საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

საახალწლო ნატვრათა სკივრი
გიორგი ერიშვილი

ძვირფასო მკითხველო - იულიანური კალენდრით მოგილოცავთ ახალ წელს! თუმცა, დიდი ილიასი არ იყოს, აბა ”რა გითხრათ, რით გაგახაროთ”?

აკი ჩვენც იგივე გვაქვს სათქმელი დღეს, როგორც ის სულმნათი ბრძანებდა ასზე მეტი წლის წინათ: ”აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?”

როდესაც ილია ამ სტრიქონებს წერდა, მართლაც არა იყო რა საქართველოში გასახარელი, მაგრამ ილიას შემდგომ,  საქართველოს, ორსაუკუნოვანი იმპერიული მონობის მანძილზე,  მაინც  დაუდგა ორჯერ თავისუფლების ხანა, ერთგზის არასრული სამი წლით და მეორეგზის -  არასრული ცხრა თვით,  მაგრამ ორივეჯერ - ცალკერძ ჩრდილოურმა რევანშისტურმა შურისმაძიებლობამ  და მეორეს მხრივ - დასავლურმა მოჩვენებითმა ქომაგობამ   დაგვიზამთრეს მაისები და დღეს, როდესაც იმავე ძალმომრეობის მოლოდინია ჩრდილოეთიდან და იმავე გულგრილობისა დასავლეთიდან, თუ თვითონ არ გამოვიღეთ ხელი, არავინა ჩანს ჩვენი მშველელი!

გასაკეთებელი კი ვინ მოთვლის, რამდენია: მოდის ახალი წელი და ხვდება მას არაერთი აუსრულებელი წადილი და ოცნება - როგორც ერში, ასევე - ბერში, რადგან  მთელი ორი საუკუნის მანძილზე - ეროვნული დამოუკიდებლობისა და ავტოკეფალიის დაკარგვით ქართველებს დაავიწყეს სულიერი და ფიზიკური თავისუფლებისა და თვითმყოფადობის ფასი, ხოლო, რადგან ჯერ სულია და მერე ფიზიკური არსი, მოდით ჩვენც სულიდან დავიწყოთ - უკანასკნელ ხანებში ჩვენი ეკლესიის მესვეურები სულ უფრო ხშირად ერთვებიან საერო საქმეებში, ხოლო თუ სასულიეროს ეხება,  გლობალურ საღვთისმეტყველო საკითხებს უღრმავდებიან ხოლმე და ავიწყდებათ  - რამდენი კონკრეტული საკითხია გადასაწყვეტი, რომლებიც  არამცთუ დაწყებული, დაგეგმილიც კი არ არის! ჯერ მარტო თბილისში:

1.აღსადგენია თუ არა კალოუბნის ეკლესია? იქნებ ბევრმა არც იცოდეს, რომ  კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია კინოთეატრ რუსთაველის ადგილზე მდებარეობდა. პლატონ იოსელიანის გადმოცემით, თემურლენგის შემოსევისას აქ ბავშვები გაუთელიათ ცხენებით და მოკლული პატარების ცხედრების კალო დაუდგამთ. ჰოდა, ძნელი სათქმელია, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ კინოში დღეს მაინც არავინ დადის და რა იქნება, დავშალოთ კინოთეატრი და აღვადგინოთ იქ  ეკლესია?! არ გვაქვს გამოცდილება თუ რა? - აკი მეტეხშიც იყო თეატრი და ლურჯ მონასტერში მედიცინის ისტორიის არქივი   და ხომ გავაუქმეთ ისინი და                     ხომ დავუბრუნეთ ეკლესიებს თავისი სახე - ასევე უნდა დავუბრუნოთ სახე წმინდა გიორგის კალოუბნის ეკლესიასაც!

2.მთავრობის სასახლის შიგნით, სადაც ადრე დიდი ”სობორო” იდგა, სულ პატარა ეკლესია ან სამლოცველო მაინც უნდა დაიდგას - აკი მთელი ეს არემარე სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი იუნკრების და  9 აპრილის გმირთა სისხლით არის მორწყული. მათი გმირობის შედეგად არსებობს დღეს საქართველო იმ სახით, რომლითაც გვაქვს და რომლითაც კვლავაც მიელტვის ჭეშმარიტ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას!

3.გამოსაბრძანებელია ანჩისხატის მაცხოვრის ხელთუქმნელი და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები ხელოვნების მუზეუმიდან და დასაბრუნებელი -  თავთავიანთ ეკლესიებში მთელ საქართველოში. როგორც გვაუწყებენ, თავის დროზე - 1938 წელს ანჩისხატი  უწმინდესისა და უნეტარესის, კალისტრატე ცინცაძის მოთხოვნით, დაუვანებიათ მუზეუმში, რათა ხატი დაცული ყოფილიყო ბოლშევიკური ძალადობისაგან. რადგან დღეს უკვე გადავიტანეთ ბოლშევიკური უღმერთობის პერიოდი, ეკლესიები ელიან საკუთარ ხატებს!

4.რუსული მართლმადიდებელი ეკლესია უნდა დავაყენოთ თავის ადგილზე და დავიბრუნოთ დიპტიქში მისგან წართმეული მე-5 ადგილი   - არ უნდა იყოს ალბათ სულერთი: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის ეკლესიების შემდეგ რუსული ეკლესია იქნება დიპტიქში, თუ ქართული. ნუ დაგვავიწყდება, რომ მას შემდეგ, რაც  საქართველომ  ქრისტიანულად ნათელიღო, რუსეთი მთელი 6 საუკუნის განმავლობაში  წარმართობის ბნელში იმყოფებოდა, რომ არაფერი ვთქვათ იმ კერპთაყვანისმცემლობაზე, რომელიც ლენინის დაუმარხავი ცხედრის სახით დღემდე შენარჩუნებულია რუსეთში!  

5.სამაგიეროდ, იმ ერთი დადებითი გადაწყვეტილების გაზიარებაში,  რაც შეძლო რუსულმა ეკლესიამ იმპერიული სულით გაჯერებულ თავის მოღვაწეობაში,  სულ არ არის სირცხვილი, რომ ჩვენც  მივბაძოთ - რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საკუთარი საერო ხელისუფლების მესვეურებს 100 წლით ააკრძალვინა ”გეი”-პარადები რუსეთში.  ჩვენც მარტო ”ტაბურეტების” ქნევით არ უნდა დავკმაყოფილდეთ! ამის ნაცვლად ეკლესიამ უნდა მიაღებინოს მსგავსი კანონი პარლამენტს სამართლებრივ დონეზე, რათა  ხალხმა დაისვენოს ”ლგბტ”-თა მორიგი პროვოკაციის მცდელობისას  მთელი პლანეტის სეირის მაცქერალთა ნიშნის მოგებისაგან!  

6.ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც ამის შესახებ არაერთგზის ვწერდით ჩვენს საიტზე,  დასაბრუნებელია ”ივერონის” ტაძარი ათონის მთაზე, ”პეტრიწონი” ბულგარეთში და ”ჯვრის მონასტერი” იერუსალიმში. კიდევ გავიმეორებთ, რომ პირველ ორს ჯერ ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან იმ ქვეყნების სამღვდელოებას უპყრიათ, რომელ ქვეყნებშიც მდებარეობენ. რაც შეეხება იერუსალიმის ტაძარს - მისი დაბრუნება უნდა დავისახოთ უპირველეს მიზნად. წინა ხელისუფლება ამ საქციელით აჟიტირებას  ეწეოდა, ახალს აჟიტირების უნარიც არ შესწევს. სამაგიეროდ, ეკლესიის ვალია, აასრულონ ჩვენი წინაპრების ანდერძი, რომლებიც ვერა და ვერ ეგუებოდნენ ამ წმინდა სალოცავის საშვილიშვილოდ დაკარგვას!

7.თურქეთი ჩვენს კეთილ მეზობლობას იჩემებს. ჩვენც სამეგობროდ გვაქვს ხელი გაწვდილი. გვიშენებენ მეჩეთებს და მინარეთებს და ჩვენს მუსლიმებს განსწავლიან თავიანთ მედრესეებში. ჩვენ რატომღა ვართ ასეთი ხათრიანები და მოკრძალებულები? ხომ დაგვპირდნენ ოშკისა და იშხანის აღდგენას - კეთილი ინებონ და დაგვიბრუნონ ეს ტაძრები არა ტურისტული დანიშნულებით, არამედ სალოცავად - აღმსარებლობითი საეკლესიო წეს-ჩვეულებების ჩასატარებლად - აღდგენილი წირვა-ლოცვით და ქართული სამღვდელოებით. აბა, სხვა რა არის კეთილი მეზობლობა?

აი, რამდენი რამ აქვს ქართულ ეკლესიას გასაკეთებელი!

ახლა საერო ხელისუფლებაში - ორასწლოვან რუსულ ინტერვენციაზეც რომ არაფერი ვთქვათ, ნახევარსაუკუნოვანი შევარდნაძის ეპოქაც საკამრისია დაგროვილი პრობლემების სიმძიმის გასაცნობიერებლად. 1956 წლიდან მოკიდებული, ანუ მას შემდეგ, რაც ქუთაისის პირტიტველა კომკავშირის მდივანმა ქართველები დაადანაშაულა ხრუშჩოვის მიერ თბილისში 9 მარტს მოწყობილ სისხლისღვრაში, მთელი უკანასკნელი ათწლეულები მისი პროკრემლიური პოლიტიკით არის დაღდასმული - ისეთ ფესვმაგარ ხის ძირად იქცა, რომ იმ ხემ ორ მძლავრ ტოტად აიყარა ტანი -  ერთის მხრივ დასავლურ  ჟვანია-სააკაშვილის ტოტად და მეორეს მხრივ - ჩრდილოურ  ბურჯანაძე-ივანიშვილისად. ამიტომ, რადგან დღეისათვის  გამსახურდიასეული გორგასალ-აღმაშენებელის კავკასიური ერთობის სახლი დაგვინგრიეს, ამჟამისად ის დიდი და პატარა გეგმები მაინც დავისახოთ, რომლებიც შედარებით რეალურად არის განსახორციელებელი:

1.ვიცით, რომ ტაო-კლარჯეთი, ლორე, საინგილო, სოჭის ოლქი - ჯერ ვერ დაგვიბრუნდება. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ”ტაო ჩემო, ბედი არ გიწერია”,  ”ორბელთა ლორე” და ”ქურმუხის საინგილო”, ან ვიმეოროთ წიწვოვანი ხის - ”სოჭის” სახელი - ჯერ შორსაა მათზე მშობელი ქვეყნის ხელდებულება;  ამიტომ რეალურად უნდა ვიზრუნოთ აფხაზეთისა და შიდა ქართლის დაბრუნებაზე! და ისე კი არ უნდა ვიზრუნოთ, რომ პუტინს ვულოკოთ უკანალი ან შემრიგებლურიო მოლაპარაკებები ვმართოთ ოს ად აფხაზ ”ძმებთან”, არამედ ნებისმიერი გზითა და საშუალებით დავირაზმოთ  ისტორიულ ქართულ მიწებზე - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასობით ათასი დევნილის დასაბრუნებლად და მერე ოსებმა და აფხაზებმა თავად გადაწყვიტონ, ენდომებათ ჩვენთან დარჩენა თუ  ჩვენი ყოფილი დევნილების ბედის გაზიარება!

2.ირანიდან უნდა გადმოვასვენოთ ალექსანდრე ბატონიშვილის ცხედარი; წინა ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გადმოსვენება - ადამიანის, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე შიშველი ხელებით ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას წინასწარ განწირულ ბრძოლაში;  ალექსანდრე ბატონიშვილი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის უშუალო წინამორბედი - კაცი, ვინც მთელი ცხოვრება შეალია რუსეთის იმპერიათან სამხედრო დაპირისპირებას ახლად დაკარგული თავისუფლების აღდგენისათვის. მისი გადმოსვენება ბუნებრივად გადაიქცევა ერის უდიდეს  ეროვნულ ღონისძიებად, რომელიც ახალგაზრდებს  იდეურად დარაზმავს და შთაუნერგავს პატრიოტიზმის გრძნობას.   

3. უნდა გასამართლდეს შევარდნაძის რეჟიმი და სამართლებრივი შეფასება მიეცეს  1992 წლის გადატრიალებას - მხილებულ უნდა იქნენ პუტჩის მონაწილენი უკლებლივ, თუ არ გვინდა, რომ სამომავლოდ დაკანონდეს ხელისუფლების დამხობის პრეცედენტი.   როგორც ამ შეფასების პრაქტიკული დადასტურება,  „დიდუბის“ და „დელისის“ მეტროებთან უნდა აიგოს 3 და 7 იანვარს დახვრეტილი  მიტინგების მემორიალები, ხოლო  თამარის ხიდთან აღიმართოს (ან ღერძად გამოყენებულ იქნას ყოფილი პრომეთეს ძეგლის საყრდენი) 2 თებერვლის მსხვერპლთადმი მიძღვნილი სტელა. ეს ადგილები უნდა იქცეს ქართველებისათვის გაკვეთილად,  ძმათა მკვლელი ომების სამარადისოდ თავიდან ასაცილებლად!

4. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პერიოდში აფრთხილებდა ქართველებს მწერალი გურამ პეტრიაშვილი, ”წავა რუსეთის იმპერია და თავისი რუსული ენით და ჩამოდგება ინგლისურენოვანი იმპერიაო”. ღვთის შეწევნით წავიდა რუსული ენა, მაგრამ ჩვენი სნობიზმის შემხედვარე, აგვიხდა მწერლის წინასწარმეტყველება -  ჩამოდგა ინგლისური ენა. ჩვენ არასოდეს არ  ვიცით ზომა, რათა ისე არ გავიხადოთ საქმე, რომ საერთაშორისო ენამ არ დაგვიჩრდილოს მშობლიური. გაიხედეთ, ”ივერიისა” და ”აჭარის” სასტუმროების კორპუსებიდან როგორ გადმოგვცქერიან ინგლისურენოვანი წარწერები. ან, ჩადით ჩვენს  ”მეტროში” - ოდესღაც არსებობდა საბჭოთა საქართველოში გამოთქმა ”საქართველო მიწაში გვაქვსო”,  რადგან მხოლოდ ”მეტროში” იყო ქართული წარწერები და ქართულად მეტყველებდა დინამიკი მატარებელში. დღეს კი რა ხდება - ორი კინკილა უცხოელისთვის მატარებლებში ცხადდება  სადგურები ინგლისურ ენაზე, თითქოს ამ ორ კინკილა უცხოელს  არ შეეძლოს ამ ინფორმაციის გაგება დადებითი მგზავრების დახმარებით! ასე რომ, არაფერი გვიშლის ხელს დავაწეროთ სასტუმროებს სახელწოდებები ქართულად და აღვკვეთოთ ორენოვნება მეტროში!

5. ჯერ კიდევ რუსული იმპერიის დროიდან შემოიჭრა საქართველოში იმპერიის ცნობილ მოღვაწეთა ქანდაკებები - პუშკინი ლენინის მოედანზე ცარიზმის პერიოდში, გრიბოედოვი სანაპიროზე - საბჭოთა რესპუბლიკის ახალგაზრდობის ხანაში, ზურგზე ჯვრის ტაძარმოკიდებული ლერმონტოვი  და მოხეტიალე გორკი შევარდნაძის ეპოქაში, გოგოლის ნაპოსტამენტარზე სობჩაკი - სააკაშვილის დროს და ა.შ.  ისინი სულ სხვადასხვა უბნებში არიან განლაგებულნი და ერთმანეთის გარეშე რომ არ მოიწყინონ, ურიგო არ  იქნება - ამ ადგილებიდან  ავიღოთ და ყველა ამათთვის ქალაქის განაპირას გავხსნათ პარკი, სახელწოდებით ”ნოსტალგია”. ვისაც ექნება დიდი და განუყოფელი რუსეთის მონატრება, შეეძლება მივიდეს იმ ბაღში და ამ ძეგლებთან ერთად იქ დავახვედროთ ”საპელმენეები”,  ”იზლერის ბაღი” და საცეკვაო მოედნები!

6. ედუარდ შევარდნაძემ, საქართველოში ჩამობრუნების შემდეგ, კრემლის დავალებით, ერთ-ერთ პირველ საქმედ ის ჩაიდინა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ საფეხბურთო კოლექტივებისათვის ახლად დარქმეულ სახელებს ისევ ძველი საბჭოური სახელები დაუბრუნა.  დღეისათვის, სანამ ეზოს და ქუჩის გუნდების დონეზე იმყოფება ქართული საკლუბო ფეხბურთი, არა უშავს, ჰქონდეთ მათ საბჭოური სახელები, რადგან  სირცხვილია,  ქართულ გუნდებს ”იბერიები”, ”გორდები”, ”კოლხეთები” ერქვათ  და  საქვეყნოდ სირცხვილს ჭამდნენ მსოფლიოს წინაშე;  ხოლო,  როცა ევროპის ფანჯარას გავაღებთ, მაშინ უკვე საბჭოური სახელებით იქნება ევროპაში გასვლა სირცხვილი! თბილისის, ქუთაისის და სხვა საფეხბურთო სპორტული კოლექტივები ჯერ ავიყვანოთ ევროპულ კონდიციამდე და ამის შემდეგ  გამოვუცვალოთ მათ სამარცხვინო საბჭოური სახელწოდებები: ”დინამოები” და ტორპედოები”!

7. ეს ბოლო პუნქტი სულ მარტივია - იქნებ ღირდეს ავტობუსებში და სამარშრუტო ტაქსებში  დამონტაჟებულ ეკრანებზე  ყოველდღიური საინფორმაციო რგოლების გაშვება - პურის მცხობელების, სუნამოებისა და მოცეკვავეების რეკლამის ნაცვლად, რა იქნება, რომ  მგზავრებს მივცეთ მაქსიმალური ინფორმაცია კონკრეტული დღის შესახებ -  თარიღზე, დროზე, ჰაერის ტემპერატურაზე, ამინდის პროგნოზზე, იმ დღის საეკლესიო წმინდანთა ხსენებაზე, მარხვის განრიგზე თუ  ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან სიახლეებზე?!

როგორც ხედავთ საკეთებელი ბევრია, თუ არ დავჯერდებით ჩვენს საერო და საეკლესიო ხელისუფალთა შეზღუდულ ინიციატივებს და ჩვენ თვითონაც გამოვიღებთ ხელს ვითარების გამოსასწორებლად!

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ უფლის შეწევნით, ჩვენს საიტზე ყველა ჩვენს წერილსა და სტატიას მოსდევს ხოლმე კომენატრები და, იმედი გვაქვს, მკითხველი შეგვივსებს ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმების ჩამონათვალს და იქნებ გზებსა და საშუალებასაც  გვიკარნახებს რომელიმე ამ გეგმათაგანის შესასრულებლად!

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი თადეოზ აღმსარებელი (+818)
ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარი (+485)
29 (11.01) დეკემბერს აღინიშნება ღირსი მარკელეს, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარის (+485) ხსენების დღე.
gaq