საქართველოში საგვარეულო გაერთიანებათა წარმოქმნის
პროცესი უხსოვარი დროიდანაა დაწყებული და დღესაც შეუქცევადად მიმდინარეობს. თუკი საყოველთაოდ
ცნობილ სქემას გავიმეორებთ, საქართველოს ტერიტორიაზე გაადამიანების ყველა ეპოქაა გამოვლენილი.
დმანისის ცნობილმა აღმოჩენებმა მთლიანად შეცვალა ადამიანის წარმოშობისა და გავრცელების
რუკა. აქაც აშკარად გამოიკვეთა საქართველოს კუთვნილი მიწა-წყლის უპირატესობა: გაირკვა,
რომ ევრაზიაში უძველესი ადამიანი აქ, დმანისში ბინადრობდა.
ქართველ მეცნიერთა მიერ რელიეფურადაა შესწავლილი
დედისეული და მამისეული გვარებისათვის დამახასიათებელი მატერიალური კულტურა. არქეოლოგიური
მონაპოვრების ანალიზის საფუძველზე სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ჩვენს მიწა-წყალზე
პატრიარქალური გვარი ჩვენს წელთააღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში ჩამოყალიბდა, რამაც
კერაში განსახიერებულ ნაყოფიერების კულტში პოვა ასახვა. კერის სადგარები ხარის რქების
სტილიზებული გამოსახულებებია, რითაც ხაზგასმულია იმ დროს ხარის განსაკუთრებული მნიშვნელობა,
ქართველთა ბინადარი ცხოვრებისა და მიწათმოქმედების პირველადობა. ყველა მონაცემით, ქართველი
ერი წარმოიშვა და ჩამოყალიბდა საკუთარ ისტორიულ სამშობლოში – საქართველოში, რომელიც
ამჟამად, ცნობილი ძნელბედობის გამო, დაფლეთილი და განახევრებულია. თითოეული გვარის
წარმომადგენელთა უპირველესი მიზანი უნდა იყოს სამშობლოს გამთლიანება და მის კეთილდღეობაზე
ზრუნვა. გვარსახელი მთელი სამყაროა. თითოეულ მათგანში ასახულია ერის ყოფა-ცხოვრების
თითქმის ყველა მხარე. ძველი ფუძეგვარებიდან მრავალი ახალი გვარია ნაწარმოები. საქართველოში
თითქმის ყველა გვარის წარმომავლობის შესახებ არსებობს თქმულება-გადმოცემები, ყოველმა
გვარმა იცის საკუთარი საცხოვრისი, ადგილ-მამული, ადგილის დედა და ფუძის ანგელოზი. ყოველივე
ეს საგვარეულო მეხსიერებითაა განპირობებული. საგვარეულო თქმულება-გადმოცემებისა და
ლეგენდების შეკრება, რაც მეცნიერებმა ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხეს, საგვარეულო
კავშირების საპატიო ამოცანაა, ამით დადგინდება თითოეული გვარის წარმომავლობა და გავრცელების
არეალი, დაზუსტდება საგვარეულო სოფელი და სალოცავი. საგვარეულო კავშირებად ორგანიზებული
ბევრი გვარი ამას უკვე ახორციელებს და საკუთარი გვარის ისტორიას მყარ საფუძველს უქმნის.
დგება აგრეთვე საოჯახო გენეალოგიური ნუსხები როგორც მამის, ისე დედის მხრიდან. საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ეს საშვილიშვილო საქმე წაახალისა, მოსახლეობას მოუწოდა
შეადგინონ და შეავსონ ,,წინაპართა ხე'', რომლის ნიმუში გაზეთ ,,კვირის პალიტრამ'' გამოაქვეყნა
(2010, N 40, 4-10 ოქტომბერი). ეს მოწოდება ფრიად საჭირო და დროულია, აუცილებელია აღდგეს
ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ტრადიცია, რათა ამიერ და იმიერ სოფლის ცხოვრება ხალხის
საყოველთაო რწმენაში გაერთიანდეს.
ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის
მანძილზე ახალი გვარების წარმოშობა სტიქიური პროცესი არასდროს ყოფილა, არამედ ყოველთვის
ხალხური სამართლით იყო განსაზღვრული. გამრავლებული კომლები მამობაზე იყოფოდნენ და პაპისშვილ-ბაბუისშვილთა
პატრონიმულ დასახლებებს ქმნიდნენ, რომლებიც ადგილობრივ ერთი საერთო გვარის ქვეშ, უახლოესი
წინაპრის სახელის ან მეტსახელის მიხედვით ქვეგვარებად იხსენიებოდნენ და იხსენიებიან.
ქვეგვარის გვარად ქცევა ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა. ბუნებრივი გამრავლების გზით
სხვა სოციალური ფაქტორების გავლენით თუ გარეშე მტრის ზეწოლით გვარი ადგილს იცვლიდა,
დროსა და სივრცეში მათი განფენა ხდებოდა. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე
და ხშირად საბჭოთა ხელისუფლების წლებშიც გვარი თავის პირველ საცხოვრისს, ადგილის დედას,
ფუძის ანგელოზს არ ივიწყებდა და დაწესებულ დღეობაზე საკლავით და ზედაშეთი მიდიოდა.
ეს ჩვეულება მეტნაკლებად დღესაც სრულდება. კახეთში, მაგალითად, ბევრ ტრადიციულ გვარს
თავისი ზედაშეები ახლაც შენარჩუნებული აქვს. რაც შეეხება არამკვიდრებს, მოსულთ, ქართულმა
ეთნოგრაფიულმა ყოფამ ბოლო დრომდე შემოინახა გვარზე მოკიდების, გვარის შვილობის, გვარის
გამოთხოვის და მიღების წესი. თუ მოსული, სხვადასხვა გარემოებათა გამო, თავის სამკვიდრებელში
დაბრუნებას ვერ მოახერხებდა და მას სტუმრობა-ამანათობის ვადა გაუვიდოდა, ის ვალდებულად
თვლიდა თავს, წასულიყო, ანდა ის გვარი მიეღო, რომელმაც შეიფარა და არსებობის საშუალება
მისცა. წესისამებრ მთხოვნელი თავშეფარებული დაკლავდა ხარს, შესაფერისი რიტუალი შესრულდებოდა
და მოსული პირი გვარის სრულუფლებიანი წევრი ხდებოდა. მას მამულის მოზიარედ გაიხდიდნენ,
მიწა-წყლით უზრუნველყოფდნენ, სახლ-კარის და ეზო-მიდამოს გამართვაში დაეხმარებოდნენ,
დღეობა-სალოცავებში და სასაფლაოზე თავის ადგილს მიუჩენდნენ. ეს მამაპაპური ჰუმანური
ჩვეულება საქართველოს ეთნიკური სიჭრელისაგან იცავდა და ფუძეგვარების სიძლიერეს უწყობდა
ხელს. ახალგვარიშვილს ხშირად ბეითალმან მამულზე სვამდნენ და, ძველი ჩვეულების თანახმად,
გადაშენებულ კომლს აღადგენდნენ, შეკედლების ხსოვნა მალე ქრებოდა, მით უმეტეს, თუ გვარი
ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი იყო.
ბოლშევიკურ-კომუნისტურმა ,,ინტერნაციონალიზმმა'',
როცა ,,მთელი დუნიის პროლეტარები საქართველოში შეერთდნენ'', წინაპართა ამ ცოდნა-გამოცდილებას
ბოლო მოუღო. მაგრამ საქართველომ თუ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ეს წესი უნდა
აღდგეს, ისევე ძალდაუტანებლად და ცხოვრების კარნახით, როგორც საუკუნეების განმავლობაში
სრულდებოდა, სხვათა შორის, ქართულ ტრადიციულ ქალაქებშიც, სადაც ,,უბანი'' და ,,ეზო''
მოქმედი ტერიტორიულ-სოციალური უჯრედი იყო და არის.
დასავლეთ საქართველოში, სახელდობრ, სამეგრელოსა
და ქვემო იმერეთში, ქალაქის ქუჩებიც ,,სამოხიოებადაა'' დაყოფილი. სამოხიოს მკვიდრნი
საქორწილო და სამგლოვიარო წეს-ჩვეულებების შესრულების დროს ერთმანეთს მხარში უდგანან,
განურჩევლად ეროვნებისა. ტრადიციის ძალა იმდენად დიდია, ვინც ამ დაუწერელ კანონს არ
შეასრულებს, იძულებული ხდება საცხოვრებელი სხვაგან ეძებოს. ჟამთასვლის მეოხებით ,,აქლემი
ყველას ჭიშკართან დაიჩოქებს'', ამიტომ ჭირსა თუ ლხინში მარტო არავინ არ უნდა დარჩეს.
ასეთ დროს კარის მეზობლობა გვარიშვილობასა და სახლიშვილობაზე ნაკლები მოვალეობა როდია.
გვარის მიღება ან არმიღება მოსულის სრული უფლებაა და მას ამას არავინ დააძალებს, არც
ოდესმე დაუძალებიათ, ხოლო სამეზობლო მოვალეობის შეუსრულებლობა ნებისმერ კომლს ბოიკოტის
მდგომარეობაში აყენებს და მკვიდრად ცხოვრების შესაძლებლობას ძალაუნებურად ართმევს.
საგვარეულო ურთიერთობა სისხლით ნათესაობაზე დამყარებული ერთობაა, სამეზობლო კი ტერიტორიულ
პრინციპზე აღმოცენებული დამოკიდებულებაა, – წარმოშობილი ცხოვრებისეული აუცილებლობით.
სამეზობლო ვალდებულებანი არანაკლებია საგვარეულოზე, ამიტომ უთქვამს ხალხს – ,,მეზობელო
კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო''. თანაცხოვრების ამ ტრადიციულ სისტემას ყავლი არასდროს
გაუვა. |