საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

„გურამ თევზაძე იმ მცირერიცხოვან მეცნიერთა ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომელთაც არასდროს უღალატიათ ინტელექტუალური პატიოსნებისთვის მეცნიერულ და პედაგოგიურ საქმიანობაში.“
ლელა ჩხარტიშვილი

 „გურამ თევზაძე იმ მცირერიცხოვან მეცნიერთა ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომელთაც არასდროს უღალატიათ ინტელექტუალური პატიოსნებისთვის მეცნიერულ და პედაგოგიურ საქმიანობაში.“

(საუბარი გურამ თევზაძეზე)

 

ჩემი თაობისთვის სტუდენტობა ასოცირდება  90-იანების ბნელ, გაყინულ, ფანჯრებჩამსხვრეულ აუდიტორიებში გათოშილ,  აკანკალებულ, მობუზულ მდგომარეობაში ლექციების მოსმენასთან, სახლიდან უნივერსიტეტამდე ვერმოღწევის შიშთან და ბევრ სხვა, მატერიალურ თუ სულიერ პრობლემასთან. მაგრამ  იმ ავბედით  წლებში იყო რაღაც, რაც ანათებდა იმ ყიამეთს, რაც ყველა დარდსა და სატკივარს გადასწონიდა... ჩვენ ბედნიერები ვიყავით, რადგან გვქონდა პატივი ცოცხალი კორიფეებისთვის გვესმინა, გვემზირა. ეს იყო ფასდაუდებელი სკოლა და გაკვეთილები, არა მარტო ამა თუ იმ დარგში დახელოვნებისა,  არამედ ადამიანობასთან, პატიოსნებასთან, კეთილსინდისიერებასთან, ყველაფრის მიუხედავად, თავდაუზოგავი შრომის სიყვარულთან ზიარებისა. ასეთი ნათელი წერტილი, რომლის შუქი დღემდე მინათებს გზას, იყო ჩვენი დროის დიდი ფილოსოფოსი და ღვაწლმოსილი მეცნიერი ბატონი გურამ თევზაძე. ბატონი გურამი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა,  თან გაიყოლა სევდა და ფიქრი, რომ ის დიდი ეპოქა, ბუმბერაზი მეცნიერებისა და მამულიშვილებისა,  დამთავრდა.

მოდით, გავიხსენოთ, ბატონ გურამ თევზაძის მიერ განვლილი სამეცნიერო გზა, მისი ბიოგრაფია.

გვესაუბრება ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, ბატონი გიორგი ხეოშვილი.

 

- გურამ თევზაძე 1930 წლის 30 იანვარს დაიბადა, თბილისში, პედაგოგის ოჯახში. მისი მამა, ბენიამინ თევზაძე ფილოლოგი იყო. ამ ოჯახში, ბატონი გურამის გარდა, აღიზარდა ქართული სამეცნიერო საზოგადოების კიდევ ორი წარმომადგენელი: ფიზიკოსი იური თევზაძე და გერმანისტი ია თევზაძე. როგორც თავად ბატონი გურამი აღნიშნავდა, სწორედ მამამ წაახალისა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. 1954 წელს, ფილოსოფიის ფაკულტეტის წარჩინებით დასრულებისთანავე, გურამ თევზაძემ სწავლა განაგრძო ამავე ფაკულტეტის ასპირანტურაში, დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის სპეციალობით. 1958 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „თავისუფლება და აუცილებლობა“. ერთი წლით ადრე კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში მიიწვიეს სამუშაოდ. იმჟამად ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე გახლდათ შალვა ნუცუბიძე, ხოლო განყოფილებაში მუშაობდა ცნობილი მეცნიერი, სერგი დანელია. ბატონი გურამის პირველი წლიური სამეცნიერო შრომების რეცენზენტებიც სწორედ ისინი იყვნენ. 1961 წელს გურამ თევზაძე იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე „გერმანული ნეოკანტიანელების შემეცნების თეორია“, რომელიც 1963 წელს მონოგრაფიის სახით გამოიცა და რომელსაც ფართო გამოხმაურებაც მოჰყვა. ნაშრომმა აკადემიკოს ანგია ბოჭორიშვილის მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1966 წელს გურამ თევზაძეს ფილოსოფიის ინსტიტუტში ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგედ ირჩევენ. აღნიშნული თანამდებობა მას 1970 წლამდე ეკავა. ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობის პარალელურად, გურამ თევზაძე ლექციებს კითხულობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; ათწლეულების მანძილზე იყო ამ უნივერსიტეტის პროფესორი. 1971-2005 წლებში იგი ხელმძღვანელობდა თსუ-ს ფილოსოფიის ისტორიის კათედრას. 1988 წელს გურამ თევზაძეს ჯერ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, შემდგომ კი ნამდვილ წევრად ირჩევენ. 1993 წლიდან იგი ხდება მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 2001-2013 წლებში კი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. 2006 წლიდან   გურამ თევზაძე ახლად დაარსებულ ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის სრული პროფესორის თანამდებობას იკავებს. სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი და უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ წარმატებული სამეცნიერო კარიერის მანძილზე გურამ თევზაძეს უწევდა საბჭოეთში მოღვაწე ჭეშმარიტი ფილოსოფოსის წინაშე არსებული ობიექტური თუ სუბიექტური ხასიათის უამრავი სირთულისა და წინააღმდეგობის გადალახვა. ზოგჯერ ვითარება ტრაგი-კომიკურ ელფერს იძენდა. ასე მაგალითად, 1978 წელს საქართველოს ესტუმრა ამერიკელი ფილოსოფოსი ეშ გოუბარი, რომელიც გულდასმით გაეცნო თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსების კვლევებს და, სამშობლოში დაბრუნებულმა, საბჭოთა საქართველოში არსებული ფილოსოფიური ტრადიციის შესახებ ნარკვევი გამოაქვეყნა. გოუბარი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ქართველი ფილოსოფოსების კვლევების შედეგებით ფილოსოფიის ისტორიის, კულტურის ფილოსოფიის, ანთროპოლოგიისა და აქსეოლოგიის დარგში და ქართული ფილოსოფია შეაფასა, როგორც „აღმოსავლეთ-ევროპულ ფილოსოფიაში რეალისტური ტენდენციების განსაკუთრებული კრისტალიზაციის გამოვლინება“. ამავე პუბლიკაციაში, ავტორი ხაზგასმით აღნიშნავდა გურამ თევზაძის განსაკუთრებულ წვლილს თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის ისტორიის აქტუალური პრობლემების და, ზოგადად, მსოფლმხედველობრივი საკითხების ობიექტური და ნაყოფიერი კვლევის საქმეში. შესაძლო პარტიულ-იდეოლოგიური რისხვის თავიდან ასაცილებლად, ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა და თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანატი კრიტიკული წერილით გამოეხმაურა უცხოელი მეცნიერის მიერ „საბჭოური აზროვნების კვლევებში“ გამოქვეყნებულ ამ კეთილგანწყობილ შეფასებებს. მსგავსი, არცთუ კეთილგანწყობილი გარემო-პირობების მიუხედავად, გურამ თევზაძე იმ მცირერიცხოვან მეცნიერთა ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომელთაც არასდროს უღალატიათ ინტელექტუალური პატიოსნებისთვის მეცნიერულ და პედაგოგიურ საქმიანობაში. იგივე უნდა ითქვას გურამ თევზაძის მოქალაქეობრივი პოზიციის შესახებაც. იგი საზოგადოების იმ ნაწილს ეკუთვნოდა, ვინც იმთავითვე მიხვდა, რაოდენ საფრთხის შემცველი იყო ახლადფეხადგმული ქართული სახელმწიფოსთვის რადიკალური ნაციონალიზმი თუ რელიგიური ფანატიზმი. ამიტომაც აიმაღლა ხმა მსგავსი გამოვლინებების წინააღმდეგ. 

-  გურამ თევზაძეს, როგორც მეცნიერსა და სამეცნიერო ცხოვრების ორგანიზატორს იცნობდნენ და აფასებდნენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე კოლეგები.

- გეთანხმებით. გურამ თევზაძე იმ მეცნიერთაგანი იყო, რომლებიც ქართული ფილოსოფიური სკოლის სახეს ყოველთვის ღირსეულად წარმოაჩენდნენ ხოლმე უცხოელი კოლეგების წინაშე. იგი მონაწილეობას იღებდა ი. კანტის III, V და VII საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში. 1996 წლიდან იგი იყო ჟურნალ „Философский поиск“-ის საერთაშორისო სარედაქციო საბჭოს წევრი; ხოლო 1986 წელს ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის საზაფხულო  სკოლას ვილნიუსში. ლექციების წასაკითხად ბატონ გურამს ხშირად იწვევდნენ უცხოეთშიც (მოსკოვის, იენის, ლოძის, ჩანჩუნის უნივერსიტეტებში), სადაც მას კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ. 

ცალკე უნდა აღინიშნოს გურამ თევზაძის, როგორც საქართველოში სამეცნიერო ცხოვრების ორგანიზატორის დამსახურება. ათწლეულების მანძილზე, გურამ თევზაძე იყო საქართველოში ფილოსოფიის სფეროში გამართული ყველა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმის ერთ-ერთი  ორგანიზატორი და  აქტიური მონაწილე. იგი ერთ-ერთი იმათთაგანი გახლდათ, ვინც იზრუნა საქართველოში ცნობილი რუსი ფილოსოფოსის, გუსტავ შპეტის უნიკალური ბიბლიოთეკის ჩამოტანაზე. ამ ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნა ფილოსოფიის ინსტიტუტის უმდიდრესი სამეცნიერო-დარგობრივი წიგნსაცავი. გურამ თევზაძის ძალისხმევით გადაეცა ფილოსოფიის ინსტიტუტს საკუთარი ფართი, სადაც ინსტიტუტი ბოლო წლების მანძილზე ფუნქციონირებდა. 2006 წელს მეცნიერებისა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ტალღამ ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტამდეც მოაღწია. სამეცნიერო და საკადრო თვალსაზრისით ინსტიტუტისთვის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, გურამ თევზაძის პოზიციისა და აქტივობის შედეგად, ეს ინსტიტუცია არა მხოლოდ გადარჩა, არამედ წარსულში არსებული ღირებული სამეცნიერო ტრადიციები შენარჩუნდა, სწორი მიმართულებით წარიმართა და განვითარდა. ამის ნათელი დადასტურებაა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, ღონისძიება და გამოცემა, რომელიც ბოლო წლებში ილიას უნივერსიტეტის, ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ განხორციელდა.

- რას გვეტყვით მასზე, როგორც პედაგოგზე? ცნობილია ბატონი გურამის აკადემიურობა და სრულიად ობიექტური დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ. როგორ თანამშრომლობდა იგი ახალგაზრდა მეცნიერებთან?

- ვინც გურამ თევზაძის სტუდენტი და ასპირანტი ყოფილა, ყველა დამეთანხმება,  როგორი დაუღალავი ენთუზიაზმით გადასცემდა აუდიტორიას თავის ენციკლოპედიურ ცოდნას. ვინ მოსთვლის, ათწლეულების მანძილზე, რამდენი სალექციო კურსი იქნა წაკითხული მის მიერ ფილოსოფიის ისტორიის სხვადასხვა ეპოქის, თუ კონკრეტული ფილოსოფიური მიმდინარეობის შესახებ. ძნელია მოიძებნოს საქართველოში ფილოსოფიის დარგში განათლებამიღებული ადამიანი, რომელიც კანტისა და ჰაიდეგერის ფილოსოფიის შესახებ გურამ თევზაძის მიერ წაკითხული სპეცკურსების მსმენელი არ ყოფილიყო. გურამ თევზაძე იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, ვისაც არასდროს (მათ შორის, იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებშიც) მიუტოვებია აუდიტორია. არ მახსოვს, როდესმე ლექცია გაეცდინოს. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, გურამ თევზაძე 1972 წლიდან  ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ფილოსოფოსთა პრობლემურ სემინარს, რომლის მასალებიც თემატური კრებულების სახითაა გამოცემული. საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გადასვლის შემდეგ, მისი ორგანიზებით, მისსავე სამუშაო კაბინეტში რეგულარულად იმართებოდა იოანე პეტრიწის სახელობის ქართული საფილოსოფიო საზოგადოების სხდომები, რომლის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო მოხსენება იქნა წაკითხული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე სხვადასხვა თაობის ქართველი სპეციალისტების მიერ. ცალკე საუბრის თემაა გურამ თევზაძის აქტიური თანამშრომლობა კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტებთან. ამ თანამშრომლობის წყალობით ქართული შუა საუკუნეების სააზროვნო ტრადიციის მნიშვნელოვანი ფაქტები ახლებური კუთხით იქნა წარმოჩენილი.

და კიდევ: ამ „დისტანციური“ ადამიანის, სტუდენტების გადასახედიდან კი „მკაცრი“ ლექტორის მიღმა, იმალებოდა უაღრესად გულისხმიერი, ყურადღებიანი და თბილი პიროვნება, რომელსაც შეეძლო ადამიანებისათვის, მათი ცხოვრების რთულ მომენტებში, სრულიად უანგაროდ, უჩუმრად და შეუმჩნევლად გაეწოდებინა დახმარების ხელი.

- და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი, უდავოდ, ის სამეცნიერო მემკვიდრეობაა, რომლითაც მან გაამდიდრა ქართული კულტურა.

- გურამ თევზაძის სამეცნიერო მემკვიდრეობა ერთობ შთამბეჭდავია, როგორც მოცულობით, ასევე თემატური მრავალფეროვნებით. იგი 10 მონოგრაფიის, ორასამდე სამეცნიერო სტატიისა თუ ვრცელი ნარკვევის ავტორია. მისი კვლევის თემატიკა მოიცავს ევროპული ფილოსოფიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყველა მნიშვნელოვან პერიოდს. ქართულ კულტურაში მან პირველმა (და დღემდე ერთადერთმა) შეძლო შეექმნა ფილოსოფიური აზრის განვითარების უწყვეტი ისტორია, რომელიც 6 წიგნს მოიცავს და წარმოადგენს გარკვეულ მეთოდოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებულ კვლევას, ანტიკური ფილოსოფიით დაწყებული, მეოცე საუკუნის უმთავრესი ფილოსოფიური სკოლებისა და თეორიების ანალიზით დამთავრებული. 1974 წელს გამოცემულ, კანტის ფილოსოფიისადმი მიძღვნილ, მონოგრაფიაში გურამ თევზაძემ ჩამოაყალიბა იდეა ფილოსოფიური სისტემის  ცოცხალ ორგანიზმთან ანალოგიის შესახებ. ამ პრინციპის თანახმად, დიდი ფილოსოფიური თეორიებისთვის დამახასიათებელი შინაგანი წინააღმდეგობები აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს აზროვნების პროცესის შემდგომი განვითარებისთვის. მოგვიანებით, ევროპული ფილოსოფიის ისტორიაზე  მუშაობისას იგი წინა პლანზე წამოსწევს ცოდნისა და რწმენის ტოლპირველადობის პრინციპს, რომელსაც ზოგჯერ „სოკრატულ ჰეგელიანელობადაც“ მოიხსენიებს. ეს პრინციპი გულისხმობს „გონების ძლიერების ჰეგელისეულ რწმენას, მაგრამ ამასთანავე კვლევის ყოველი შედეგის სოკრატესეულ შეფასებას ითხოვს, როგორც ახალი, უფრო ღრმა ჭეშმარიტების კვლევის საჭიროების გაცნობიერებას“. ასეთ დროს ირაციონალიზმისა და სკეპტიციზმის გამოვლინებები განიხილება, როგორც გონების თვითკრიტიკის სპეციფიკური და აუცილებელი ფორმები.  ბუნებრივია, რომ გურამ თევზაძის, როგორც უაღრესად ფართო ჰორიზონტის მქონე მკვლევარის ყურადღების მიღმა არც ქართული სააზროვნო კულტურის მნიშვნელოვანი ფიგურები დარჩენილან. სოლომონ დოდაშვილის, ილია ჭავჭავაძის თუ პეტრე იბერის შესახებ ნარკვევებში იგი ცდილობს ქართველ მოაზროვნეებს ევროპული აზროვნების ისტორიის კონტექსტში მიუჩინოს კუთვნილი ადგილი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გურამ თევზაძის, როგორც კლასიკური ფილოსოფიური ტექსტების ქართულ ენაზე მთარგმნელისა და ქართველ ფილოსოფოსთა შრომების გამომცემლის და რედაქტორის დამსახურება. მის მიერ ან მისი სამეცნიერო რედაქტორობით ქართულად ითარგმნა კანტის, ჰეგელის, ჰარტმანის, ჰაიდეგერისა და იასპერსის ფუნდამენტური შრომები, რუსულად ითარგმნა და გამოიცა პეტრიწის კომენტარები. გურამ თევზაძის გამოკვლევებმა პეტრიწის ფილოსოფიის ცალკეული საკითხების შესახებ გადამწყვეტი როლი ითამაშა საიმისოდ, რომ შუასაუკუნეების ეს ქართველი ავტორი ჩვენი და უცხოელი მკვლევრების განსაკუთრებული ყურადღების საგანი გამხდარიყო და მის ნააზრევს დამსახურებული ადგილი დაემკვიდრებინა საერთაშორისო სამეცნიერო დისკურსში. ქართულ სამეცნიერო სივრცეში ძნელად თუ მოიძებნება გურამ თევზაძის მსგავსი სხვა ავტორი, რომელსაც, ფილოსოფიურ-ისტორიული თვალსაზრისით, საგულისხმო ამდენი მინიშნება ეკუთვნოდეს სხვადასხვა ეპოქის თეორიათა თუ მოაზროვნეთა პოზიციებს შორის არსებულ პარალელებთან დაკავშირებით. ნაწილი ამ მინიშნებებისა უკვე იქცა კვლევის საგნად, დიდი ნაწილი კი თავის მკვლევარს ელის. ფილოსოფიის ისტორიის მკვლევართათვის  გურამ თევზაძის შრომები ამ მხრივაც ნამდვილი საგანძურია.

– გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის!

- მადლობას მოგახსენებთ თქვენ, რომ იხსენებთ და აფასებთ ქართული კულტურის ამ დაუღალავ მოღვაწეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq