|
ქართველი პოლონელი თუ პოლონელი ქართველი – ვიქტორ დომუხოვსკი
ვიქტორ დომუხოვსკი (დ. 4 თებერვალი, 1948, ქუთაისი, სსსრ — გ. 24 მაისი, 2013, ვარშავა, პოლონეთი) — ქართველი ფიზიკოსი, პოლიტიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი.
ვიქტორ დომუხოვსკი 1948 წლის 4 თებერვალს, ქალაქ ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1973 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, აგრეთვე საქართველოს მეტალურგთა თავისუფალი კავშირის გამგეობისა და დარბაზის წევრი. 1990 წელს ვიქტორ დომუხოვსკი მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან უზენაესი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. იყო საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირის, იურიდიული კომისიის წევრი, პატიმართა უფლებების ქვეკომისიის თავმჯდომარე; 1990 წელს უზენაესმა საბჭომ თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმის საგამოძიებო საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ საქმესთან დაკავშირებით, დომუხოვსკის შევარდნაძის „პირად პატიმარსაც“ უწოდებდნენ. მოგვიანებით იგი ემიგრაციაში, პოლონეთში წავიდა. ვიქტორ დომუხოვსკი 65 წლის ასაკში, პოლონეთის დედაქალაქში 2013 წლის 24 მაისს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 2 ივნისს, თბილისში დიღმის სასაფლაოზე დაკრძალეს. აი რა თქვა ვიქტორ დომუხოვსკიმ:
"მადლიერი ვარ ქართველი ხალხის, რომ გამზარდა პატრიოტად და პატიოსან კაცად. ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა ქალმა გამაჩინა, მეორე ქართველმა ქალმა კი ორი ბიჭი, გვარის გამგრძელებლები, მაჩუქა. ბედნიერი ვარ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ვიყავი მთავრობის სახლის წინ, სადაც მონაწილეობა მივიღე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ბედნიერი ვარ იმით, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს ქართველმა ხალმა ამირჩია დეპუტატად. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი ხელმოწერა არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე.
ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყავი მისი ნდობით აღჭურვილი პირი. ბედნიერი ვარ იმით, რომ 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე ვიყავი მთავრობის სახლში პრეზიდენტის გვერდით. ბედნიერი ვარ იმით, რომ მერეც მისი თანაშემწე ვიყავი და ბედნიერება მქონდა, ხშირად შევხვედროდი მას.
ახლა კი ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი სამშობლოს წინაშე ვალდებულებას, რომ არ ვუღალატე და ამიტომ ვზივარ ციხეში. რა არის 14 წელი საქართველოსა და პოლონეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წიანშე. არაფერი! ცხოვრება მიდის წინ და მე კიდევ ჩამოვალ სტუმრად ძლიერ, დამოუკიდებელ, აყვავებულ საქართველოში და ავუხსნი ჩემს შვილიშვილებს (შვილები თავად არიან ყველაფრის მოწმენი), რომ აქ მათი ბაბუა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა . . . |
|