საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„პატარა სახლი, როგორც ნალია, თვით სასახლეზეც იდუმალია“ (გაგურული დღიურები. წერილი მეცხრამეტე)
ლელა ჩხარტიშვილი
„ნადი“ გურიის სოფელ გაგურში. კოდრათე ცოცხალაშვილის სახლის ხურვ

 „ფაცხა მეგრული, ოდა გურული

ისლით და ყავლით გადახურული

სულ ერთი არის ფაცხა და ოდა

თუ სიყვარული არსებობს ცოტა.

 

პატარა სახლი, როგორც ნალია,

თვით სასახლეზეც იდუმალია

სტუმართმოყვარე იმედით დაცხა

გურული ოდა,  მეგრული ფაცხა.“

გალაკტიონი.

 

თედო სახოკია წერს: „ გურიაში თუ ერთი პირი მოიხსნა ცამ, მერე გადაღება არ მოაგონდება. სინესტის შიშით ქვიტკირის სახლებს აქ იშვიათად აშენებენ. უფრო მეტად აქაური სახლები ფიცრისაა. კედლებზეც ფიცრები აქვთ აკრული. კრამიტით ხურავენ სახლებს, რომლებსაც ადრე „ქერაბინს“ უწოდებდნენ. სახლის საძირკველი დედამიწიდან აშორებულია. ნიადაგს აშორებულ სახლს ტენი არ ეკარება, კედლები მშრალად ინახება. ზამთარში ცივა ამ სახლებში.

ფერდობზე წამოდგმულან  ორსართულიანი, სარკმლიან-ბუხრიანი ოდები. ხეებით სავსე შემოღობილ ეზოებში გამოჭიმული ეს  მშვენიერი ფიცრული სახლები  კოხტად გასცქერიან გზას. ყველა სახლს კუხნა აუცილებლად ცალკე აქვს. აქაური ხალხის უმეტესი ნაწილი მთელ დღეს ამ კუხნაში ანუ სამზარეულოში ატარებს. აქ ხდება სუფრის გაშლა, თათბირი ოჯახის განკარგვის შესახებ. მთავარ სახლში ანუ ოდაში მარტო დასაძინებლად და სტუმრის მისაღებად თუ მიდიან.“

მართლაც, ისეთი დიდი და გაშლილი ეზოები აქვთ გურიაში და იმხელა ხეები დგას, რომ მთელ ზაფხულს იმ ხეების ჩრდილში ატარებენ. ფაქტობრივად გარეთ  ცხოვრობენ და ოდაში მხოლოდ დასაძინებლად შედიან.

გურული ოდა ხის ფიცრული ერთსართულიანი სახლია და დახვეწილი არქიტექტურული ფორმის ნაგებობას წარმოადგენს.  როგორც წესი, ეს სახლი მიწიდან ამაღლებულია და ქვის ბოკონებზე დგას. უფრო გვიანდელი ოდები ორსართულიანია. პირველი სართული სარდაფად გამოიყენება და ქვის ბლოკებით აშენებულ პალატს   წარმოადგენს. მეორე სართული კი მთლიანად ხისგანაა გაკეთებული. ძველად გურიაში წაბლის ხის ოდებს დგამდნენ, რადგან ეს ხე ყველაზე კარგად ძლებს აქაურ ტენიან ჰავაში. გურულ ოდას წინ ფართო აივანი აქვს, რომელსაც მოაჯირად გამოყენებული აქვს „დუშაყი“ – სწორი ფიცრები, რომლებზეც ორნამენტებია ამოჭრილი. (დუშაყს რიკულების დასამაგრებლად იყენებენ)

 ზოგჯერ აივანზე  მიმაგრებულია გრძელი სკამები. ოდა კრამიტითაა გადახურული, შიგნიდან კი ბუხარი ათბობს. ტიპიური ოდა-სახლის მეორე სართული მოიცავს სამ ოთახს, ორი განაპირა საძინებლებისათვის და შუაში დიდი „ზალა“, რომელიც ერთმანეთისგან გამიჯნულია ხისავე ტიხრებით. ოდა-სახლში ზოგჯერ გამართულია ქვის ბუხარი და განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ქვისა და ხის ერთმანეთთან შერწყმის ხელოვნება. როგორც წესი, ოდა-სახლის აივნებს უკეთდება ხის აჟურული ფარდები, რაც მას თავისებურ კოლორიტს სძენს. ოდა-სახლის პალატი განკუთვნილია სხვადასხვა საოჯახო და სამეურნეო საქმიანობისთვის.

გურული კარ-მიდამოსთვის დამახასიათებელია ოდის დამხმარე ნაგებობები: სამზადი, რომელიც სამზარეულოს ფუნქციას ასრულებს, ნალია, ხულა, ფაცხა და ჭა.

სხვათაშორის, ოდა სახლებში ცხოვრება ბევრად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თანამედროვე საშენი თუ მოსაპირკეთებელი მასალით გაპრიალებულ ოთახებში, თუმცა ოდებს, კარგა ხანია, იშვიათად თუ ააშენებს ვინმე. ძველი ოდები კი დიდ ისტორიას ინახავს და ხშირად საუბრობენ, რომ მათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭონ.

ზურა შევარდნაძე ასე აღწერს  იმ სახლს, რომელიც მან გურიაში აიშენა:  „ასე მგონია, ზაფხული ყველაზე მეტად ოდა სახლებს უხარიათ გურიაში, აჭრიალდა იატაკი, ჰაერმა გაუარა გვერდებში, კრამიტი აპრიალდა და ყველაფერი უფრო თავმომწონე გახდა. არ მეგულება უფრო თბილი, უფრო გრილი და უფრო ერთგული ოდა სახლი მთელს დუნიაზე, ვიდრე ჩემი სახლია“.

ბატონმა ზურამ გურიაში თავისი ოდა ძველებური არქიტექტურითა და ძველი დროისთვის დამახასიათებელი დეტალებით  ააშენა.

„საერთოდ, ოდა კარგად ნაფიქრია და მერეა აშენებული. ფეხებზე, ანუ ბარჯგებს რომ ვეძახით გურულები, იმაზე უნდა იდგეს. ეს არის ქვისგან გათლილი ბოძები. ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ აერაცია ხდებოდეს. იქ არსებულ გარემოზეა ადაპტირებეული ასეთი სახლები, რომლებიც ქვის ფეხებზე დგას. გურიაში, ჩვენი ბებიებისა და ბაბუების დროს, ყველგან იდგა გურული ოდები. მერე ააშენეს დიდი, ქვისა და ბეტონის კედლები. აბსოლუტურად ყველას სახლი დანესტილია. ჩვენ გურულ ოდას კი არ ეკარება ნესტი. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არსებული გარემოსთვის უკეთესი არქიტექტურა არ არსებობს და ვერც მოიგონებ. ამ ოდებმა გაუძლო საუკუნეებს. ჩვენმა წინაპრებმა ხომ ფიქრისა და გამოცდილების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, ასეთ სახლებში ეცხოვრათ?! გურიაში, ბოლო წლებში, ძალიან დაცხა. ზაფხულობით, ჩემი ნათესავების სახლებში იწვის ყველაფერი. ჩემს ოდაში კი, რომელსაც ქვემოდან ვენტილაცია აქვს და გრილდება, ზემოდან კი სქელი კრამიტი აფარია, საოცარი სიგრილეა. იმ გარემოში რომ კარგად გრძნობ თავს, რომელიც შენთვის აიშენე, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?!“

 

_ რატომ აღარ აშენებენ გურიაში ოდებს? _ ამ კითხვაზე ბატონი ზურა პასუხობს: „ – მთავარი მიზეზი ის არის, რომ ძალიან ძვირი ჯდება. ბეტონის სახლის აგება კი გაცილებით იაფია. დღეს ფუფუნებაა, იცხოვრო ჯანმრთელ გარემოში. ოდა არც მოდური აღარაა. რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, თანამედროვე, მეტალოპლასტმასიან სახლებში იცხოვრონ. ეს უფრო მოდურია და უფრო იაფიც. ლამინატის იატაკს დააგებენ, „გიფსოკარდონს“ გამოაკრავენ, მეტალოპლასტმასის ფანჯრებს ჩასვამენ და თვლიან, რომ თანამედროვეები და მოდურები არიან, ასე დაიგლახავა თავი ადამიანმა.“

მინდა წარმოგიდგინოთ გაგურში მცხოვრები, სხვადასხვა ხელსაქმის მცოდნე ადამიანები...მათი ცხოვრება სოფელს, მიწის სურნელს არ გაშორებია, მუდამჟამს შრომის ფერხულში იყვნენ და არიან  ჩაბმულნი, მაგრამ შრომასთან ერთად მათ ყოველდღიურ სიხარულს  შემოქმედება წარმოადგენს.  შემოქმედება, რომელიც  „ნიშნავს სიკვდილის მოკვლას“ (რომენ როლანი). ვუყურებ ადამიანებს და ვხედავ, სახელოებაკეცილი სამოსიდან მოუჩანთ ძლიერი, ნაშრომი მკლავები.  ძნელია მშრომელი კაცის ცხოვრება სოფლად, საზრუნავებით აღსავსე  და ამავდროულად საინტერესოა შრომის უსასრულოდ მრავალფეროვანი პროცესი. გლეხკაცის ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან, მუშაობა ტყეში, ველზე, ბაღში, ბოსტანში. ურთიერთობა ოჯახთან, მეზობლებთან, შრომაში თანამდგომელ ადამიანებთან. როდესაც მიწა ფართოდ გაახელს შავ თვალებს, იალონიდანვე (განთიადი) ირჯებიან. ზოგი ბაღში მუშაობს გადაღეღილ მიწის მკერდზე, ზოგი ზვარში მიდის. ზოგი მწყემსავს, ზოგი თოხნის, ზოგი თიბავს სათიბავს. იციან, რომ ცუდი მოსავლის შემდეგაც უნდა დასთესონ. მზის ჩასვლამდე მუშაობენ და ისე არასდროს იღლებიან, როგორც დასვენების დროს.

აქ უცხოა ცხოვრებით მოწყენის გრძნობა. ცხოვრებით დაღლა, სიცოცხლით მოყირჭება. ამიტომაც ახასიათებთ ბავშვური აღტაცება, ჭაბუკური აღტყინება და ხალისი. ფუსფუსებენ, რომ ოჯახში და ხალხში თავი არ დახარონ.  უხარიათ, რომ გრძელდება მათი მოდგმა.

ლუკმას ქვეყნად არავის ამადლიან და იციან, რომ ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.

სოფელ გაგურის მკვიდრი, მევლუდი ბერიძე  ბარჩხალი  (მარჯვე, ყოჩაღი) და მაკვარანცხი (ანუ მოხერხებული), უკვე  70 წელს მიტანებული კაცი გახლავთ. დურგლობა  მისთვის საკუთარი თავის პოვნას ნიშნავს და  ჰობზე მეტია.  ესაა საქმე,  რომელიც მან თავისი შემოსავლის მთავარ წყაროდ აქცია. “ყოლიფერს რომ მიაბალახტარეფს“ ანუ ნაჩქარევად და უხეიროდ რომ  გააკეთებს...ისეთი კაცი არ გეგონოთ...ანდა საქმეს გულაგარიაი  (უგულოდ, გულდაუდებლად) რომ მოეკიდება... საქმის მოთათარახება,  თათარიახნად (სახელდახელოდ) გაკეთება მისი კრედო არასდროს არ ყოფილა...კრიპუჭუნაი  (პაწაწინა) ოთახში შრომის იარაღებს ინახავს.  აქ ნახავთ  პატარა სატეხ თენგს, თოხეჩოს, კინაის  (რკინა ცულს), მალადანას (დანის მსგავსი, ჩუქურთმების გასაკეთებელი იარაღი), მალაპატარა.ს  (მალადანაზე მომცრო იარაღი, ჩუქურთმის საჭრელი ქვაზე),  ზუზს  (პერპენდიკულარის ასამართავი შვეული იარაღი) და რა თქმა უნდა, ადამ კოკოს დროინდელ (1965 წლის)  „სტანოკს“.

ბატონი მევლუდი ხელჩქარი  (ხელმარდი) კაცია... სასაქმო სამუშაოს რომ  დაავალებენ, ანუ შეასახელებენ. ცდილობს  უზაბაკოდ  (უნაკლოდ) შეასრულოს და მოაგვაროს საქმე, თავი გამოაბას.  საორხელოდ (უგულოდ, უგემურად)  და ნაფოხიერად (უხეიროდ, არამკვიდრად)  არასდროს გააკეთებს საქმეს. არც ჩხირის მიტეხა (საქმის უდროო დროს მიტოვება, დაუბოლოვებლობა, ან ცუდად დაბოლოვება) სჩვევია. არამედ თავგანწირულად მუშაობს,  რომ  როგორღაც საქმე  ბოლომდე მიიყვანოს. კარგად დანახელავებული, ხაზირი  სახლი აუშენოს დამკვეთს.   ამიტომაც არ აკლია მის ოჯახს ფინდიკი,  ხვავი და წარმატება.

მევლუდ ბერიძე გვიამბობს: „დავიბადე ხულოს რაიონში,  1950 წელს. დავამთავრე  შვიდი  კლასი. მერე, 1963 წელს, მთელი ოჯახით  გადმოვედით  ქვაბღაში. ბიძაჩემი დარჩა მარტო ხულოში. მერე ისინიც წავიდნენ და  ცარიელი სახლიღა დარჩა იქ. ოჯახი 1969 წელს შევქმენი. ჩემი მეუღლე,  ფატი ბერიძე სოფელი ზოტიდან გახლავთ.  სოფელ გაგურში 2011 წელს გადმოვედით. რამი ჭეიშვილის სახლი შევიძინეთ. მიწა, რომელზედაც აქ ჩამოსვლამდე ვსახლობდით, მეწყერისგან სკდებოდა და ამიტომ მივიღეთ   აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილება. ქვაბღაში  რომ ვცხოვრობდი, მთაში დავდიოდი ცხენით, ღომის ციხეზე. ერთი  ვაჟი 

მევლუდ ბერიძე თავის მეუღლე ფატისთან, შვილიშვილთან და რძალთან ერთად.
დაგვეღუპა, გივი ბერიძე,  22 წლის, რომლისგანაც  დამრჩა შვილიშვილები: გოგო და ბიჭი. ახლა უკვე გოგო გათხოვილია.  ჩემს შვილიშვილს თემურის  ორი შვილი ჰყავს. რძალი, ნაირა ცეცხლაძე,  წარმოშობით ხულოდანაა. ისე ზემო აკეთელია. კარგი ქალი და კარგი დედაა. მთელი სოფელი ამას აღნიშნავს. კარგ შვილთაშვილებს გვიზრდის.  ხის ხელობა მამაჩემისგან ვისწავლე..ბაღნობიდანვე მივდევდი მას..ვუყურებდი, როგორ  აშენებდა სახლებს. პაწას მეც ვეხიდებოდი.  ბაღნობიდანვე არ მჩვეოდა ლაღანდარი  (უსაქმოდ დროს ტარება და ხეტიალი) და როქვა.   თავიდან ერთად ვმუშაობდით. ერთად ვაგებდით სახლებს, დაწყებული საძირკვლიდან სახურავის ჩათვლით.   ბოძებზე გადებული ხე გვქონდა, გამირს ეძახიან...რომელზედაც სისხო  ხეებს,   მთელ დასახერხავ ხეებს  ვდებდით. „დრუჟბა“ (ბენზოხერხი)  ჯერ არ იყო. სასხოს ეძახიან გურულები მსხვილ საშენ ხეებს: საძირკველს, სარტყელს, ქილიშს, დვიროს და სხვა.

ერთი ოცამდე  სახლი მექნება  გაკეთებული. ქვემო აკეთში,  ვარდენა  ჩხაიძის სახლი ჩემი გაკეთებულია, 70-იან წლებში.  ჩემი ძმის, შუქრი ბერიძის სახლი მე გავაწყე მთლიანად, რომელიც ყველაზე დიდი სახლია გაგურში. ნორმალურად გვიხდიდნენ. ერთი სახლის გაწყობა 1500-2000 მანეთი ღირდა პირველად. მერე იმატა. ქვეითაც ხე იყო და ზეითაც. მეორე სართული ჯდებოდა  მარტო 800 ლარი. ჯერ ხელით ვაკეთებდით ყველაფერს. „სტანოკიც“ არ იყო.  მის ფუნქციას  „შალაშინი“ ასრულებდა.  ხარაჩოებს ვიყენებდით.  არშინობა იყო.  ერთი არშინი ფიცრის დამზადება 20 კაპიკი ღირდა. ამ სტანდარტებზე  ვმუშაობდით. 1965 წელს „სტანოკიც“ შევიძინე და მას მერე მე და ჩემი „სტანოკი“ ერთად მოვდივართ და ვგუგუნებთ.

ძველად, მოგეხსენებათ, ხარებით ვზიდავდით ხე-ტყეს. ერთხელ, დეკემბერში მე და ცხონებული მამაჩემი ტყეში ავედით..მოვჭერით ნაძვის ხეები. დაბნელებამდე, დღისინათლაი გვინდოდა მოგვეთავებინა საქმე. დღიურაი გაგვეტანა ხეები. მაგრამ ვერ მოვასწარით და მთელი ღამე, დეკემბრის ღამის  სიცივეში ნაძვებს ვჭრიდით. კვაჟღუნის  (ხეზე ცულის ცემის) ხმა მთელ ტოტებჩაწნულ ტყეს ეფინებოდა. ღამე ეხურა სოფელს, მიდამოს, ტყეს.  ცას მოჰკვალავდა მთვარე და ის გვინათებდა იმ ღამეს. მეორე დღეს ორი კუბა მეტრი წამოვიღეთ ხარებით.. ხის მოჭრის ბილეთი (ნებართვა)მაშინ ერთი მანეთი ღირდა. მამაჩემი კორჩხელი,  ჯერ კიდევ ღონიერი,  ჭარმაგი ბერიკაცი გახლდათ. მუდამ შრომობდა. არცერთი დღე არ უუქმია. შრომაში გაატარა თავისი  წუთისოფელი. სიხარულს  ანიჭებდა შრომა. სიბერე რომ მოადგა, ჭირხლით ნაფერი, მაინც, ახალგაზრდასავით ირჯებოდა მოყელეყელავე ყანებში. გულს უხარებდა მოვლილი და მოხასხასე ნახნავები. დამავალი მზის მზერით მოოქროვილი მთები.

ოდის აგება ძალიან შრომატევადი სამუშაოა.

საიასაღო  (საგანგებო, გამორჩეული) ხეებით ვაკეთებდით ოდებს...ახლა  დიდად აღარ  აგებენ ოდებს. ჯერ ერთი ძვირი ჯდება და მეორეც, ჰგონიათ, რომ ხე მალე ლპება. სინამდვილეში, გააჩნია, როგორ მოუვლი. გაფრთხილება უნდა. ისე უნდა გადახურო, რომ ხეს წყალი არ ხვდებოდეს. განსაკუთრებით სარჩხინავს, რომელსაც გურულები უძახიან  სახლის სახურავის უმაღლეს ნაწილს  შიგნიდან. ფეფენიკო ჰქვია, იგივე  ლაფარო  სახურავის ნაწილს, რომელიც კედელს გადაცილებულია და იფარავს მას ავდრისაგან. გამოიყენება ასევე საქედავი ფიცრები,   რომლებიც ფარავენ სახურავსა და კედელს შუა დარჩენილ ღია ადგილებს. სერაბახი ჰქვია  სახლის სახურავის დასალიერს შემოვლებულ  ფიცრებს,რომლებზედაც დაყრდნობილია სახურავის კავები და წყლის მილები. იატაკის დაგების დროს ვიყენებდით პირშეშობილი ფიცრებს...  რომლებსაც შალაშინით გავუთხელებდით  ცალ მხარეს და მეორე ფიცარს  ვარგებდით. ასევე ვიყენებდით ჩიფლამას. ეს გახლავთ ხის მასალა, რომელსაც გურიაში  საძირკველს ზემოდან აშენებდნენ  და ქილიშის თავებს ფარავდნენ.  არ მიყვარს როხილაი,  გლახა  აროხვილი ბეტონის სახლები. ხის ოდა სახლები კოხტა, ლამაზი, ჯანმრთელი და ბუნებრივია.  ხე ჯანმრთელია და სუნთქავს. ბეტონი კი კლავს და აუბედურებს ადამიანებს. ენერგეტიკულადაც სასურველია ხის სახლში ცხოვრება. ენერგეტიკასაც აღარ ვაქცევთ ამ ბოლო დროს ადამიანები ყურადღებას.  ხის  სახლი კი  დიდი ენერგიით მუხტავს ადამიანს. ადამიანი ძალიან მოშორდა ბუნებას ცხოვრებით,  განწყობითა და ემოციებით. ბუნებასთან სიახლოვის დაკარგვა კი  ძალიან დააზიანებს ადამიანს. გურიაში არსებობს  ბვერი სახლი, რომელთა  ქვედა სართული ბეტონია და ზედა – ხის. ძალიან ცოტა სახლია სოფლებში შემორჩენილი, რომელთა ქვედა სართულიც ხეა და ზედაც. აჭარაში გვხვდება ასეთი დიდი, მთლიანად ხის ოდები უფრო ხშირად. ადრე ამ საქმის მოხელეები ბევრი ვიყავით. დღეს  კი ხის სახლის გამკეთებელი  ხელოსანი საძებარია. ასაკი იმდენად აღარ მიწყობს ხელს, მაგრამ ახლაც ვმუშაობ  ხელობაზე. ხის სახლებს არა, მაგრამ  თოხის და ცულის ტარებს ქე გავაკეთებ. კარ-ფანჯარასაც. სამეურნეო საქმიანობას ვეწევი ძირითადად. მოსავალი მომყავს სიმინდი,  ვაშლი. ჩაი ამოვძირკვე და  მის ნაცვლად თხილები გავაშენე.

ამ ეზოში 8 წელია ვცხოვრობ.. იციან ხოლმე თქმა..ბედნიერი კაცის ნაქონი სახლი ბედნიერი გამოდგებაო. სახლი ხომ საკრალურია. ყველა სახლს თავისი მფარველი, კერიის მცველი  კეთილი ანგელოზი ჰყავს...სახლი მარტო შენობა და იქ არსებული ნივთები არ არის, ძირითადად ადამიანების მიერ შექმნილი გარემოა, რომელსაც იქ მცხოვრებნი ქმნიან. სახლიდან იწყება სამყაროს შემეცნებაც,  რითაც შემიძლია, ვალამაზებ ჩემს სახლს (და არა მარტო ჩემს სახლს) და ვცდილობ, კიდევ უფრო ლამაზი გავხადო. რაც კი შეიძლება, ჩემი ხელით შევქმნა. ღმერთმა მისცა ყველა ადამიანს სილამაზის შეგრძნება. ვისაც რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს! ადამიანმა თავის გულში უნდა მოძებნოს სილამაზე, რისი გამოხატვაც შეუძლია. წიგნში ამოვიკითხე ეს სიტყვები: „თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს.. ყველას გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით“..

წარმოგიდგენთ გაგურში მცხოვრებ  დურგალს, ჯემალ ყიფიანს. 

 „დავიბადე 1959 წელს. მე და ჩემს მეუღლეს, ნანულის გვყავს შვილები: ოთარი, ციური, დემური და მალხაზი. ყველა დაოჯახებულია. დემური  გაგურში ცხოვრობს,  დამოუკიდებლად. ერთი შვილი ჰყავს. მალხაზი _ ძირძველ ოჯახში.  ქალიშვილი, ციური გათხოვილია და ორი შვილი ჰყავს.  ოთარი  ჩაქვში ცხოვრობს. გაგურში 2008 წლის, 22 მარტს ჩამოვედით. რევაზ ცეცხლაძის სახლი ვიყიდეთ. მანამდე ზემო ხევში ვცხოვრობდით. იქედან აქ წამოსვლის მიზეზი მცირე  მიწიანობა  გახლდათ. დედა და ძმა იქ დარჩნენ. გაგურში მშვიდობიანი სამეზობლო ხალხი და ძალიან თბილი  გარემო დაგვხვდა.. ტკბილი და გემრიელი ხალხი.  ჩვენ მუსულმანები ვართ, მაგრამ, ამ მხრივ, არავის განვუსხვავებივართ. ერთმანეთის ადათს და ტრადიციებს პატივს ვცემთ. ერთად ვართ ჭირშიაც და ლხინშიაც.  ჩემს საქმიანობას ხეზე მუშაობა შეადგენს. საშუალო დონის დურგალი გახლავართ. ბაღნობიდან ამ საქმით  ვარ დაკავებული. მამაჩემი შუახევში განთქმული დურგალი იყო და ხელობაც  იმან მასწავლა. ჩემი ძმებიდან  მამის ტრადიცია  მარტო  მე გავაგრძელე და  მხოლოდ მე გამოვედი დურგალი.  ძველი „სტანოკი“ მაქვს,  რომელიც მე თვითონ ავაწყე.  ეს იყო ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო... მერე თხილის მოსავალზე ვამყარებდით იმედს. ახლა ეგეც აღარაა. ჩემი ბიჭები თურქეთში  მიდიან სამუშაოდ და სეზონური შემოსავალი აქვთ. ეს არის და ეს. კიდევ ბაღი და ბოსტანიც გვაქვს. ახლა ზამთრობით  სოფლებში არც თუ ბევრი ოჯახი თუ რჩება. მთელი წლის მანძილზე  აქაურები  ბარავენ, ხნავენ, თესავენ, მოსავალი მოჰყავთ. მერე  ნამატს ყიდიან, ამ ფულით კი მხოლოდ არსებობისთვის აუცილებელ პროდუქტს - ფქვილს, შაქარს, ზეთს, წამალს ყიდულობენ. ზოგს გაუმართლა და დახმარებას იღებს,  როგორც სოციალურად დაუცველი. აქ ძირითადად ასაკოვანი ხალხი ცხოვრობს, თუმცა შემორჩნენ ახალგაზრდებიც.  სამსახური ჭირს. დაუსაქმებელია ხალხი.. ანეგდოტია: „_  გურულების დიალოგი: - რას შობი? _ აფერს. _ კაი საქმა მაი. _ კი, მარა კონკურენიაა დიდი“.

ერთმანეთთან მისვლა ისევ გვიხარია მეზობლებს. ეს არ არის ისეთი სოფელი,  რომ ადამიანები თავის ნაჭუჭში ჩაიკეტონ. ქალაქში ყველას სადღაც ეჩქარება. ყველა დაგრუზული და დახუნძლულია პრობლემებით. მე  ახლაც  არ ვღალატობ ჩემს საყვარელ საქმეს..კვლავაც მხნედ ვგრძნობ თავს. მკერდში ისევ მიტორტმანებს დაღლილი გული. თუ დამავალეს, გავაკეთებ ღობეებს, სახურავს. და ა. შ. ჩემი ტკივილი ის არის, რომ გურიაში  მთელი სოფლის საქმედ ითვლებოდა სახლის ხურვა, იგივე „ნადი“ ასე ეძახოდნენ  გურიაში მოსავლის ასაღებად ან სახლის გადასახურად  მისახმარებლად მისულ ხალხს. დღეს კი, თითქმის .დაცლილ სოფლებში აღარც ხურვაა და აღარც ნადია ყანებში "ნადურის" შეძახილით, ოროყიანი თოხების აკომპანიმენტით.  ჯერ საქმე იცოდნენ, მერე კარგი პურ-ღვინო..“

ერთ-ერთი გაგურელი კაცის ფოტოალბომში აღმოვაჩინე ისტორიული ფოტო... 40-იანი წლების ბოლოა..ომი ახალი დამთავრებულია....ამ ფოტოზე აღბეჭდილთაგან დღეს აღარავინაა ცოცხალი..მოქმედება ხდება  სოფელ გაგურში...ერთ-ერთი თანასოფლელის, კოდრატე ცოცხალაიშვილის სახლის გადახურვა მიმდინარეობს და მთელი სოფელი მონაწილეობს ამ სიხარულში...„ნადის“ მაკვარანცხი ნაწილი პწკალაზე  (კიბეზე) დგას, ორპოჭიკე ნაწილი - პარმაღზე, ზოგი ბენტერა სახურავზეც დგუა.  გაიფიქრებ, ტარაბუის არ ეშინიათ? მარცხი ელანძეა.

ვუყურებ და მიკვირს...დღეს სადღა ვნახავთ ასეთ საზეიმო განწყობას...ასეთ სოლიდა

ჯემალ ყიფიანი
რობას, ერთობასა და ჰარმონიას....წარმომიდგენია, როგორი მთლიანი იყო მაშინდელი ადამიანის სამყარო..დაუნაწევრებელი და ხალისიანი...მეზობლიდან იწყება კაცობრიობის სიყვარული...ფსალმუნის ეს სიტყვები მახსენდება..."აჰა ესერა რამე კეთილ, ანუ რამე შვენიერ, არამედ დამკვიდრება, ძმათა ერთად“....

მართლაც, ყველგან, ყოველ დროს და ყოველგვარ პირობებში, გურული ცდილობდა, სიამოვნება ენახა და შრომა გაეადვილებინა, მწუხარება შეემსუბუქებინა. „სცოდნიათ გურულებს სიმღერა და ჯირითი ფანტასტიურიო“...... „ნადი“-დან გაჩნდა გურული ისტორიული სიმღერა: „ნადური“ (იგივე „ყანური“), რომელიც შეხამებული, მისადაგებული და შეხმატკბილებული იყო შრომა-გარჯილობასთან და  მას უფრო ნაყოფიერსა და ბარაქიანს ხდიდა, შინაარსსა და ხალისს აძლევდა. სიმღერა  ზარმაცს აბეჯითებდა, დაღლილს ამხნევებდა, სულიერ და ფიზიკურ ძალებს ჰმატებდა. (სხვათა შორის, „ნადური“ ყველა სიმღერაზე რთული იყო და მისი კარგი შემსრულებელიც იშვიათად მოიპოვებოდა. სიმღერა ორპირი იყო და რვა კაცი სჭირდებოდა). საქმე სიმღერის გარეშე?! არ გამოვა. შავკანიანები რომ ჯაზს მღეროდნენ სამუშიერზე აგერ გურულები ნადურს ახვევდნენ ყანაში.

გურული  ადამიანი ცხოველმყოფელად შეიგრძნობდა ბუნების სიცოცხლის ყოველგვარ სიკეთეს და  ამით იყო ბედნიერი და გულსავსე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეძებდა დიდი ცხოვრების ჭეშმარიტ სილამაზეს და მას თავისი გულის სიმღერად აქცევდა. „ყველაფერი რიტმია. მთელი მატერიის მოძრაობა, ფეთქვა, ვიბრაცია _ ადამიანის სისხლის, მცენარეთა წვენისა თუ ზღვების მიმოქცევა სამყაროს ერთიან, დიდ სუნთქვას შეადგენს. ეს სამყაროს მუსიკაა _ უხილავი, უბგერო თუ ბგერადქცეული რიტმი.“ _ ასე წერდა ნოვალისი მუსიკაზე.

გურულმა ყოველთვის იცოდა მუსიკის ფასი, რადგან   „მუსიკა ჟამთა სვლას სავსებით თავისებური, სიცოცხლით სავსე საზომით სიფხიზლეს, შთაგონებას და ფასს ანიჭებს. მუსიკა აფხიზლებს დროის განცდას, იგი დროით უფაქიზესი ტკბობის უნარს გვიღვიძებს, იგი გვაფხიზლებს.“

გაგურში მცხოვრები  აწ უკვე გარდაცვლილ დურგლებზე მოგვითხრობს გაგურელი ლაშა ჭეიშვილი.

„ბიძაჩემი ალფესი ჭეიშვილი ხის უბადლო ოსტატი იყო და არა მარტო ხის, არამედ ქვის ბლოკებსაც ასხამდა და მისგან სახლებს აშენებდა. შეეძლო სახურავის გაკეთება,  კრამიტის მოწყობა. სოფელში დღესაც ნახავთ  ალფეს ჭეიშვილის  დამსახურებით გამართულ არაერთ სახლს. ყველანაირი ხისა და ქვის სამშენებლო ხელსაწყოები ჰქონდა. ახლაც  გვაქვს ოჯახში შემორჩენილი მისი ნაქონი „შალაშინი“ და სხვა იარაღები. აგრეთვე, დაფა (ხელნაწერი ქაღალდების ჩასაწყობი, რომელიც ორი ფიცრისგან შედგებოდა. თითოეულის სიგრძე დაახლოებით ერთ ალაბს უდრიდა, სიგანე - ¾ ალაბს. ამ ფიცრებს შუა ჩადებდნენ ხოლმე ხელნაწერებს. ფიცრებს საგანგებოდ ჩაღილულ ადგილებში წვრილ კანაფს გადუჭერდნენ და შეკრავდნენ).

ხიდის აშენებაც შეეძლო. და საერთოდ მშენებლობა როცა ხდებოდა, ჭკუის საკითხავად, პირველ რიგში, ალფეს ჭეიშვილს ეძახდნენ. მარტოხელა კაცი იყო.   მუდამ შრომობდა..არც თესვის, არც მკის დრო უქმად არ გაულევია. ჰყავდა ოცდაათი ოჯახი ფუტკარი. მესაქონლეობასაც მიჰყვებოდა. ოცი სული მარტო საქონელი ჰყავდა. თავისი ხელით  ამოჰყავდა ყველი.  აყენებდა კარგ, კამკამა და მჭვირვალე, ამო და გემორბილ ღვინოს. აგრეთვე სანთლის არაყს ხდიდა. ჭკუასაკითხავი ადამიანი გახლდათ, განკლოვილი, ანუ მიხვედრილი. უყვარდა სტუმარი. სხვანაირი „მობრძანდის“ თქმა იცოდა... ძალიან ჭკვიანი იყო. უნიკალური მეხსიერება ჰქონდა.  ფიქრი უყვარდა. ემოციებით და სიყვარულით აღსავსე კაცი იყო და  უყვარდა თავისი სოფელი.  სჯეროდა, რომ  ბევრ პატიოსან და კარგ ადამიანს გაუზრდიდა ეს პატარა კუთხე მთელს კაცობრიობას. გულს სტკენდა უპატრონოდ მიგდებული, სვეტებჩამოფხვნილი, აივნებმობრეცილი,  დაფახფახებული სახლები და ნატრობდა, წინაპრების  დანატოვარი ფუძისკენ მიმავალი ბილიკი ბალახს არ დაეფარა.

ჩვენს სოფელში ცხოვრობდა აგრეთვე დურგალი, ხის სახლების ბრწყინვალე მშენებელი  ვასო თედიაშვილი, რომელიც   სამამულო ომის ვეტერანი  გახლდათ.  მას და მის შვილს,  ომიზო თედიაშვილს ერთობლივი ძალებით  შეეძლოთ  მთლიანად  აეშენებინათ ხის სახლი. ფიცრების გამოყვანითა და  გადახურვით დაგვირგვინებული. სამწუხაროდ, 70-იან წლებში ომიზო, ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.  უბედურმა შემთხვევამ (ავტოკატასტროფამ) იმსხვერპლა. როგორც მეზობლები ახასიათებენ. კარგი კაცი იყო. უენო,  თბილი,  მოსიყვარულე. ვასო თედიაშვილმა შვილის გარეშე გააგრძელა  თავისი ხელობა.  ახლა უკვე სხვა ადამიანის დახმარებით. მწუხარე  ყოფას ორი რამ ულამაზებდა _ წარსულის მოგონებები და საყვარელი საქმე. ადამიანებთან ურთიერთობა და შრომა  უმსუბუქებდა აუწონელ ტკივილს. მიწაზეც მუშაობდა. იცოდა ხოლმე თქმა: „ძალიან, ძალიან რომ გაგიჭირდება,  მიწასთან  მიდი ბარით და თოხით, გაუხსენი გული, იმას ელაპარაკე, ის დაგიამებს სულის ტკივილსო.“ სოფელ გაგურში რადენიმე სახლის მშენებლობაზე მახსოვს. მოდიოდა და აკეთებდა. ასეთი ვაჟკაცი შვილის დამკარგავს,  ყველას შვილი უყვარდა...ყველას ოჯახს ეფერებოდა და ყველას აშენებული სახლი უხაროდა. სიცოცხლის მიმწუხრზე, დარდისაგან და სიბერისგან ფეხზე დგომა რომ აღარ შეეძლო,  მიწაზე მჯდომარე თავისი ნაჯაფარი ხელებით გლეჯდა ვაზის ძირებში მოდებულ ბალახს.“

სოფლის ხიბლის შემადგენელი ნაწილია გურული სამზარეულოსთვის აუცილებელი ატრიბუტი – კეცი, რომელიც რატომღაც  ყველასთვის თიხიდან დამზადებულ ჭურჭელთან ასოცირდება. გურიაში კეცი ქვისაა, ჩვეულებრივზე უფრო დიდი და მასზე  გამომცხვარი მჭადი თუ ხაჭაპური კიდევ უფრო გემრიელი. 

გურიაში ქვის კეცების დამზადების ტრადიცია ვან-ზომლეთში, სამებასა და ამაღლებაში იყო გავრცელებული. ეს სოფლები გურიის სერის სამხრეთ კალთაზეა შეფენილი და ქვის კეცებისთვის საჭირო მადანი ამ მიდამოებშია.

ქვის კეცი მთლიანად ტრადიციული წესით, ხელის იარაღებით, ელექტრონერგიის, ბუნებრივი აირისა და დაზგების გამოყენების გარეშე მზადდება. ერთი კეცის დამზადებას ერთი დღე სჭირდება. ქვის კეცი დიდხანს ინარჩუნებს მხურვალებას და სრულყოფილად აცხობს.

ქვის კეცებს გურიაში დღესაც ამზადებენ, თუმცა მისი ოსტატები მრავლად აღარ არიან. ოსტატები ტრადიციას არ ღალატობენ და ყოველ კვირა დღეს კეცები ჩოხატაურის ბაზარში ჩააქვთ გასაყიდად, მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ამერიკის შეერთებული  შტატებიდანაც კი იღებენ.

 ერთ-ერთი ოსტატი, 66  წლის ავთო სიხარულიძე, სოფელ  ამაღლებაში, „უდაბნოს კუთხეში“, ქვიდან კეცებს  ათი წლის ასაკიდან „ძერწავს“. კლდეში, რომელზეც ახლაც მუშაობს, ამბობს, რომ ძმასთან ერთად 3000-ზე მეტი კეცი ექნება ნაკვეთი. ერთი ასეთი ჭურჭლის დამუშავებას, რამდენიმე დღეს ანდომებს. ჯერ, კლდეშივე აძლევს ფორმას, შემდეგ გვერდებში ჭრილებს უკეთებს და მიღებულ ოვალურ მასას ოსტატურად აგდებს მიწაზე, რომ არ გატყდეს.

„ათი  წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა და მას შემდეგ მამას ვეხმარებოდი კეცის გამოთლაში - ამბობს ავთო სიხარულიძე. „ ოცდაორი  კაცი მუშაობდა მაშინ აქ, ამ მთის გარშემო, შუადღისას სადილზე კი ყველა ერთად იყრიდა თავს. რაც მე მახსოვს, კოლექტივის პირობებში, კეცების გამოთლაზე  სამი დღე იყო გამოყოფილი - ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. კვირა დღეს კი ჩოხატაურის ბაზარში, დაახლოებით, 100-120 ცალი კეცი ჩაგვქონდა გასაყიდად. გასაღების ბაზარი კი ძრითადად სამტრედია, ოზურგეთი, სენაკი, აბაშა და ბანძა იყო. ასე  ხდებოდა 70-იან წლებამდე, შემდეგ კი დასაქმების სხვა სფეროები გაჩნდა და ადგილობრივებმა კეცების „გამოთლა“ მიატოვეს“.

სამუშო იარაღები პრიმიტიულია. წერაქვი, ჩაქუჩი, ურო და ქლიბი. კლდეში ნაკვეთი მასა, რომელიც მიწაზე ვარდება, დაახლოებით, 30-40 კგ-ის იწონის.  როგორც ოსტატი ამბობს, ეს დამუშავების პირველი ეტაპია. დამუშავების შემდეგ, კეცის წონა, დაახლოებით, 15 კგ-მდე მცირდება. 

ნახევრად დამუშავებულ კეცს, 66 წლის ოსტატი ტომარაში დებს და სახლში მიაქვს. მანძილი კარიერიდან სახლამდე კი, დაახლოებით, 700 მეტრია.  ზურგზე მოკიდებული მძიმე ტვირთით სიარულს წლებია უძლებს.

სახლში სახელოსნოც საკუთარი ხელებით მოაწყო. ამბობს, რომ მამა-პაპისეულ ტრადიციას არ ღალატობს, თუმცა გული წყდება, რომ ხელობას ვერავის ასწავლის. ბიჭი არ ჰყავს, გოგოები კი მძიმე ტვირთის საზიდად და ფიზიკური დატვირთვისთვის დაენანა.

„მამაჩემი, მისი  ოთხი  ძმა და ბიძაშვილები ამ ხელობას მისდევდნენ. მამაჩემმაც, ალბათ, ბაბუასგან ისწავლა. კეცების გარდა, ჩაბურებსაც თლიდნენ - ასე ეძახდნენ ღომის საცეხველასო“ - ამბობს ქვის ოსტატი, ვიდრე კეცის საბოლოო დამუშავებას დაიწყებს. 

ამ კეცებზე, ძველ დროში მხოლოდ პური, ხაჭაპური და ჭადი ცხვებოდა და 2-3 სთ სჭირდებოდა. ნაკვერჩხლებზეც შეიძლებოდა დადება ან ცეცხლში შედგმა. დღეს კი, ამ კეცებზე სოკოს, გოჭს და თევზსაც ამზადებენ. განსხვავებულ გემოს ანიჭებს.

 კეცს საბოლოო სახეს თავის სახელოსნოში აძლევს და მერე გამოწვას იწყებს. იხსენებს, რომ ბავშვობაში ასეთი  სამი-ოთხი მაინც ჰქონდათ ოჯახში. ომის დროს კი ქვის მთლელებს, ეს კეცები სამეგრელოში ცხენებით ჩაჰქონდათ და სამეგრელოში სიმინდზე ცვლიდნენ. პირობა ასეთი იყო - სანაცვლოდ იმდენივე სიმინდი უნდა მიეღოთ, რამდენსაც კეცი დაიტევდა. ასე გაჰქონდა, თურმე, ოჯახს თავი.

 ავთო  სიხარულიძე, კეცების „თლას“ ყოველდღიურად აგრძელებს. კვირაობით, კვლავ ლანჩხუთის ბაზარში ჩააქვს კეცები, და

ვასო თედიაშვილი მეუღლესთან ერთად.
კვლავ გული წყდება, რომ მოსწავლე არ ჰყავს. ამბობს, რომ მის გარდა, ამ ხელობას კიდევ  სამი  ადამიანი ფლობს, თუმცა ისინი ასაკის გამო, უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობენ. „უდაბნოს მხარეში“ შემორჩენილი ოსტატი კი, ვიდრე ხელებში ძალა აქვს, მამა-პაპისეულ ტრადიციას არ ღალატობს. 

გურიაში გავრცელებული წნული ჭურჭლის სახეობაა გიდელი.

„წვნა კაცობრიობის კულტურის უძველესი მონაპოვარია, იგი წინ უსწრებდა ქსოვას, რომელიც მისგან განვითარდა. წვნასთანაა დაკავშირებული აგრეთვე კაცობრიობის კულტურის ისეთი მონაპოვარიც, როგორიცაა მეთუნეობა. მეთუნეობა ყველგან ალბათ იმის შედეგად გაჩნდა, რომ დაწნულ ან ხის ჭურჭელს თიხით ლესავდნენ, რათა ცეცხლგამძლე გაეხადათ.

წნული ჭურჭლის დასამზადებლად იყენებენ, უპირატესად ტირიფს და მის სახესხვაობებს - ძეწნას, მდგნალს, წნორს, მანეულს, აგრეთვე - თხილს, შვინდს, უზანს, სიმინდის ფუჩეჩსა და პურის ნამჯას. საქართველოში გავრცელებული წნული ჭურჭლებიდან ფორმითა და ფუნქციით საყურადღებოა მოგრძო, ძირწაწვეტებული უყურო გოდორი - გიდელი. იგი მაღლარი ვენახისა და ხილის საკრეფი ჭურჭელია.

გიდელს ამზადებენ წნელისა და ტკეჩისგან. გავრცელებულია გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, ლეჩხუმში, ქვემო იმერეთსა და სხვაგან. გიდელის მთავარი საყრდენი წაბლის, მუხის ან ქორაფის ღეროა, რომელსაც ცეცხლზე ათბობენ და ოთხივე მხრიდან ტკეჩებს აცლიან. ღეროს შუაში დარჩენილ ხის გულს ჭრიან და მის ქვედა ნაწილს გიდელის ფსკერად ტოვებენ. გურიაში მას კუშტული ჰქვია, ლეჩხუმში - მუჯურო, აჭარაში - კუნჭულო, სამეგრელოში - კურსული. გიდელის საწნავ ტკეჩს ასე ამზადებენ: საშუალო სისქის დანით ჩაჭრიან, მუხლზე მოხრიან და მარჯვენა ხელის შუა თითის დახმარებით თანდათან ზოლებად შლიან. გიდელის წვნა იწყება ფსკერიდან. გიდელის საყრდენს წვრილი ტკეჩი ჯვარედინად გადაეწვნება. წვნა ხორციელდება მარჯვნიდან მარცხნივ. შუა ნაწილში გიდელი ოდნავ ფართოვდება, რისთვისაც მსხვილ ტკეჩს უმატებენ. გიდლის თავსაც მსხვილ ტკეჩს შემოაწნავენ. თავზე უკეთებენ თოკის სახელურს, რომელზეც ხის კავი - ღვანღვალი - არის მიმაგრებული ტოტზე გიდლის ჩამოსაკიდებლად.

გურიის  გაზეთში   გიდრებისა და გოდლების წვნის საქმიანობაში დახელოვნებულ ოსტატთან,  ოზურგეთელ კუკური ჯიშკიდონთან ინტერვიუს წავაწყდი. ბატონი კუკური  უკვე 64 წელია, გოდრებსა და გიდელებს წნავს. დღეს იგი ხალხური რეწვის ოსტატია და არა ერთ გამოფენაშიც იღებს მონაწილეობას, თუმცა, ძალიან საჭიროდ მიაჩნია, ახალგაზრდებმა შეისწავლონ ეს საქმე და დავიწყებას არ მიეცეს, რადგან თითქმის არ იცნობს ახალგაზრდას, რომელიც ამ საქმით იყოს დაკავებული ან დაინტერესება გამოეჩინოს გოდრების დაწვნის ხელოვნების შესასწავლად.

ბატონი კუკური გვიამბობს, 1950 წელს, ჯერ კიდევ პატარა როგორ ჩაცუცქდებოდა უფროსი ძმების წინ, რომლებიც გოდრებსა და გიდელს წნავდნენ. ასე შეისწავლა ეს მამაკაცური საქმე და მერე ოჯახსაც არჩენდა გაყიდული სამეურნეო ნივთების შემოსავლით.

_ გოდრის განსაკუთრებული საჭიროება იყო მეჩაიეობის პერიოდში. მოკრეფილი ჩაის ფოთლის ტომარაში ჩაყრა არ შეიძლებოდა და მოთხოვნა დიდი იყო. სეზონზე ას გოდორს ვყიდდი. ახლა ამდენი მოთხოვნა არ არის, მაგრამ არა უშავს. ისე კი, კარგი ისაა, თუ ბევრი ისწავლის ამ საქმეს. კაცი გოდრის და გიდლის სათხოვრად მეზობლებში არ უნდა დარბოდე შემოდგომაზე.  

 ბატონ კუკურის არაერთი მინიატურული სამეურნეო თუ საყოფაცხოვრებო ნივთიც აქვს გაკეთებული, რომლითაც როგორც დიდების, ისე პატარების გახარებაც შეიძლება. ჩვენი მასპინძელი, როგორც თვითონ უწოდებს, "შავ ქუხნაში" მიგვიძღვება, სადაც დასაწნავად საჭირო მასალა და რამდენიმე სამუშაო იარაღი დევს. სამასალე ხედ, ძირითადად, თხილის მერქანს იყენებს. ასევე, კარგია ამერიკული კაკლისა და წაბლის ხის მასალა, თუმცა, მათზე, მისივე თქმით, ხელი ნაკლებად მიუწვდება.

საჭირო დამსხვილებული ტოტების თუ საძირე მასალის მოჭრა, სექტემბრიდან მარტამდეა შესაძლებელი. მთვარეს ამაზე დიდი გავლენა არ აქვს. ოღონდ, თხილის შოლტი ორწლიანი მაინც უნდა იყოს, საძირე მასალა კი 5-10-წლიანი ხისგან უნდა დამზადდეს.

_მუშაობის დაწყებისას ტკეჩი და ფსკერ-საძირე მთავარი მასალაა. ერთი პატარა დანა და მისი ჯანი. ფსკერის მასალას ცეცხლზე მოთუშვა სჭირდება და კანი ცხლად უნდა შემოვაცალოთ. მერე დათლი და თუ დაწვნას ვერ ასწრებ, შეინახავ. გახმობა ხელს არ უშლის, დაალბობ წყალში და ჩვეულებრივად დაამზადებ.

_ გიდლის საძირეს კუშტური ჰქვია, წინასწარ ირგვლივ მომზადებულ ნახვრეტებში საძირეებს ჩაარჭობ და იწყებ მოწვნას. საბოლოოდ კი კიდეს ტკეჩის ირიბი გადახვევით შემოუკეთებ. სულ ეს არის, _ ისე ადვილად გვეუბნება ოსტატი, თითქოს სული შეუბერა და ზღაპრული გიდელიც გაჩნდა.

რაც შეეხება ბატონი კუკურის ფულად შემოსავალს, ერთ გოდორს  იგი 30 ლარად ჰყიდის და სეზონზე 30-50 ცალს თუ გაყიდის. უკმაყოფილო არაა, ორ დღეში ერთი გოდრის დასრულებას ადვილად ახერხებს, თუმცა, გარეშე თვალისთვის ეს ყველაფერი დიდი სირთულეა და ხალხური რეწვის ოსტატისგან კი უდიდესი თავმდაბლობით ნათქვამი სიტყვა.

გაგაცნობთ გაგურში მცხოვრებ ქალბატონს, ნინო კეკელიძეს, რომელსაც ძალიან უყვარს ხატვა და აკეთის საჯარო სკოლაში  ხატვის მასწავლებლად მუშაობს.

„დავიბადე 1962 წელს. 1981 წელს დავამთავრე ვანის პროფტექნიკური სასწავლებელი. არქიტექტურული დეტალების მძერწავ-მემოდელის განხრით. შემდეგ აღარ გამიგრძელებია სწავლა. აღარ მქონდა საშუალება. მერე გავთხოვდი და სამი  შვილი შემეძინა. ახლა უკვე რვა შვილიშვილი მყავს. რომლებსაც ასევე უყვართ ხატვა და ხატავენ. 1988 წელს  აკეთის საშუალო სკოლაში  დავიწყე მუშაობა. დღემდე  აქ ვარ.  მეხეთედან მეცხრე კლასის ჩათვლით ვასწავლი ხატვას.  არაერთი ნიჭიერი ბავშვი სწავლობს ამ სკოლაში. ერთი მოსწავლე მყავს, ჩემზე ძლიერია. ჩხაიძეა გვარად. ქვემო აკეთში ცხოვრობს.  გამორჩეული ნიჭის  ბავშვია. სადაც  კი წავიყვანე, გამოფენებსა თუ   კონკურსებზე, ყველგან  გაიმარჯვა. უახლოეს წარსულში ჩატარდა რაიონული  კონკურსი  გალაკტიონ ტაბიძის იუბილესთან დაკავშირებით და ამ ბავშვმა  თავისი ნამუშევარი წარმოადგინა, რომელსაც  ერქვა:  „ლურჯა ცხენები“.  ეს ნამუშევარი მან შეასრულა საღებავითა და სანთლით. აურია ერთმანეთში. მე ვერ მოივიფიქრებდი ამას, მაგალითად და ბავშვმა რანაირად მოიფიქრა, ეს მიკვირს... ღუმელზე დადო სანთელი, გაადნო და საღებავებს შეურია. გეგონებოდათ ზეთის საღებავებითაა შესრულებულიო. სანთელი და საღებავი რომ ერევა ერთმანეთში, ის იმ წუთშივე უნდა  გამოიყენო და  თბილად დასვა ფერები. ეს გოგონა ერთადერთი გამარჯვებული   გახლდათ ამ კონკურსზე. პირველ ადგილზე გავიდა. მისი ბევრი ნამუშევარი მაქვს   შენახული.

დღემდე მწამს,რომ ზედმეტი ამქვეყნად არავინაა, ყველას რაღაც მისია გვაკისრია, უფრო სწორედ-რაღაცის უნარი და შანსი გვაქვს,ზოგი ამას დროულად აღმოაჩენს, ზოგი-მოგვიანებით. მასწავლებლებს დიდი ვალდებულებები გვაკისრია. მსხვერპლი დიდია, თუმცა - სასარგებლო, ვზრდით სექტემბრიდან ივნისამდე  ერთმანეთს მე და ბავშვები.  თანდათან გიყვარდება თითოეული, ზოგი-მეტად, გამორჩეულად.  მერე   ჩამოკრავს ბოლო ზარი, დამშვიდობების წუთები. მასწავლებლები ველოდებით ამ წამს და როცა დგება, უნებლიედ გვეტირება,რაღაცა სრულდება  ჩვენში, ერთი ეტაპი კიდევ ფინიშზეა და ზუსტად იმ მომენტში ვგრძნობთ,  როგორ  გვბეზრდება სიჩუმე საკლასო  ოთახებში, დიდი და ცივი  გვეჩვენება  უამათოდ ეს პატარა ოთახები, სიჩუმე, ასე რომ გენატრებოდა, უცებ აუტანლად გვზარდება. სიზიფეს ლოდის გორებაა ეს ცხოვრება...თუმცა თუ სიყვარულით ეკიდები საქმეს, ეს ლოდი უფრო მსუბუქდება.

მხატვრებიდან ჩემი გამორჩეულად საყვარელი მხატვარი ვან გოგია.,,მსურდა, ჩემი ნახატებით რაღაც სანუგეშო მეთქვა, სანუგეშო, როგორც მუსიკა. ადამიანები ისეთნაირად დამეხატა, მათ შემხედვარეს მარადისობა გახსენებოდა, მარადისობა, რის სიმბოლოდაც შარავანდედს სახავდნენ ხოლმე... შენს დაწერილ წიგნში, შენს საქციელში, შენს დახატულ სურათში სიცოცხლე რომ იგრძნოს ვინმემ, სიცოცხლე შენში უნდა იყოს", _ ამბობდა ის.  მის მღელვარე რტოებდაბურულ კვიპაროსებს, მოლივლივე სათიბებსა და აჟრჟოლებულ ყანებს მილიონში გამოვარჩევ. მე მიხარია, როცა ჩემს მოსწავლეებში  ვხედავ და ვგრძნობ სიცოცხლის, სოფლის, ხელოვნების სიყვარულს...ბავშვური უშუალობით, საოცარი სიწმინდით, ხალასი გრძნობით აღბეჭდილ მათ ნამუშევრებში თქვენ იხილავთ მზის სინათლით სავსე სამყაროებს, ნისლში მოტივტივე ეკლესიებს, ბუჩქის ძირას აფეთქებულ იებს, მზით ნაფერებ ბილიკებს, ბერიკაცებივით მდგარ ჭადრებს, ეულად მდგარ ხეებს,  ცის ტატნობზე გადაჭიმული  შვიდფერა ცისარტყელის სარტყელს, ციხის ნაშალში გამავალ ღრუბლებს, ცის კაბადონზე დასკუპებულ ვარსკვლავებს, ტყემლის ყვავილების თეთრ ფანტელებს, ფიფქით შემოსილ  სუფთა და ფაქიზად მოვლილ ოდა სახლებს, დაისის დნობას, აჭრელებულ კორდებს, მარწყვის პატარა თეთრი ყვავილების ელვარებას და  სამყაროს კიდევ ბევრ სხვა საოცრებას. და  დარწმუნდებით, რომ „ხელოვნება უფრო მეტად განაგებს სინამდვილეს, ვიდრე ჩვენ გვგონია.“ რომ  „პოეზია ყველგანაა, თუნდაც ბალახში, საჭიროა მხოლოდ დაიხარო და დააკვირდე.“ (პასტერნაკი). ბევრს აღუნიშნავს, რომ გურულები სიცოცხლის მოყვარული ხალხია. ვერ ნახავ მატერიალისტ გურულს, ისე გურულებს შრომის სიყვარულს გვიწუნებენ და ამიტომაც არისო, რომ სულ ღარიბი იყოო გურია. გურულებს ლაზღანდარობის მეტი არაფერი უნდათო...მაგრამ მთლად ასე არ არის საქმე..

მანანა ცოცხალაიშვილი
.უბრალოდ..სამუშაო არ არის. ადრე ჩაის პლანტაციები იყო სოფელში. ერთ დროს სამ-ოთხ ტონა ჩაის ვკრეფდით. დავიხურავდით ჭილოფის ქუდებს და ცალხელკიდებაზე ვმუშაობდით.  ასეთი შრომით ოჯახებს ვარჩენდით და ლუკმა-პურზე არავინ დარდობდა.თურქეთში კი მშვენიერ ანაზღაურებას იძლევიან ჩაის კრეფაში. კომფორტული პირობებია. ამიტომაც გურულები მასიურად მიდიან თურქეთში ჩაის საკრეფად. ამჟამად სოფელში ჯერჯერობით არ ჩანს იმის პერსპექტივა, რომ ხალხი მასიურად დასახლდეს. ახლა ეს ფაროსანაც შემოგვესია, მაგრამ ამის გამო ხომ არ უნდა მივატოვოთ სოფელი და უპატრონოდ მივაგდოთ  წინაპრების მიერ საძირკველჩაყრილი  სახლ-კარი?!..მიტოვებულ სახლს, ხომ იცით, ადვილად ედება ხავსი. დასანანია  ოდესღაც სიცოცხლით მჩქეფარე არე-მარის  და ჟრიამულით აკლებული კედლების ყურება....  ანეგდოტიც აქვთ გურულებს ასეთი.„გურიაში ზაფხულში დასასვენებლად ჩასულმა  ლამარამ მეზობელს  ეზო გაათიბინა და ჰკითხა:  _ რაცხა წამალია, კიბეებს მოასხამ და ხავსი არ ამოვაო.  _ მაგის წამალი ფეხია, ფეხი _ აუხსნა ანზორმა. _ ფეხიი ? _ იკითხა ლამარამ. _ კიი,  ფეხი.  ხშირ-ხშირად თუ არ ამოხვალთ აქანე, კიბეზე ხავსი კი არა, მგელი დაგხვდება ამოსულიო...დაუზუსტა ანზორამ.“

ხუმრობა ხუმრობად და  მე პირადად, ვცდილობ  ყველაფერს რელიგიური თვალით შევხედო. გაჭირვება ძნელი ასატანია, მაგრამ აბა როგორ გვინდა?“. „თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.“

 

ცხოვრება მიდის და აუხდენელ ოცნებებს დავატარებთ თან..და „ოცნებას, რომელიც ვერ ვპოვეთ ცხოვრებაში, ვპოვებთ ჩვენს მიერ შექმნილში“.. და რადგანაც  „შემოქმედება ნიშნავს „სიკვდილის მოკვლას“. ჩვენ ვხატავთ, ვძერწავთ, ვქარგავთ, ვკითხულობთ, რათა სიკვდილს გავუწიოთ წინააღმდეგობა.

„ცხოვრებაში რაღაცით უნდა გადარჩე, სიცოცხლე რაღაცით უნდა გააგრძელო. მე ყოველთვის მიჭირდა ცხოვრება, მატერიალურს არ ვგულისხმობ, და ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა, რომ გადავრჩი, რაშიც  ქარგვა ძალიან დამეხმარა..." _ ამბობს გაგურის მკვიდრი მანანა (ქეთევან) ცოცხალაიშვილი. ის მარტოხელა, 65 წლის  ქალბატონი გახლავთ..გაგურელი მამიდანების (მამიდების) ტრადიციას არ ღალატობს და თავისი  ძმის  შთამომავლებს სითბოსა და მზრუნველობას არ აკლებს.

კითხვაზე: _ როგორ გადაწყვიტეთ ქარგვა, ქალბატონი მანანა მოგვიგებს:

_  ცხოვრებაში  იმდენი სტრესი და სიმძიმე ხვდება ადამიანს,  ზოგი რით ებრძვის და ზოგი რით. მე ქარგვის გარდა არაფერი მინდა. დილით რომ შევხედავ ჩემს ნამუშევრებს, კარგ გუნებაზე   ვდგები  და ეს განწყობა მთელი დღე მიმყვება. ჩემთვის მძიმე ისტორიით დაიწყო  ქარგვის სიყვარული.  დედა  რომ  გარდამეცვალა, ერთი წელი,  ძილი რა იყო, არ ვიცოდი. მანამდე არასდროს არაფერი არ მქონია მოქარგული.  საქარგავი ნემსის გამოყენებაც არ ვიცოდი.   ყველაზე პრიმიტიული ორნამენტების ამოყვანაც არ შემეძლო. რაღაცნაირად, ცხოვრებაში პირველად მომინდა დედაჩემის საფლავის მაგიდის გადასაფარებელზე ყვავილები ამომექარგა.  იმდენად ძლიერი იყო სურვილი, რომ როგორღაც  შევძელი  და ორი პატარა ყვავილი გაჭირვებით  მოვქარგე.  ეს იყო ჩემთვის არა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის წყარო, არამედ გარკვეულწილად  ფსიქოთერაპიაც.  რაღაცნაირად ეს პროცესი მეხმარებოდა  ყველაზე საყვარელ არსებასთან განშორების  გადატანაში. როგორც გითხარით, ძილი არ მეკარებოდა. და ამდენი უძილობისგან  საშინლად ვგრძნობდი თავს. ერთ ღამესაც, სულ რაღაც ნახევარი საათით წამთვლიმა და უჩვეულო სიზმარი  დამესიზმრა. მთელ სოფელს ეძინა. ქარები   სტვენდნენ. გაძარცვული ტოტებიდან მთვარე საბრალოდ იჭვრიტებოდა. უცებ  გაბჟღიალდა ყველაფერი და ჭიშკრის ნაღვლიანი ჭრიალი გაისმა. ვითომ დედაჩემი მოვიდა.  ამოდ სამზერი. თითქოს ნათლის სვეტი ადგასო.  სახემნათი, თვალებწყლიანი.  რაღაცნაირად გულსავსე და დამტკბარი. ისეთი მშვიდი იყო, თითქოს ყრუ ყოფილიყოს, ანდა მკვიდრი სულ სხვა ქვეყნისა, იმ მიღმეთისა,  სადაც არ  აღწევდა ამასოფლის ხმაური და მძვინვარება. არაფერი უთქვამს, მომიახლოვდა და ხელში მარიამ ღვთისმშობლის ხატი ჩამიდო. გამოხდა ხანი და  სიმზარი ისევ განმეორდა. ოღონდ   მეორედ უკვე დედაჩემმა   წმინდა გიორგის ხატი ჩამიდო ხელში  და თითქოს მომეფერა. ნეტარებისა და სიხარულის გრძნობა დამეუფლა..ისეთი, როგორც უზრუნველ და გულმშვიდ ბავშვობაში აქვს ადამიანს. დედის კალთას მყუდროდ  შეფარებულ დღეკეთილ დროებაში.  მას მერე დედა აღარ დამსიზმრებია. ისევ სიშორეში გადაიკარგა მისი გზა-შარა.  მერე, ცოტა ხანშივე,  მოხდა რამდენიმე ბედისწერული დამთხვევა. მე მყავს უკრაინელი   მეგობარი, ლენა, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და დღემდე  შესანიშნავი ურთიერთობა  გვაქვს. თუკი რამეს ვაკეთებ,  მისი წყალობითა  და დამსახურებით.   ის მიგზავნის მოსკოვიდან  თითქმის ყველაფერს, რაც  საქარგავად არის საჭირო (და არა მხოლოდ).  სრულიად შემთხვევით,  ლენამ  მარიამ ღვთისმშობლის ზუსტად  ისეთივე  ხატი გამომიგზავნა, რომელიც დედამ მაჩუქა  სიზმარში.  ბევრმა შეიძლება  ეს არ დაიჯეროს,  მაგრამ ასე კი იყო.  რომ დავხედე ამ  ხატს,  გავოცდი.  მე    4 დეკემბერს, მარიამ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს ვარ დაბადებული.  წმინდა მარიამი ყველას დედა და მფარველია, მაგრამ იმ  სიზმირის მერე  მე ის საკუთარ დედად აღვიქვი. განსაკუთრებული ნდობით, იმედითა და სიყვარულით დავუკავშირდი მას. ძალიან მიყვარს გალაკტიონის ეს ლექსი:

 "დედაო ღვთისავ! მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე".

არ შეიძლება, არ დავეთანხმო გრიგოლ რობაქიძეს: "გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია..."

რაც შეეხება წმინდა გიორგის ხატს, თუ რატომ მაჩუქა დედაჩემმა ის სიზმარში,  ამას წლების მერე მივხვდი. თურმე  ავგული ბედი კიდევ უფრო მძიმე განსაცდელს, ძნელ ჟამს მიმზადებდა.  ზუსტად, 23 ნოემბერს. გიორგობა დღეს.  თბილისის ერთ-ერთ დიდ ტაძარში შევედი და  ხალხმრავლობის გამო  სანთელი ვერსად  დავანთე.  ვერცერთ ხატამდე ვერ მივაღწიე.  გამოვბრუნდი და წამოვედი.  წმინდა ქალმულმოწამე ბარბარეს  სახელობის  პატარა ეკლესიაა რუსთაველზე  და   ვიფიქრე,  იქ არ იქნება ამდენი ხალხი.  შევალ და თავისუფლად  დავანთებ-მეთქი  სანთელს. ამ დროს, გადასასვლელზე   დიდი მანქანა დამეჯახა. ხმაც  ჩამესმა: _ ქალი მოკვდაო, _ ვიღაცამ  შეჰკივლა. მერე აღარაფერი მახსოვს.  გარკვეული დროის შემდეგ  მივხვდი, რომ  ის წმინდა გიორგის ხატის ჩუქებით თითქოს   დედაჩემმა    მფარველი ანგელოზი  მომივლინა. დედობრივი მზრუნველობა არც იმ ქვეყნიდან მოუკლია და  ორი  საუკეთესო  მფარველი მაჩუქა:  დედა ღვთისმშობელი  და წმინდა გიორგი.  ემოციურად იმდენად დავიმუხტე, რომ ფაქტიურად  აქედან დაიწყო ყველაფერი. საქმე იმაშია, რომ ჩემთვის  მართლა არავის უსწავლებია ნემსის ამოყვანა. მით უმეტეს, რომ ძირითადად  „კრესტიკებით“ ვქარგავ.  როგორ და რანაირად უნდა გამეკეთებინა „კრესტიკი“, არ ვიცოდი.  თან ისეთი პერიოდი  იყო,  სითბო, სინათლე, არაფერი არ იყო. . ლამფის შუქზე გავაკეთე ორი ხატი: მარიამ ღვთისმშობლის და იესო ქრისტესი.  ყვითელ ფონზე.  ჩემით ავაწყე ყველაფერი. საერთოდ, ყველაფერს ვქარგავ,  რაც კი მომეწონება. ტრაფარეტის მიხედვით  გადამყავს ნაჭერზე გამოსახულებები.  ვცდილობ, ქარგვისას,  მხოლოდ შინაარსზე  კი არ გავამახვილო ყურადღება, არამედ ამ შინაარსში ფერების ზეიმი აღვწერო. შინაარსი კი არა, ფერია მთავარი. ნაზი და ნათელი ფერები მიყვარს. ადამიანის ფანტაზიას და თვალსაწიერს საზღვარი არა აქვს. რაღაც ისეთი უნდა იყოს  ნამუშევარში, რომ ადამიანს თვალის მოშორება გაუჭირდეს. დიდ სიმშვიდეს  მანიჭებს ქარგვა. ჩემი მარტოობა  და  საკუთარი ცხოვრების არქონის სევდა   ამით გადამაქვს. ქარგვის პროცესი მილამაზებს  ერთფეროვან ყოფას.  ბერნარდ შოუ  წერდა: ,,მარტოობის გადატანა და მისგან სიამოვნების მიღება ყველაზე დიდი ნიჭია." ნიჭი ბევრნაირია. მაგალითად, ვან გოგი ყველაზე დიდ ხელოვნებად, ყველაზე დიდ სილამაზედ სწორედ ადამიანთა სიყვარულს მიიჩნევდა. მისთვის სიყვარულის ნიჭი იყო ყველაზე უპირატესი.  გაგურში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთაც არ ჰყავდათ საკუთარი ოჯახი, მაგრამ, ამის მიუხედავად,   ისინი ცხოვრობდნენ სისხლსავსე  ცხოვრებით და იხარჯებოდნენ ძმისშვილებისთვის, დისშვილებისთვის. მეზობლების, მთელი სოფლის შვილებისთვის. ხომ გინახავთ ადამიანი მზეები... რომ არიგებენ სითბოს და მათ არაფერი აკლდებათ...მუხლჩაუხრელად ირჯებოდნენ, თავგანწირულად შრომობდნენ და წვალებით  ნაშოვნ ფულს   გაჭირვებულ ირგვლიმყოფებს   ახმარდნენ...თვითონ რა ჰქონდათ და საგულდაგულო წიგნაკებს აწარმოებდნენ, რომლებიც სავსე იყო სიისმაგვარი ჩანაწერებით..მაგალითად, ესა და ეს ადამიანი  დიაბეტიანი რომ არის თურმე  და სჭირდება  ინსულინი; ამასა და ამას სჭირდება თავშალი, თბილი წინდები, საბანი, ორთოპედიული ფეხსაცმელი და ა. შ. უსასრულოდ გრძელდებოდა მეზობლებისა და ნაცნობების სახელების ჩამონათვალი. დიდხანს, დიდხანს გრძელდებოდა..იმ გაჭირვებულ დროებაში  ეს იყო სიკეთის სასწაული. ამ ადამიანების დამსახურებაა ის განცდა და ასოციაციები, რაც დღემდე უმნიშვნელოვანეს იმპულსებს მთავაზობს. ტრაგიკული ცხოვრება რომ გაქვს ადამიანს და მაინც სიცოცხლეს ადიდებ...შენ რომ საწუთრომ  მარტოობა  „მოგახვედრა თავში კომბლად“ და მაინც თბილი მზერით  რომ ადევნებ თვალს ფანჯრიდან საღამო ხანს სხვის შვილებს, შვილიშვილებსა და ბედნიერ წყვილებს...ეს უკვე სიკეთისა და სიყვარულის  გამარჯვებაა.

გაზაფხულობით, მდელოს მწვანე მორევით

მარჯვნიდან პირველი ნინო კეკელიძე
მოსილ ჩემს სოფელს, გაგურს რომ გავყურებ, სწორედ ამ დიდი სიყვარულის შარავანდედში ვხედავ მას.

„მობრუნდნენ ყრმობის სიზმრები,

მე ერთნაირად მიყვარს სუყველა.

თითქოს ბავშვი ვარ, სოფლად ვიზრდები

და გაზაფხულის ქარი უბერავს.“ (თამაზ ჭილაძე).

ფოტოხელოვანი ზურაბ  კუპრავაფეისბუქში აღმოვაჩინე. ჩემი ყურადღება უმალ მიიპყრო მის მიერ გადაღებულმა შთამბეჭდავმა ფოტოებმა, რომლებიც ასახავენ ბუნების სრულქმნილ მშვენიერებას. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია,  მოხელთებული  და შეჩერებულია ბუნების ცხოვრების არაერთი ულამაზესი წამი. ზური კუპრავას ფოტოობიექტივი გვიყვება  ცად აზიდულ მწვერვალებზე, ქაფმორეულ მდინარეებზე,  ვარდისფერთითება აისებზე და სისხლისფერ დაისებზე; ველ-მინდვრებში მონავარდე ცხოველებზე, ცის ფრინველებზე, მწერებზე, ქარწამოსხმულ ხეებზე და კიდევ უამრავ სასწაულზე, რომელიც ფოტოხელოვანს  დედაბუნებამ გაანდო. ბუნება, როგორც სამყარო პოეზიისა, მუსიკისა, ფერწერისა, ამოუწურავი თემაა  და შთაგონების ამოუხაპავი წყარო. „ბუნება ღმერთის საგალობელია“ - ამბობდა შოთა ნიშნიანიძე. მასში დაუნჯებული მშვენიერების  ასეთი აღქმა   მხოლოდ ვაჟასეული ხედვით დაჯილდოებულ ადამიანებს თუ ხელეწიფებათ. ალბათ, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ბუნების უკვდავი პოემის შექმნა. ზურაბ კუპრავა ბუნების უკიდეგანო „საგამოფენო დარბაზების“ მუდმივი მოთვალთვალეა.  „თვალები სულის სარკეა“ და ასეთი  განსულიერებული, მადლიანი თვალებით რომ დაინახოს ყველა ქართველმა საქართველოს  განუმეორებელი და მრავალფეროვანი ბუნება,  ალბათ, უფრო მეტი სიყვარულითა და  სიამაყით აღივსებოდა და რუდუნებით გაუფრთხილდებოდა იმას, რაც ჯერ კიდევ შემოგვრჩენია.

როცა ფოტოსაქმე ფოტოხელოვნებად იქცევა, ეს უკვე შემოქმედებითი პროცესია, დიდი სიკეთეა, დაბოლოს, უდიდესი სიამოვნებაცაა. უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ გარკვეულწილად ფოტოხელოვანიც  ხდება ბუნების - ამ საოცარი შემოქმედების თანაზიარი.

- ბატონო ზურა, თქვენი ინტერესის სფერო, ძირითადად, პეიზაჟებია. ბუნების მოვლენები, ფლორა, ფაუნა.  როდიდან დაიწყეთ ფოტოების გადაღება და რატომ აირჩიეთ ფოტოხელოვანის პროფესია?

- ფოტოხელოვნება სკოლის ასაკიდან დავიწე.  სადღაც მეოთხე კლასიდან. ყველა ჟანრს ვიღებ,  რაც შემხვდება.  გადაუღებელს არაფერს ვტოვებ. დაწყებული მაკროდან, დამთავრებული მიკროსამყაროთი...

-  როგორ ფოტოებს ანიჭებთ უპირატესობას:  შავ-თეთრს თუ ფერადს?

- როგორც ასეთი,  უპირატესობას არც ერთ ფოტოს  არ ვანიჭებ. გააჩნია რა ჟანრია და როგორ მოუხდება,  ფერადი თუ შავ-თეთრი.  საერთოდ,  შავ-თეთრი უფრო ფასობს. ორი ფერია სულ: შავი და თეთრი. ამიტომაც  აქ  დიდი პროფესიონალიზმია საჭირო.  მხოლოდ  ეს ორი ფერი უნდა ათამაშო და აამეტყველო.

- რა არის მთავარი ფოტოხელოვანისთვის. რაზე აკეთებთ ხოლმე აქცენტს? რას აქცევთ განსაკუთრებულყურადღებას, სანამ ღილაკს თითს დააჭერდეთ?

- ფოტო ხელოვანი უნდა გრძნობდეს გადასაღებ ობიექტს.  მასში უნდა ხედავდეს იმას, რაც სხვისთვის მიუწვდომელია,  მაგრამ ჩემთვის, მაგალითად,  ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.  ალბათ გამომიმუშავდა უკვე ჩვევა. ღილაკზე თითის დაჭერამდე  არსებობს  ხედვა,  შეგრძნება.  დიდ ხანს არ ვათვალიერებ გადასაღებ ობიექტს,  მოვუძებნი ხოლმე  რაკურსს  და მორჩა,  ის უკვე  ჩემია.

-  რისი თქმა გსურთ თქვენი ფოტოებით  და რამდენად არის ფოტოგრაფია თქვენთვის

 

თვითგამოხატვის საშუალება? რასნიშნავს  წამის შეჩერება, რომელიცცოტა ხანში ისტორიად იქცევა?

- მსურს, დავინახო სილამაზე და სხვასაც დავანახო, რომ ამ სილამაზეს აღქმა უნდა.  შეიძლება მთელი შენი ცხოვრების მანძილზე  ერთი და იგივე  საგანს, მოვლენას  გვერდით ჩაუარო და ვერ დაინახო მასში ჩადებული სილამაზე. არ გაგიმხილოს საგანმა თავისი არსი, საიდუმლოება. ვერ განჭვრიტო, ვერ მოიხელთო სილამაზე. ჩაუარო ბალახს, ყვავილს და ვერ გაიგო, რას განიშნებს.  სხვანაირი, შემოქმედებითი თვალია საჭირო, რომ შეამჩნიო ეს ყველაფერი. თანაც უნდა ეძიო.  ყველაფერი წამებში ხდება. უნდა მოასწრო, დაუმიზნო. როგორც მზის ამოსვლა და ჩასვლა არ ჰგავს ერთმანეთს,  წამებში თუ არ მოასწარი  დაფიქსირება, ის უკვე აღარ განმეორდება.  პეიზაჟისტისგან განსხვავებით, ფოტოხელოვანმა მზამზარეული მხატვრული სახეების პოვნა, უჩვეულოს დანახვა უნდა შეძლოს. ფოტომონადირე მისთვის საჭირო ერთადერთი კადრისთვის ხშირად დღეებსაც კი "კარგავს". ყოველი დღე სიურპრიზებითაა სავსე.

- ობიექტივის წყალობით, ალბათ უფრო, სხვანაირად იხელთებ და ხედავ ბუნების მოვლენებს. უფრო ახლოსმიდიხარ და გრძნობ, რა მშვენიერია ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო. მერე ამას სხვებსაც აგრძნობინებ. რაგრძნობა გეუფლებათ ამ დროს?

_  მე უფრო მზის ამოსვლა და ჩასვლა მიყვარს.  საოცარი  სურათები  იხატება ცაზე.  ასე გგონია,  საპატარძლოდაა გამოწყობილი ზეცა და გეუბნება,  აბა მნახე, როგორი გოგო  ვარო.  ზოგჯერ გაგიბრაზდება,  ზოგჯერ პოზირებს,  აბა ჩქარა მოასწარი, თორემ   მეტი დრო არა მაქვსო.  ზოგჯერ კი,  თითქოსდა,  გაჩერდება დრო,  რომ მოასწრო დაფიქსირება. ისეთი სილამაზეა, ზოგჯერ ტირილი მოგინდება კაცს.  თითქოსდა ყოველდღიურია ეს ყველაფერი, მაგრამ  ბუნების გულთამხილავი ფოტოხელოვანისთვის  ეს, თითქოსდა, ჩვეულებრივი სამყარო ყოფითობის  მძიმე და მბორკავი მოსასხამისგან თავისუფლდება  და ჭვრეტით პოზიციაში იმყოფება.

- რამდენად ძნელია ყოველდღიურობის რიტმის ესთეტიკურად გააზრება და, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივმოვლენებში რაღაც დიდის, მისტიურის განჭვრეტა?

- ეს ყველაფერი ჯერ  სულსა და გულში უნდა დაინახო. უნდა გაგაჟრჟოლოს.  თხემით ტერფამდე შეგძრას. ბუნება ჯადოსნური სარკეა, რომელშიც  ღმერთის მარად შეუცნობელი და შესაცნობი  ხატებაა  ასახული. „გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა ლექსის მადანი და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები “ (პაოლო იაშვილი). ბუნების ამ პოეტიზირებულმა სამყარომ ჯერ  გულის გულში უნდა  გაგიაროს, მერე კი ობიექტივის საშუალებით დააფიქსირო.  ვან გოგი ერთგან, თავის წერილებში წერდა: ,,კარგად ის არის, რაც არ უნდა ხელმოკლედ იყოს, იმის უნარს რომ არ დაკარგავს, შორს, მის მაღლა ვარსკვლავეთის უსასრულო სამყარო იგრძნოს.

სიცოცხლეს ასეთი კაცისათვის რაღაც ფარული მომხიბვლელობა მუდამ ექნება. არა, ვისაც ეს მზე არ სწამს, ღვთისმგმობია და სხვა არაფერი"...

- ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ გამახსენდა.  „ - როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს...

- პატარა უფლისწულო, მაშ იმ დღეს,როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზისჩასვლას, ძალიან გიმძიმდა?

პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა“.თავად თქვენ რამდენჯერ გიყურებიათ  ჩამავალი მზისთვის?

- ჩამავალი მზისთვის ბევრჯერ ჩამიხედავს  თვალებში და თვალიც გამისწორებია.  რა გითხრათ,  წელიწადის ყველა დროში ეს მზის ჩასვლის პროცესი   სხვადასხვანაირია.  ერთმანეთს არაფრით არ  ჰგავს.  ზოგჯერ იტყვი, რომ ერთი დღეც მიილია და ელოდები მეორე დღეს, როგორ შეგხვდება ამოსვლისას,  გაბრაზებული იქნება  თუ მთელი  თავისი  სითბოთი და მხურვალებით  მოგეფერება.  აი, ამოსვლისას კი,  მთავარია თვალი გაუსწორო.   არნახული სილამაზეა. მაგრამ   უმეტეს შემთხვევაში ამას ვერ ახერხებ. ადვილი არაა მზისთვის  თვალის გასწორება. ამაში ის  თითქოს  თავად  გეხმარება, რადგან  შენ სიყვარულით და სიხარულით ელოდები მას. ზოგჯერ  ხდება, რომ,  გამთენიისას,  ძილი  რომ უფრო გეძალება ადამიანს,  ცოტა ხნით  წამთვლემს და რომ ავდგები,  ამ დროს, უჩვეულო განცდა მეუფლება.  არც ვიცი,  რა დავარქვა ამას. თითქოს  ვიღაც მეძახის.  შინაგანი ხმაა ეს   და მეღვიძება.  ეს უკვე იმდენჯერ მაქვს  დაცდილი.  გავრბივარ,  სანამ დაიწყებს მზე ამოსვლას, მინდა  მოვასწრო, რომ გადავიღო კარგი კადრები.  თორემ არ დამიცდის მზე და გამებუტება. თითქოს  ის გრძნობს შენს სიყვარულს და გეფერება ის იქედან, მე - აქედან.  მოკლედ, ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს.  ღმერთმა ხომ სიყვარულით შექმნა ეს უთვალავფერებიანი სამყარო და მოგვცა, მის სილამაზეს გვაზიარა.   ჩვენ კი, ადამიანები, რას ვაკეთებთ? ხშირად   უმადურები ვართ..  ბუნებას და ბუნებრიობას ვწყდებით.  და შედეგებსაც ვიმკით.   სიტურფით  და სილამაზით კი ჰყვავის, მაგრამ  სამართლიანი მსაჯულიცაა ბუნება. არაფერს გვაპატიებს.  მოეფერები და   ისიც მოგეფერება. თუ ავს უზამ, ისიც „მქნელია ავისა.“  ჩვენს წინაპრებს ესმოდათ ბუნებისა და ადამიანის ერთიანობა, გრძნობდნენ ბუნების სულსა და მასში ღვთის განსახოვნებას. ბუნება ასაზრდოებდა და იცავდა მათ. ჯანმრთელობის ყველაზე საუკეთესო წამალიც ბუნებაა. საუბედუროდ, დროის დინებასთან ერთად  ადამიანსა და ბუნებას შორის არსებული ჰარმონია დაირღვა. ადამიანმა დაიწყო მისი გარდაქმნა: დაიწყო წიაღისეულის მოპოვება, დააბინძურა ჰაერი, წყალი, ნიადაგი. გაჩეხა და გაანადგურა ტყეები. ,,რა შეუბრალებელია ადამიანი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს!“ - წერდა ვაჟა-ფშაველა. სილამაზის და სიყვარულის შეგრძნება დაკარგეს ადამიანებმა და ყველაფერს მომხმარებლური თვალით დაუწყეს ყურება. ამიტომ, მომიტევეთ და  ჩემს თავს ნებას მივცემ, მივმართო ადამიანებს: გაიღვიძეთ,  ადექით ადრე და დატკბით ამომავალი  მზის სილამაზით!

 

მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq