საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

„სიმღერა არის გადამრჩენელი ქართველი ერის, როგორც ასეთის“
ლელა ჩხარტიშვილი

 


„ქართული სიმღერების შემსრულებელი ახალგაზრდა თაობა არის ხვალინდელი დღის, ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავლის ნიშანი და იმედი...“


 

 

"სიმღერა გულისთქმაა, როგორც ცალკე  კაცი სგული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს", - ამბობდა წმინდა ილია მართალი.

ქართველთა გულისთქმა სიყვარულია, ამიტომაც არის ქართული სიმღერა ასე თბილი და მრავალხმიანი.

ქართველი კაცის სულია ჩაქსოვილი მრავალ საგალობელში, შრომის, საბრძოლო თუ საქორწინო სიმღერაში. ერის სარკეა "მრავალჟამიერი", "ურმული", "ნადური", "ლილეო", "ოროველა", "ჩელა", "ძაბრა", "ოდოია"... სიმღერაში, როგორც "ქართლის ცხოვრებაში", ისე იკითხება ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ათასწლეულებს ითვლის საგუნდო საშემსრულებლო მუსიკალური კულტურის ტრადიცია.

ამჟამინდელი ჩვენი საუბრის თემა ქართულ პოლიფონიურ მუსიკას შეეხება, რომელიც დღეს განსაკუთრებით დიდ სიყვარულსა და ყურადღებას მოითხოვს. როგორმ ოვეპყრათ ქართულ სიმღერას? ამ თემაზე გვესაუბრება ფსიქოლოგი, ლევან გურიელიძე

 

- ქართული სიმღერა არის ქართველი ხალხის „პასპორტი“, მისი მეობისა და არსებობის ნიშანი...

- უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკასთან ერთად,  რომელიც ძალიან მძიმედ შემოდის  ჩვენს   ყოფიერებაში, ქართულ მუსიკალურ ხელოვნებასაც საკმაოდ  სერიოზული  პრობლემები უჩნდება.  საგულისხმოა, რომ ქრისტიანული აღქმის მქონე  ქართველი ადამიანისთვის განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს,  ზოგადად,  ხალხურ შემოქმედებას და იგივე მუსიკალურ ხელოვნებას,  იმიტომ რომ თუ სხვა, ნებისმიერი ქვეყნის ადამიანს ღმერთის სამწმინდაობის  ასახსნელად, ვთქვათ,  უნდა დაუხატო მზე, რომელიც არის სითბოს, დისკოს და სიკაშკაშის ერთიანობა,  ქართველ კაცს ეს არ სჭირდება, იმიტომ რომ ოდითგანვე მას ჰქონდა სამი სახის დამწერლობა (ასომთავრული, ნუსხა-ხუცური  და მხედრული), სამი სახის  ეთნიური (სვანურ-ლაზურ-ქართული) ენობრივი მიმართება და   ასევე მშვენიერი  სამხმოვანება  მუსიკაში, რომელიც  მოდიოდა ოდითგანვე,  ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელი პერიოდიდან. ამიტომ ამას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჩვენი ერის პასპორტი არის მუსიკა. ჩვენმა ერმა შექმნა მრავალფეროვანი (მრავალხმოვანი)  მუსიკა და   მხოლოდ  მას შეუძლია ასეთი რამით იამაყოს.  გამორჩეულია სხვადასხვა კუთხეების  ქართული მუსიკალური ფოლკლორი. იგივე,  გურულ სიმღერასთან დაკავშირებით, სტრავინსკის აქვს ნათქვამი: „მე რომ ცხოვრებაში თუნდაც ერთი  ასეთი ნიმუში  შემექმნა,  მეტად  აღარაფერს შევქმნიდი“-ო, იმიტომ რომ მისთვის ეს იყო წარმოუდგენელი სიმაღლე. ხრუშჩოვმა თქვა, კარგად მღერიან, ოღონდ ერთი უშლითო (ანუ მოკრიმანჭულე იგულისხმა). ესეც  ერთ-ერთი    საინტერესო დაკვირვებაა.   ალან ლომაქსის აზრით,  ქართული სიმღერა მსოფლიოში განსაკუთრებულია.  „თბილისი, საქართველო არის მსოფლიოს ხალხური მუსიკის დედაქალაქიო“, _  ეს არის ალან ლომაქსის  სიტყვები, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით იყო განსმჭვალული ქართული სიმღერის მიმართ.

ვიცით, რომ ქართული სიმღერა გაგზავნეს  კოსმოსში (ნასას პროგრამით). ეს იყო სიმღერა: „ჩაკრულო“, რომელიც  ალან ლომაქსის ინიციატივით წავიდა კოსმოსში, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიასთან   და ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად.  მნიშვნელოვანია, რომ ამ სამ სიმღერას შორის ქართული სიმღერა, ქართველი ხალხის შემოქმედების ნაყოფი  შეირჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ხალხური სიმღერა ქართველი ხალხისთვის არის მისი „პასპორტი“, მისი მეობისა და არსებობის ნიშანი.

- რა პირობები აქვს დღეს ამ არსებობის ნიშანს და რა პრობლემების წინაშე  დგას ქართული სიმღერა?

- პირველ ყოვლისა, უნდა  აღინიშნოს  პოლიტიკური გარემოება. სამწუხაროდ, ქართული ხალხური სიმღერის მესვეურებს  ძალიან სერიოზულად აბამენ ეჟვანს პოლიტიკანები, რომლებიც ოდითგანვე ცდილობდნენ მუსიკოსების   პოლიტიკაში ჩაბმას.   მათი ძალისხმევის წარმართვას იმ მიმართულებით,  რომ ქართული ხალხური სიმღერა დაქვემდებარებოდა   გარკვეულ პოლიტიკურ ქვეტექსტს.  რამაც ბევრი დაბრკოლება წარმოშვა. რადგან,  ჩვენი მტრული სახელმწიფოების მიერ, პოლიტიკა ყოველთვის  მიდრეკილია    იქითკენ, რომ ყველაფერი  ჭეშმარიტი და ქართული   იყოს ჩამკვდარი და არ იყოს გაზიარებული. შემთხვევითი არ არის ისიც, რომ ალან ლომაქსმა ძლივს გაიტანა „ჩაკრულო“ კოსმოსში, რადგან მოსკოვიდან წამოვიდა წინააღმდეგობა.  „პად მოსკოვნიე ვეჩერა“ უნდოდათ გაეშვათ  „ჩაკრულო“-ს მაგივრად.  მოგეხსენებათ,   „ჩაკრულო“-ს ტექსტი:  „ჩავუხტეთ  მუხრან-ბატონსა, თავს დავაქციოთ ბანია“, - ეს სიტყვები ინგლისელებს სპეციალურად გადაუთარგმნეს, რათა ისინი დაეჯერებინათ, რომ ეს  იყო აგრესიული, ექსტრემისტული მუსიკა, მელოდია და ტექსტი და, შესაბამისად,   მიუღებელი და არამიზანშეწონილი იქნებოდა ამისთანა  სიმღერის  გაგზავნა კოსმოსში. ასე რომ, მტრები ძალიან ბევრი გვყავს და ეს მტრები მტრობენ ჩვენს მუსიკალურ ხელოვნებასაც.   თუნდაც სომხები გავიხსენოთ. ისინი გვეცილებიან ჩვენს სიმღერებს. ფირფიტაც კი გამოუშვეს და  ქართული ხალხური სიმღერა  მიიჩემეს.

საინტერესოა ასევე   ის გარემოება, რომ ჩვენს მუსიკალურ კულტურაში შემოდის აღმოსავლური მოდელები, რაც   უხვად არის წარმოდგენილი  საკმაოდ სერიოზულ კომპოზიტორთა შემოქმედებაში. საკმარისია ქართული სიტყვები შეუცვალო მელოდიას და მათ  ნაცვლად  აზერბაიჯანული ან სომხური სიტყვები ჩასვა, რომ არაფერი შეიცვლება, მელოდია მშვენივრად აყვება ამ სიტყვებსაც. რადგანაც არაფერი ქართული ამ სიმღერებში არ არის. ეს ძალიან სავალალო  და  მძიმე პროცესია, რომელსაც ქართველებში   არაერთგვაროვანი ასახვა და შეფასება აქვს. დღეს ამ ფსევდოქართულმა სიმღერებმა  წალეკა არსებული კულტურული გარემო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ხალხური მელოდიისა და ქართული ხალხური მუსიკის მცოდნე, ბევრი ტურისტული ჯგუფი ჩამოდის დღეს საქართველოში, რომლებმაც კარგად იციან ქართული სიმღერების ფასი და  მღერიან  კიდეც. მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ როდესაც აქ ჩამოდიან ტურისტული თუ   მომლოცველთა  ჯგუფები (სლავური, ბერძნული, დასავლური ქვეყნებიდან), ხშირად მათ ხვდებიან აქაური  ტრანსპორტის მძღოლები, რომლებიც  დაატარებენ ამ უცხოელებს  და ასმენინებენ მეტისმეტად მდარე მელოდიებს, რომლებიც ჩართული აქვთ თავიანთ  სატრანსპორტო   საშუალებებში.  ჩემი აზრით,  ქართული მუსიკის მოამაგეებმა, რომლებიც თითო-ოროლაღა შემორჩნენ ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა წარმართონ საგანგებო  სალექციო საუბრები ტელევიზიით,  სხვადასხვა სახის შემეცნებით გადაცემებში. პირდაპირ უნდა მიმართონ ტრანსპორტისა და ტურიზმის მუშაკებს, რომ არავითარ შემთხვევაში ეს მდარე  ხარისხის სარესტორნო    მელოდიები არ ჩართონ თავიანთ სატრანსპორტო საშუალებებში და ამ  გზით არ დაუკარგონ ქართველ ერს ის ღირსება, რომელიც მას  მუსიკალური კულტუ

რით მოეპოვება. ეს ძალიან მწარე გამოცდილებაა. მეორე მწარე გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული,  ეს არის, რომ  სავოკის პერიოდში, ყველა  ქართული სიმღერა ითარგმნებოდა რუსულად და  იგივე „ორერა“-ს და სხვა ანსამბლების   ძველ ჩანაწერებში  სიმღერები სრულდებოდა  ნახევრად რუსულად. მეორე  მტკივნეული საკითხი გახლავთ ის, რომ  საბჭოთა პერიოდში ძალიან ხშირად ამახინჯებდნენ სიმღერებს.  ცენზურა არსებობდა,  საბჭოთა კავშირის მოთხოვნები, რომლებსაც აუცილებლად უნდა აყოლოდნენ. მაგალითად, იყო ასეთი სიმღერა,  შესანიშნავი ჰიმნი: „სადაც მოგვიხმობს პარტია“ ...საკმარისად ლამაზი სიმღერაა. ნამდვილი ჰიმნია და, რა თქმა უნდა,  ქართველების უმეტესობამ არ იცის, რომ ამ სიმღერის სიტყვები იყო:  „სადაც მოგვიხმობს სამშობლო, აგუგუნდება მთა-ბარი“ და ა. შ. მერე, პოლიტიკისგათვალისწინებით, კომუნისტური  პარტიის დაკვეთით შეიცვალა  სიტყვები: „სადაც მოგვიხმობს პარტია“.  ვფიქრობ, დადგა დრო,  გადაიხედოს ძველი სიმღერები და  ეს პარტიის მიერ  გადაბრუნებული სიტყვები შეიცვალოს პირვანდელით?!  ქართველი კაცი დღეს ამ სიმღერებს არ მღერის, რადგან როგორი სამღერია:  „სადაც მოგვიხმობს პარტია“. მაგრამ როგორც კი  ამ მუსიკას პირვანდელი სიტყვები დაუბრუნდება, აუცილებლად  და დიდი სიამოვნებით იმღერებენ  ქართული გუნდები ამ სიმღერას. (მშვენიერი მელოდიაა და ცოდოა, რომ არავინ მღერის ამ მძიმე სიტყვების გამო).

მნიშვნელოვანია ისიც, რომ  არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც   არ ჰქონდეს მაღალი კულტურის სპორტული სასიმღერო ხელოვნება.  როდესაც გულშემატკივრები ერთად სხდებიან,  კალათბურთზე იქნება, ფეხბურთზე თუ რაგბიზე, მათ არც კი იციან, როგორ გაამხნევონ გუნდი.  ჯერ ის, რომ ქართველებმა გამხნევება არ იციან, ეს ცალკე თემაა. გამხნევების მიზნით   „ჩემო კარგო ქვეყანავ“, ან„ქართველო ხელი ხმალს იკარ!“  რომ იმღერონ, ვფიქრობ, არ იქნებოდა ცუდი. ამასაც ეროვნული მობილიზება  სჭირდება, რომელიც დღეს ქართველებს, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია.

კიდევ, მე მომისმენია ქართველების მიერ ნამღერი სხვადასხვა ქვეყნის  სიმღერები. აქაც კი მიუხედავად  სიმღერის არაქართულობისა,  ქართველები თავის ქართულ ბუნებას მაინც ავლენენ და  ქართულად ნამღერი სხვა  ეროვნების სიმღერებიც კი გამოირჩევა თავისი არსითა და ბუნებით.

ქართველების ეს თვისება ძალიან კარგად წარმოაჩინა ჩინგიზ აიტმატოვმა თავის რომანში: „გოძო“. ნაწარმოების სიუჟეტი  ძალიან საინტერესო მოვლენების, მენშევიზმისა და ბოლშევიზმის და, საერთოდ, თავისუფლებისა და რუსული ძალადობის შეჯახების  ფონზე არის წარმოდგენილი. იქ არის სიტუაცია, როდესაც ერთად იმღერებენ მტრული ძალები და  ამ ერთად ნამღერი სიმღერის მერე  უკვე ვეღარ მტრობენ ერთმანეთს. ეს არის სიმღერის არაჩვეულებრივი თვისება და ძალა.

- სიმღერა არის  გადამრჩენელი ქართველი ერის, როგორც ასეთის...

- ქართული სიმღერა იყო ეროვნულობის  ბარომეტრი და  ნიშანი.    დღეს ქართული სიმღერას ძალიან დიდი სასიკეთო საქმე გაუკეთა  კონკურსმა:  „მხოლოდ ქართული“. სოფო ბათილაშვილმა, რომელმაც გაიმარჯვა ამ კონკურსში არაჩვეულებრივი მუსიკალური, ნამდვილი ქართული  მონაცემებით, ერთ-ერთ ინტერვიუში  თავისი ქართველობაც გამოამჟღავნა, როდესაც დაიცვა ქართული სიმღერა, ქართული სიტყვა და ტექსტი. სოფო ბათილაშვილმა  სოციალურ ქსელში გაკვირვება გამოთქვა იმის შესახებ, რომ მას ბათუმში  ესაუბრებოდნენ რუსულ ენაზე.  ისწერდა: „რატომ მელაპარაკებიან ქართველს ბათუმის  ბულვარში რუსულად.  რატომ ჟღერს რუსული სიმღერები  უამრავ კაფე-რესტორნებში. ქართველი რომ ხარ და გაგიგია უამრავი კარგი ქართული  სიმღერების ვერსიების  შესახებ და მაინც, გაგანია ქართულ  მდარე გემოვნების  სიმღერებს მღერი გაფუჭებული რობოტივით. ან მომავალი თაობა არ გენანება? უცხოელებს ქართულს აზიზღებ. ტურისტი  რომ ჩამოდის და დაგცინის, რომ მარტო ეგ არის ქართული ხელოვნება. რაზე ფიქრობს შენი ტვინი და, საერთოდ, რას ითხოვ ამ ცხოვრებისგან?“  ვფიქრობ, ეს არის შეხედულება,  რომლითაც მომავალი თაობა იმ ქართულ სიმღერებს შეიყვარებს და მოეფერება, რომლებიც დღეს ასე რუდუნებით და გაჭირვების ფასად შემოგვინახეს ჩვენმა  წინა თაობებმა.

ეს იმას ნიშნავს, რომ  ქართული სიმღერა და ქართული მეობა, ქართული თავისთავადობა არის ერთიანი და სიმღერა არის  გადამრჩენელი ქართველი ერის, როგორც ასეთის.  და  თუნდაც ეს   გოგონა არის საქართველოს მომავალი, რომელიც  გადარჩება ქართული სიმღერით.   ამ კონკურსმა  ხელი შეუწყო ამ მეობის გადარჩენას. იმიტომ რომ  დღესდღეობით  ჩვენი საინფორმაციო საშუალებები წალეკილია სხვადასხვა ქვეყნის სიმღერებით და ლამის არის, ყველა ამღერდესერთიან ენაზე.  ადრე   რუსული იყო, ეხლა ინგლისური ჩაენაცვლა.  მე კი მგონია, რომ  სწორედ ქართულ ენაზე ნამღერმა  სიმღერამ უნდა შეგვინარჩუნოს  ჩვენი მეობა და ქართული   სიმღერა არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენს ერს გადაშენება კარგა ხანს არ უწერია. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ის პატარა ერებიც,  რომლებიც ჩვენს გარშემო არიან, იგივე აფხაზები, რომლებიც იბერიულ-კავკასიურ ენაზე ლაპარაკობენ (განსხვავებით იმ თავისი უშუალო ახლო ნათესავებისგან, ჩერქეზებისგან და იმ კუთხეებისგან, რომლებიდანაც ისინი ოდესღაც წამოსულან), მენტალობით აბსოლუტურად ქართველები არიან. გავიხსენოთ, თუნდაც, მათი  სიმღერა: „ვარადო“. მათი ეს  სიმღერისეული ნიუანსი არის მანიშნებელი იმისა, რომ ისინი ჩვენი სისხლი სისხლთაგანნი არიან და ცოტა მეტი გაგება და აზრი რომ ჰქონდეთ,  მიხვდებოდნენ, ვის ენათესავებიან რეალურად და ვისთან ერთად უნდა აშენონ თავიანთი მომავალი, რომელიც გადაგვარებისგან გადაარჩენს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაიღუპებიან, ისევე როგორც დაიღუპება მათი მუსიკა და მენტალობა  იმ გარემოცვაში, რომელშიც ისინი იმყოფებიან, იმიტომ რომ მათი რეალური მენტალური გარემოცვა   ქართულია, რისი მანიშნებელია, თუნდაც, მათი სიმღერა.   და ამდენად, ქართული მრავალხმიანი  სიმღერა არის  ჩვენი არა მარტო პასპორტი, არამედ გადარჩენის საფუძველიც.

ფილიმონ ქორიძე, ექვთიმე კერესელიძე და მისი უკრაინელი ცოლი ღამეებს ათევდნენ, რომ სანოტო რვეულებზე გადაეღოთ ეს საგალობლები, მერე  სისხლის ფასად დაუჯდათ  მათი შენახვა (ყუთებში გადამალვა), ბოლშევიკებისგან დაცვა.   ძმები კარბელაშვილების ღვაწლი რად ღირს, თუნდაც? რომელთაგან ორი ძმა დაიხვრიტა ბოლშევიკების დროს. რუდუნებით მოჰქონდათ ჩვენამდე თითოეული საგალობელი. საოცრებები ხდებოდა, სასწაულის ძალით გადარჩა ქართული მუსიკა.   და სამწუხაროა, რომ  დღეს პრაქტიკულად ქართველი მომღერალი  ინგლისურენოვან მომღერლად იქცა. ქართველები დღეს ამ თავის საუკუნეობით შემონახულ მუსიკას  ინგლისური ჭიკჭიკით აგრძელებენ,  რასაც გამართლება არა აქვს.  რადგან „ბაძვით მორცხვიც გაურცხვდებისო“, - ნათქვამია. უცხოურ ენაზე სიმღერის შემსრულებელთა უმრავლესობამ, მე ვფიქრობ, ტექსტიც არ იცის, ანუ არ იცის, რას მღერის.

ამიტომ, ქართული სიმღერების შემსრულებელი ახალგაზრდა თაობა არის ხვალინდელი დღის, ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავლის ნიშანი და იმედი. 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq