11 ივლისს არის ხსენება წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროსისა და იოანესი, რომელთა ნაწილთა აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში 412 წელს აღესრულა. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო და ყველას შიშის ზარსა სცემდა. პატრიარქ თეოფილეს სურდა განეწმინდა ეს ადგილი დემონთაგან, მაგრამ ვერ მოასწრო. მღვდელმთავრის სურვილი მისმა მემკვიდრემ, პატრიარქმა კირილემ აღასრულა. ნეტარი მამა გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, ხელი მოემართა წმიდა საქმის განხორციელებაში. ბოლოს ნათელმოსილი ანგელოზი წარსდგა მის წინაშე და უბრძანა, წმიდათა უვეცხლოთა კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაესვენებინა მანუფინში. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ შეასრულა ზეციური კურთხევა, შემდეგ კი სოფელში მარტვილთა სახელობის ტაძარიც ააგო. ამ დროიდან მოყოლებული მანუფინი განთავისუფლდა ბოროტ სულთა მძლავრობისაგან. კვიროსისა და იოანეს ლოცვით აქ მრავალი სასწაული აღესრულებოდა. საეკლესიო მატიანეები შემდეგს გვამცნობენ ამ წმინდანთა შესახებ: წმიდა უვეცხლო კვიროსი ალექსანდრიაში დაიბადა და გაიზარდა. ქრისტიანი ექიმი ყველა ავადმყოფს უსასყიდლოდ კურნავდა ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან, სახარების სწავლებას ქადაგებდა და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. დიოკლეტიანეს დროინდელი დევნილობისას კვიროსმა არაბეთის უდაბნოს მიაშურა, ბერად აღიკვეცა და დაუცხრომლად განაგრძო მოღვაწეობა, რისთვისაც უფლისაგან ყოველგვარი სნეულების კურნების მადლი მიენიჭა. ამ დროს ქალაქ ედესაში ცხოვრობდა კეთილმსახური ქრისტიანი მხედარი იოანე. როცა დევნილობა დაიწყო, იგი იერუსალიმში წავიდა, სადაც წმიდა კვიროსის შესახებ შეიტყო და მისი ნახვის სურვილით აინთო. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მან მიაგნო უდაბნოში დაყუდებულ ბერს და მისი ერთგული მოწაფე შეიქნა. ერთხელ მამებმა შეიტყვეს, რომ ეგვიპტის ქალაქ კანოპში შეპყრობილი იყო ქრისტიანი ქალი ათანასია სამ ასულთან - თეოქსიტისთან, თეოდოტიასთან და ევდოქსიასთან ერთად. წმიდა მამებმა საპყრობილეში მოინახულეს მოწამეები და გაამხნევეს. როცა ამის შესახებ შეიტყო, ქალაქის მმართველმა კვიროსი და იოანე დაატუსაღა. ჭეშმარიტი სარწმუნოების მხნე აღსარებისათვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს (+311). |