალური კულტურის მაღალგანვითარებულობას ადასტურებს. გალობას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. სიმღერა გალობიდან იწყება. თუ კარგად გალობს ადამიანი, სიმღერა აღარ გაუჭირდება. ქართულ გალობაში განსხეულებულია ადამიანის ყველაზე მაღალი და ნატიფი გრძნობები, რელიგიური მრწამსი. ეს რომ უზადოდ შეძლო, სუფთა სინდისი და წრფელი გული უნდა გქონდეს.

 - თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ცხადად გიგრძნიათ ღმერთის დახმარება?

- ღმერთის დახმარებას ყოველთვის ვგრძნობდი, მაშინაც კი, როცა კომკავშირელი ვიყავი. ჩუმად მომნათლეს ბავშვობაში.

ბატონი კუკური ჭოხონელიძის თაოსნობით 1978 წელს გავმართეთ კონცერტი ალავერდის ტაძარში, რომელიც მაშინ უმოქმედო იყო. კომპოზიტორები საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან იყვნენ ჩამოსულნი. ძალიან ვღელავდით. გულში ვლოცულობდით, ღმერთს შემწეობას ვთხოვდით. რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიო, თავდაჯერებული მაინც ვერ იქნები, გარდა ამისა, წინასწარ არ იცი, როგორ იმღერებ. ხანდახან ხმაც არ გემორჩილება და შეგრძნება გაქვს იმისა, რომ ღმერთის ხელში ხარ.

ალავერდის ტაძარში რომ ვიგალობეთ, შემდეგ ჩანაწერი მოვისმინეთ. იმ ჩანაწერში ჩვენს ნაგალობევს ჩიტების ჭიკჭიკიც ერთვის. თურმე ისინიც ჩვენთან ერთად მღეროდნენ. უფლის გარეშე ადამიანი ვერაფერს გააკეთებს. ყველა სასიკეთო საქმეში მისი ხელია ჩარეული.

- რა მნიშვნელობა აქვს სიმღერის დროს ჩვენი ეროვნული სამოსის ჩაცმას?

- მომღერალს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის ჩოხა, ქამარ-ხანჯალი. ჯერ ერთი, როცა ჩოხაზე ქამარი გაქვს შემორტყმული, უფრო გამართულიც ხარ წელში. ქართული სიმღერის წარმატების დიდი ნაწილი სამოსის დამსახურებაა. განსაკუთრებით ეს საზღვარგარეთ მოსწონთ. მხნეობა და ვაჟკაცური თვისებები, რაც ოდითგანვე ჩვენს ერს ახასიათებდა, თავს იჩენს ფოლკლორშიც და სამოსშიც. ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის საქართველოს განუმეორებელ კოლორიტს.

- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი კონსერვატორიაში გავიცანით. გვყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი. ჩემი შვილებიც მუსიკოსები არიან. სიძე - დათო მეგრელიძე ანჩისხატის ტაძრის მგალობელია.

- რა არის თქვენი სანუკვარი სურვილი?

- 1975 წლიდან ვმუშაობ და ვცდილობ, ჩვენი წინაპრების მიერ ჩაწერილი ძველი და გაცვეთილი სიმღერების გაშიფვრას, აჟღერებას.

ადამიანი წინ, მომავლისაკენ უნდა მიდიოდეს, მე კი სულ უკან ვიხედები, წარსულისკენ. ჩემი "წინ" იქ არის, წარსულში. ვცდილობ იმ გზის პოვნას, რომელიც სიმღერის ფუძესთან მიმიყვანს, ძველთან დამაბრუნებს. ახლანდელი ბგერა მკვეთრად განსხვავდება ძველი, თუნდაც საუკუნის წინანდელი ბგერისაგან. ახლანდელი ბგერა ცოტა მკვახეა, თითქოს ჟღრიალებს. ძველი კი რბილი იყო და ნარნარი. სხვათა შორის, ეს მეცნიერებმაც დაასაბუთეს: მანქანურმა ცივილიზაციამ, გამონაბოლქვმა ხმის იოგები გააუხეშა. ბგერაც შეიცვალა. ადრე უფრო ჯანსაღი და სუფთა ჰაერი იყო. ამიტომაც იყო მაშინდელი სიმღერა თბილი, დახვეწილი. ჩვენი წინაპრების აზროვნება, ქცევა, ცხოვრებაც სულიერებით იყო აღბეჭდილი. ამიტომაც განსაკუთრებული კრძალვა და სიყვარული იგრძნობა წინაპრების სიმღერაში.

 

ვაზის ლერწის ნაღვერდლის თვისება აქვს ჩვენს სიმღერას - იგი ნელ-ნელა იწვის, ლამის მარად ღვივის. ოღონდ მას ხშირი ჩხრეკა და თვალყურის მიდევნება სჭირდება.

მრავალჟამიერ ენთოს ის ცეცხლი, მრავალჟამიერ ისმოდეს ქართული სიმღერა "საკვირველი და შეურყვნელი"...

 

 

20.03.2008

 

ჩვენს სიმღერებში "ქართლის ცხოვრების" ფურცლები იკითხება

 

გოეთე ამბობდა: "მშვენიერების შეგრძნების გამომუშავება ადამიანებში მხოლოდ მშვენიერი საგნებისა და მაგალითების მეოხებით უნდა ხდებოდეს". საყოველთაოდ ცნობილია, რომ მუსიკალური კულტურის აღორძინება დიდად არის დამოკიდებული სწორ აღზრდაზე. ასეთი აღზრდა კი გულისხმობს აღსაზრდელისთვის როგორც ეროვნული, ასევე მსოფლიო მუსიკალური კულტურის დროულ მიწოდებას. რაოდენ სასიხარულოა, რომ დღეს მომრავლდნენ ეროვნული მუსიკალური შედევრების შემსწავლელთა ანსამბლები, სადაც დიდი ადგილი ეთმობა ქართული საგალობლების შესწავლასაც. "თუკი ჩვენს საგალობლებში იგრძნობა სამშვინველზე კათარზისულად მოქმედი ძალა და სულის დაუცხრომელი სწრაფვა ლაჟვარდებისკენ, ხალხურ სიმღერებში საცნაურყოფ, რომ არა მარტო ლაშქარში, არამედ სუფრაზე, მგზავრობისას თუ ყანაში იარაღს არ იშორებდა მამაცი ქართველი ადამიანი. ცალ ხელში დავითნით, ხოლო მეორეში მახვილით, თავგამოდებული ებრძოდა ქართველი კაცი ბოროტების მოძალებულ წყვდიადს. საქართველოში შორი როდი იყო გზა მხედრობიდან მონასტრისაკენ ან მოწამებრივი სიკვდილისაკენ, პრომეთეს ცეცხლში ნაწრთობი ხალხური სიმღერებიდან - ჰაეროვანი საგალობლებისკენ", - წერდა მერაბ კოსტავა.

სწორედ ქართული მუსიკალური კულტურის წიაღში შობილ ამ უნიკალურ მარგალიტებს ასწავლის ბავშვებს ბიჭუნათა ანსამბლის, "პატარა ერისიონის" ხელმძღვანელი, მომღერალი დავით კერესელიძე.

 

- დათო, როდის და როგორ ჩამოყალიბდა თქვე

გიორგი ბასილაშვილი
ნი ანსამბლი?

- ანსამბლი "პატარა ერისიონი" ჩამოყალიბდა 2002 წელს ბატონი ჯემალ ჭკუასელის ინიციატივით. ბავშვებს ანსამბლში 7 წლის ასაკიდან ვიღებთ. 6-წლიანი მუშაობის მანძილზე არაერთი კონცერტი ჩავატარეთ როგორც საზღვარგარეთ (თურქეთში, ბულგარეთში, ჩეხეთში), ასევე საქართველოში. ვმონაწილეობდით ქობულეთში, ბორჯომში, თბილისში გამართულ ფესტივალებშიც. ქართულ ხალხურ სიმღერებთან ერთად ბავშვებს ინსტრუმენტებზე (ფანდური, სალამური) დაკვრასაც შევასწავლით. თავიდან შედარებით ადვილად შესასრულებელი სიმღერებით დავიწყეთ, მერე ნელ-ნელა რეპერტუარი უფრო გავართულეთ და დავხვეწეთ. დღეს ბავშვები ასრულებენ ისეთ სიმღერებს, როგორიცაა: სვანური "კვირია", გურული "ფერხული", იმერული "ცხენოსნური". ჯერ მარტო ხუთი "მრავალჟამიერი" იციან. რა თქმა უნდა, ვასწავლით საგალობლებსაც.

- რთულია საბავშვო გუნდის ხელმძღვანელობა?

- საბავშვო გუნდში ერთი წინააღმდეგობა იჩენს ხოლმე თავს, რასაც ვერ გავექცევით - თაობათა ხშირი ცვლა ხდება. ბავშვი, სანამ პატარაა, მღერის I ხმას, იზრდება და სხვა ხმაში გადადის. მერე კი საერთოდ მიდის, რადგან ეს გუნდი ბიჭუნათა გუნდია და 17 წლამდე რჩებიან ბავშვები. მერე მოდის ახალი ბავშვი, რომელსაც ისევ თავიდან უნდა ასწავლო ყველაფერი და ა.შ. ყოველ წელს ხდება ასეთი ცვლა, მაგრამ რას ვიზამთ. მტკივნეულია განშორება თითოეულთან. ყველა მათგანთან საკმაოდ ბევრი გვაქვს ნამუშევარი. სასურველია, რომ ჩვენს ანსამბლში გაზრდილი ბავშვი მოხვდეს დიდ ანსამბლში, პირველ რიგში - "ერისიონში". ჩვენი ანსამბლის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც გახლდათ სწორედ ის, რომ "ერისიონისთვის" მოგვემზადებინა ცვლა.

ბავშვებთან მუშაობა რთულია იმ მხრივაც, რომ ბავშვს შეიძლება სმენა ჰქონდეს, მაგრამ ათვისების უნარი ზოგს მეტად აქვს, ზოგს - ნაკლებად. თანაც, რაც მთავარია, ბავშვს უნდა ასწავლო, როგორ შეასრულოს ეს სიმღერა. სიმღერა კი მელოდია არ არის. იქ ბევრი ნიუანსია. მოზრდილ ადამიანს შესწევს იმპროვიზაციის უნარი. ბავშვს კი ყველაფერი უნდა აუხსნა და ასწავლო.

- როგორ ეკიდებიან ბავშვები ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შესწავლას?

- არნახული სურვილით და ინტერესით. ახალმოსულს ვეკითხები, შენ გინდოდა აქ მოსვლა თუ მშობელს-მეთქი. თუ აღმოჩნდა, რომ სურვილი მხოლოდ მშობლის იყო, ბავშვს გუნდში არ ვიღებ. თუმცა ასეთი შემთხვევა თითქმის არ ყოფილა. პირიქით, ისეთ ცხოველ ინტერესს ამჟღავნებენ ბავშვები, რომ დაღლას ვერ ვატყობ. 11 საათზე მოდიან და პირველის ნახევრამდე მღერიან. მერე 2 საათამდე ინსტრუმენტებზე მუშაობენ. აქაურობას ძნელად ელევიან. მახსოვს, ერთხელ აქედან წასულები ქუჩაში ქვის სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და უკრავდნენ. ერთხელ თავიანთ ნებაზე მივუშვი და დამოუკიდებლად მოამზადეს შესანიშნავი და ძალიან ლამაზი ნომერი - ექვსი ბიჭი უკრავს ფანდურზე. მე ბასფანდურებიღა დავუმატე, დანარჩენი ყველაფერი თვითონ გააკეთეს.

ჩემს ბავშვობაში ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის მიმართ ასეთი დაინტერესება ნამდვილად არ იყო. იმხანად ბევრი კარგი ქართული საესტრადო ანსამბლი არსებობდა: "ივერია", "ორერა", "ცისფერი ტრიო" და ა.შ. მაგრამ ახალგაზრდობა რატომღაც მაინც უცხოური ესტრადით იყო გატაცებული. ქართული ხალხური სიმღერებით გატაცება მაშინ ჩამორჩენილობად აღიქმებოდა. დღეს კი სულ სხვაგვარი ვითარებაა. სასიხარულოა, რომ არაერთი პროფესიული ანსამბლი შეიქმნა და მოქმედებს როგორც ქალაქებში, ასევე რაიონებში. ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები ის სულიერი საგანძურია, რომელიც მუდამჟამს მიიჩნეოდა პროფესიული მუსიკის მაღალმხატვრულ გამოვლინებად და მისი შესწავლა საქართველოში იმგვარადვე იყო სავალდებულო, როგორც მშობლიური ენისა. ასე უნდა იყოს დღესაც.

- ქართული ხალხური სიმღერა არის "ჩვენი ხალხის ნაგრძნობისა და ნაფიქრალის, თავგადასავლის გამოხატვა" (აკ. წერეთელი). ამ მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ფოლკლორულ შემოქმედებასთან ზიარება, წინაპართა ქმნილებების მიმართ მოწიწებული დამოკიდებულება უთუოდ შეუწყობს ხელს მომავალი თაობის ესთეტიკურ და პატრიოტულ აღზრდას.

- ჩვენს სიმღერებში "ქართლის ცხოვრების" ფურცლები იკითხება. აქ არის გამოხატული ღვთის სადიდებელი, შრომის იარაღების ქება, უსამართლობის წინააღმდეგ ამხედრებული ქართველის გულისთქმა, ფიქრი და ოცნება შრომისმოყვარე, გამრჯე გუთნისდედისა, რომელიც დიდი გამძლეობით ეზიდებოდა ცხოვრების ტვირთს... ამ სიმღერებს რომ ბავშვი შეასრულებს და ამ სულისკვეთებით გაიზრდება, ის სწორედაც რომ ნამდვილ ადამიანად და კაცად ჩამოყალიბდება. საკუთარ თავს უკეთ შეიცნობს, იდეალად დაისახავს სრულყოფილებას, იგრძნობს ჩვენი დიდი წინაპრების სულისკვეთებას, რომლებიც დღენიადაგ იღვწოდნენ, სული ხორცზე მაღლა დაეყენებინათ, ღმერთს მიეახლებოდნენ.

ვუყურებ აქ მოსულ ბავშვებს და ვხედავ, რომ ერთმანეთისთვის უცნობები ძალიან მალე პოულობენ საერთო ენას და განუყრელ მეგობრებად იქცევიან ხოლმე. თითოეული სიმღერა აღზრდის ერთ-ერთი ფორმაა. ბავშვები აქ დაცულნი არიან ქუჩის მავნე ზეგავლენისგან. როდესაც ბავშვი ღირებულებებში ერკვევა, ცხოვრებაში აუცილებლად იპოვის სწორ გზას. ქართული სიმღერა და საერთოდ ცეკვა მაღალ მორალურ-ესთეტიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული ხელოვნებაა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ღირსეულ ქართველად ჩამოყალიბებას.

- მაინც რაში მდგომარეობს ქართული მუსიკალური ფოლკლორის განუმეორებელი ხიბლი, ის საიდუმლო, რომელიც განაცვიფრებს მსოფლიოს?

- ქართული ხალხური სიმღერის ხიბლი მის მრავალხმიანობასა და მრავალფეროვნებაშია. "ქართული მუსიკალური ენის თვითმყოფადობა და მისი მრავალხმიანობის წარმოშობა არანაკლებ იდუმალია, ვიდრე იოანე-ზოსიმეს მიერ მინიშნებული ის საიდუმლოება, ქართული ენის წიაღში რომ არის დამარხული" (მერაბ კოსტავა). იშვიათად შეხვდება კაცი ასეთ მცირე ტერიტორიაზე სიმღერების ისეთ მრავალფეროვნებას, როგორიც საქართველოშია. კილოთა ერთიანი საფუძვლის მიუხედავად, თითოეული კუთხის სიმღერა თავისი ხასიათითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვადასხვანაირი პოლიფონიურობა ახასიათებთ ქართლ-კახურ, გურულ, სვანურ სიმღერებს. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივია, რადგან ყური გვაქვს მიჩვეული. უცხოელს კი ხიბლავს, რადგან სიმღერათა ასეთი სახესხვაობა თვით ევროპის ცალკეული ქვეყნების სიმღერებს შორისაც კი არ მოიპოვება.

- ბევრს საუბრობენ ქართული ხალხური მუსიკის სამკურნალო ზემოქმედებაზეც...

 

- ამისი კარგი მაგალითი ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე - თორნიკე გახლავთ. ჩვენს ანსამბლში რომ მოიყვანეს, მძიმედ იყო დაავადებული. დაკვრამ და სიმღერამ ისე აღაფრთოვანა და გაიტაცა, რომ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ეს ექიმებმაც კი შეამჩნიეს და აღიარეს: ამის მიზეზი უთუოდ ქართული სიმღერააო.

- რამდენადაც ვიცი, მუსიკას დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ოჯახში. თავად მუსიკალურ ოჯახში აღიზარდეთ, თქვენი და თქვენი მეუღლის გაცნობის მიზეზიც სიმღერა გახდა. გვიამბეთ ამის შესახებ...

- მამაჩემი ბავშვობიდან მღეროდა. იგი ონში გაიზარდა. კულტურის სახლის გუნდში მღეროდა, რომელსაც შემდეგ თვითონ ჩაუდგა სათავეში. ონში ყოფნის დროს ხელმძღვანელობდა ასევე მედიცინის მუშაკთა ანსამბლს. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას ინსტიტუტის ანსამბლს ჩაუდგა სათავეში. იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდის ხელმძღვანელი. 9-10 წლის ვიყავი, პირველად რომ გამოვედი სცენაზე. ჩემს შემდგომ წარმატებებს მუსიკალურ სფეროში ამ ფაქტს ვუმადლი. იქ გავუგე გემო იმას, თუ რა იყო სცენა და სიმღერა.

ჩემი მეუღლე სიღნაღელი გახლავთ. იმხანად იქ მუშაობდა. ერთ-ერთი ღონისძიების ჩასატარებლად ეძებდა ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც შემოქმედებით იყვნენ დაკავებულნი. კულტურის სახლში მივიდა და ჩემკენ მოასწავლეს. ასე გავიცანით ერთმანეთი. ასე რომ, მაინც სიმღერა და გიტარა გახდა ჩვენი გაცნობის მიზეზი. ანსამბლ "პატარა ერისიონის" გარდა ჩვენ გვყავს ტრიო "თილისმა", რომელშიც ვმღერით მე, ნონა ნაჭყებია და ქეთი ფაილოძე. რეპერტუარის უმრავლესობას ჩვენი საკუთარი სიმღერები შეადგენს. თითქმის ყველა სიმღერა ჩემი მეუღლის - ნინო ზედელაშვილის ლექსებზე არის დაწერილი. ასე რომ, ნინო მუსიკალურად არა, მაგრამ პოეტურად ჩართულია ამ საქმეში. შვილებიც - ბაჩო და თამარი დაინტერესებულნი არიან ქართული ფოლკლორით. მღერიან, ცეკვავენ...

 

 

19.08.2010

 

"სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა"

 

ილია ამბობდა: "სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა". დიახ, სიმღერა ცრემლია, ისევე როგორც საქართველოს ვაჟკაცური ისტორია. ქართველ კაცს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სიხარულზე მეტი მწუხარება ჰქონია, მაგრამ ჩანგი არასოდეს დაუდუმებია, ქართველი ერის შემოქმედებითი ნიჭის ელვარება არასოდეს განელებულა.

 

"სიმღერა გულისთქმაა". იგი განუყრელი მეგობარი და თანამგზავრია ჭირსა თუ ლხინში. ოდითგანვე სიმღერა მიუძღოდა წინ ომში მიმავალ ლაშქარს. სიმღერით ერეოდა იგი დუშმანს და გამარჯვებული სიმღერითვე ბრუნდებოდა შინ. სიმღერებში იზრდებოდა მეომარი, ქვეყნის მარჩენალი, მხვნელ-მთესველი... სიმღერა ამხნევებდა ბედისაგან ჩაგრულთ, რწმენასა და გამარჯვების იმედს უბრუნებდა. დედა "იავნანათი" ხვდებოდა ამქვეყნად მოვლენილ სიცოცხლეს. სიმღერა მალამოდ ესალბუ

ვაჟა აზარაშვილი
ნებოდა შეყვარებული ახალგაზრდის სულს. აკაკი ამბობდა: "სიყვარულის ნაშობია მუსიკა და პოეზია".

ქართველი კაცის გულია ჩაქსოვილი: "მრავალჟამიერში," "ურმულში", "ნადურში", "ლილეოში", "ოროველაში", "აბა ულაში", "ოდოიაში"...

თუმც ყოველთვის არ ემღერებოდა, მაგრამ მწუხარებისა თუ სიხარულის ჟამს მაინც მღეროდა:

 

"განა ლაღი ვარ, რომ ვმღერი,

გულისა დარდსა ვიქარვი,

ვინც ჩემზე იტყვის: "ლაღია",

ჩემსავით ლაღიმც ის არი..."

 

ყოველთვის ასე იყო და ასეა დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ ნამღერი აქვს, კვლავაც ჩვეული შემართებით ფანდურს ხელში იღებს, ცერით ააჩხაკუნებს სიმს, ერთს შეისუნთქავს და, თითქოს რიტუალი იყოს, ჟრჟოლისმომგვრელი, ღრმა სევდის გამომხატველი ხმით თავდავიწყებით ეფლობა სიმღერაში:

 

 

"შენმა სურვილმა დამლია,

შენზე ფიქრმა და სევდამა,

შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,

გულის თვალებით ხედვამა...

ცაზედ მოდიან წერონი,

მწკრივადა, ჯარის ჯარადა,

ვერა ხედავთა, ტივლებო,

ცრემლი ჩამამდის ღვარადა..."

 

გიორგი ბასილაშვილი 17 წლის "თვითნასწავლი" მომღერალი გახლავთ - მას არ მიუღია მუსიკალური განათლება. თუმცა ვინც მის ნამღერს მოუსმენს, მუსიკოსიც რომ არ იყოს, იგრძნობს, რომ უებრო ნიჭთან გვაქვს საქმე. არის სიმღერაში რაღაც, რისი სწავლაც ალბათ არ შეიძლება. განა ჩიტს ვინმემ ასწავლა გალობა?! გიორგი ბასილაშვილიც ბუნების ისეთივე თავისთავადი მოვლენაა, როგორც ფერდობზე მოლივლივე ნაკადული. მას პირნათლად, რაინდული შემართებითა და გატაცებით უყვარს ქართული ხალხური სიმღერა და შესრულების საკუთარი, განსხვავებული მანერა აქვს. განსაკუთრებით თავისი მხარის სიმღერები მოსწონს და მთიულთათვის დამახასიათებელი გულჯავრიანობით სიმღერაში აქსოვს გენებში ჩაწურულ სულიერ ენერგიას, ულამაზეს თვისებებს: გაუტეხლობას, ღირსება-პატიოსნებას.

მისი სიმღერებიდან სიხარულიც იფრქვევა და დარდიც. გიორგიმ მე-5 კლასში დაკარგა თვალისჩინი და მას შემდეგ თბილისის 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსიონში განაგრძო სწავლა. გულისხმიერი პედაგოგების დავით ქავთარაძისა და ნანა კაპანაძის თანადგომით, გიორგის ნიჭმა და ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულმა რეალიზება პოვა. აქტიურად მონაწილეობდა სკოლის გუნდის მიერ გამართულ სხვადასხვა კონცერტში. შემდეგ იგი სტუმრად მიიწვიეს პირველი არხის გადაცემაში "ცხოვრება მშვენიერია". ამ გადაცემის შემდეგ მისი სიმღერით "ერისიონი" დაინტერესდა. დღესდღეობით გიორგი ამ ანსამბლში სხვა მომღერლებთან ერთად ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. როგორც თავად ამბობს, თავიდან მორცხვობდა სკოლის სცენაზე გამართულ კონცერტებზე გასვლის წინ, ახლა კი თითქმის გადალახა სიმორცხვის ბარიერი და უკვე დიდ სცენებსაც შეუთამამდა. არაერთხელ გამოსულა ოპერის, რუსთაველის, მარჯანიშვილის სახელობის თეატრების სცენებზე. თუმცა ყოველთვის გრძნობს რიდსა და მოწიწებას მსმენელის მიმართ.

სამი წელია, რაც მღერის. სიმღერა მისთვის სასიამოვნო რიტუალია. ამიტომაც მის ხმაში სიყალბის ნატამალიც კი არ იგრძნობა. ქართული ხალხური მუსიკის სამყაროსთან ზიარებამ გიორგის ცხოვრება არსებითად შეცვალა. დილით, როცა იღვიძებს, თუმცა გარიჟრაჟის ვარდისფერ ნისლს ვერ ხედავს, ვერც აისის ნათელს მიაპყრობს სხივჩამქრალ მზერას ან ლაჟვარდში მოცურავე ღრუბლებს, მაგრამ მერე რა?! მაინც ბედნიერია, რადგან ფერებით თუ არა, სამაგიეროდ ხმით, სურნელით, შეხებით ითვისებს და ეხმიანება მისი ნორჩი სული სამყაროს სიმღერას, შეიგრძნობს სიცოცხლის ჩქროლასა და ფეთქვას. სიცოცხლის ვეება საიდუმლოს ხომ ფოთლების შრიალიც, წყვდიადის ჩურჩულიც, ნაკადულის დუდუნიც, გრიგალის ხმოვანებაც... გვიმჟღავნებს. ასე მგონია, რომ ამქვეყნიურ ნათელთან გაყრის ტკივილი, მისი მონატრება გიორგის გულში ტკბილხმოვან სიმღერად ქცეულა. მოწყინების ჟამს ლერწმისაგან გამოთლილ სალამურს თითებს ნაზად შეახებს და იმ ნათელთან შეხებას იგრძნობს, გულს სათნო ღიმილით რომ ეალერსება და სხვაგვარი იმედით მოსავს. ამ ნუგეშისცემის ნათლითაა დამტკბარი და გაჟღენთილი მისი ცხოვრება. ეს ალბათ ის ნათელია, ბარათაშვილი რომ ამბობდა: "რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული". ანუ ეს ის ძალაა, რომელსაც ყველაფერში შეაქვს მშვენიერება. ღირსმა ანტონი დიდმა ადამიანს, რომელიც ბავშვობიდანვე ბრმა იყო, ასეთი რამ უთხრა: "ნუ დამწუხრდები, თვალისჩინი რომ არ გაქვს, სანაცვლოდ გულის თვალები გაქვსო". სიმღერაც გულის სარკეა. გულიდან უნდა ამოუშვა ხმა. თუ "არა ვარ ხმაზე", ანუ განწყობა არ მაქვს, ვერ ვიმღერებო. ეს ნამღერს შეეტყობაო, - მეუბნება გიორგი. ეს არ არის უბრალოდ წუწუნი. ეს ძალზე კრიტიკული მიდგომაა საკუთარი თავისადმი და რიდი მსმენელისადმი, რომლის წინაშეც მას უხდება წარდგომა.

ორშაბათობით გიორგი დედას პანსიონში მიჰყავს. პარასკევამდე იქ რჩება. ბრაილის შრიფტით წერს და კითხულობს. კომპიუტერითაც თავისუფლად სარგებლობს. გიორგი გულთბილი ბიჭია და მეგობარიც ბევრი ჰყავს. ყველგან სითბოთი და სიყვარულით არის გარემოცული. არასდროს კარგავს იმედს და მომავლის რწმენას. მისი გაცნობისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: "ნათელი ბნელში ნათობს, და ბნელმა იგი ვერ მოიცვა" (იოანე 1,5).

 გიორგი ოპტიმისტია. როდესაც ვკითხე, როგორ გაამხნევებ მათ, ვისაც რაიმე სნეულება ან განსაცდელი აქვს-მეთქი, მიპასუხა: "ჩათვალონ, რომ მათი სნეულება არც არსებობს. მე არასოდეს შევუწუხებივარ ჩემს უსინათლობას. ყველაფერი ღვთისგანაა - სნეულებებიც და სიჯანსაღეც; ღმერთის იმედი არ უნდა დავკარგოთ. ყველაფერი ცხონებისთვის გვეძლევა. ჩვენც ასე უნდა მივიღოთ სნეულება და ვმადლობდეთ ღმერთს, რომ ჩვენი ცხონებისათვის ზრუნავს. ჩაღრმავება და გამოძიება იმისა, თუ რით შეეწევა ღმერთისგან მოცემული სნეულება ჩვენს ცხონებას, არაა საჭირო. ალბათ ვერც გავიგებთ ამას. მთავარია გვჯეროდეს და დავინახოთ, რომ ღმერთმა რაც წაართვა კაცს, სამაგიეროდ ბევრჯერ უფრო მეტი მისცა. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჯანმრთელობა, რომელიც ღვთისგან ბოძებული ერთ-ერთი ტალანტია, მაგრამ ვერ გამოიყენოს იგი ღვთის სასიკეთოდ. დავფიქრდეთ, სნეულებას ზოგჯერ უფალი გვიგზავნის უბედურებისაგან გადასარჩენადაც, რომელშიც ჩავვარდებოდით, ჯანმრთელნი რომ ვყოფილიყავით. მაგალითად, რაც ღმერთმა წამართვა, იმაზე ორჯერ მეტი მომცა. ხომ შეიძლებოდა მხედველობა მქონოდა, მაგრამ მომღერალი არ ვყოფილიყავი. ვინ იცის, როგორ წარმართულიყო ჩემი ცხოვრება. ღმერთს ვმადლობ იმ წარმატებებისთვის, რისი ღირსიც გავხდი".

ასეთი რწმენით აღვსილი, ხან მარტო, ხანაც დედასთან, ქალბატონ ეკა ღარიბაშვილთან ერთად, ხელკავით, უღელივით ფანდურგადაკიდებული მიუყვება ბინდისფერი წუთისოფლის დამქანცველ შარაგზას, თითქოს ტვირთმძიმეთა და დამაშვრალთა მეუფის ნაკვალევს მიუყვებოდნენ. სავალი ჯერაც გრძელია, ღვაწლი – აღსასრულებელი. ჩვენი ცხოვრება ხომ გამოცდაა. "ნუცა მოინადირები თვალთაგან შენთა" (იგავ. 6,20). "თუკი მხედველობა დავკარგეთ, - წერს ეპისკოპოსი პეტრე, - თვალებს ვეღარ აღვაპყრობთ მედიდურად, რადგან წაგვერთვა აღზევების იარაღი (ამავე დროს - მიზეზიც სხვადასხვა საგნის მიმოხილვით გამოწვეული გონებაგაფანტულობისა) და შინაგანი თვალით ვიხილავთ უფალს". ასე რომ, არანაირ მწუხარებას არ ძალუძს ადამიანის ძლევა, რადგან: "კმა არს ჩვენთვის მადლი მისი ყოველსა ჟამსა".

გიორგი ბასილაშვილს ჭეშმარიტი სიხარულის განცდას სიმღერის ხელოვნება ანიჭებს, რადგან სწორედ ხელოვნება აყალიბებს სამყაროს ხედვის წესს, ის ქმნის თვალს, რომელიც აღიქვამს ზეცით მოსულ ნათელს - მშვენიერებას, ყურს, რომელიც სწვდება ბგერათა ჰარმონიას. სწორედ ეს განზომილება შეიძინა გიორგიმ ქართულ ხალხურ სასიმღერო ხელოვნებასთან ზიარებით. ამიტომაც არასოდეს ეძლევა პირქუშ აზრებს, მოწყენილობის გარეშე ისწრაფვის სინათლისაკენ და საკუთარი მაგალითით გვამხნევებს, გვეხმარება ვეძიოთ ის უსაზღვრო, იდუმალი ქვეყანა, სადაც მეფობს მარადიული, ზეციური ნათელი.

 

 

15.10.2009

 

"სიმღერაა მთელი ჩემი ქონება"

 

სასიხარულოა, რომ უდიდესი მუსიკალური პოტენციის მქონე ქართველი ერი დღესაც ნაყოფიერად იღვწის და კვლავაც ამბობს ახალ სიტყვას მსოფლიო საკომპოზიტორო ხელოვნებაში.

 

საქართველოს სახალხო არტისტი ვაჟა აზარაშვილი სამოღვაწეო ასპარეზზე 60-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა. მას ეკუთვნის შვიდი ინსტრუმენტული კონცერტი, სხვადასხვა სოლო საკრავისა და ორკესტრისათვის. კომპოზიტორის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კამერულ-ინსტუმენტულ ჟანრს, ასევე საოპერო და საბალეტო ჟანრებს. ვ. აზარაშვილი ნაყოფიერად მუშაობს საესტრადო მუსიკის სფეროში. დაწერილი აქვს 250-ზე მეტი საესტრადო სიმღერა. ქართველმა მსმენელმა შეიყვარა და საოცრად გაითავისა მისი "დინამო, დინამო", "მუსიკა", "ხევსურული ბალადა", "ისევ წვიმს", "დღეები მიდიან", "პატარა გოგო", "დაუბერებელი ტანგო", "ბალადა სიყვარულისა", "მზე ჩემი მეგობარია" და უამრავი სხვა სიმღერა. დიდი გატაცებით წერს მუსიკას დრამატული თეატრისა და კინოსათვის ("მზე შემოდგომის", "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს", "ხანუმა", "ნუ გეშინია, დედა", "ბერიკონი" და სხვ.). 

ბატონი ვაჟა 1998 წლიდან საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეა. იგი არაერთი საპატიო პრემი

თემურ წიკლაური
ის ლაურეატი გახლავთ. ბატონი ვაჟა აზარაშვილი დღეს ჩვენი სტუმარია:

 

- მუსიკა ჩემი ცხოვრებაა. სიმღერაც მაქვს ასეთი: "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება". ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს: შენი მუსიკა ცოცხლობს ხალხში, ის უყვართ, მოსწონთ. ეს ყველაფერი მახალისებს, მეტ შემოქმედებით იმპულსს მაძლევს და მმატებს რწმენას, რომ თურმე ტყუილად არ მიცხოვრია ამ ქვეყანაზე. მოგეხსენებათ, 1989 წლიდან მოყოლებული, რა სიდუხჭირეში ჩავცვივდით, არც ახლა გვილხინს. ამის მიუხედავად, ყოველთვის, როცა მიჭირს, ინსტრუმენტს მივუჯდები თუ არა, უკვე სხვა სამყაროში ვარ, ეს დამთრგუნველი რეალობა შორს რჩება და ყველაფერი მუსიკის საოცარი ნათლით სხივოსნდება. ეს არის ჩემთვის უდიდესი შვება და ნუგეში. მახსოვს, 1995 წლის ზამთარი იყო. გაყინულ ოთახში პალტომოსხმული ვიჯექი. ამ ვითარებაში დავწერე სონატა ვიოლინოსათვის სოლო (ორ ნაწილად)... ხალხის პატივისცემა, ყურადღება და სიყვარული გავალებს, რაც შეიძლება მეტი მუყაითობა გამოიჩინო და მიაწოდო კარგი ნაწარმოებები.

- არქიმანდრიტი გაბრიელი მუსიკაზე წერს: "მუსიკალური ნიჭი ღვთისგან მოცემული ტალანტია. ყოველ ადამიანს ნაწილობრივ აქვს ეს ტალანტი, მაგრამ ზოგს იმდენად მომეტებულად, რომ თავიანთი სიმღერებითა და მუსიკით ატყვევებენ მსმენელს. ასეთები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანებზე. ამდენად, მათი პასუხისმგებლობაც დიდია ღვთის წინაშე". რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა თქვენთვის ეს ტალანტი?

- ნიჭი უდიდესი პასუხისმგებლობაა. თავდაუზოგავი შრომა, ამავე დროს დიდი სიფრთხილე და ზომიერებაც გმართებს, სულის საცხონებლად მონიჭებული ეს ტალანტი სულის წარსაწყმედლად რომ არ გექცეს. ნიჭიერ კაცს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვალსაზრისით. არ შეიძლება ყველაფრის შეთავაზება მსმენელისთვის. ადრე არსებობდა სიმფონიური, კამერული, ინსტრუმენტული, საოპერო და სხვა. მუსიკის სექციები. მე გახლდით საესტრადო მუსიკის სექციის ხელმძღვანელი. მაშინ ჯერ კიდევ ჩვენს შორის იყვნენ: რ. ლაღიძე, გ. ცაბაძე, შ. მილორავა და სხვები. ამ სექციებში განიხილებოდა ამა თუ იმ მუსიკალური ნაწარმოების დონე და ამის შემდეგ სრულდებოდა იგი. რადიოსა და ტელევიზიის შემოქმედებითი საბჭო მუსიკალურ ნაწარმოებებს არჩევდა პროფესიონალური თვალსაზრისით. მდარე და უგემოვნო ნიმუშებს საბჭო არ იწყნარებდა. დღეს ამ მხრივ სრული ქაოსი და განუკითხაობაა, რაც, ვფიქრობ, ყალბად გაგებული დემოკრატიის ბრალია. იმძლავრა მასკულტურამ. ყველაფერი ინდუსტრიად და კომერციად არ უნდა ვაქციოთ.

- ბატონო ვაჟა, თქვენ არა მარტო კარგად გრძნობთ ვოკალის ბუნებას, არამედ შესანიშნავად უსადაგებთ მას პოეტურ ტექსტებს. როგორ იბადება თქვენი სიმღერები?

- თითოეულ სიმღერას თავისი ისტორია აქვს. 70-იანი წლებია და მე და ჩემი მეგობარი, მუსკომედიის თეატრის მსახიობი ნოდარ პიპინაშვილი უკრაინაში გავემგზავრეთ "ზაპოროჟეცით" ნოდარის ბიძასთან. ჩვენი სტუმრობა ძალიან გაუხარდა. პურ-მარილიც გაიშალა. იმ კაცის ნამღერი ქალაქური სიმღერები ახლაც ჩამესმის. იქიდან მომავალმა მანქანაში დავწერე მელოდია. მერე პეტრე გრუზინსკიმ დაწერა ამ მელოდიისთვის ლექსი: "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება". გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო აღმოსავლური, ქალაქური სიმღერა. მაშინ პოპულარობის ზენიტში იყო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ორერა". ეს სიმღერა შეასრულა ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ "ორერას" ბიჭებთან ერთად. ქალბატონ ნანისთან დიდი ხნის შემოქმედებითი მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენ ერთ კურსზე ვსწავლობდით: ნანი - საფორტეპიანო, მე კი საკომპოზიტორო სპეციალობაზე. სწორედ ნანიმ შეასრულა ჩემი პირველი სიმღერა, რომელიც შეიქმნა გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე: "შენ მეგულები". ეს სიმღერა გამოიყენეს ფილმში "ორერა" - სრული სვლით". წლების განმავლობაში ნანისთვის დაწერილი მაქვს სიმღერები: "ისევ წვიმს", "მზე ჩემი მეგობარია", "დაკარგული სიყვარული", "ლოცვა", "ხევსურული ბალადა" და სხვ.

ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ. როდესაც ჩვენებმა მოუგეს "არარატს" 3:0, მღელვარებისაგან მთელი ღამე არ მძინებია. იმ დროს სამზარეულოში დავწერე "დინამო", რომელიც შემდგომ ქართული ფეხბურთის თავისებურ მუსიკალურ ემბლემად იქცა. ფეხბურთის სიყვარულით დაიწერა ასევე სიმღერა ფილმისთვის "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს", რომლის ტექსტის ავტორი ბატონი მ. ფოცხიშვილი გახლავთ. სხვათა შორის, ამ ფილმმა მერე გრან-პრი აიღო იტალიაში. შეკვეთითაც ვწერ სიმღერებს. უმთავრესად მ. ფოცხიშვილისა და პ. გრუზინსკის ლექსებს მივმართავ. 1984 წელს მე და მორის ფოცხიშვილს შეგვიკვეთეს სიმღერა "ქსოვრელები მღერიან", რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. თამარ გვერდწითელისთვის მ. ფოცხიშვილის ლექსზე დავწერე სიმღერა: "მუსიკა - ლოცვა", რომელმაც ძალიან ბევრ კონკურსში გაიმარჯვა. არაერთი სიმღერა მაქვს დაწერილი ეთერ კაკულიასთვის, ნანული აბესაძისთვის... ჩემს სიმღერებს ასრულებენ სხვა ცნობილი მომღერლებიც: ვ. კიკაბიძე, გ. ჩოხელი, ე. სეფაშვილი, თ. წიკლაური, ლ. წურწუმია, ლ. ბაგრატიონი, მ. სეფაშვილი... ზოგჯერ თავადაც ვასრულებ მათ (ისე, კომპოზიტორის კვალობაზე, მგონი, არცთუ ისე ურიგო მომღერალი ვარ.). ბევრი სიმღერა მივუძღვენი ჩემს მშობლიურ თბილისს: ახლახან გამოიცა ჩემი სიმღერების ოთხი კომპაქტდისკი. სამწუხაროდ, კომპოზიტორებს ჩვენი მწირი სახსრებით არ გვაქვს შესაძლებლობა, ახლიდან ჩავწეროთ სიმღერები. ის ძველი ჩანაწერები უკვე ხარვეზიანია და ტელევიზია მათ აღარ უშვებს... უსაზღვროდ მადლიერი ვარ აჭარის ტელევიზიისა. მათ ჩაწერეს ჩემი 6 საუკეთესო სიმღერა. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა თაობა მღერის ძველ სიმღერებს თუნდაც ახალი არანჟირებით. ეს სიმღერის ახალი სიცოცხლეა.

- ბატონო ვაჟა, რამდენად ითვალისწინებთ თქვენს შემოქმედებაში დღევანდელი ეპოქის სულს?

- ვფიქრობ, მუსიკალურ ნაწარმოებში აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს დღევანდელი ეპოქის სუნთქვა. ვცდილობ, ჩემი მუსიკა იყოს თანამედროვე, ქართული, მელოდიური, ჰარმონიული და, რაღა თქმა უნდა, ჩემი სტილი მქონდეს.

- როგორც ვიცი, ამჟამად მუშაობთ თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველ ალბომზე, რომელიც მალე უნდა გამოიცეს. რა მასალა იქნება თავმოყრილი ამ ალბომში?

- ალბომში იქნება შესული ფოტომასალა, უამრავი რეცენზია, პროგრამები, აფიშები, გამონათქვამები; მწერალთა, მუსიკოსთა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა შეფასებები ჩემი შემოქმედების შესახებ, მოგონებები ჩემს პედაგოგებზე. ამჟამად ამ ალბომზე ვმუშაობ. მეოთხე წელია, დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის დაწერილი მაქვს კონცერტი, რომელიც ჯერ არ შესრულებულა. ასევე მზად მაქვს 6 პრელუდია ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, კვინტეტი - სიმებიანი საკრავისთვის, ვოკალური ციკლი ტარიელ ჭანტურიას ლექსებზე და არაერთი სიმღერა.

 

- ბატონო ვაჟა, სარწმუნოებას რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში? რა გაძლევთ უკეთესი მომავლის იმედს?

- დედაჩემი მორწმუნე ქალი იყო. საეკლესიო დღესასწაულები, მიცვალებულთა მოხსენიების დღეები და მათთან დაკავშირებული რიტუალების ზედმიწევნით შესრულება მისთვის ჩვეული რამ გახლდათ. შინ ყოველთვის იყო ნაკურთხი მარილი და ზეთი. ჩვენ სკოლიდანვე მოწამლულები ვიყავით ათეისტური იდეოლოგიით, მაგრამ ამის მიუხედავად უკადრებელი არასოდეს გვიკადრებია და ნურც გვაკადრებინოს ღმერთმა.

ერთიანი საქართველო თუ გვინდა, ყველა ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ, ერთგულება, პატივისცემა უნდა გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ. ხომ იცით, "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია". უნდა შევრიგდეთ დაპირისპირებული მხარეები. ხომ არ შეიძლება, სულ ვიდავოთ, ვიომოთ?! მთელმა ერმა უნდა ავირჩიოთ გზა შერიგებისა, ქრისტიანობისა, გზა - ჩვენი პატრიარქისკენ, რომელიც დღესა და ღამეს ასწორებს საქართველოს კეთილდღეობისთვის ზრუნვაში. ნუ ჩავიდენთ ბოროტებას, ვაკეთოთ კეთილი საქმეები, ხელი გავუმართოთ გაჭირვებულ ადამიანებს, შევეწიოთ მოყვასს, მივუტევოთ მტერს, ვიყოთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები და ღმერთიც მოგვხედავს. ღმერთი იქნება ჩვენთან, თუკი ჩვენ ვიქნებით მასთან. ამას ქადაგებს ჩვენი დალოცვილი სარწმუნოება. ასე მწამს მეც. მინდა დავამთავრო ანდრეი ბელის შთამაგონებელი სიტყვებით: "ჩვენ აღარ შეგვიძლია ფრენა: ჩვენ მძიმედ ვაზროვნებთ, აღარ გვაქვს საგმირო საქმეები და ჭკნება ჩვენი სასიცოცხლო რიტმი: ჩვენ გვჭირდება ღვთიური რომანტიკის სიმსუბუქე და სიჯანსაღე. მაშინ მოვიპოვებთ ვაჟკაცობას. გავიმღეროთ ჩვენი ცხოვრება, რამეთუ თუ ცოცხალი სიცოცხლე სიმღერა არაა, მაშინ სიცოცხლე სიცოცხლე არაა სულაც".

 

 

02.04.2009

 

ის თავბრუდამხვევი წარმატებებიც კი არაფრად ჩანს იმ მიღწევასთან, რასაც ჩემი ღვთის სამსახურში მოსვლა ჰქვია

 

თემურ წიკლაურის სიმღერა სიკეთის ქადაგებაა. უსმენ და რწმუნდები ერთი ფილოსოფოსის ნათქვამის სიმართლეში: "ადამიანები რომ მღეროდნენ, მღეროდნენ ბევრს და, რაც მთავარია, მღეროდნენ სწორად, ქვეყანაზე ნაკლები ბოროტება იქნებოდაო". ღვთისგან ესოდენ უხვად ბოძებულ სულიერ ენერგიას, ულამაზეს თვისებებს და ღირსებას, მშვენიერებას თემურ წიკლაური მხოლოდ სიმღერაში როდი აქსოვს... იგი მრავალმხრივ ემსახურება თავის ერსა და სამშობლოს. რამდენიმე წლის წინ ბატონი თემურის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, როცა ლურჯი მონასტრის (აწ განსვენებული) მოძღვრის დეკანოზ გრიგოლ კუმელაშვილის მრევლის წევრი გახდა. მისივე ლოცვა-კურთხევით, სტიქარით შეიმოსა. ამ ფაქტს იგი თავისი ცხოვრების ყველაზე დ

იდ მიღწევად თვლის.

 

- ბატონო თემურ, როგორ დაიწყო თქვენი ეკლესიასთან ურთიერთობა?

- მორწმუნე ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ეს რწმენა უფრო სპონტანური იყო, ვიდრე ღრმა და შეგნებული, როცა გულიც ჩართულია და გონიც. ახლა, როცა უფრო მეტად ჩავიხედე ეკლესიური სწავლების სიღრმეში, ჩემთვის ცხოვრების აუცილებელ წესად იქცა ამ სწავლების იდეალების არა მარტო აზრით გაზიარება, არამედ ქმედითად აღსრულება. ეკლესიური წესით ცხოვრება ყველაზე სწორი და დიდი ნაბიჯია, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში დგამს. სხვა გზა არცა აქვს კაცს - უამისოდ ვერ დააღწევს თავს ცხოვრების მღვრიე მორევს, რომელიც ითრევს და უკარგავს სიხარულს, სიყვარულს, ყველაფერს, რაც კაცობის არსს შეადგენს და რაც სულის გადამრჩენელი და ცხოველმყოფელია.

ღვთის ნებითა და განგებით, მეც მივედი ამ გადაწყვეტილებამდე და დავემოწაფე ჩემს აწ გარდაცვლილ მოძღვარს - მამა გრიგოლს. მამა გრიგოლმა უდიდესი სიყვარული მაჩუქა. იგი იყო ჩემი საყრდენი. მან თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და სტიქარი ჩამაცვა. წარმატება არაერთხელ მიგემია, მაგრამ ამას არაფერი შეედრება. ის თავბრუდამხვევი წარმატებებიც კი არაფრად ჩანს იმ მიღწევასთან, რასაც ჩემი ღვთის სამსახურში მოსვლა ჰქვია. უდიდეს პატივად ვთვლი საკურთხეველში შესვლის უფლებას. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაც არის. გამაღლებს კიდეც სულიერად, და ამავე დროს საოცრად გამდაბლებს. რაღაცნაირი ბავშვური სიწრფელე და სისუფთავე ისადგურებს გულში. ამ დროს უფრო მეტად ძლიერდება ლოცვითი განწყობილებაც. შემოდის განცდა, რომ შეგიძლია უფალთან ისაუბრო, გულისნადები გაანდო, სხვებსაც დაეხმარო, მოიხსენიო ლოცვებში და ა.შ.

მამა გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ, ცოტა არ იყოს, დავიბენი, არ ვიცოდი, ვის მივკედლებოდი. მას შემდეგ მამა დავითს (შარაშენიძე) ჩავაბარე აღსარება და ის გახდა ჩემი მოძღვარი.

- მიუხედავად იმ თავბრუდამხვევი წარმატებებისა, ცხოვრებაში რომ მიაღწიეთ, მაინც საოცრად უბრალო და თავმდაბალი ბრძანდებით, რასაც მსმენელი აფასებს. ზოგიერთისთვის პოპულარობა გარკვეული საცდურია.

- არანაირი ძალისხმევა ამისთვის არ დამჭირვებია. თავმდაბლობა არა მარტო ქრისტიანის, არამედ ყველა ადამიანის სამკაული უნდა იყოს. ამპარტავნულ და ქედმაღლურ ცხოვრებას სიკეთე არ მოაქვს. სიყვარულით უნდა იარო. სიყვარული კი ყოველთვის პოულობს სათანადო გამოძახილს. დღესაც მახსოვს ის პერიოდი, როცა პოპულარული გავხდი და ხალხმა გამიცნო. მართალი გითხრათ, არასოდეს მაწუხებდა სურვილი, პოპულარული გავმხდარიყავი. უბრალოდ, ვიმღერე და გამიცნო ხალხმა. მაგრამ რაც ვიმღერე, ვიმღერე გულით, ლაღად, ძალდაუტანებლად. და რაც მე მომწონდა, თურმე ხალხსაც მოსწონდა. მე მეტად სკრუპულოზურად ვუდგები იმ საკითხს, რასაც სიტყვისა და მელოდიის ურთიერთობა, სიმღერა ჰქვია. დიდი ჰუმანისტი ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი ამბობდა: "ადამიანი ჭეშმარიტად მომღერალი არსებაა, ოღონდ სიმღერის ხმას იგი აზრს აქსოვსო". თუ ჩემს მსოფლმხედველობასა და ფილოსოფიას არ შეესაბამება სიმღერის აზრი და ტექსტი, ვერაფრით ვიმღერებ. მადლობელი ვარ, რომ ხალხი აფასებს გულწრფელობასა და პატიოსნებას და ტაშით მაჯილდოებს.

- ილია ამბობდა: "სიმღერა გულისთქმაა. ეს გულისთქმა, გულის გამომეტყველება ყოველ ერს თავისი აქვს და ამ განსხვავებას თავისი კილოთი და ჰანგით გამოხატავსო". ქართველთა გულისთქმას თქვენი სიმღერებით გამოხატავთ. თქვენს შემოქმედებაში ეროვნულ-პატრიოტული მოტივი სჭარბობს...

- ეროვნულ-პატრიოტული მოტივი ყოველთვის იყო და იქნება აქტუალური ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც ჩვენი ერია. თუ თვითონვე არ შევუძახეთ ჩვენს თავს და არ შევინარჩუნეთ სულიერი გამძლეობა, არაფერი გამოვა. ჩვენს ერს სჭირდება გამხნევება. ჩვენ გმირული წარსული გვქონდა. ქედი არავისთვის მოგვიხრია. ჩვენი წინაპრები თავგანწირული მებრძოლები იყვნენ და ჩვენც თავს გავწირავთ სამშობლოს გადასარჩენად. ქართველ ერს მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე სიხარულზე მეტი მწუხარება ჰქონია, მაგრამ ჩანგი არასოდეს დაუდუმებია, მისი შემოქმედებითი ნიჭის ელვარება არასოდეს განელებულა. ქართველთა გულისთქმა მიწის სიყვარულია და ამიტომაც დაძრულა ჩვენი სიმღერა მიწის წიაღიდან. როგორც აკაკი ამბობდა: "ქართული სიმღერა არის ქართველი ხალხის ნაგრძნობისა და ნაფიქრალის, თავგადასავლის გამოხატვა". სიმღერა სულის ალია და მასზე დიდი ზემოქმედების იარაღი არავის გააჩნია. სიმღერაში შეგიძლია ჩადო მთელი სიყვარული და ამ სიმღერით გაუხარო ხალხს გული, აღუზარდო, გაუღვივო პატრიოტიზმის გრძნობა, გრძნობა იმისა, რომ ის არის შვილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისა, უფლის კვართის და კიდევ იმ უამრავი სიწმინდის სამყოფელია, რითაც ვამაყობთ და ვისჯებით კიდეც, რადგან ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. სოლომონის სიბრძნეში ვკითხულობთ: "ღმერთს რომელი შვილიც უყვარს, მას მეტად სჯის". ღმერთს სურს, რომ უფრო გამოვფხიზლდეთ, უფრო ძლიერნი და შეკრულნი გავხდეთ, ერთად ვიყოთ, ეკლესიის შვილები ვიყოთ. დედაეკლესიის წიაღში თუ ვიქნებით, ვერანაირი მტერი ვერ მოგვერევა. ახლა, როცა სტიქარი მაცვია და ღვთისმსახურებაში ვმონაწილეობ, უფრო მეტს ვხედავ. მიხარია ახალგაზრდობის მოსვლა ტაძარში. მათ გულწრფელად სწამთ, რომ ეკლესია გადარჩენის აუცილებელი პირობაა. ლოცულობენ, საეკლესიო საიდუმლოებებში აქტიურად მონაწილეობენ. ეს მახარებს და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მომავალი ნამდვილად გვაქვს, თანაც ძალიან საიმედო და საამაყო.

- ბატონო თემურ, მსმენელი მოუთმენლად გელოდებათ, როდის წარდგებით ახალი რეპერტუარით...

- სამწუხაროდ, ბოლო ხანებში ეროვნულმა თემატიკამ ქართულ სასიმღერო ხელოვნებაში რატომღაც უკან გადაიწია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც უკან უნდა გადავწიო. ანსამბლი "ივერია" ყოველთვის ამკვიდრებდა ეთიკურ საწყისს ხელოვნებაში. იგი აღმოცენებული იყო ზნეობრივ-ესთეტიკურ ღირებულებებზე. უმღეროდა სამშობლოს, სიყვარულს, სიკეთეს, პატიოსნებას, ვაჟკაცობას, მეგობრობას, ერთგულებას... ბოლო წლებში 30-40 სიმღერა ჩავწერე და დავალაგე. ამ სიმღერებს თავ-თავისი ენერგია გააჩნია. ღვთის წყალობით, მათ მალე მოისმენთ.

- ბატონო თემურ, რამ ითამაშა როლი თქვენი ღვთის გზაზე შედგომაში?

- ადრეც ვიყავი მორწმუნე, დავდიოდი ეკლესიაში, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ეს არც ისე იოლი გახლდათ. შვილის გარდაცვალების შემდეგ უწმინდესმა დიდი თანადგომა გაუწია ჩემს ოჯახს. ამ მძიმე განსაცდელის შემდეგ, ბუნებრივია, გამიქრა სიმღერის სურვილი, აღარაფერი მახარებდა. ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი, უწმინდესთან მიმიყვანეს. პირველად მაშინ შევხვდი მას. მან საოცარი სიტყვებით გამამხნევა: - არც ღვთის და არც ხალხის წინაშე უფლება არ გაქვს, არ იმღერო. მე ვილოცებ შენთვის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენს თავში იპოვო ძალა, სცენაზე დადგეო. მან მომცა სანთელი და დავითნი. მაკურთხა, რომ 40 დღე მეკითხა ეს წიგნი და დამენთო ეს სანთელი. თან მითხრა, - თავს ძალას ნუ დაატან, რამდენსაც შეძლებ, იმდენი წაიკითხეო. ღვთის განგებით, პატარა სასწაული მოხდა: ზუსტად მეორმოცე დღეს დავამთავრე ფსალმუნების კითხვა და მეორმოცე დღეს ჩაიწვა სანთელიც (არადა ეს არ დამიგეგმავს). თან კონცერტები გვქონდა. მეათე დღესვე ადგნენ და სცენაზე გამომიყვანეს. "არგონავტებში" კოლხთა მეფის - აიეტის როლს ვთამაშობდი. მასაც ხომ შვილს უკლავენ. სულ ჩემს თავზე გადმომქონდა აიეტის გოდება, როდესაც იგი თავის შვილს დასტირის. მას შემდეგ უწმინდესთან ხშირად დავდიოდი. ახლაც ხშირად მივდივარ მასთან და მისი წყალობით და ლოცვა-კურთხევით ვარ დღეს ისეთი, როგორიც ვარ.

- ბატონო თემურ, თქვენ ჩვენი ეკლესიისა და ერისთვის სასიკეთო არაერთი საქმის თაოსანი და აღმასრულებელი ბრძანდებით. ბევრმა არ იცის, რომ იერუსალიმში ჩვენს საპატრიარქოს სწორედ თქვენ შეუძინეთ მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი...

- უფლის დიდი წყალობაა, რომ მომეცა საშუალება, ჩვენი ეკლესიის აღმშენებლობის საქმეში ერთი აგური მეც დამედო. ორი წლის წინ თბილისელმა ბიზნესმენმა, ქველმოქმედმა, ბატონმა გელა ხარებოვმა შემომთავაზა, - მოდი, იერუსალიმში სახლი შევიძინოთო. ისრაელში უამრავი მეგობარი მყავს, ამიტომ ბატონმა გელამ ამ საქმისთვის თავის მობმა მე დამავალა. ჩავედი იერუსალიმში. ჩემი მეგობრების დახმარებით მოვნახეთ სახლი. შემდეგ უწმინდესს შევუთანხმეთ, სად ჯობდა გვეყიდა, როგორ ჯობდა და ა.შ. ჩვენც მისი რჩევისამებრ მოვიქეცით. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შევიძინეთ საკმაოდ დიდი სახლი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ამ საქმეში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ გელა ხარებოვს. ღვთის წყალობით, საქართველოში არიან მისნაირი ადამიანები, რომლებიც ჩუმად, რუდუნებით აკეთებენ დიდ საქმეებს. ძალიან მინდოდა, რომ საქართველოს იერუსალიმში ჰქონოდა თავისი საკუთარი მიწა. მოგეხსენებათ, 200 წლის წინ მაცხოვრის საფლავის მიმდებარე ტერიტორიებზეც და ძველ ქალაქშიც საქართველოს გააჩნდა თავისი საკუთრებები. გურჯების მთელი უბანი იყო იქ... დავკარგეთ... სხვებმა შეიძინეს ჩვენი საკუთრებები. მადლობელი ვარ ისრაელის მთავრობისა, რომ დამიმტკიცეს მიწა და თითქმის 2 საუკუნის შემდეგ საქართველოს კვლავ გაუჩნდა თავისი საკუთარი მიწა, რომელიც, იმედია, ღვთის წყალობით იქნება მანამ, სანამ სამყარო იარსებებს. ეს მიწა დღეს საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა. ის სახლიც, რომელიც შევიძინეთ (15 ოთახს შეიცავს), საპატრიარქოს ეკუთვნის. დღესდღეობით იქ ჩვენი მონაზვნები მოღვაწეობენ და ლოცულობენ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთისა, რომ მომცა საშუალება ამ საქმეში მონაწილეობისა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq